ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა

ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ლელა სურმანიძემ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა. ბათუმის მერიის ინფორმაციით, განიხილეს ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების მიმდინარეობა და ბენეფიციართა ჩართულობა.
2021 წლის სამი კვარტლის მონაცემებით, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამებით, ასევე სხვადასხვა სერვისით 50 ათასზე მეტმა ადამიანმა ისარგებლა.
შეხვედრაზე იმსჯელეს 2022 წლის ბიუჯეტის პროექტში ახალი პროგრამების გათვალისწინებასა და არსებულის განახლებასთან დაკავშირებით.
მომდევნო წლისთვის ჯანდაცვის მიმართულებით იგეგმება შემდეგი სიახლეების განხორციელება:
დაავადებათა ადრეული გამოვლენის პროგრამას ემატება ფილტვის კიბოს სკრინინგი 1500 ბენეფიციარზე.
საკურორტო რეაბილიტაციის პროგრამასა და აუტისტური სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის ღონისძიებებში მონაწილე ბენეფიციართა რაოდენობა იზრდება.
მატერიალური დახმარების მიმღებ ბენეფიციართა რაოდენობა გაიზრდება 495 ბენეფიციარით.
ტრეფიკინგის ცენტრის ძალადობის მსხვერპლ პირთა მატერიალური დახმარება განისაზღვრება 300 ლარის ოდენობით.
ბინაზე მოვლის საჭიროების მქონე პირთათვის გათვალისწინებული პროგრამის ბენეფიციართა რაოდენობა იზრდება.
სრულად ამოქმედდება საპილოტე პროგრამა - პერსონალური ასისტენტების სერვისი შშმ პირებისათვის.
























