ქართული პრესის მიმოხილვა 28.10.2021

ვისი ხმები გადაწყვეტს არჩევნების ბედს - “გახარიას პარტიის უმრავლესობა “ოცნებას” დაუჭერს მხარს”

“ოცნების” “გენერალური” აქცია არჩევნებამდე

შევძლებთ თუ არა 60%-ის აცრას წლის ბოლომდე - “სადაც მოსახლეობის უმრავლესობა ვაქცინირებულია, არ დგება ფატალური შედეგები”

* * *

ვისი ხმები გადაწყვეტს არჩევნების ბედს - “გახარიას პარტიის უმრავლესობა “ოცნებას” დაუჭერს მხარს”

“2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პირველი ტური, კონკურენტულ და გამჭვირვალე გარემოში ჩატარდა - ასეთია საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების შეფასებები. მეორე ტური, 30 ოქტომბერს გაიმართება და ცესკოში აცხადებენ, რომ ის მაღალი სტანდარტების შესაბამისად ჩატარდება. ანალიტიკოსები მეორე ტურში ამომრჩევლის მაღალ აქტივობას პროგნოზირებენ, თუმცა, პროგნოზის გაკეთება უჭირთ, ვინ გაიმარჯვებს “ოცნება” თუ “ნაციონალური მოძრაობა”, რომლებიც პირველი ტურის შედეგების მიხედვით ერთმანეთის პირისპირ აღმოჩნდნენ. პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე დარწმუნებულია, რომ არჩევნებამდე დარჩენილ პერიოდში, ორივე პოლიტიკური ძალა საკუთარი მხარდამჭერების მაქსიმალურ მობილიზებას შეეცდება. გახარიას ხმებთან დაკავშირებით კი არ გამორიცხავს, რომ გახარიას მხარდამჭერთა აბსოლუტური უმრავლესობა მეორე ტურში ხმას “ქართულ ოცნებას” მისცემს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ვისი ხმები გადაწყვეტს არჩევნების ბედს - “გახარიას პარტიის უმრავლესობა “ოცნებას” დაუჭერს მხარს”.

“ამომრჩევლის აქტივობა იქნება მაღალი, რადგან დაძაბულობა მიყვანილია მაქსიმუმამდე. დღის წესრიგში ისევ დადგა “ნაცმოძრაობა” თუ “ქართული ოცნება”, დანარჩენმა საკითხებმა კი უკანა პლანზე გადაინაცვლა. ორივე მხარე შეეცდება მოახდინოს საკუთარი მხარდამჭერების მაქსიმალური მობილიზება. ვის მხარეს წავა პირველ ტურში მოპოვებული სხვა პარტიების ხმები, ვფიქრობ, გახარიას პარტიის აბსოლუტური უმრავლესობა “ოცნებას” დაუჭერს მხარს, რადგან ის არის “ქართული ოცნების” ყოფილი ამომრჩეველი. თანაც, გახარიას პარტიას ურჩევნია “ოცნება” დარჩეს, რადგან მისი რეიტინგი ეცემა და ამ ფონზე შეუძლია შემდგომში წარმატებას მიაღწიოს. ანა დოლიძის ამომრჩევლის ხმების ნახევარიც სავარაუდოდ “ოცნებისკენ” წავა. რაც შეეხება თბილისის მერობის კანდიდატებს, უპირტესობა აქვს კახი კალაძეს, საკმაოდ დიდი უპირატესობით მოიგო პირველი ტური, 10%-იანი სხვაობა იყო და მეორე ტურში არ დასჭირდება ძალისხმევის დიდი დაძაბვა”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.

“ოპოზიცია, როგორც ჩანს, ხმებს ძალიან მარტივად ითვლის და ფიქრობს, რომ ყველა ხმა მელიასთან წავა. “ჩდილოვან კაბინეტში” ბევრ პოზიციაზე “ლელოს” წარმომადგენელები არიან, არა იმიტომ რომ “ნაცმოძრაობას” ემეტებოდა, “ლელოს” ამომრჩევლის გამო წავიდა ამ ნაბიჯზე მელია. “ლელომ”, მართალია საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ამომრჩევლის დიდი ნაწილი დაკარგა, მაგრამ დარჩენილი ამომრჩევლის დიდი ნაწილი ან საერთოდ არ მივა არჩევნებზე, ან ხმას მისცეს კალაძეს. ნიკა მელია თბილისს წააგებს, მისი შანსები მიზერულია”, - დაასკვნის ვახტანგ ძაბირაძე. პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე დარწმუნებულია, რომ ოპოზიცია მოიგებს და დარჩენილი ხმები მხოლოდ მელიას სასარგებლოდ წავა”, აღნიშნავს გამოცემა.

“ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მეორე ტურში ვისკენ გადაიხრება გახარიას ხმები. მისი რეიტინგი 7-9%-მდე მერყეობს, ეს დიდი ციფრია. “სტრატეგია აღმაშენებელმა” და “ლელომ” განაცხადეს, რომ მეორე ტურში მხარს ოპოზიციურ კანდიდატებს დაუჭერს. ანა დოლიძის მხარდამჭერებიც ოპოზიციას დაუჭერს მხარს. საით გადაიხრება მერყევი ამომრჩეველი ძნელი სათქმელია, შეიძლება მეორე ტურში მონაწილეობა საერთოდ არ მიიღოს, ამიტომ, “ოცნებაც” და “ნაციონალებიც” არჩევნებამდე დარჩნილ პერიოდში მხოლოდ მერყევი ამომრჩეველის გადაბირებაზე იმუშავებს” - მიიჩნევს გამნოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ნიკა ჩიტაძე.

“ოცნების” “გენერალური” აქცია არჩევნებამდე

“ქართული ოცნების” ფართომასშტაბიანი აქციაზე, რომელიც ღირსებისა და თავისუფლების ეგიდით თბილისის მთავარ მოედაზე გაიმართა, მხადამჭერებს სიტყვით მიმართეს “ოცნების” ლიდერებმა. “დღევანდელი შეკრებით მთელ მსოფლიოს ვაჩვენეთ ქართველი ხალხის არჩევანი და ძალა, რომელიც ნებისმიერ ბოროტებას დაამარცხებს”; “დღევანდელი შეკრების მიზანი იყო, სიცხადის შეტანა ვბრუნდების წასრულში თუ მივიწევთ წინ”; “ამ არჩევნებზე საზოგადოებას კიდევ ერთხელ უნდა გაევლო ზღვარი ძალადობასა და თავისუფლებას შორის” - ასეთი იყო აქციაზე სიტყვით გამომსვლელების პათოსი. პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე არჩევნებამდე სამი დღით ადრე თავისუფლების მოედანზე “ქართული ოცნების” მხარდამჭერების შემაჯამებელ საარჩევნო შეკრებას შთამბეჭდავს უწოდებს, იმ კუთხით, რომ ამ ღონისძიების ძირითადი ბირთვი იყო ახალგაზრდობა, მათი პოზიტიური და საზეიმო განწყობა, რაც მნიშვნელოვანი მომენტია”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით “ოცნების” “გენერალური” აქცია არჩევნებამდე.

“პარტიის შესაძლებლობების დემონსტრირება ხდება ყველა ქვეყანაში და ეს მოხდა თავისუფლების მოედანზე. დიდი მიტინგი, რომელიც მეტი თუ არა იმავე რაოდენობის იყო, რაც 2012 წელს. ყურით მოთრეული ეს არგუმენტები, რომ გამოყენებული იყო ადმინისტრაციული რესურსი, ხელოვნურია, დამცირებაა იმ ხალხის, ვინც თავისი სულისკვეთებით გამოვიდა მიტინგზე. ჩემი შეფასებით, ამ მიტინგზე “ოცნების” მხრიდან ერთი სიტყვა არ თქმულა აუგი იმ ხალხის მიმართ, ვინც მათ მხარს არ უჭერს. მათ გამოსვლებში არ იყო ამ ხალხის შეურაცხყოფა, რომელიც 14 ოქტომბრის ოპოზიციის აქციაზე მივიდა. არ დაუპირისპირდა იმ ხალხს ვინც “ნაცმოძრაობას” უჭერს მხარს. სწორედ ეს არის ამ ორი პოლიტიკური ძალის მიდგომებში განსხვავება. მიტინზე იყო ძალიან ბევრი ახალგაზრდა პოზიტიური და საზეიმო განწყობით, რაც მნიშვნელოვანი მომენტი იყო. ძირითადი აქცენტი კი გაკეთდა არა იმაზე, ვინ მარცხდება, არამედ იმაზე ვინ იმარჯვებს”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას რამაზ საყვარელიძემ.

