თორნიკე რიჟვაძე - ქარტიამ დაადგინა ყველაფრის კადრებაში „პირველების“ ანუ „ტვ პირველის“ მხრიდან დარღვევა ინფორმაციის სიზუსტის ნაწილში

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ხელმძღვანელის, თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის ჯაბა ფუტკარაძის მიმართ „ტვ პირველთან“ ცილისწამებასთან დაკავშირებით ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ „ტვ პირველის“ დარღვევა ინფორმაციის სიზუსტის ნაწილში დაადგინა.
როგორც რიჟვაძემ აღნიშნა, „ჯაბა ფუტკარაძეს ქრთამის აღებაზე გაუგონარი ჭორი მოუგონეს“.
„მინდა თქვენი ყურადღება გავამახვილო ძალიან მნიშვნელოვან ფაქტზე. თქვენ იცით, რომ მთელი რიგი ტელევიზიებისა აგრძელებს როგორც სიცრუის ტირაჟირებას, ასევე, სიცრუის გავრცელებას და იცით, რომ სულ რამდენიმე თვის წინ ჩვენი მთავრობის წევრს, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრს, ბატონ ჯაბა ფუტკარაძეს მოუგონეს გაუგონარი ჭორი, რომელიც ეხებოდა ქრთამის აღებას. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ როგორც ეთიკის ქარტიაში, ასევე სასამართლოში მომხდარიყო შესაბამისი დავის წარმოება. ქარტიამ უკვე დაადგინა „ტვ პირველის“ - ყველაფრის კადრებაში „პირველების“ დარღვევა ინფორმაციის სიზუსტის ნაწილში. ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ ყველა სამართლებრივი ბერკეტის გამოყენებას და ბრძოლას მსგავსი დეზინფორმაციების წინააღმდეგ. მისხალ-მისხალ ყველას მოუწევს ბოდიშის მოხდა კეთილსინდისიერი საჯარო მოხელეების მიმართ ყველა მსგავს ცილისწამებასა და დისკრედიტაციაზე“, - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.
























