ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2021

აუცრელები შეიძლება არც მეტროში შეუშვან და არც კონცერტებზე - შეღავათებისა და შეზღუდვების რა გეგმა აქვს ხელისუფლებას

“დაპირებების ომი” თბილისში - რას სთავაზობენ კანდიდატები ხალხს არჩევნებამდე 10 დღით ადრე

აფხაზეთის ე.წ. ეკლესიამ საპატრიარქოდან მიღებული წერილი გამოაქვეყნა - ჩამოვა თუ არა ბესარიონ აპლია თბილისში

* * *

აუცრელები შეიძლება არც მეტროში შეუშვან და არც კონცერტებზე - შეღავათებისა და შეზღუდვების რა გეგმა აქვს ხელისუფლებას

“ვაქცინაციის კრიტიკულად დაბალი ტემპის გასაზრდელად ხელისუფლება ახალი წამახალისებელი კამპანიების დაწყებას გეგმავს. ერთის მხრივ, დაგეგმილი აცრილი მოქალაქეებისათვის ახალი შეღავათების დაწესება, მეორეს მხრივ კი, შესაძლოა აუცრელებისათვის გარკვეული შეზღუდვები შემოიღონ. ამ მხრივ სპეციალისტებისა და საკოორდინაციო საბჭოს წევრების ნაწილს რადიკალური რეკომენდაციებიც აქვთ - აუცრელების არდაშვება გასართობ ღონისძიებებზე, დახურულ შენობებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში. 20 ოქტომბრის მონაცემებით, 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 5 543-მა ადამიანმა გაიკეთა. 19 ოქტომბერს ეს რიცხვი 6 203-ს შეადგენდა. სულ კი ქვეყანაში, ოთხშაბათის მონაცემებით, 1 926 893 აცრა ჩატარდა. დაავადებათა კონტროლის ცენტრი აღიარებს, რომ ვაქცინაციას წამახასილებელმა ლატარიამ ის ეფექტი არ გამოიღო, როგორსაც ელოდნენ. გარდა ამისა, რეგიონებში დაწყებული ვაქციანციის მარათონის შედეგებიც ჯერჯერობით არც ისეთი იმედისმომცემია”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით აუცრელები შეიძლება არც მეტროში შეუშვან და არც კონცერტებზე - შეღავათებისა და შეზღუდვების რა გეგმა აქვს ხელისუფლებას.

“მარათონი 18 ოქტომბერს დაიწყო და დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის თქმით, პირველ დღეს 4 სოფელში დაახლოებით 100 ადამიანი აიცრა. შემდეგ დაემატა იგივე 4 სოფელში 50-მდე ადამიანი. პროცესი გაგრძელდა ქვემო ქართლის რამდენიმე სოფელში და გაყრელიძე იმედს გამოთქვამს, რომ მარათონის ფარგლებშიც აცრები მოიმატებს. მისი ინფორმაციით, რეგიონებზე აქცენტი იმიტომ კეთდება, რომ დიდ ქალაქებში შედარებით უკეთესი მდგომარეობაა. მაგალითად, გამყრელიძის ინფორმაციით, ბათუმში უკვე ორჯერადად აცრილია მოზრდილი მოსახლეობის 60%, ხოლო თბილისში - 54%, სხვა სხვა რეგიონებში კი აცრების სტატისტიკა ჯერ კიდევ დაბალია. საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გაირკვა, რომ დაავადებათა კონტროლის ცენტრს აცრის წამახალისებელი ახალი ღონისძიებების გეგმას ამუშავებს, რომელსაც მომავალ სამშაბათს წარუდგენს საბჭოს”, - აღნიშნავს გამოცემა.

“არსებობს გეგმა, თუ რას ვაპირებთ. იგივე მომავალი სამშაბათისთვის დავალებები არის, რომ გარდა მარათონისა, რაც დავიწყეთ, ვაქცინაციის ტემპის გაზრდასთან დაკავშირებით წამახალისებელი ღინისძიებების სხვა პაკეტი იქნას წარდგენილი, რათა საკოორდინაციო საბჭომ მიიღოს გადაწყვეტილებები”, - განაცხადა გამყრელიძემ. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი და ექსპერტი ირაკლი ხმალაძე “რეზონანსთან” საუბარში აღნიშნავს, რომ წამახალისებელი იდეა, რომელიც აუცრელი მასის ყინულს დაძრავს, ფაქტიურად არაა და არც ლატარია და მსგავსი გათამაშებები იმუშავებს, თუ უშუალოდ აცრიდან გამოსულ ადამიანს რაიმეს არ გადასცემ. პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის პირველი მოადგილე ლადო კახაძე “რეზონანსთან” საუბრისას “უსაფრთხო მასპინძელი-უსაფრთხო სტუმარის” ინიციატივაზე საუბრობს”, - განაგრძობს გამოცემა.

“თუ უშუალოდ აცრიდან გამოსულ ადამიანს ან ფულს ან რაღაცას არ მისცემ, მანამდე არც ერთი კრეატიული იდეა არ იმუშავებს. ზოგს აცრა სიკვდილის წინარე პერიოდი ჰგონია და ძალიან ძნელია ამაზე დასათანხმებლად რაღაცა მოიგონო. სანამ ვაქცინაცია სავალდებულო არ იქნება, მანამდე ეს ხალხი არ აიცრება. მე ამის მომხრე ვარ მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ საქმე ეხება მასწავლებლებლებს, ექიმებს, რესტორნის თანამშრომლებს, გამყიდველებს და ყველა იმ ადამიანს, ვინს მოსახლეობასთან უშუალო კონტაქტშია. ახალ წამახალისებელ პაკეტში შესალოა იგივე გათამაშებები იყოს, ან რაღაც ფასდაკლებები, მაგრამ თუ პაკეტში ისევ გათამაშება იქნება, ეს არ იმუშავებს”, - დაასკვნის გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ირაკლი ხმალაძე.

“როცა ადამიანი ამბობს - აცრის მეშინია, რადგან შეიძლება გარდავიცვალოო... საქართველოში მილიონ 930 ათასი უკვე აცრილია, გარდაცვალება კი მხოლოდ ერთია და ისიც კაცმა არ იცის, აცრასთან იყო დაკავშირებული თუ არა. აუცრელი ადამიანებიდან გარდაცვალება ათი ათასია. სულ არ ჭირდება გამყრელიძე და წახალისება, აქ ლოგიკაა. ვირუსის მიმღებიც და გამავრცელებელიც ადამიანია, თუ ეს ადამიანმა იცის, მაშინ ხომ ისიც უნდა იფიქრონ, რომ როგორმე ეს ჭირი შენში არ მოხვდეს, ან თუ მოხვდა, ადვილად დაძლიო და გაანადგურო, პირველი ვაქცინაციაა. ამიტომ პირველი რაც უნდა გააკეთო ესაა ნიღბის ტარება, დისტანციაა, შეკრებისგან თავის არიდება. მეკითხებიან, რომ აუცრელი ადამიანი რომ დაწესებულებაში არ შევუშვა დისკრიმინაცია ხომ არ არისო? არ არის, იმიტომ, რომ დაწესებულებაში ტერორისტს შეუშვებთ, რომ ააფეთქოს? ესეც უხილავი ტერორი გამოდის, შენ რომც კეთილი ზრახვა გქონდეს და შეხვიდე, შესაძლოა “კოვიდ ტერორისტი” აღმოჩნდე”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ლადო კახაძე.

“ადამიანი პოტენციურად ან მასპინძელია ან სტუმარი, ჩემი თეზისია “უსაფრთხო მასპინძელი - უსაფრთხო სტუმარი”. თუ მასპინძელი საფრთხის მატარებელია, ნდობას კარგავს და არც რესტორანში შეხვალ, არც ბიბლიოთეკაში, არც კინო დარბაზში თუ იქ უაფრთხო გარემო არ დაგხვდა, ასევე ნებისმიერი პატრონის ხლმძღვანელის ადამიანის ინტერესშია დასნებოვნებული ადამიანი არ შევიდეს. ამიტომ მომხრე ვარ “უსაფრთხო მასპინძელი-უსაფრთხო სტუმარის”. დაწესებულებაში, სადაც შედიხარ უნდა იყოს გამოკრული, რომ ესაა უსაფრთხო, რომელიც ნიშნავს, რომ 80%-ზე მეტი აცრილია. თუ გარეთ გამოვა ხალხი და იტყვის, რომ დისკრიმინაციაა, იქნება პასუხი, რომ ეს არა დისკრიმინაცია, არამედ “ანტიოტერორისტული ღონისძიება”, - მიიჩნევს კახაძე.

“სპეციალისტების ნაწილი მომხრეა, რომ აუცრელ ადამიანებს გართობის სერვისებზე ხელმისაწვდომობა შეეზღუდოთ, ასევე თუ ადამიანი ვაქცინირებული არ იქნება, საზოგადოებრივ ტრანსპორტში არ შეუშვან. “მომხრე ვარ, რომ გარკვეული კატეგორიის ადამიანებისთვის იმუნიზაცია იყოს სავალდებულო. ამაში არაფერია გასაკვირი, რადგან ასე იქცევა აშშ-ისა და ევროპის უამრავი ქვეყანა, სადაც სეგმენტურად, გარკვეული კატეგორიის ადამიანებისთვის, ძირითადად პროფესიული ნიშნით, სავალდებულოა აცრები. გარდა ამისა, მომხრე ვარ, რომ იყოს გარკვეულ ადგილებში, არა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სერვისებზე ხელმისაწვდომობა შეზღუდული იმ ადამიანებისთვის, ვინც არ იცრება. ადამიანებს, რომლებიც წარმოადგენენ საფრთხეს საკუთარი თავისთვის და საზოგადოებისთვის, უნდა ჰქონდეთ გარკვეული შეზღუდვა გარკვეულ ღონისძიებებზე, ძირითადად გასართობ ღონისძიებებზე”, - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძემ. ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა კი კოვიდპასპორტების შემოღების აუცილებლობაზე ისაუბრა. მისი თქმით, სწორედ კოვიდპასპორტით უნდა მოხდეს ადამიანების დაშვება დახურულ შენობებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში და ა.შ.” - დასძენს გამოცემა.

“ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აცრილი მოქალაქეებისთვის და არა მარტო, აუცრელების დაცვისთვის ქვეყანამ რაც შეიძლება სწრაფად და სრულფასოვნად შემოიღოს კოვიდპასპორტები. კოვიდპასპორტით უნდა მოხდეს ადამიანების დაშვება დახურულ შენობებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში და ა.შ. კოვიდპასპორტი უნდა მოიცავდეს ინფორმაციას ვაქცინაციის სტატუსზე, გადატანილ ინფექციაზე და ბოლო სამი დღის განმავლობაში ჩატარებულ ტესტზე. მხოლოდ ამით მივაღწევთ საზოგადოების უსაფრთხოებას, მეტი გამოსავალი უბრალოდ არაა. სხვა ალტერნატივა აღარ დაგვრჩა და რაც უფრო მეტ დროს დავკარგავთ, დავაგვიანებთ. სამწუხაროდ, ბევრი ადამიანის სიცოცხლე შეეწირება ამ პანდემიას”, - თვლის კულუმბეგოვი. თუმცა ირაკლი ხმალაძე ასეთი რადიკალური მიდგომის წინააღმდეგია. უმრავლესობის დეპუტატი ლადო კახაძე კი აცხადებს, რომ ღონისძიებების ორგანიზატორი თუ ტრანსპორტზე პასუხისმგებელი პირი ვალდებული უნდა იყოს, რომ “კოვიდ-ტერორისტი” არ შეუშვან”, - წერს სტატიის ავტორი.

“ეს იმ შემთხვევაში შეიძლება განხორციელდეს, თუ აცრა სავალდებულო იქნება. როცა ვაქცინაცია სავალდებულო არაა, მაშინ ასეთი აკრძალვის შემოღება რომ აქ არ შემოგიშვებ და იქ შეგიშვებ, ეს მხოლოდ კერძო სტრუქტურას შეუძლია. მაგალითად, კერძო რესტორანს შეუძლია მითხრას, რომ მინდა და არ გიშვებო, მაგრამ შესაბამისი ორგანიზაციები ადამიანის უფლებების დარღვევად ჩათვლის და ერთი ამბავი ატყდება. ამიტომ ჯერ უნდა მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ ყველა უნდა აიცრას და თუ არ იცრის, ეს უკვე კრიმინალად ჩავთვალოთ და მერე არ შეუშვა ავტობუსში და ღონისძიებებზე. მაგრამ ის, რომ ვიღაცა ახლა სადმე არ შეუშვა, ძალიან დიდ ვნებათაღელვას გამოიწვევს”, - ამბობს ხმალაძე. “კონცერტის მომწყობი ორგანიზატორი, ასევე ტრანსპორტზე პასუხისმგებელი პირი ვალდებულია “კოვიდ-ტერორისტი” დაწესებულებაში და ტრანსპორტში არ შეუშვას. ესაა “ანტიტერორისტული ქმედება”. წახალისება, მოფერება, სიტყვა, ლექცია-გაკვეთილები არ გამოვიდა. ჟურნალისტების, ექიმების მოწოდება წყალში ჩაიყარა. მაშინ მეორე მოქმედება უნდა იყოს, რომელიც არავითარ შემთხვევაში ადამიანის უფლებების დარღვევაში არ ჩაითვლება, მე არ მივცემ “კოვიდ-ტერორისტს” უფლებას, რომ დაასნებოვნოს ხალხი”, - დაასკვნის კახაძე”, - დასძენს სტატიის ავტორი.

“დაპირებების ომი” თბილისში - რას სთავაზობენ კანდიდატები ხალხს არჩევნებამდე 10 დღით ადრე

“სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებს შორის ტრადიციული წინასაარჩევნო “კომპრომატების ომის” შემდეგ, ადგილობრივი არჩევნების მეორე ტურის წინ თბილისში “დაპირებების ომი” დაიწყო. დედაქალაქის მერობის კანდიდატები სხვადასხვა სოციალური ფენების წარმომადგენლებს, მათი არჩევის შემთხვევაში, ფინანსურ თუ სხვა სახის შეღავათებს ჰპირდებიან. ანალიტიკოსთა უმრავლესობის აზრით, მეორე ტურამდე დარჩენილ რამდენიმე დღეში ეს არ იმუშავებს, რადგან ამომრჩეველი გადაწყვეტილებას მაინც პირველი ტურის წინ კანდიდატთა აქტივობების მიხედვით მიიღებს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით “დაპირებების ომი” თბილისში - რას სთავაზობენ კანდიდატები ხალხს არჩევნებამდე 10 დღით ადრე.

“უკვე რამდენიმე დღეა თბილისში ენმ-ის საარჩევნო ბილბორდები გამოჩნდა, რომელზეც ის კონკრეტული გადაწყვეტილებებია ასახული, რომელსაც მერობის მათი კანდიდატი ნიკა მელია გამარჯვების შემთხვევაში მიიღებს. ანალიტიკოსების აზრით, მელიამ შეცდომა დაუშვა, როდესაც პირველი ტურისას საარჩევნო კამპანია ძირითადად “რეფერენდუმზე" ააგო და პრაქტიკულად სრულად იგნორირებული ჰქონდა თბილისის პრობლემატიკა. ზოგადად კი, მეორე ტურის წინ ახალი დაპირებების გაცემა ნებისმიერი კანდიდატის მხრიდან, მათი აზრით, დაგვიანებული და არაეფექტურია. ნიკა მელია თბილისელებს ჰპირდება, რომ თუ მას აირჩევენ, ყოველწლიურად 100 სტუდენტს მიეცემა შესაძლებლობა ისწავლოს მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტებში მერიის დაფინანსებით. ამასთან, აცხადებს, რომ თბილისის საჯარო სკოლებში უფასო კვების საკითხს უზრუნველყოფს და თბილისელ პენსიონერებს ყოველთვიური დანამატი ექნებათ 100 ლარის ოდენობით”, - აღნიშნავს გამოცემა.

“მელიას წინასაარჩევნო დაპირებებს ქალაქში განთავსებულ ბანერებზეც ამოიკითხავთ: “უფასო კვება თბილისის საჯარო სკოლებში”; “100 სტუდენტი მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტებში ყოველწლიურად”; “100 ლარი, ყოველთვიური დანამატი თბილისელ პენსიონერებს”. აღსანიშნავია, რომ მმართველი პარტია იმ დაპირებების გამო, რომელიც სცილდება ქალაქის მმართველობის ფარგლებს, კონკურენტს არაკომპეტენტურობაში ადანაშაულებს. მელია კი პასუხობს, რომ მომავალში ექნება საშუალება ახსნას, როგორ აპირებს ამ მიზნების მიღწევას მერის პოსტზე. რაც შეეხება “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატის დაპირებებს, კახა კალაძე ჯანდაცვისა და სოციალურ მიმართულებაზე საუბრისას განსაკუთრებით გამოყოფს განსახორციელებელ ახალ პროგრამებს, რომლის შესრულებასაც ის გამარჯვების შემთხვევაში გეგმავს”, - განაგრძობს გამოცემა.

“მათ შორისაა “არც ერთი უსახლკარო თბილისელი”, რომლის ფარგლებში მერობის კანდიდატი, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, ოთხასი უსახლკარო ოჯახის საცხოვრებლით დაკმაყოფილებას აპირებს. კახა კალაძე ასევე საუბრობს სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიის მოქალაქეებისთვის შესაბამისი სერვისების განხორციელებაზე, მათ შორის სხვადასხვა სივრცეების, ცენტრებისა და ჰაბების მოწყობაზე. აგრეთვე დასასვენებელი პარკებისა და სკვერების რეაბილიტაციის პროცესების გაგრძელებაზე. გარდა ამისა, კალაძე თბილისში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ პენსიონერებს წამლებისთვის 500-ლარიან ვაუჩერს ჰპირდება, რის შესახებაც მან ოთხშაბათს თბილისის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. მისი თქმით, თბილისში ასეთი საჭიროების 40 ათასი სოციალურად დაუცველია. იგი იმ სტუდენტთა ყოველწლიური რაოდენობის გაორმაგებასაც გეგმავს რომლებიც უცხოეთში მერიის დაფინანსებით ისწავლიან. მე-2 ტურამდე 10 დღით ადრე კანდიდატების მიერ წამოწყებულ “დაპირისპირებების ომს” ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე ფუჭად მიიჩნევს. ასევე დაგვიანებულად მიიჩნევს დაპირებების მეორე ტურის წინ გაცემას ანალიტიკოსი და ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი. მისი თქმით, სწორი საარჩევნო კამპანია თითოეულ კანტიდატს პირველივე ტურის დროს უნდა ეწარმოებინა”, - დასძენს გამოცემა.

“მე ვფიქრობ, რომ ახლა ამ დაპირებებს არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. არჩევნების მეორე ტურზე გავლენას პირველ ტურში გაცემული დაპირებები უფრო მოახდენს. საზოგადოებისთვის გარკვეული წარმოდგენა უკვე არის შექმნილი კანდიდატებზე და ალბათ გადაწყვეტილებაც აქვს მიღებული ამომრჩეველს, თუ ვის დაუჭიროს მხარი. რაც შეეხება ბოლო დროს გაცემულ დაპირებებს, მელიას მიერ გაკეთებულმა განცხადებებმა, რომლებიც განთავსდა საარჩევნო ბანერებზე, დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია და ისიც ითქვა, რომ ზოგიერთი მათგანის დაკმაყოფილების საკითხი მერიის კომპეტენციაშიც კი არ შედის. აქედან გამომდინარე, თუ ვიმსჯელებთ, რომ კალაძე დიდიხანია თბილისის მერია და მეტი ინფორმაცია აქვს თუ რა სჭირდება ქალაქსა და შესაბამისად, იცის როგორ შეიძლება მოგვარდეს თითოეული საკითხი, მისი დაპირებები უფრო განხორციელებადად შეიძლება ჩაითვალოს”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრსას რამაზ საყვარელიძე.

“დაპირებების გაცემას შედეგი პირველი ტურის დროს ექნებოდა. ამ მხრივ კი კალაძე საკმაოდ გამორჩეული და აქტიური იყო, ის უფრო მეტს საუბრობდა ქალაქსა და ქალაქის მეტად განვითარების პერსპექტივაზე, ვიდრე მისი ოპონენტი. ნიკა მელია უმეტესად რეფერენდუმსა და ზოგად პოლიტიკურ ვითარებაზე საუბრობდა წინასაარჩევნო კამპანიისას, ქალაქი კი ამოვარდნილი ჰქონდა კონტექსტიდან. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ კალაძის მიერ მოსახლეობისთვის წარდგენილი განვითარების გეგმა უფრო რეალისტური და განხორციელებადია, ვიდრე ნიკა მელიას დაგვიანებული დაპირებები. ახლა კი დადის მიკროავტობუსით ქალაქში და გასცემს რაღაც დაპირებებს, მაგრამ ეს უკვე დაგვიანებულია”, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პაატა ზაქარეიშვილი.

აფხაზეთის ე.წ. ეკლესიამ საპატრიარქოდან მიღებული წერილი გამოაქვეყნა - ჩამოვა თუ არა ბესარიონ აპლია თბილისში

“ე.წ. აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესია აქვეყნებს ინფორმაციას, რომ მათ მიერ საქართველოსა და რუსეთის პატრიარქებისთვის გაგზავნილ მიმართვაზე თბილისიდან პასუხი მიიღეს და საქართველოს საპატრიარქო ე.წ. აფხაზეთის ეკლესიის მეთაურ ბესარიონ აპლიას სხვადასხვა საკითხის განსახილველად თბილისში პატიჟებს. აფხაზურ მედიაში გამოქვეყნდა საქართველოს პატრიარქის მდივნის მამა მიქაელ ბოტკოველის ის წერილი, რომელიც საქართველოს საპატრიარქომ მიღებული მიმართვის საპასუხოდ სოხუმში გაგზავნა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით აფხაზეთის ე.წ. ეკლესიამ საპატრიარქოდან მიღებული წერილი გამოაქვეყნა - ჩამოვა თუ არა ბესარიონ აპლია თბილისში.

“მღვდელმსახურ ბესარიონ აპლიას ვაცნობებთ, რომ ჩვენ გავეცანით საქართველოსა და რუსეთის პატრიარქებთან თქვენს მიმართვას. იმის მიუხედავად, რომ ჩვენ კატეგორიულად არ ვეთანხმებით წერილის შინაარსსა და სულკვეთებას, ჩვენ ვაცნობიერებთ დიალოგის დაწყების აუცილებლობას. როგორც მოგეხსენებათ ეშმაკი ყოფს და ღმერთი აერთიანებს. ამიტომ, ჩვენ ვფიქრობთ, რომ უფრო სასარგებლო იქნებოდა თქვენთან შეხვედრა თბილისში ამ თემაზე და უშუალოდ პრობლემური საკითხების განხილვა. პატივისცემით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი, დეკანოზი მიხეილ ბოტკოველი”, - ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს პასუხში. აღნიშნულთან დაკავშირებით “რეზონანსი” პატრიარქის მდივანს მამა მიქაელ ბოტკოველს დაუკავშირდა, კითხვაზე ხომ არ ჰქონდა საქართველოს საპატრიარქოს ე.წ. აფხაზეთის ეკლესიის რომელიმე სხვა წარმომადგენელთან და აპირებენ თუ არა თბილისში ჩამოსვლას, ბოტკოველმა გვითხრა, რომ პირადი საუბარი ამ თემასთან დაკავშირებით არ ყოფილა”, - აღნიშნავს გამოცემა.

“არა, პირადი საუბარი არ გვქონია, წერილი მოვიდა და ამ წერილზე რეაგირება მოვახდინეთ, მათი განწყობა როგორია და რამდენად ჩამოვლენ, ამაზე ვერ ვიმარჩიელებთ. ჩვენ მივმართეთ, რომ, რა თქმა უნდა, არ ვეთანხმებით მათ მიერ წერილში გაჟღერებულ ფორმას, როგორც ისინი ჩვენ მოგვმართავენ, მაგრამ ჩვენ მაინც მივწერეთ. არ ვიცი, ეს მათი გადასაწყვეტია ამაზე რეაგირებას მოახდნენენ თუ არა”, - თქვა მამა მიქაელმა. მისი თქმით, აპლიას თანხმობისა და თბილისში ჩამოსვლის შემთხვევაში საპატრიარქო სადავო საკითხების მხოლოდ და მხოლოდ ერთიანი ეკლესიის წიაღში მოგვარების შესაძლებლობებს განიხილავს: “ის, რაც ერთიანი საქართველოს ისტორიის ფორმაა, ანუ ერთიანი ეკლესიის წიაღში ურთიერთობა - სხვა ვარიანტი, რა თქმა უნდა, ვერ და არ განიხილება”, - განაგრძობს გამოცემა.

“თავად ის ფაქტი, რომ ე.წ. აფხაზეთის ეკლესიამ საპატრიარქოდან მიღებული პასუხი თავის ვებ-გვერდზე გამოქვეყნა, შესაძლოა იმის მინიშნება იყოს, რომ მათ სადავო საკითხებზე საქართველოს ეკლესიასთან მოლაპარაკების დაწყება სურთ. როგორი იქნება საპატრიარქოს პოზიცია იმ შემთხვევაში, თუ საპასუხოდ აპლიამ პირიქით, სოხუმში მიიწვია საპატრიარქოს დელეგაცია? მამა მიქაელ ბოტკოველი ამბობს, რომ ამ საკითხზე არ უმსჯელიათ და შესაბამის გადაწყვეტილებას მხოლოდ ასეთი მიწვევის შემდეგ მიიღებენ”, - დასძენს გამოცემა.

ე.წ. აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესის მიერ, საქართველოსა და რუსეთის პატრიარქებისთვის გაგზავნილ მიმართვაში წერია: “აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საეკლესიო საბჭო მიმართავს მოსკოვის საპატრიარქოს, რადგან ვინაიდან კავკასიაში მართლმადიდებლური ქრისტიანობის აღდგენის მისია ეკუთვნის მოსკოვის საპატრიარქოს. ჩვენთვის 1918 წელს რუსეთის პატრიარქ ტიხონის განცხადება აფხაზეთის ტერიტორიაზე საქართველოს ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის პრეტენზიების არაკომპეტენტურობის შესახებ არის წესი და კანონი. 1992 წელს, ისტორიული და კანონიკური ჭეშმარიტების საწინააღმდეგოდ, მსოფლიო პატრიარქმა გამოსცა ტომოსი, სადაც აფხაზეთი განისაზღვრა, როგორც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიკური ტერიტორია... აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესია აცხადებს, რომ მას არ სურს ძმური სულიერი კავშირი ჰქონდეს მათთან, ვინც სახარების ჭეშმარიტების საწინააღმდეგოდ, აფხაზეთს მიიჩნევს ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიკურ ტერიტორიად. აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესია მოუწოდებს ყველა მართლმადიდებელი ეკლესიის ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს, გამოიძიონ აფხაზური მართლმადიდებლური ეკლესიის კანონიკური სტატუსი კანონიკური ეკლესიის მართლმადიდებლური კანონის დახმარებით”, - ნათქვამია მათ მიმართვაში”, - წერს სტატიის ავტორი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა