თორნიკე რიჟვაძე - 2022 წლის ბიუჯეტი იქნება აჭარაში მცხოვრები თითოეული ოჯახის შემოსავლების ზრდის, დასაქმების, განათლების, მეტი პერსპექტივის ბიუჯეტი

თორნიკე რიჟვაძე - 2022 წლის ბიუჯეტი იქნება აჭარაში მცხოვრები თითოეული ოჯახის შემოსავლების ზრდის, დასაქმების, განათლების, მეტი პერსპექტივის ბიუჯეტი

დღეს, აჭარის მთავრობის სხდომაზე, 2022 წლის ბიუჯეტი წარადგინეს. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტი 21 778 200 ლარით გაიზარდა და უპრეცედენტო მოცულობის ბიუჯეტი - 436 000 000 ლარი იქნება. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

როგორც აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ აღნიშნა, მთავარი მიზანია აჭარაში თითოეული მცხოვრები ოჯახის დასაქმების, განათლების, უკეთესი პერსპექტივის და შემოსავლების ზრდის ბიუჯეტი იყოს.

„მიუხედავად პანდემიისა, წელსაც ბიუჯეტი არის უპრეცედენტო ისტორიულ მაქსიმუმზე. განსაკუთრებით მინდა ხაზი გავუსვა, მუნიციპალიტეტების გადასაცემ ტრანსფერს, რომლის საერთო ოდენობა შეადგენს 135 მლნ ლარზე მეტს. ამ დაფინანსების ფარგლებში, თითოეულ მუნიციპალიტეტში არაერთი მნიშვნელოვანი, ინფრასტრუქტურული, ასევე სოციალური და ჯანდაცვის პროგრამის დაფინანსების გაზრდა იგეგმება, რომლითაც ათასობით ამ რეგიონის მცხოვრები ისარგებლებს.

ჩვენი მთავარი მიზანია ეს ბიუჯეტი გავხადოთ აჭარაში მცხოვრები თითოეული ოჯახის, როგორც დასაქმების, განათლების, უკეთესი პერსპექტივის და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, შემოსავლების ზრდის ბიუჯეტი.

მომავალი წლისთვის, პროგრამისთვის „ბათუმი ავარიული სახლების გარეშე“ გათვალისწინებულია 20 მილიონი ლარი. პროექტით დაიწყება პირველი 630 ოჯახის დაკმაყოფილება. ჩვენი გეგმის შესაბამისად, 2025 წლისთვის ამ დაფინანსების ფარგლებში, მოხდება 3000-ზე მეტი ოჯახის უზრუნველყოფა შესაბამისი თანამედროვე საცხოვრისით. ეს ერთხელ და სამუდამოდ გადაჭრის ყველა ავარიულ სახლის პრობლემას.

ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ უკვე დავასრულეთ მყარი ნარჩენების მართვის პროექტი ქობულეთში, შესაბამისად, ბათუმში უკვე იწყება არსებული გარემოსთან შეუსაბამო ნაგავსაყრელის დახურვა. ეს კიდევ უფრო მეტ სტიმულს გაუჩენს, როგორც ტურიზმის სექტორს.

დაფინანსების ფარგლებში იწყება სამი ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა მხოლოდ ბათუმში და შესაბამისად, სხვა მუნიციპალიტეტებშიც გათვალისწინებულია ამ დაფინანსების ფარგლებში, როგორც ბაღების, ასევე სკოლების მშენებლობა.

წლის ბოლოსთვის ველით, რომ „ოცნების ქალაქის“ პირველი ფაზა დასრულდება და უკვე მომავალი წლისთვის, მეორე ფაზის განხორციელებისთვის გათვალისწინებულია 15 მილიონი ლარი. შესაბამისად, მეორე ფაზაც დაიწყება, მშენებლობა და ყველა იქნება დაკმაყოფილებული, ვისაც ამის საჭიროება აქვს.

ასევე, მინდა შეგახსენოთ, რომ დღეს ვიმყოფებით ბათუმის ძალიან გამორჩეულ, უკვე დასრულებულ სპორტულ, მრავალფუნქციურ კომპლექსში. რამდენიმე კვირაში დაიწყება ამორტიზებული სპორტკომპლექსის დემონტაჟი. ყველა ფედერაციას ექნება ახალი, თანამედროვე სპორტული კომპლექსი და დარწმუნებული ვარ, ეს იქნება კიდევ უფრო მეტი წარმატების წინაპირობა“, - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ აჭარის მთავრობის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.