დავით სიხარულიძე - ქართულ-ამერიკული თანამშრომლობა ყოველთვის იყო დაფუძნებული ორ ქვეყანას შორის სტრატეგიულ თანამშრომლობაზე, აშშ-ს მდივნის ვიზიტიც ამის მკაფიო დემონსტრირება გახლდათ

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, 4 ვარსკვლავიანი გენერლის ლოიდ ოსტინის საქართველოში ვიზიტის სამხედრო და პოლიტიკურ შედეგებზე “ინტერპრესნიუსი“ საქართველოს ატლანტიკური საბჭოს წევრს, თავდაცვის ყოფილ მინისტრსა და აშშ-ში საქართველოს ყოფილ ელჩს, დავით სიხარულიძეს ესაუბრა.

- ბატონო დავით, აშშ-ს თავდაცვის მდივნის ლოიდ ოსტინის თბილისში ვიზიტის დასრულდა. სტუმარმა და მასპინძლებმა ამ თემაზე განცხადებები უკვე გააკეთეს და ახლა შესაძლებელია ამ ვიზიტის კონკრეტულ შედეგებზე მსჯელობა.

თქვენ როგორ შეაფასებდით აშშ-ს თავდაცვის მდივნის თბილისში ვიზიტის სამხედრო და პოლიტიკურ შედეგებს?

- ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, თუ როგორი იყო აშშ-ს თავდაცვის მდივნის ვიზიტის გეოგრაფია ბრიუსელში დაგეგმილ ნატო-ს მინისტერიალამდე. მისი ვიზიტი თბილისში დასრულდა, მაგრამ ამის შემდეგ იგი გაემგზავრება უკრაინაში, შემდეგ კი რუმინეთში. ეს კი იმას ნიშნავს, რომ აშშ-სთვის მნიშვნელოვანია შავი ზღვის რეგიონი და მისი უსაფრთხოება. რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ შავი ზღვის უსაფრთხოება აშშ-ს უსაფრთხოების დღის წესრიგში მნიშვნელოვანი და აქტუალური თემაა.

აშშ-სთვის მნიშვნელოვანია შავი ზღვის რეგიონი და მისი უსაფრთხოება. რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ შავი ზღვის უსაფრთხოება აშშ-უსაფრთხოების დღის წესრიგში მნიშვნელოვანი და აქტუალური თემაა

მეორე საკითხი, რასაც მინდა ხაზი გაუსვა, არის ის, რომ აშშ აგრძელებს საქართველოსთვის თავდაცვის სფეროში დახმარების პროგრამას. ნატო-ს ეგიდით ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივმა თანამშრომლობამ და აშშ-ს დახმარებამ უდიდესი როლი შეასრულა ქართული შეიარაღებული ძალების ფორმირებაში.

რომ არა ეს დახმარება, ჩვენი შეიარაღებული ძალები ნამდვილად არ იქნებოდა ისეთი ბრძოლისუნარიანი, აღჭურვილი და მომზადებული როგორც ახლაა და არც იმდენად თავსებადი ნატოს სტანდარტებთან. ფაქტია, რომ სამხედრო სფეროში ამერიკულმა დახმარებამ გადამწყვეტი როლი შეასრულა თანამედროვე ქართული შეიარაღებული ძალების ფორმირებასა და ჩამოყალიბებაში.

სამხედრო სფეროში ამერიკულმა დახმარებამ გადამწყვეტი როლი შეასრულა თანამედროვე ქართული შეიარაღებული ძალების ფორმირებასა და ჩამოყალიბებაში

ამერიკელების დახმარებით საქართველოში 9 ბატალიონი გაიწვრთნა. ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება. როგორც ჩანს, ახალი პროგრამა არის უფრო განსხვავებული ფოკუსით და ამ პროგრამაში საკმაოდ მნიშვნელოვანი იქნება აგრესიის შეკავების კომპონენტი.

ვფიქრობ, ახლა საქართველოს ყველაზე მეტად სჭირდება სამხედრო სფეროს ინსტიტუციური განვითარება, ინსტიტუციური მდგრადობა და ინსტიტუციური ეფექტურობის უზრუნველყოფა.

მესამე რაც მინდა ვთქვა, არის ის, რომ აშშ-ს თავდაცვის მდივანმა თბილისში გაკეთებული განცხადებებში რამოდენიმეჯერ ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ-ს საქართველოსთვის მხარდაჭერა და დახმარება და თანამშრომლობა ემყარება იმას, რომ საქართველო აუცილებლად უნდა წავიდეს წინ დემოკრატიული რეფორმების გატარების მიმართულებით. დემოკრატიული რეფორმების გარეშე არაფერი არ იქნება.

მან რამოდენიმეჯერ ერთმნიშვნელოვნად გაუსვა ხაზი იმას, რომ საქართველოსთვის დემოკრტიული რეფორმების გატარება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ზოგადად ქართულ-ამერიკული ურთიერთობებისთვის და კონკრეტულად თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობისთვის.

საქართველოსთვის დემოკრტიული რეფორმების გატარება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ზოგადად ქართულ-ამერიკული ურთიერთობებისთვის და კონკრეტულად თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობისთვის

- საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ ამერიკელი სტუმრის თანდასწრებით განაცხადა - „აშშ-სა და საქართველოს ურთიერთობები ურთიერთნდობაზეა დაფუძნებული, აშშ-საქართველოს ურთიერთობა სინქრონულ რეჟიმშია და ჩვენს შორის სტრატეგიული თანამშრომლობა არასდროს ყოფილა ისეთი მტკიცე და მრავალმხრივი, როგორც ახლა.“

გასაგებია, რომ აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ლოიდ ოსტინის ვიზიტი საერთაშორისო ურთიერთობებში არსებული ვითარების გამოძახილიც იყო, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ სტუმარმა მართლაც ბევრჯერ ახსენა, რომ საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტები გასაძლიერებელია, ბევრმა ეს ვიზიტი ხელისუფლების მხარდაჭერადაც აღიქვა...

- ვაშინგტონისა და თბილისის თანამშრომლობა არასდროს არ ყოფილა ორიენტირებული საქართველოში კონკრეტულ მთავრობაზე. ასეა, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მთავრობას აქვს მცდელობები აშშ-საქართველოს ურთიერთობებს პარტიული ელფერი შესძინოს, ეს სიმართლეს არ შეესაბამება.

ქართულ-ამერიკული თანამშრომლობა ყოველთვის იყო დაფუძნებული ორ ქვეყანას შორის სტრატეგიულ თანამშრომლობაზე, აშშ-ს მდივნის ვიზიტიც ამის მკაფიო დემონსტრირება გახლდათ და ამიტომ მომხდარისთვის პარტიული ელფერის ჭრილში განხილვა არასწორი იქნებოდა.

- ვითარებაში, როცა ჩვენი ამერიკელი და დასავლელი პარტნიორები ყურადღებას ამახვილებენ შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების გაძლიერებაზე, ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯები იდგმება, წარმოუდგენელია აშშ-ს თავდაცვის მდივანი თბილისში ვიზიტის ფარგლებში არ შეხებოდა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის თემას.

შავის ზღვის რეგიონში უსაფრთხოების სრულფასოვანი უზრუნველყოფა და ჩვენს პარტნიორებთან თანამშრომლობის დინამიკა იმგვარია, რომ ადრე თუ გვიან დადგება ანაკლიის პორტის გამოყენების შესაძლებლობის საკითხი. არადა ამ თვალსაზრისით ჩვენ ხელშესახები არც არაფერი გვაქვს..

- რა თქმა უნდა, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისათვის რომ საქართველო ეკონომიკურად განვითარდეს, მაქსიმალურად იქნას გამოყენებული საქართველოს სატრანზიტო პოტენციალი.

ძალიან სამწუხაროა, რომ მთავრობამ ჩააგდო ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის პროექტი. ფაქტია, რომ მისი განუხორციელებლობა აზიანებს ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს. მომხდარი სხვაგვარად ვერ განიხილება თუ არა საქართველოს საწინააღმდეგო ნაბიჯი.

ახლა ძალიან მნიშვნელოვანია ანაკლიის პორტის პროექტის ხელახლა გაცოცხლება, მაგრამ ახლა იგი გააზრებული უნდა იყოს სტრატეგიული კავშირებისა და მნიშვნელობის კონტექსტშიც.