“ყველაფერი არჩევნების დღეს გამოჩნდება, მაგრამ ეს აქცია საჭირო იყო, თუნდაც პოლიტტექნოლოგიის კუთხით, მიზანი მიღწეულია”, - ასე ეხმაურება ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფრიძე თავისუფლების მოედანზე გამართულ აქციას. ხოლო პოლიტოლოგ კახა გოგოლაშვილის შეფასებით, მიტინგების ბრძოლაში, რომელიც “ნაცმოძრაობასა” და “ოცნებას” შორის გაიმართა გამარჯვებული, მისი აზრით, არის ოპოზიცია, რადგან 14 ოქტომბრის მიტინგზე ხალხი ენთუზიაზმით მივიდა, 27 ოქტომბრის მთავრობის მიტინგზე კი ჭარბობდა ადმინისტრაციული რესურსი”, - აღნიშნავს გამოცემა.

“არ მომეწონა გამომსვლელების პათეტიკა, თითქოს მტრები შემოგვესიენ, თბილისი ალყაშია და ხალხმა ბოლომდე უნდა იომოს. ეს მოძველებული თემებია, ახალი არაფერი თქმულა. მთავრობის მიტინგზე ადმინისტრაციული რესურსი სჭარბობდა, 14 ოქტომბრის ოპოზიციის მიტინგზე ხალხი ენთუზიაზმით იყო ხალხი მისული. ამ თვალსაზრისით, ბრძოლა მიტინგებით მოიგო ოპოზიციამ”, - თვლის გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას კახა გოგოლაშვილი.

შევძლებთ თუ არა 60%-ის აცრას წლის ბოლომდე - “სადაც მოსახლეობის უმრავლესობა ვაქცინირებულია, არ დგება ფატალური შედეგები”

“საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა ჯამური მაჩვენებლიდან დაახლოებით 15% მოზარდებია. არსებული ვითარების გამო, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აღნიშნავს, რომ ვაქცინაციასთან დაკავშირებით საკომუნიკაციო კამპანია კიდევ უფრო ძლიერი და აგრესიული უნდა ყოფილიყო. მისი განმარტებით, წლის ბოლომდე მოსახლეობის 60% ვაქცინაციაა აუცილებელი, რასაც მიუღწევლად მიიჩნევს “რეზონანსთან” საუბრისას ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა. კოვიდვითარება კვლავ რთულია მსოფლიოშიც, ჯანმოს ცნობით პანდემიის დასრულება ჯერ შორსაა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით შევძლებთ თუ არა 60%-ის აცრას წლის ბოლომდე - “სადაც მოსახლეობის უმრავლესობა ვაქცინირებულია, არ დგება ფატალური შედეგები”.

“დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, თუ 2 თვის განმავლობაში ყოველდღე 20 ათასამდე პირი აიცრება, რეალურია, რომ წლის ბოლომდე მოზრდილი მოსახლეობის 60% აიცრას. “60%-ზე რომ ავიდეთ, 2 თვის განმავლობაში ყოველდღიურად გვინდა 17-20 ათასი აცრა. რეალური იქნება, თუ ყველა ერთად მოვინდომებთ. მე არ ვსაუბრობ, რომ დღეში 50-60 ათასი აცრა იყოს, რომელიც კარგი იქნებოდა, მაგრამ ვერ გავაკეთეთ ჩვენ ეს აგვისტო-სექტემბერში. ვამბობდი, ძალიან კარგი იქნებოდა აგვისტო-სექტემბერში 30-40 ათასი ყოფილიყო და ვერ შევძელით. აქვს საზღვარი რაღაცას, რაც შეგიძლია და რაც ვერ შეძელი. ახლა ვსაუბრობთ, 15-20 ათასზე, რომელიც გაგვიკეთებია და შესაძლებელია. თუ აგვისტოში ვაკეთებდით, ახლა რატომ არ შეგვიძლია, თუ ყველა მოვინდომებთ”, - განაცხადა გამყრელიძემ. მისი თქმით, კორონავირუსით ინფიცირებულთა ჯამური მაჩვენებლიდან მოზარდების დაახლოებით 15%-ია ინფიცირებული. ამასთან, აღნიშნა, რომ ციფრებში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით ყველაზე მეტი აცრა თბილისშია ჩატარებული, ხოლო ვაქცინაციის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში ფიქსირდება”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ამ ხნის განმავლობაში, კორონავირუსით ინფიცირებულთა ჯამური მაჩვენებლიდან მოზარდების დაახლოებით 15%-ია ინფიცირებული, რაც ნიშნავს, რომ 18 წლამდე ასაკის 103 927 ბავშვისა და მოზარდის ინფიცირების შემთხვევაა დაფიქსირებული. აქედან 6 979 მოზარდს დასჭირდა ჰოსპიტალური მკურნალობა და ხოლო 9 შემთხვევა დასრულდა ლეტალური გამოსავლით. მსოფლიოს დაახლოებით 233 ქვეყანასა და ერთეულში, დღეში იცრება 28 მილიონი ადამიანი, ამ ტემპით მსოფლიოს დაახლოებით 5-6 თვე სჭირდება 75%-იანი მოცვის მისაღწევად. ჩვენთან დღევანდელი დილის მონაცემებით, 1 955 000 აცრაა ჩატარებული, პირველი დოზა გაკეთებულია 98 908 შემთხვევაში, სრულად აცრილია 928 021 პირი და სულ მცირე 1 აცრა გაკეთებული აქვს 1 260 989-ს, მინიმუმ 1 დოზით მოცვა მოზრდილებში არის 36.15%, ხოლო სრულად აცრილია მოზრდილი მოსახლეობის 32,5%”, განაცხადა გამყრელიძემ. მისივე თქმით, “სამწუხაროდ, ვაქცინაციის პროცესში კვლავ კლების დინამიკა შეინიშნება, ჩატარებულია 4 927 აცრა, საიდანაც პირველი აცრა ჩაუტარდა 2 000-სს, ხოლო დანარჩენ 2 927-ს ჩაუტარდა განმეორობითი აცრა”, - განაგრძობს გამოცემა.

“აბსოლუტურ ციფრებში ყველაზე მეტი აცრა ჩატარებულია თბილისში, 50,4% მოდის თბილისზე, შემდეგ მოდის აჭარა და იმერეთი. ჩვენთვის სამიზნე პოპულაციის ანუ 60%-ის მიღწევასთან ყველაზე ახლოს არის თბილისი. სადაც სამიზნე პოპულაციის 77% არის ორჯერადად აცრილი, შემდეგ მოდის რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთი და შემდეგ მოდის აჭარა. ყველაზე დაბალი აცრის მაჩვენებელი გვაქვს ქვემო ქართლში და სამცხე-ჯავახეთში, ამიტომ მარათონში ყველაზე დიდი აქცენტი ამ ადგილებზე კეთდება... უკვე ერთი კვირაა მიმდინარეობს დიდ სოფლებში მარათონი, დღევანდლამდე ამ მარათონის ფარგლებში დამატებით აცრილია, სახლებში ან ამცრელ პუნქტებში 1 401 ადამიანი. ჩვენ თუ იმუნიზაციის მაჩვენებელი ვერ ავწიეთ, სამწუხაროდ, ეს 2-თვიანი ციკლი ამ ტალღების გვექნება ხოლმე და სამწუხაროდ გვექნება დამაზიანებელი ეფექტი”, - თქვა მან. აღნიშნული ვითარებიდან გამომდინარე, გამყრელიძე აცხადებს, რომ ვაქცინაციასთან დაკავშირებული საკომუნიკაციო კამპანია ბევრად უფრო აქტიური უნდა ყოფილიყო”, - დასძენს გამოცემა.

“49 დიდ სოფელში, სადაც დავდივართ, ბევრი ადამიანი ემზადება იმისთვის, რომ აიცრან და ეს შემდგომში გაიშლება სხვა დასახლებულ პუნქტებში. როცა მეკითხებიან, რა დავაკელით, დავაკელით, ვაღიარებთ იმას, რომ საკომუნიკაციო კამპანია კიდევ უფრო ძლიერი და აგრესიული უნდა ყოფილიყო, მაგრამ ქართველებს გვაქვს კარგი გამონათქვამი - “სჯობს გვიან, ვიდრე არასდროსო”. ამიტომ როცა გვაკრიტიკებენ, რატომ ადრე არ დაიწყეთ, ამაზე პასუხი მაქვს, რომ ეს უნდა დაიწყო მაშინ, როდესაც ვაქცინები გაქვს შესაბამისი”, - განმარტავს გამყრელიძე. ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით მძიმე ვითარებაა მსოფლიოშიც, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო კომიტეტის განცხადებით, კოვიდ-19-ის კრიზისი დასრულებისგან შორს არის”, - წერს სტატიის ავტორი.

“მიუხედავად იმისა, რომ პროგრესს მივაღწიეთ ვაქცინებისა და სამკურნალო საშუალებების გამოყენების გაზრდის გზით, არსებული სიტუაციის ანალიზი და პროგნოზირები იმაზე მიუთითებს, რომ პანდემია დასრულებისგან შორს არის”, - ნათქვამია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო კომიტეტის განცხადებაში. კომიტეტი რომელიც 19 კაციანი ჯგუფისგან შედგება და 3 თვეში ერთხელ იკრიბება პანდემიასთან დაკავშირებული საკითხების განსახილველად, ვირუსის გასაკონტროლებლად გრძელვადიანი ზომების მიღების მოწოდებით გამოდის. კომიტეტის წევრების განცხადებით, ვირუსის გავრცელების შესამცირებლად აუცილებელია ჰიგიენის წესების დაცვა, პირბადის გამოყენება და დისტანციის დაცვა, ასევე დახურული სივრცეების ვენტილაცია. ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა აღნიშნავს, რომ საქართველოში წლის ბოლომდე მოსახლეობის 60%-ის ვაქცინირება მიუღწევლად ეჩვენება”, - განაგრძობს სტატიის ავტორი.

“მიუხედავად ინფიცირებულთა მატებისა, ქვეყნებში, სადაც მოსახლეობის დიდი ნაწილია ვაქცინირებული, არ დგება ფატალური შედეგები და არ მძიმდება პაციენტის მდგომარეობა. ამასთან, სადაც მაღალია მოსახლეობის ვაქცინაციით მოცვა, ეპიდვითარება მკვეთრად არ გაუარესებულა. აქედან გამომდინარე, ვაქცინაცია ვირუსის გართულებებით მიმდინარეობას ამცირებს. სამწუხაროდ, ძირითადად ვირუსის გავრცელება გამოწვეულია აუცრელი ადამიანების ხარჯზე. პანდემიის დასაარული რომ შორსაა, გამოწვეულია იმით, რომ მსოფლიოში მოსახლეობის მხოლოდ დაახლოებით 50%-ია ვაქცინირებული. აღსანიშნავია ისიც, რომ ზოგადად, ინფიცირებულთა მაჩვენებლის ზრდა დაკავშირებულია არავაქცინირებულ ადამიანებთან და ცივი სეზონების დადგომასთან, როდესაც რესპირატორული ინფექციები აქტიურდებიან”, - მიიჩნევს გამოცემის მორესპონდენტთან საუბრისას ალექსანდრე გოგინავა.

“მიუხედავად ყველაფრისა, ძირითადად გაუარესება იმ ქვეყნებში ხდება, სადაც ვაქცინაციის მაჩვენებელი დაბალია. ხოლო ქვეყნებში სადაც მოსახლეობის დიდი ნაწილია აცრილი, შესაძლოა იმატა ინფიცირებულთა შემთხვევებმა, თუმცა, არ დგება ფატალური შედეგები და არ გაზრდილა სიკვდილიანობისა და ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი. რაც შეეხება წლის ბოლომდე საქართველოში მოზრდილი მოსახლეობის 60%-ის ვაქცინირებას, შესაძლოა ეს საკმარისი არ აღმოჩნდეს ეპიდემიის დასარეგულირებლად. თუმცა, დღეს არსებულ მაჩვენებელზე უკეთესი მდგომარეობა ნამდვილად გვექნება. მაგრამ, იმ გადმოსახედიდან რაც დღეს გვაქვს, ეს ყველაფერი საკმაოდ მიუღწეველი ჩანს”, - დასძენს გოგინავა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა