თევზჭერის და სასტენდო სპორტული სროლის ტურნირი გაიმართა

ანაკლიაში მონადირეთა და მეთევზეთა კავშირის მიერ ორგანიზებული ტურნირი გაიმართა. ტურნირი მოიცავდა როგორც მეთევზეთა, ასევე სასტენდო სპორტული სროლის შეჯიბრს.
ზუგდიდის მერობის კანდიდატი მამუკა წოწერია კოლხეთის ეროვნული პარკის ჭურიის მონაკვეთზე თევზჭერისა და სასტენდო სპორტული სროლის ტურნირს დაესწრო.
„შეჯიბრში მონაწილეობდნენ როგორც ადგილობრივები, ასევე აჭარიდან და იმერეთიდან. ძალიან კარგი ტურნირი გამოვიდა. აქედან გამომდინარე, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ეს ტურნირი იყოს ტრადიციული და ჩატარდეს ყოველწლიურად, რომელიც ხელს შეუწყობს პოპულარიზაციას, კანონიერ მეთევზეობას და მონადირეობას. აქედან გამომდინარე, ჩვენ ყოველთვის ხელს შევუწყობთ მსგავს აქტივობას", - განაცხადა მამუკა წოწერიამ.
ტურნირს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ჩიქოვანი, უმრავლესობის წევრი სოზარ სუბარი და „ქართული ოცნების" წევრი მერაბ ქვარაია ესწრებოდნენ.
როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, ძალიან მნიშვნელოვანია ის რესურსი, რაც ქვეყანას და ამ ლამაზ კუთხეს,ზუგდიდს გააჩნია.
„ჩვენ მეთევზეებთან და მონადირეებთან ის პრიორიტეტები დავსახეთ, რომელიც მდგრადად ბუნებრივი მოპოვების საშუალებას მოგვცემს. ამავე დროს ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ამ ნაბიჯის განხორციელება ადგილობრივ დონეზე. ზუსტად ამიტომ ჩვენ შევთანხმდით ადგილობრივ მეთევზეებთან, მონადირეებთან, რომ კონკრეტულად მუნიციპალიტეტის დონეზე მათ ექნებათ ორგანიზებული თავიანთი პრიორიტეტები. საუბარი იყო მომავალში ადგილობრივ თვითმმართველობასთან ერთად განსახორციელებელ გეგმებზე, რომელიც სახელმწიფოს პოლიტიკის შესაბამისი იქნება. მეორე მხრივ, რა თქმა უნდა, შევეხეთ იმ პოტენციალს, პრიორიტეტებს და საჭიროებებს, რომელიც ზუგდიდის მუნიციპალიტეტს გააჩნია", -აღნიშნა დავითაშვილმა.
























