რატი ბრეგაძე - საქართველოს მთავრობამ წარმატებით დაიცვა სახელმწიფოს და ქართული ჯარის ინტერესები საერთაშორისო სასამართლოში

იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის განცხადებით, საქართველოს მთავრობამ წარმატებით დაიცვა სახელმწიფოს და ქართული ჯარის ინტერესები საერთაშორისო სასამართლოში.

მისივე თქმით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეებზე – „ბეკოევა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ და „შავლოხოვა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ – განჩინებები გამოაქვეყნა და საჩივრები დაუშვებლად გამოაცხადა.

„ამ განჩინებებით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ საქართველოს მთავრობამ წარმატებით დაიცვა სახელმწიფოს და ქართული ჯარის ინტერესები საერთაშორისო სასამართლოში. ეს განჩინებები კიდევ ერთი ნათელი მაგალითია იმისა, რომ ბრძოლა დეოკუპაციისა და სამართლიანობისათვის გრძელდება მშვიდობიანი და სამართლიანი მეთოდებით და დარწმუნებულნი ვართ, რომ ჩვენ ვიქნებით ამ ბრძოლაში თქვენთან ერთად ძალიან წარმატებულნი“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

მისი თქმით, საქმეები აერთიანებს 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით ცხინვალის რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის მიერ საქართველოს წინააღმდეგ შეტანილი საჩივრების ნაწილს.

„სტრასბურგის სასამართლომ გაიზიარა ქართული მხარის არგუმენტები, რომ ომის დროს ცხინვალის რეგიონი აქტიურად იბომბებოდა რუსეთის ფედერაციის მხრიდან და საქართველოს შეიარაღებული ძალები არ ახორციელებდა კონტროლს ცხინვალის რეგიონსა და მიმდებარე ტერიტორიაზე. შესაბამისად, შეუძლებელია, რაიმე დარღვევა შეერაცხოს საქართველოს.

სასამართლომ, აგრეთვე, გაიზიარა ქართული მხარის არგუმენტები, რომ ხსენებული საჩივრები იყო აშკარად დაუსაბუთებელი, ვინაიდან ვერ იქნა წარმოდგენილი მინიმალური სტანდარტის მტკიცებულებები მათი პრეტენზიების გასამყარებლად.

სახელმწიფოს ინტერესების დასაცავად 2019-2020 წლებში საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ გენერალურ პროკურატურასთან, თავდაცვის სამინისტროსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთად მოიძია და ევროპულ სასამართლოში წარადგინა ასობით მტკიცებულება შესაბამის სამართლებრივ არგუმენტაციასთან ერთად, რითაც დასტურდებოდა, რომ 2008 წელს საქართველოს არ დაურღვევია საერთაშორისო სამართლის ნორმები.

აგვისტოს ომის საქმეზე 2021 წლის 21 იანვრის ისტორიულ გადაწყვეტილებასთან ერთად, სადაც სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა რუსეთის მიერ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არაერთი მუხლის დაარღვევა და დაადასტურა, რომ ცხინვალის რეგიონი და აფხაზეთი ოკუპირებულია რუსეთის მიერ, დღევანდელი განჩინებები წარმოადგენს საერთაშორისო სასამართლოში საქართველოს კიდევ ერთ გამარჯვებას რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

როგორც სამინისტროში განმარტავენ, რუსეთის კოორდინაციით 2008-2009 წლებში საქართველოს წინააღმდეგ 3300-ზე მეტი საჩივარი შევიდა, თუმცა, საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებისა და სამართლებრივი პოზიციების საფუძველზე 2800-მდე საჩივარი უკვე ამოირიცხა როგორც აშკარად დაუსაბუთებელი, რადგან ევროპულ სასამართლოში წარდგენილი არ ყოფილა რაიმე მტკიცებულება, რომელიც საქართველოს მიერ ევროპული კონვენციის რომელიმე მუხლის დარღვევას დაადასტურებდა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო