გია ხუხაშვილი - მიშა ციხეში იმიტომ კი არ ჰყავთ, რომ უნდათ, იძულებულები არიან - ფაქტობრივად, ჩვენი ხელისუფლება ახლაც მიშა სააკაშვილის მძევალია

ჩვენი ხელისუფლება ახლაც მიშა სააკაშვილის მძევალია - ხელისუფლების ამოცანაა, არჩევნებამდე ნებისმიერი ტიპის თუნდაც მცირე რისკისგან თავი დაიზღვიოს, - ამის შესახებ ექსპერტმა გია ხუხაშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, როდესაც უკრაინიდან საქართველოში რამდენიმე პირის არშემოშვებას გამოეხმაურა.

ამასთან, მისი თქმით, არჩევნების შემდეგ ხელისუფლება, სავარაუდოდ, შეეცდება „სააკაშვილი მოიშოროს, რადგან მათთვის ეს თავის ტკივილია“.

„ხელისუფლების ამოცანაა, არჩევნებამდე ნებისმიერი ტიპის თუნდაც მცირე რისკისგან თავი დაიზღვიოს. ეს არის მათი ამოცანა, როგორმე ეს ორი დღე გაათრიონ, მიიყვანონ არჩევნებამდე. შემდეგ ყველას შეუშვებენ, ყველას გამოუშვებენ. მეტიც, მაღალი ალბათობით, შეეცდებიან, რომ მიხეილ სააკაშვილი თავიდან მოიშორონ იმიტომ, რომ ციხეში რომაა ეს თავის ტკივილია მათთვის. ახლაც გაუშვებდნენ, მაგრამ იმიტომ ვერ უშვებენ, რომ შემდეგ არჩევნებს წააგებენ. ვინ არის მათი ამომრჩეველი? - ვისაც მოეწონა, რომ მიშა ციხეშია. ამ ამომრჩეველს ხომ არ დაკარგავენ?! შესაბამისად, მათ მიშა ციხეში იმიტომ კი არ ჰყავთ, რომ უნდათ, იძულებულები არიან, ფაქტობრივად, ჩვენი ხელისუფლება ახლაც მიშა სააკაშვილის მძევალია. 30 ოქტომბრამდე ყველა შემთხვევაში ასე იქნება. შემდეგ იმ ევროპარლამენტარებსაც ბოდიშს მოუხდიან, ამათაც მოიპატიჟებენ, ჩამობრძანდით საქართველოშიო“,- განაცხადა ხუხაშვილმა.

კითხვაზე, შესაძლოა თუ არა, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებმა სააკაშვილის უკრაინაში ექსტრადიციაზე იფიქრონ, ხუხაშვილი ამბობს, რომ „ყველაფერზე იფიქრებენ“.

„ყველაფერზე იფიქრებენ, ოღონდ 30 ოქტომბრამდე მათ უნდა შეინარჩუნონ სააკაშვილის ირგვლივ სტერილურობა. მიშა სააკაშვილმა ეს იცის. ვვარაუდობ, რომ ხვალ შეიძლება მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით სიტუაცია დამძიმდეს“,- განაცხადა გია ხუხაშვილმა.

გია ხუხაშვილმა ასევე შეაფასა გუშინ, „ქართული ოცნების“ მიერ გამართული აქციაც და აღნიშნა, რომ ამ შეკრებას საარჩევნო ეფექტი არ ჰქონდა.

„ამ აქციის კატალიზატორი ოპოზიციის შეკრება იყო, რომელიც შთამბეჭდავი იყო. ხელისუფლებამ ჩათვალა, რომ იმის გადაფარვა აუცილებელი იყო. მათ უნდა დაედოთ ალტერნატიული სურათი, რითაც ქვეყნის შიგნით და გარეთ საზოგადოებას ეტყოდნენ - ჩვენ უფრო მაღალი მხარდაჭერა გვაქვს. ჩემი აზრით, ამ შეკრებას საარჩევნო ეფექტი არ ჰქონდა. მარტო თავების თვლაში არაა საქმე. ნებისმიერ აქციას სჭირდება არა მხოლოდ წარსულის უარყოფა, არამედ მომავლის რწმენის ფორმირება და სხვანაირი სული ტრიალებს“,- განაცხადა ხუხაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უკრაინელ ადვოკატ ევგენი გრუშოვეცსა და უკრაინელ ჟურნალისტ დიმიტრი გორდონს საქართველოში შემოსვლაზე უარი უთხრეს. ფაქტზე ოფიციალური განცხადება შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯერ არ გაუკეთებია.

იოსებ ბარათაშვილი - მოვლენები მიმდინარეობს არა ხელისუფლების, არამედ მიხეილ სააკაშვილის სცენარით
ქართული პრესის მიმოხილვა 29.11.2021
მარინა კალიურანდი - დიახ, არჩევნებით საქართველომ დემოკრატიის ტესტი ჩააბარა, გადააბიჯა დემოკრატიულობის ზღურბლს, მაგრამ არის კითხვა, რამდენად გსურთ მხოლოდ ზღურბლს გადააბიჯოთ
„კარფურისა“ და „FinExCoop“ მიერ ორგანიზებული „კარტოფილის ფესტივალი“ - ადგილობრივი ფერმერების მხარდასაჭერად
განსაკუთრებული ტექ-ინვესტორი საქართველოში - GAABU-ს ახალი წევრი და ტექნოლოგია, რომელიც ცვლის ტელეკომუნიკაციის სამყაროს მომავალს