ქართული პრესის მიმოხილვა 18.10.2021

ვახტანგ ძაბირაძე - “30-წლიანი დილემა - ვერ ვიტანთ ავტორიტარიზმს, დემოკრატიისთვის კი ძალა არ გვყოფნის”

მე-5 ტალღა ცუდად დაიწყო, ნოემბრიდან შესაძლოა ისევ შეზღუდვები დააწესონ

თინა ხიდაშელი - “დიდი შერიგება” ვერ მოხდება, სანამ “ნაციონალები” ამბობენ, რომ სანდრო გირგვლიანის საქმე არ არსებობს”

რა იქნება მეორე ტურის შემდეგ - ისევ პერმანენტული აქციებისა და კონტრაქციების საფრთხე

იაგო ხვიჩია - “ყველაფერი, რაც ჩვენს თავს ხდება, სააკაშვილისა და ივანიშვილის ერთობლივი თამაშია”

* * *

ვახტანგ ძაბირაძე - “30-წლიანი დილემა - ვერ ვიტანთ ავტორიტარიზმს, დემოკრატიისთვის კი ძალა არ გვყოფნის”

“ნაციონალური მოძრაობის” აქცია იყო საკმაოდ ხალხმრავალი და მასშტაბური იმასთან შედარებით, რაც ბოლო 9 წლის განმავლობაში გვინახავს. “ნაციონალური მოძრაობა” ვა-ბანკზე წავიდა იმიტომ, რომ მისი კოზირი, რომელიც 9 წლის განმავლობაში შორიდან გათამაშდებოდა ხოლმე, ახლა თბილისშია და პატიმარია. ამან, როგორც ჩანს, მათ სტიმული მისცა. თავდაპირველად ითქვა, რომ აქციის მთავარი მოთხოვნა სააკაშვილის გათავისუფლება უნდა ყოფილიყო, მაგრამ ფინალში გამოჩნდა, რომ ეს მესიჯი გარკვეულწილად შეიცვალა - თუ ადრე სააკაშვილის გათავისუფლება პირდაპირ უკავშირდებოდა აქციას, ახლა მისი გათავისუფლება არჩევნების მეორე ტურში გამარჯვებას დაუკავშირდა - ანუ სააკაშვილის გათავისუფლების ყველაზე უტყუარი ხერხი მეორე ტურში მათი გამარჯვება იქნება”, - აცხადებს ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “30-წლიანი დილემა - ვერ ვიტანთ ავტორიტარიზმს, დემოკრატიისთვის კი ძალა არ გვყოფნის” / ”კოალიცია ცოტა სხვა რამეა, ის არჩევნების შედეგების მიხედვით უნდა გაკეთდეს და არა იმით, ვინ გაიღებს მოწყალებას და ერთ რაიმე პოსტს შემოგთავაზებს“.

“ვფიქრობ, აქციაზე უმეტესობა “ნაციონალური მოძრაობის” ამომრჩეველი იყო, რასაც ისიც ადასტურებს, რომ თითქმის ყველა ოპოზიციურმა პარტიამ უარი თქვა მიტინგში მონაწილეობაზე. შეიძლება ადამიანმა ხმა მოგცეს, ჩათვალოს, რომ ეს მისი მოვალეობაა, მაგრამ მერე სახლში წავიდეს. აქამდე ასე იყო “ნაციონალური მოძრაობის” ამომრჩეველი, მაგრამ ახლა გაიზარდა მათი რიცხვი, ვინც შეიძლება ქუჩაშიც იაქტიუროს. ეს შეიცვალა 14 ოქტომბრის აქციის შემდეგ. “ქართული ოცნების” ელიტა იგნორირებას უკეთებს ამ ფაქტს და ახლა თავისი ამომრჩევლის მობილიზებას ცდილობს. მისი ამომრჩევლისთვის ეს სიტყვები: “კერპთაყვანისმცემლები”, “მიშას არ გამოვუშვებთ”, “ჩვენ გავიმარჯვებთ” და სხვა, სწორედ მის ელექტორატზე მუშაობს. საზოგადოდ, ქართული ელექტორალური სივრცე სამ ნაწილად იყოფა: “ნაციონალური მოძრაობის” ბაზისური, ჩამოყალიბებული მხარდამჭერები, “ოცნების” მხარდამჭერები და მესამე - ისინი, ვინც არც ერთ ბანაკს არ მიეკუთვნება. ფაქტობრივად, ეს სამი ჯგუფი ერთნაირი რაოდენობისაა და მოგებული რჩება ის, ვინც ახერხებს ამ მესამე კატეგორიის მიმხრობას. ამას დღემდე ახერხებდა “ქართული ოცნება”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.

“საინტერესოა, შეძლებს კი ამ რეალობის შეცვლას “ნაციონალური მოძრაობა”? არა მგონია, ვინაიდან მესამე სექტორი ოპოზიციური კია, მაგრამ ოპოზიციურია უფრო მეტად “ნაციონალური მოძრაობის” მიმართ, ვიდრე “ოცნების” ამ მოსაზრების ირიბი მტკიცებულება ის არის, რომ ხელისუფლებამ ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მოახერხა და ერთ ქვაბში მოხარშა მთელი ოპოზიცია. მიუხედავად იმისა, რომ ამ არჩევნებზე პატარა პარტიების საკმაოდ ბევრი ამომრჩეველი მივიდა, მათ ვერ მიიღეს ხმების ის რაოდენობაც კი, რაც ნოემბრის არჩევნებში ჰქონდათ. მათი ამომრჩეველი დაიკარგა იმიტომ, რომ ჩათვალა, ეს პარტიები “ნაციონალური მოძრაობისკენ” არიანო. შუა ამომრჩეველი კრიზისულ სიტუაციაში “ოცნებისკენ” უფრო იხრება, ვიდრე “ნაციონალური მოძრაობისკენ”. ამასთან, ის უფრო ჭირვეულია, პოლიტიკურად უფრო მომწიფებული და ნაკლებად ინტეგრირებული ხელისუფლებასთან, ანუ უფრო თავისუფალია თავის არჩევანში. რთული იქნება ასეთი კატეგორიის “ნაციონალური მოძრაობის” მხარეს გადასვლა”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“პატარა პარტიები აქციაზე რომ არ მივიდნენ, მიზეზი ის იყო, რომ მიხვდნენ თავის შეცდომას. მათი ამომრჩეველი ისაა, ვინც შუაშია, არც იქითაა და არც აქეთ, ამიტომ თავიდან მოუწევთ ამ ამომრჩევლისთვის იმის დამტკიცება, რომ არც ერთი ძალის მხარეს არ არიან. გასაგებია, ძალიან რთულია გაუძლო ორი ასეთი ძლიერი პარტიის ზეწოლას არა მარტო ელექტორალურად, არამედ ფინანსურად, მედიასაშუალებებით და ა.შ. ძირითადად ხომ ამ ორი პარტიის ხელშია ყველაფერი გადანაწილებული? მათთვის რთულია, მაგრამ თუ ვერ გაუძლებენ, მიიღებენ იმას, რაც მიიღეს. რაც შეეხება საუბარს კოალიციაზე, კოალიცია ცოტა სხვა რამეა, ის არჩევნების შედეგების მიხედვით უნდა გაკეთდეს და არა იმით, ვინ გაიღებს მოწყალებას და ერთ რაიმე პოსტს შემოგთავაზებს. რეალური კოალიცია ის არის, როცა ჩემ მიერ აღებული მანდატი სჭირდება სხვას და ამ მანდატის საფუძველზე ვიღებ თანამდებობას, პრივილეგიას და ამასთან, რასაც ამომრჩეველს დავპირდი, ვასრულებ. კოალიციურ მთავრობას რატომ გავაკეთებ, თუკი მექნება მანდატების ის რაოდენობა, რომელიც სხვის დახმარებას არ საჭიროებს? ეს ხომ ხელოვნურია და როცა მომინდება, მაშინ დავშლი? როცა მანდატების რაოდენობაზეა დამოკიდებული, მაშინ ვერ დავშლი, რადგან ხელისუფლებაც დამეშლება”, - განმარტავს ექსპერტი.

“ქართულმა ოცნებამ” სისტემა კი არ შეცვალა და დემოკრატიული ინსტიტუტები შექმნა, მთლიანად გადმოიბარა “ნაციონალური მოძრაობის” სისტემა თავისი სასამართლოთი, თავისი პერსონალიებითაც კი. შეცდომა კოაბიტაცია კი არა, ისაა, რომ ქვეყანაში არ არის დემოკრატიული ინსტიტუტები. ცოტა უხერხულია დღეს “ნაციონალური მოძრაობა” რომ ამბობს, არ არსებობს სამართლიანი სასამართლოო. ესენი რომ ლაპარაკობენ ადამიანის უფლებებზე, ესაა უბედურება, თორემ არასწორს კი არაფერს ამბობენ. თუნდაც არჩევნების გაყალბებაზე, რომელიც 1995 წლიდან ყალბდებოდა. ამ 9 წლის განმავლობაში რატომ ვერ შევძელით, რომ სასამართლო ყოფილიყო სანდო და მათ არ ჰქონოდათ პრეტენზია და არა მარტო მათ - ჩვენს უცხოელ პარტნიორებსაც, რომლებიც ამბობენ, რომ სააკაშვილი სამართლიანმა სასამართლომ გაასამართლოს და პრობლემა არა გვაქვსო, არჩევნები ჩაატარე ისე, რომ ვიღაც-ვიღაცები არ ჩაერიონო და ა.შ.” - მიიჩნევს ვახტანგ ძაბირაძე.

“ეს იყო ძალის დემონსტრირება ხელისუფლებისთვის და დაპირება, რომ თუ “ნაციონალური მოძრაობა” ამ არჩევნებში ვერ გაიმარჯვებს, პოლიტიკური პროცესები ქუჩაში გადავა. ამან, გარკვეულწილად, შეცვალა დღის წესრიგი: მობილური გახადა “ნაციონალური მოძრაობის” ამომრჩეველი. დღეს ის უფრო იმედიანი და ბრძოლისუნარიანია. ამ 9 წლის განმავლობაში “ნაციონალური მოძრაობის” ელექტორალური ბაზა დიდად არ შეცვლილა - სხვადასხვა არჩევნებში სადღაც ნახევარი მილიონი ამომრჩევლის ფარგლებში ტრიალებდა, თუმცა მასშტაბური აქციების ჩატარებას ვერ ახერხებდნენ. ბაზა კი არ გაფართოვდა, მისი ამომრჩეველი გახდა უფრო აქტიური. ხელისუფლება უნდა ეცადოს არჩევნები სუფთად ჩაატაროს და ოპოზიციას არ მისცეს საბაბი, რომ ქუჩაში გამოვიდეს. მელიას განცხადება სხვა არაფერი იყო, გარდა იმისა, რომ პოლიტიკა ისევ ქუჩაში გადავა. ამიტომ უნდა მოიძებნოს ყველა სუსტი წერტილი, რათა ოპოზიციამ ეს სათავისოდ არ გამოიყენოს. რაც მთავარია, ხელისუფლებამ არ უნდა გააყალბოს არჩევნები”, - თვლის რესპონდენტი.

“ძალიან რთული იქნება სააკაშვილის გათავისუფლება. ამ ნაბიჯის გადადგმა ხელისუფლებისთვის, ფაქტობრივად, ჰარაკირის ტოლფასია. მისი ციხეში დატოვებაც დისკომფორტია, მაგრამ არც ისეთი, თუ ამ პროცესში ჩვენი პარტნიორები არ ჩაერთვებიან. ეს დამოკიდებულია იმაზე, როგორ ჩატარდება არჩევნები და რა ვითარება გვექნება შემდგომ. მიუხედავად ამისა, ყველაზე კარგი ვარიანტი იქნება არა სააკაშვილის გათავისუფლება და მისი საქართველოში დარჩენა, არამედ გათავისუფლების მექანიზმის გამონახვა და თავის დღევანდელ სამშობლოში, უკრაინაში დაბრუნება. არც ის იქნება პრობლემა, თუ არჩევნების შემდეგ აქციები დაიწყება. ვიმეორებ - პრობლემა გაჩნდება მაშინ, თუ პროცესში სერიოზულად ჩაერთვებიან ჩვენი პარტნიორები”, - ამბობს ექსპერტი და შეკითხვაზე - “სააკაშვილი ხშირად იმეორებს, ჩემი თვითმიზანი არც ხელისუფლებაში დაბრუნება და არც თანამდებობაზე მოსვლა არ არისო. სინამდვილეში, რა არის მისი მიზანი?” - პასუხობს:

“სწორედ ეს არის მისი მიზანი. როცა სააკაშვილი ამბობს, უნდა შევრიგდეთო, ნეტარ არიან მორწმუნენი, მე ნამდვილად ეჭვი მეპარება ამაში. როცა “ნაციონალური მოძრაობა” აღმოჩნდა ოპოზიციაში, ხშირად ლაპარაკობდნენ რებრენდინგის საჭიროებაზე, თუმცა ეს მოძრაობა ვერ შეიცვალა, ისეთივეა. ამიტომ იმის თქმა, მოვალთ და შევიცვლებითო, აბსურდია. ამ წლების განმავლობაში 30-ჯერ მაინც ითქვა შერიგებაზე, რასაც ბაზა და საფუძველი სჭირდება. შერიგების საფუძველია იმ ინსტიტუტების შექმნა, რომელიც ქვეყანაში ამ სივრცეს გააჩენს, მაგრამ ამის გაკეთება არც ერთ ხელისუფალს არ სურს დღევანდელის ჩათვლით. შევრიგდეთ, კი ბატონო, მაგრამ როცა ხელისუფლებაში ყოფნა არის არა მარტო საზოგადოებაში ადგილის დამკვიდრების, არამედ ბიზნესის კეთების საშუალება, მაშინ ძნელია, უარი თქვა ამ ყველაფერზე”.

“ნაციონალური მოძრაობა” ახლა რომ ამბობს, მექრთამეობა დავასამარეთო, სააკაშვილმა არ თქვა, კეზერაშვილმა ჩემს ხელში იშოვა მილიარდებიო? უგულავამ 50 მილიონი კი გაფლანგა, მაგრამ დავიჯერო, მთელი თანხა არსენასავით დაარიგა და მის წილად არაფერი ყოფილა? შერიგება მაშინ იქნება, თუ იქნება სანდოობა არჩევნების, თუ იქნება თავისუფალი სასამართლო, ანუ როცა ინსტიტუტებს შექმნი, თავისთავად მოიხსნება შერიგების და სამართლიანობის აღდგენის პრობლემაც, მაგრამ ეს უნდა გინდოდეს. დღეს სააკაშვილს მე კი არ ვასამართლებ, მის მიერვე შექმნილი სასამართლო სისტემა ასამართლებს. როცა თვითონაა მის ხელში, ასეთი სასამართლო არ უნდა, მაგრამ ხელისუფლებაში თუ იქნება, მოუნდება. ივანიშვილსაც არ უნდოდა, სანამ ოპოზიციაში იყო, მაგრამ მერე მოუნდა ეს სასამართლო. აქაა პრობლემა, მაგრამ, სამწუხაროდ, საზოგადოება ვერ ვხედავთ ამ პრობლემას. ქართული საზოგადოება უცნაურია, ვერ ვიტანთ ავტორიტარიზმს, დემოკრატიისთვის კი ძალა არ გვყოფნის. ამიტომ ვართ ეს 30 წელი სულ ამ გაწამაწიაში და, სამწუხაროდ, მგონი, კარგა ხანს ასე დავრჩებით”.

მე-5 ტალღა ცუდად დაიწყო, ნოემბრიდან შესაძლოა ისევ შეზღუდვები დააწესონ

“ქვეყანაში კორონავირუსის მეხუთე ტალღა უკვე დაწყებულია. სპეციალისტები კვლავ რეკომენდაციების მკაცრი დაცვისკენ, პირბადის ტარებისა და ვაქცინაციისკენ მოგვიწოდებენ და რეკომენდაციას უწევენ ყველა შეზღუდვას, რაც ეპიდემიის სტაბილიზაციისთვის გახდება საჭირო. ჯანდაცვის ექსპერტთა ნაწილი ვაქცინაციის ასაკის დაწევაზეც საუბრობს. ამირან გამყრელიძე კი ნოემბრიდან შეზღუდვების შემოღებას აანონსებს, თუკი ვაქცინაციის ტემპი არ გაიზარდა. აცრების ყოველდღიური რაოდენობა ზაფხულიდან მოყოლებული იკლებს და სულ უფრო სათუო ხდება წლის ბოლომდე სპეციალისტებისათვის სასურველი ნიშნულის - ზრდასრული მოსახლეობის მინიმუმ 60%-ის სრულად აცრის მიღწევა. ვითარები გაუარესების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად სწორედ ეს დაბალი ტემპი სახელდება”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით მე-5 ტალღა ცუდად დაიწყო, ნოემბრიდან შესაძლოა ისევ შეზღუდვები დააწესონ.

“17 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოში სულ ჩატარებულია 1 911 877 აცრა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 1 010 739 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 35.6 %; სრულად ვაქცინირებულია 900 916 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 31.5%. 16 ოქტომბერს აიცრა 4 681 ადამიანი. ამის პარალელურად კი კვირას, 17 ოქტომბერს ინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობამ 4 581 შეადგინა და გარდაიცვალა კიდევ 28 პაციენტი. სპეციალისტები საგანგაშოდ მიიჩნევენ იმას, რომ ასეთი მაღალი მაჩვენებელი დასვენების დღეს, კვირას დაფიქსირდა, როდესცა, როგორც წესი, კვირის სხვა დღეებთან შედარებით უფრო მცირე რაოდენობა ფიქსირდება. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ინფექციონისტი ირაკლი ხმალაძე “რეზონანსთან” საუბრისას აცხადებს, რომ რეკომენდირებულია ყველა ის შეზღუდვა, რომელიც მაქსიმალურად გამოიწვევს ადამიანთა თავშეყრის აღმოფხვრას. თუმცა, უჭირს საქალაქო ტრანსპორტის შეჩერებასთან დაკავშირებული რეკომენდაციის გაცემა”, - აღნიშნავს გამოცემა.

“მიუხედავად იმისა, რომ ბევრი დაწესებულება დაიჩაგრება, მაქსიმალურად უნდა მოხდეს ადამიანთა თავშეყრის ნიველირება შეზღუდვების დაწესებით. მკაცრად უნდა გაკონტროლდეს პირბადის ტარებისა და სხვა არსებული რეკომენდაციების დაცვის საკითხი. ამასთან, მაქსიმალური ყურადრება დაეთმოს ვაქცინაციის მიმდინარეობის პროცესს. აღსანიშნავია ისიც, რომ ტრანსპორტის შეზღუდვამ საკმაოდ დიდი პრობლემები შექმნა ამიტომ ამასთან დაკავშირებული რეკომენდაციის გაწევა მიჭირს”, - განაცხადა ხმალაძემ. პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე აკაკი ზოიძე კი აცრების ტემპის გაზრდის აუცილებლობაზე საუბრობს და მიიჩნევს, რომ ვაქცინაციის ასაკმა უნდა დაიწიოს”, - განაგრძობს გამოცემა.

“ვფიქრობ, კვლავ არსებული რეკომენდაციების მაქციმალური დაცვა, თავშეყრის ადგილებიდან დისტანცირება და ვაქცინაციაა გამოსავალი. ამასთან, სწორი იქნება თუ აცრის რეკომენდაციის ასაკი დაიწევს”, - განაცხადა ზოიძემ. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ კვირას ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ დღეს შექმნილი ვითარება ეპიდემიის მეხუთე ტალღის დასაწყისია და შემაშფოთებელია, რომ მეხუთე ტალღას ასეთი მაღალი მაჩვენებლით ვიწყებთ. ამასთან, მან საკოორდინაციო საბჭოს მიერ ახალი შეზღუდვებისა და რეკომენდაციების შესახებაც ისაუბრა. “ბოლო კვირის განმავლობაში განსაკუთრებით გაუარესებულია სიტუაცია სამ რეგიონში - კახეთში, იმერეთსა და სამეგრელო-ზემო სვანეთში, სადაც შედარებით დაბალია აცრით მოცვის მაჩვენებელი. ამ მხრივ უკეთესია სიტუაცია აჭარასა და თბილისში, რადგან ორივე რეგიონში აცრით მოცვის მაღალი მაჩვენებელი გვაქვს სხვა რეგიონებთან შედარებით. ამიტომ კიდევ ერთხელ ვთხოვ მოსახლეობას, რომ აიცრას. “მილიონი ადამიანია აცრილი და სულ მცირე, კიდევ ერთი მილიონი უნდა აიცრას, რომ მშვიდად შეხვდეს ქვეყანა ახალ წელს”, - განაცხადა გამყრელიძემ, რომლის განმარტებით, რაც შეეხება სხვადასხვა შემზღუდველ ღონისძიებებს, ამას საკოორდინაციო საბჭო განიხილავს”, - დასძენს გამოცემა.

“რა იქნება ჩემი რეკომენდაცია ეპიდვითარების გაუარესების ფონზე, ამას მე აქ ღიად ვერ განვაცხადებ, ამას განიხილავს საკოორდინაციო საბჭო. აღსანიშნავია, რომ იწყება ვაქცინაციის მარათონი და ვნახოთ რა შედეგს მოიტანს. 160 ათასამდე ადამიანი ცხოვრობს ამ 49 სოფელში, სადაც ჩვენ მარათონს გავმართავთ და ვნახოთ როგორი იქნება აქტივობა... თუ აცრების მიმდინარეობა ვერ ავწიეთ, მაშინ საკმაოდ რთული ნოემბერი იქნება და ქვეყანას ისევ შემზღუდავი ღონისძიებების დაწესება მოუწევს. უნდა გავითავისოთ, რომ ამ ეპიდემიას მხოლოდ აცრა აკავებს. ის 40-50 ქვეყანა, რომელიც დღეს წარმატებულია და რომლებმაც ასე თუ ისე შეამსუბუქეს სხვადასხვა ტიპის შეზღუდვები და თანდათან უბრუნდებიან ცხოვრების ჩვეულ რიტმს, ესენი არიან ის ქვეყნები, რომლებმაც მოსახლეობის 70% აცრეს. თუ ჩვენ არ ავიცრებით საკუთარი თავისთვის და ერთმანეთისთვის, მაშინ გვექნება ყოველ ორ თვეში ასეთი ტალღა. თუ დავიცავთ რეკომენდაციებს და ავიცრებით ახალ წლამდე, ჩვენ 2 000 ადამიანის სიცოცხლეს გადავარჩენთ. ისეთი ტალღა მოდის, რომ თუ შესაბამისი შემაკავებელი ღონისძიებები არ გატარდა, ძალიან მძიმე იქნება ეს ნოემბერი”, - თქვა გამყრელიძემ, რომლის განმარტებით, “შემაკავებელ ღონისძიებებში ისევ რეკომენდაციების დაცვას და ვაქცინაციას გულისხმობს”, - წერს სტატიის ავტორი.

თინა ხიდაშელი - “დიდი შერიგება” ვერ მოხდება, სანამ “ნაციონალები” ამბობენ, რომ სანდრო გირგვლიანის საქმე არ არსებობს”

“14 ოქტომბრის აქციაზე დიდ აქცენტს არ გავაკეთებ, რადგან ეს აქცია იყო ბოლო ხანებში ქვეყანაში შეუქცევადად მიმდინარე პროცესების შედეგი. ეს აქცია არ იყო კულმინაცია, ვინაიდან რაც უნდა ბევრი ხალხი ყოფილიყო იქ - და ნამდვილად იყო - საზოგადოებაში არსებულ პრობლემებს კი არ ემსახურებოდა, ერთი კონკრეტული პარტიის მიერ ერთი მიზეზით - თავისი ლიდერის გათავისუფლების მოთხოვნით იყო ორგანიზებული. კულმინაცია იქნება ის, თუ 30 ოქტომბერს ხელისუფლება შედეგებით მანიპულირებას, არჩევნების გაყალბებას ისეთი უხეში ფორმებით შეეცდება, რომ თავის მხარდამჭერებსაც კი უხერხულობის განცდა გაუჩნდებათ, სწორედ ისე, როგორც “ვარდების რევოლუციის” წინ მოხდა. ასეთ შემთხვევაში ქუჩაში ერთი კონკრეტული პოლიტიკური ძალის ან ლიდერის ამომრჩეველი კი არა, ყველანაირი პოლიტიკური გემოვნების ადამიანი გამოვა, რაც უკვე დიდი ზვავი იქნება“ - აცხადებს თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “დიდი შერიგება” ვერ მოხდება, სანამ “ნაციონალები” ამბობენ, რომ სანდრო გირგვლიანის საქმე არ არსებობს” / ”მურუსიძე სააკაშვილთან იმდენად არის ვალში, შესაძლოა პირიქითაც არის საქმე, იქნებ ჰგონია, რომ სააკაშვილის გუნდი ბრუნდება ხელისუფლებაში და შესაძლოა ისევ მათი მხარე დაიჭიროს”.

“სააკაშვილმა საკუთარი პარტიისთვის ძალიან ცუდი როლი ითამაშა. როდესაც მისი ჩამოსვლის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია, პირველ ტურში “ქართული ოცნების” თეორიული მხარდამჭერების მობილიზება მოხდა. წინასწარი კვლევებით, იმ მოქალაქეებმაც კი მისცეს ხმა, ვინც არჩევნებზე მისვლას არც აპირებდა. მათ დაინახეს ის, რისიც ამდენი წლის განმავლობაში ეშინოდათ - შესაძლოა დაბრუნდეს რეჟიმი. ასე რომ, ვფიქრობ, მეორე ტურში “ნაცმოძრაობას” გამარჯვებისთვის საკმარისი ამომრჩეველი არ ეყოლება. გამარჯვებას სჭირდება ამომრჩევლის ხმათა ის რაოდენობა, რაც სხვა ოპოზიციურმა პარტიებმა მთლიანობაში მიიღეს. ამის ალბათობა კი იმ პირობებში, როდესაც სააკაშვილი აქ არის, ძალიან ცოტაა”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას თინა ხიდაშელი.

“გახარიას ამომრჩეველი, დარწმუნებული ვარ, არ მისცემს ხმას “ნაცმოძრაობას”. ასევე წარმოუდგენელია “ნაციონალებისკენ” გადაიხარონ სხვა პარტიის მხარდამჭერები, ვინც იმედგაცრუებულია “ოცნებით”. მათ კი, ვინც “ნაციონალებისთვის” აპირებდა ხმის მიცემას, პირველ ტურში ხმა უკვე მისცეს და შესაბამისად, მეორე ტურში ახალ სურათს არ ველოდები. თუმცა არც იმას გამოვრიცხავ, რომ 30 ოქტომბრამდე “ქართულმა ოცნებამ” ისეთი რამ ჩაიდინოს, რომ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით გამართულ აქციაზე მეც კი გამიყვანოს ქუჩაში, რაც ახლა სრულიად ფანტასტიკურად მიმაჩნია. თუმცა ბოლოდროინდელმა პროცესებმა დაგვანახა, რომ მათ სიბეცეს, სიბრიყვესა და უტიფრობას საზღვარი არა აქვს”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“რატომ ვერ გავარღვიეთ ორპოლუსიანი სისტემა? იმიტომ, რომ ამომრჩეველი ოცდაათი წელია პოლიტიკურ ცხოვრებას მხოლოდ ორ ფერში ხედავს. ეს მეტყველებს ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ უმწიფრობაზე. პარტიები არაფერ შუაშია, ეს ამომრჩევლის პრობლემაა, რომელიც მუდმივად მხოლოდ ორ პოლიტიკურ ძალას შორის აკეთებს არჩევანს. ყველაზე არ ვსაუბრობ, მცირედი გამონაკლისებიც არსებობენ, მაგრამ ისინი საერთო მოცემულობას ვერ ცვლიან. სანამ ამას თვალს არ გავუსწორებთ, მუდამ იმ გმირის ძიებაში ვიქნებით, რომელიც თეთრ ცხენზე ამხედრებული მოვა და გაგვათავისუფლებს”, - ამბობს თავდაცვის ყოფილი მინისტრი და შეკითხვაზე - “საზოგადოების ნაწილში აქტიურად განიხილება “ნაცმოძრაობის” რეაბილიტაციისა და რევოლუციის სცენარი...”, - პასუხობს:

“დღევანდელ “ნაცმოძრაობაში” სააკაშვილის გარდა, არავინ არის დარჩენილი, ვისაც რეაბილიტაცია სჭირდება. ყველა, ვინც ხელისუფლებაში ყოფნისას ჩადენილი დანაშაულების ორგანიზებაში ან იდეოლოგიურ მხარდაჭერაში იყვნენ ეჭვმიტანილი, დღეს სხვა პარტიაში არიან, ზოგი ქვეყნიდან არის წასული, სასჯელს იხდის ან უკვე მოიხადა, ანუ “ნაცმოძრაობაში” მაშინდელი ლიდერებიდან და გადაწყვეტილების მიმღები პირებიდან, ორი-სამი კაცის გარდა, არავინაა. უგულავა დაბრუნდა, თორემ ისიც წასული იყო პარტიიდან. ასე რომ, მელიასთვის მისი მთავარი პრობლემა და გამოწვევა სააკაშვილია. თორემ პარტია, როგორც ასეთი, რეაბილიტირებულია...”

“გია ბარამიძემ იკადრა და გირგვლიანის საქმეც კი უარყო, გასაგებია რატომაც - ის თავადაც არის ამ საქმეებზე პასუხისმგებელი. “დიდი შერიგება” ვერ მოხდება, სანამ ამბობენ, რომ სანდრო გირგვლიანის საქმე არ არსებობს. მათი დანაშაულებრივი საქმიანობა მხოლოდ გირგვლიანის ტრაგედიით არ შემოიფარგლება, მაგრამ ეს კარგი მაგალითია, თუ რატომ არის შეუძლებელი მათთან დიდი შერიგება... საინტერესოა, სხვების, თუნდაც ხატია დეკანოიძისა და ნიკა მელიას პოზიცია - სამართლიანი სასამართლო არ არსებობსო, დამოუკიდებელი მართლმსაჯულება რომ გვქონდეს, კი ბატონოო, წარდგესო მიხეილ სააკაშვილი მის წინაშე და ყველა მივიღებთ იმ განაჩენს, რაც დადგებაო. უკაცრავად, მაგრამ რატომ არ არსებობს? მაშინ მოყვნენ, როგორ გაჩნდა ეს კლანი და რანაირად ჩაბეტონდა სასამართლო სისტემაში - წინააღმდეგ შემთხვევაში, ძალიან სასაცილოა უსამართლო სასამართლოსკენ თითის გაშვერა, სადაც წლებია არაფერი შეცვლილა, მხოლოდ პატრონი გამოიცვალა. ის კი არა, მურუსიძე სააკაშვილთან იმდენად არის ვალში, შესაძლოა პირიქითაც არის საქმე, იქნებ ჰგონია, რომ სააკაშვილის გუნდი ბრუნდება ხელისუფლებაში და შესაძლოა ისევ მათი მხარე დაიჭიროს...”, - დაასკვნის თინა ხიდაშელი.

“სააკაშვილი ნამდვილად არ ეკუთვნის იმ კატეგორიას, რომელიც "ბოლი გამოვუშვით და ახლა დავმშვიდდეთ" პოზაში ჩადგება. მუდმივად იქნება ხელისუფლების პროვოცირების მცდელობა და არ გამოვრიცხავ, რომ წამოეგება და მორიგ სისულელეს ჩაიდენს... სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნებისა და ორგანიზაციების წარმომადგენლების განცხადებებიდან არც ერთი სააკაშვილის მხარდამჭერი არ ყოფილა. მათ კარგად იციან, რომ სააკაშვილი უდანაშაულო არ არის, მაგრამ აკრიტიკებენ ქართულ მართლმსაჯულებას, ხელისუფლების წევრთა უგუნურ განცხადებებს. “ოცნებას” ჯერ კიდევ აქვს სისულელეების კეთების რესურსი, რის შედეგადაც მორიგი საერთაშორისო ავანტიურის წინაშე დაგვაყენებს, მაგრამ თუ მოახერხა და კანონის ფარგლებში განაგრძო მოქმედება, რამე განსხვავებულს არ უნდა ველოდოთ. ვგულისხმობ საერთაშორისო პარტნიორების ზეწოლას. უფრო შიდა წნეხს ველოდები, “ნაციონალები” მუდმივად შეეცდებიან ვითარების დესტაბილიზაციას. გეგმავენ მცირე, მაგრამ პერმანენტულ შეკრებებს, მასშტაბურ აქციას კი მეორე ტურის არჩევნების ღამეს გეგმავენ”, - დასძენს რესპონდენტი.

რა იქნება მეორე ტურის შემდეგ - ისევ პერმანენტული აქციებისა და კონტრაქციების საფრთხე

“გამწვავდება თუ არა ვითარება ქვეყანაში ადგილობრივი არჩევნების მეორე ტურის შემდეგ? ანალიტიკოსთა ვარაუდით, ბოლო დღეების მოვლებენმა აჩვენა, რომ საზოგადოებაში პოლარიზაციის ხარისხი მეტად მაღალია და თუკი 30 ოქტომბრის შემდეგ კვლავ ვიხილეთ არჩევნების შედეგებით უკმაყოფილო ენმ-ის საპროტესტო აქციები და “ქართული ოცნების” მხარდამჭერთა კონტრაქციები, ეს ქვეყანას მძიმე შედეგებს მოუტანს. ანალიტიკოსთა ნაწილის შეფასებით, პერმანენტული აქციებით “ნაციონალური მოძრაობა” საკუთარი თავის რეიკარნაციას ახდენს, ხოლო თუკი ხალხმა დაინახა, რომ სააკაშვილი არც ისე საფრთხობელაა, როგორადაც მას “ოცნება” ხატავდა, მაშინ მათი რებრენდიგი მოხდება. ამის ნიშნები კი თავისუფლების მოედანზე 14 ოქტომბერს უკვე გამოჩნდა. ამიტომაც ხელისუფლებას მოუწოდებენ მათ არ აჰყვნენ და მეორე ტურების შემდეგ ქვეყანაში მოსახლეობის ორად გაყოფას და დაპირისპირებას ხელი არ შეუწყონ”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რა იქნება მეორე ტურის შემდეგ - ისევ პერმანენტული აქციებისა და კონტრაქციების საფრთხე.

“მსჯავრდებული მე-3 პრეზიდენტის პატიმრობის მე-16 დღეს, 16 ოქტომბერს რუსთავის ციხესთან მის წინააღმდეგ ციხესთან საპტოტესტო აქცია გაიმართა. ისმოდა მისი ციხეში სამუდამოდ დატოვების მოთხოვნა. რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან ბუტა რობაქიძის დედა ია მეტრეველი, სულხან მოლაშვილის ძმა და ის პირები შეიკრიბნენ, ვინც 2003-12 წლებში ჩატარებული სპეცოპერაციების, თუ სხვადასხვა ძალადობრივი პროცესების შედეგად შვილები და ოჯახის წევრები დაკარგეს. აქციაზე არაერთი გახმაურებული საქმე გაიხსენეს. გარდა ამისა, ციხესთან შეკრებილები საუბრობდნენ სისტემურ დანაშაულებზე, რომელიც ადამიანებს მასობრივად ეხებოდა. ამას ენმ-ის თავმჯდომარე ნიკა მელია გამოეხმაურა და პატიმარ სააკაშვილის საწინააღმდეგო აქცია “ქართული ოცნების” მორალურ კოლაფსად შეაფასა. ამასთან, მამ 30 ოქტომბერს დანიშნული მეორე ტურის შემდგომ მოვლენებზეც ისაუბრა”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ვხედავთ, რომ პატიმარს უწყობს აქციას “ქართული ოცნება” და მათ მიერ ორგანიზებული, მათთან მჭიდრო კავშირში მყოფი ადამიანები... მორალური კოლაფსი განიცადა “ქართულმა ოცნებამ”, როდესაც პატიმარს აქციას უწყობენ. თუ ვცდები მითხარით, ან თუ გაგიგიათ და გინახავთ კი, ბატონო, შეიძლება დაგეთანხმოთ, მაგრამ არც თქვენ არ გაგიგიათ და გსმენიათ მსგავსი სისაძაგლე... როგორც მოიქცევა ბიძინა ივანიშვილი 30 ოქტომბერს, რეაქციაც ადგილობრივი და საერთაშორისო საზოგადოებისგან იქნება ადეკვატური. აპირებს ბიძინა ივანიშვილი იძალადოს? ეს მას ძალიან ძვირი ფასის გადახდად დაუჯდება”, - განაცხადა მელიამ. ანალიტკოსი პაატა ზაქარეიშვილი აცხადებს, რომ სიტუაცია აშკარად ესკალაციისკენ მიდის. მისი აზრით, მეორე ტურის შემდეგ, რა თქმა უნდა, ენმ აქციებს გააგრძელებს, ხელისუფლება ამას არ უნდა აჰყვეს და კონტრაქციები არ უნდა ჩაატაროს, რადგანაც მსგავსი ქმედება ქვეყანაში სიტუაციის პოლარიზებას ხელს უწყობს. მისი თქმით, “ნაციონალები” საკუთარი თავის რეიკარნაციას ცდილობენ და ხელისუფლება ამაში არ უნდა დაეხმაროს”, - განაგრძობს გამოცემა.

“ოპოზიცია რასაც აკეთებს, ეს მას ან აძლიერებს ან კიდევ ასუსტებს. ხოლო ხელისუფლება როცა ამას აყვება, ეს ქვეყანაში მოსახლეობის ორად გახლჩას და დაპირისპირებას უწყობს ხელს. ენმ-ს თავისი დღის წესრიგი აქვს და მას “ოცნება” არ უნდა აყვეს, მაგრამ კონტრაქციების დაანონსებითა და ჩატარებით სწორედაც რომ ჰყვება. თუ მოჭიდავეს პარტნიორი არ ეყოლება, ვის დაეჭიდება? ასეა პოლიტიკაშიც. ამ ორ ძალას ერთმანეთი აწყობთ და ქვეყანა არ ადარდებთ. ამიტომ ერთმანეთის ჭიდაობაში შესაძლოა ძალიან მძიმე შედეგი მივიღოთ და ეს იქნება ხალხის დაპირისპირება. ენმ “ოცნებას” საფრთხობელასავით ჰყავს. ეს პარტია არის რეზინის ჩაფუშული ფიგურა, რომელსაც ჰაერი თუ არ მიაწოდე, ვერ გაიბერება. ამ ჰაერს კიდევ ხელისუფლება უკვე წლებია აწვდის. ის, რაც თავისუფლების მოედანზე ვიხილეთ, ქართველი ხალხის პირველი გაფრთხილება იყო. თუ მოსახლეობამ ჰაერი ჩაისუნთქა, ხელიუფლებას სააკაშვილის საფრთხობელად გამოყვანა ვეღარ უშველის”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პაატა ზაქარეიშვილი.

“14 ოქტომბერს მხოლოდ პარტაქტივი არ მისულა, იქ მოსახლეობაც მივიდა. ამიტომაც მეორე ტურები ისე უნდა ჩატარდეს, რომ კითხვის ნიშნები ნაკლები იყოს და ენმ-ის აქციებს ხელისუფლება არ უნდა აჰყვეს, გონებით იმოქმედოს, ხალხის პრობლემებზე იმუშავოს და არა “ნაცებთან“ ჭიდაობაში დრო დაკარგოს”, - თვლის ზაქარეიშვილი. მისივე თქმით, “ოცნების” თამაშმა იქამდე მიგვიყვანა, რომ 2012 წლის შემდეგ ქუჩაში ამ როდენობის ხალხი აღარ გამოსულა, მით უმეტეს “ნაციონალების” მიერ დაგეგმილ აქციაზე. ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე კი მიიჩნევს, რომ ქვეყნის მოსახლეობის დიდ ნაწილს დესტაბილიზაცია აღარ სურს, სააკაშვილის სურვილია ნებისმიერი საშუალებით ციხიდან გამოვიდეს და ამიტომაც თავისი პარტიისგან ხელისუფლებაზე მაქსიმალურ ზეწოლას ითხოვს. ხედავს, რომ სამართლებრივი გზებით მისი გათავისუფლება ვერ ხერხდება და უნდა აქციებით ხელისუფლებაზე ზეწოლა მოახდინოს. ამიტომ არაა გამორიცხული, როგორც კი დაინახავს მეორე ტურები წააგო, უფრო დესტრუქციული მეთოდი ჰქონდეს ჩაფიქრებული”, - დასძენს გამოცემა.

“ექსპრეზიდენტს შიმშილობა იმისთვის სჭირდება, რომ მისი პიროვნების კიდევ უფრო მეტი აქტუალიზება მოხდეს. სააკაშვილი იმპულსური ადამიანია, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია მოკლევადიანი შედეგი. ამიტომაც მელიას ახლა ახალი დავალება მისცა და ყოველდღიური აქციები უნდა. როგორც ჩანს, სააკაშვილი 14 ოქტომბრის აქციის მუხტმა არ დააკმაყოფილა. ამიტომაც უნდა, რომ ციხიდან მალე გამოვიდეს. მას აწვდიან მცდარ ინფორმაციას, რომ აქციის მერე ხელისუფლება შეშინებული და დათრგუნულია. როგორც მას სჩვევია, სავარაუდოდ, ფიქრობს, რომ ახლაა დრო და ხელისუფლებას მაქსიმალურად უნდა მიაწვეს. ასეთ რეჟიმში პარტიის ყოფნამ შესაძლოა პირიქით, მოსახლეობაში უკურეაქცია გამოიწვიოს. ხალხი იფიქრებს, რომ ენმ არ შეცვლილა, ისევ იგივე ძალად დარჩა და მისი უკან დაბრუნების შემთხვევაში უარეს სიტუციაში აღმოვჩნდებით. ამიტომაც ეს მოწინააღმდეგე პოლიტიკური ძალის ამომრჩევლის მობილიზებას იწვევს. ენმ ისეთივე დესტრუქციულ გზაზე დგას, როგორშიც ამ წლების განმავლობაში იყო და სააკაშვილის შერიგების ამბავს არავინ დაიჯერებს. ამიტომ ყველაზე სახიფათო მეორე ტურის შემდეგი მოვლენებია. ენმ თუ ისევ ფართომასშტაბიან აქციებს დაიწყებს, არაა გამორიცხული ჩვენი მოსახლეობის ნაწილში ამან აგრესია გამოიწვიოს. კონტრაქციები კი ქვეყანაში დაპირისპირების რისკებს ზრდის”, - დაასკვნის გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ზაალ ანჯაფარიძე.

იაგო ხვიჩია - “ყველაფერი, რაც ჩვენს თავს ხდება, სააკაშვილისა და ივანიშვილის ერთობლივი თამაშია”

“ამ აქციით დავინახეთ, რომ ხალხი ისევ დაყოფილია მიშა-ბიძინად და რაღაცნაირი შიში გვმართავს. ვერავინ იტყვის, აქციაზე ხალხი არ იდგაო. საინტერესოა, ამის გაგრძელებას როგორ შეხედავს ხელისუფლება, თუ მისმა თამაშმა რა დონემდე მიიყვანა პატარ-პატარა პარტიები. შესაძლოა ბრძოლა მხოლოდ “ქართულ ოცნებასა” და “ნაციონალურ მოძრაობას” შორის იყოს. ჩემი აზრით, ეს პროცესი ძალიან საშიშია... ამ არჩევნების ამოცანა იყო 43% აეღო "ქართულ ოცნებას". ამაში ივანიშვილს სააკაშვილის ფაქტორი რომ დაეხმარა, მგონი, ძალიან კარგად ესმით”, - აცხადებს “გირჩის" ლიდერი იაგო ხვიჩია გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ყველაფერი, რაც ჩვენს თავს ხდება, სააკაშვილისა და ივანიშვილის ერთობლივი თამაშია” / “ხალხი მოტყუებულია, არჩევნები - ჩავლილი”.

“სააკაშვილი ციხეში დიდხანს ვერ გაჩერდება, რა შეთანხმებაც უნდა ყოფილიყო მათ შორის. ცხადია, სააკაშვილი მალე გამოშვებას მოითხოვს. შესაბამისად, ახლა ამაზე მიმდინარეობს მსჯელობა. მიზანი მიღწეულია - `ოცნებამ~“ 43% აიღო და ახლა სააკაშვილის გათავისუფლება დარჩა, რაც ტექნიკის საკითხია. ჩემი აზრით, ეს პროცესები იქით მიდის, რომ არჩევნების შედეგებით “ნაციონალური მოძრაობაც” და “ქართული ოცნებაც” ბედნიერი იყვნენ, დანარჩენი პარტიები კი გაიკრიფონ. ეს რა თამაშია და რა ტიპის სინქრონი არსებობს მიშასა და ბიძინას შორის, არ ვიცი. საზოგადოებამ იცის ჩემი აზრი - ივანიშვილი და სააკაშვილი ერთმანეთთან შეთანხმებით მოქმედებენ. მისი ჩამოსვლა და ამ კონცერტის გამართვა იმისთვის იყო საჭირო, რომ “ოცნებას” 43% აეღო. ახლა ამ თამაშიდან გამოსვლაა საჭირო. ხალხი მოტყუებულია, არჩევნები - ჩავლილი. წინ მეორე ტურია, რათა “ნაციონალურმა მოძრაობამ” ღირსება შეინარჩუნოს - თავი გამარჯვებულად მანაც ჩათვალოს”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას იაგო ხვიჩია.

“მაქვს ვერსია, რომ ყველაფერი, რაც ჩვენს თავს ხდება, სააკაშვილისა და ივანიშვილის ერთობლივი თამაშია. ისინი ძალაუფლებას იცავენ სხვა პირებისგან. ჩემი აზრით, არც “ქართული ოცნების” და არც “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერებმა სააკაშვილის ჩამოსვლის შესახებ არაფერი იცოდნენ. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ არავინ არაფერი იცოდა. უბრალოდ, “ოცნების” რამდენიმე ლიდერმა არ იცოდა და არც ჩათვალეს საჭიროდ, რომ ყველას სცოდნოდა. ბუნებრივია, არ არის საჭირო ამ თამაშის შესახებ ბევრმა იცოდეს.ახლა ამ ყველაფერს დასასრული აკლია, რათა ორივე მხარემ ამბიციები დაიკმაყოფილოს - “ოცნება” დასჯერდეს თავის 43%-ს, “ნაციონალურ მოძრაობას” კი ერთ-ორ რეგიონს დაუთმობენ. შემდეგ მიშასთვის მოიფიქრებენ რაღაცას, რომ ციხიდან გამოუშვან, ცოტა ხანს კი აწუწუნებენ. შევცდი, როცა მეგონა, სააკაშვილი არ ჩამოვიდოდა”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“ვიმეორებ - ჩემი აზრით, სააკაშვილი საქართველოში ივანიშვილთან შეთანხმებით ჩამოვიდა, მაგრამ ეს რომ გახმაურდეს, დააზიანებს როგორც “ქართულ ოცნებას”, ისე “ნაციონალურ მოძრაობას”. ამიტომ ორივე მხარე ეცდება ეს პროცესი მიმდინარეობდეს გარე მოთამაშეების ხელით. “ქართული ოცნება”, როგორც გულმოწყალე პარტია, მიხეილ სააკაშვილს დაამადლის უცხოელებს და ისე გამოაგდებს გარეთ, როგორც სხვა პოლიტიკურ პატიმრებს. თუმცა მაინც მგონია, რომ კარგა ხანს არ გარისკავენ მის გამოშვებას. რაც შეეხება იმ ხალხს, ვინც სააკაშვილის მმართველობის დროს დაზარალდა, “ქართულ ოცნებას” სააკაშვილი არც იმ ხალხის გამო დაუჭერია და არც მათ გამო გადაიფიქრებს გამოშვებას, როცა ამ შეთანხმების აღსრულების დრო დადგება”, - ამბობს “გირჩის" ლიდერი და შეკითხვაზე - “რა მოხდება 30 ოქტომბერს?” - პასუხობს:

“ჩემი აზრით, მოსახდენი უკვე მოხდა. შესაძლებელია ოპოზიციამ ერთი-ორი ქალაქი მოიგოს, ჩვენ კი სულ სხვა რეჟიმში გადავიდეთ. რა მოხდება მეორე ტურში ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ ექნება. მთავარი ძალა სადაც არის, თბილისში, უპირატესობა სახელისუფლებო კანდიდატს აქვს და, ალბათ, კალაძე გაიმარჯვებს კიდეც. “ნაციონალური მოძრაობა” ამ შედეგით ძალიან კმაყოფილი იქნება და მიშა სააკაშვილიც ნელ-ნელა დამშვიდდება. “ქართული ოცნება” გააგრძელებს ქვეყნის მართვას და ამისთვის “ნაციონალებსა” და სააკაშვილს მადლობას ეტყვის... არ მჯერა, რომ მიშა-ბიძინა კიდევ დიდხანს იქნება. მალე წამოეწევიან სხვა პარტიები, რადგან ხალხი მალე მიხვდება, რა შეცდომა დაუშვა. ვფიქრობ, სამი წელი დიდი დროა, ეს პროცესი სწრაფად უნდა მორჩეს და დავინახოთ, რა პოლიტიკურ მაქინაციებთან გვქონდა საქმე”.

ავთანდილ წულაძე - მაკრონის, შოლცისა და ტუსკის შეხვედრის შემდეგ ცხადი გახდა, რომ უკრაინის იარაღის გარეშე დატოვების გეგმა ჩავარდა, ევროპისა და უკრაინა-რუსეთს შორის სამხედრო დაპირისპირება გაგრძელდება  და გაღრმავდება
ახალი ზოოპარკი და ახალი ბინადრები, რომელთა ნახვაც დამთვალიერებლებს შეეძლებათ - რა ეტაპზეა თბილისის ზღვაზე ახალი ტერიტორიის მოწყობა?
ქართული პრესის მიმოხილვა 18.03.2024
კავკასიის ავტომარკეტი - ავტომობილის ყიდვის ახლებური გამოცდილება
ქართული ღვინის წარმატება იაპონიაში - TSV Estate Winery-მ განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა
ახალი „ბაკურიანი“ ხილის გემოთი - ნატურალური მინერალური წყალი, ბაკურიანის მთებიდან, ნაკლები შაქრით