ახლა ძალიან მნიშვნელოვანია ანაკლიის პორტის პროექტის ხელახლა გაცოცხლება, მაგრამ ახლა იგი გააზრებული უნდა იყოს სტრატეგიული კავშირებისა და მნიშვნელობის კონტექსტშიც

ამას თან უნდა სდევდეს საქართველოს რკინიგზის მოდერნიზება და გადაიდგას ისეთი ნაბიჯები, რაც ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალს მნიშვნელოვნად გაზრდის.

ვიცით რომ ანაკლიის პორტი მნიშვნელოვანია ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვის. თუ გვინდა რომ საქართველო გახდეს აღმოსავლეთისა და დასავლეთის სრულფასოვნად დამაკავშირებელი ქვეყანა, ანაკლიის პორტის მშენებლობა უნდა დაჩქარდეს.

უნდა გვესმოდეს, რომ საქართველოს ეკონომიკაში გარღვევა მხოლოდ ისეთი პროექტების განხორციელებას შეიძლება მოჰყვეს, როგორც ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტია.

- ანაკლიის პორტის აშენება სულ უფრო აქტუალური ხდება რადგან ერევანი და ანკარა მზადყოფნას გამოთქვამენ გაისხნას ამ ქვეყნებს შორის დახურული საზღვარი და მათ შორის დაიწყოს პირდაპირი ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობები.

ეს კი იმას ნიშნავს, რომ სომხეთს მალე ნაკლებად შეიძლება დასჭირდეს საქართველოს გავლით ტვირთების მიღება, რის გამოც ჩვენ შეგვიმცირდება შემოსავლები ტრანზიტისაგან. ახლა რომ ანაკლიის პორტის აშენებული იყოს აშკარად სულ სხვა სურათი გვექნებოდა...

- რა თქმა უნდა,, ახლა რომ ანაკლიის პორტი აშენებული იყოს, ბევრად წინ ვიქნებოდით როგორც ეკონომიკური, ისე სტრატეგიული თვალსაზრისითაც. უნდა გვესმოდეს, რომ ანაკლიის პორტი ჩვენთვისაც მნიშვნელოვანია და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებისთვის.

- აშშ-ს თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა 3+3 ფორმატთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი განაცხადა გააკეთა - რუსეთს ურჩევნია შეასრულოს 2008 წლის შეთანხმება და ოკუპირებული ტერიტორიებიდან ჯარები გაიყვანოს, ვიდრე ახალ ფორმატებზე ისაუბროს.

ეს განცხადება იმითაცაა საინტერესო რომ გასულ კვირას ამ თემაზე საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა დავით ზალკალიანმა თქვა, რომ ქართულმა მხარემ უნდა იფიქროს ამ ფორმატში რაღაც ფორმით საქართველოს მონაწილეობაზე.

თქვენ როგორ შეაფასებდით 3+3 ფორმატზე აშშ-ს მდივნის ამ განცხადებას?

- ვფიქრობ, რომ 3+3 ფორმატი საქართველოსთვის აბსოლუტურად მიუღებელი ფორმატია. ვითარებაში, როცა რუსეთს ჩვენი ქვეყნის 20% ოკუპირებული აქვს, რუსეთის მონაწილეობით ამ ფორმატში ჩვენი მონაწილეობა აბსურდული საქციელი იქნებოდა, რადგან თითქოს არც არაფერი მომხდარა და რუსეთთან მიმართებაში ჩვეულებრივ ურთიერთობებსა და პარტნიორობას ვუბრუნდებით.

ყველაფერს რომ თავი დავანებოთ ჩვენი მხრიდან ამგვარი ნაბიჯის გადადგმა არა მხოლოდ უაზრო იქნებოდა, არამედ აბსოლუტურად არაეფექტური. რა თქმა უნდა, რუსეთი შეეცდება ასეთი ფორმატის გამოყენებას იმისათვის, რომ ლეგიტიმაცია მოახდინოს თავის კონტროლის ქვეშ მყოფი ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული რეჟიმების.

ასევე უნდა უთქვას იმაზე, რომ 3+3 ფორმატი მიმართულია კავკასიის რეგიონიდან დასავლეთის შევიწროებისაკენ. საქართველოსთვის კი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია დასავლეთი თავისი სტრუქტურებით რეგიონში იყოს. 3+3 ფორმატი ზღუდავს დასავლეთის მონაწილეობას რეგიონში და ეს ჩვენს ინტერესებს არ შეესაბამება. ამიტომ, ვთვლი, რომ ამ თემაზე ბუნდოვანი განცხადებები თან არა, მაგრამ შესაძლოა, მასში მონაწილეობა განვიხილოთ კიდევაც, როგორც მინიმუმ, გაუგებარია.

3+3 -ს ფორმატზე აშშ-ს თავდაცვის მდივნის გზავნილი იყო საკმაოდ მკაფიო და გასაგები. მასში ჩანდა ვაშინგტონის დამოკიდებულება ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციისადმი და რუსეთის მანიპულაციური ნაბიჯებისადმი, რომელმაც შესაძლოა განამტკიცოს კიდეც აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში თავისი ოკუპაცია.

3+3 -ფორმატზე აშშ-თავდაცვის მდივნის გზავნილი იყო სამკაოდ მკაფიო და გასაგები. მასში ჩანდა ვაშინგტონის დამოკიდებულება ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციისადმი და რუსეთის მანიპულაციური ნაბიჯებისადმი, რომელმაც შესაძლოა განამტკიცოს კიდეც აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში თავისი ოკუპაცია

საბედნიეროდ, ვაშინგტონში ისე ფიქრობენ, როგორც ჩვენ, რუსეთმა უნდა შეასრულოს საქართველოს კონფლიქტებთან დაკავშირებით საერთაშორისო საზოგადოების საბაზისო მოთხოვნები და მის მიერ ოკუპირებული ტერიტორიებიდან გაიყვანოს თავისი სამხედრო შენაერთები. ანუ, მოახდინოს ამ ტერიტორიების დეოკუპაცია.

- რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლავროვმა განაცხადა, რომ 2022 წლის 1 იანვრიდან რუსეთი აჩერებს თავისი სამხედრო მისიის საქმიანობას ნატოში. ლავროვის ეს განცხადება უცნაურადაც კი დაემთხვა აშშ-ს თავდაცვის მინისტრის ვიზიტს თბილისში.

თქვენი აზრით, რას შეიძლება ნიშნავდეს ის, რომ მალე რუსეთის სამხედრო მისია ნატოს ბრიუსელის შტაბ-ბინაში აღარ იმუშავებს? მოსკოვს უბრალოდ ყურადღების მიპყრობა უნდოდა, თუ რუსების წასვლა ნატოს შტაბიდან მისი პოლიტიკის რაღაც ნაწილი შეიძლება აღმოჩნდეს?

- რუსეთის დღევანდელი ხელისუფლება დიდი ხანია აშკარად ანტიდასავლური ნარატივით ცდილობს ანტიდასავლური პოლიტიკას გატარებას. არა მგონია ამას ამ კონკრეტულ შემთხვევაში რამე სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდეს. დასავლეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობები ისედაც გაუარესებული და დამძიმებულია.

ლავროვის ეს განცხადება კიდევ ერთი კონსტატაციაა იმისა, თუ რა ნიშნულზეა ახლა რუსეთ-დასავლეთისა და რუსეთ-ნატოს ურთიერთობები

რაც შეეხება იმას, თუ რითი იყო ნატოს შტაბ-ბინაში დაკავებული რუსეთის სამხედრო მისია, შეიძლება გავიხსენოთ მათთან დაკავშირებით რამდენიმე სკანდალი. საუბარია ძირითადად ჯაშუშურ სკანდალებზე. შესაძლოა, მათი იქედან წამოსვლა ამითაც იყოს განპირობებული.

მთლიანობაში ლავროვის ეს განცხადება კიდევ ერთი კონსტატაციაა იმისა, თუ რა ნიშნულზეა ახლა რუსეთ-დასავლეთისა და რუსეთ-ნატოს ურთიერთობები.

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო