მზად ვარ უკვე ხვალიდან გამარჯვებული ვემსახურო ჩემს მშობლიურ ქალაქს და თანაქალაქელებს, - ამის შესახებ "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” ქუთაისის მერობის კანდიდატმა იოსებ ხახალეიშვილმა მე-40 საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის შემდეგ განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, ქუთაისში დარღვევებს ადგილი ამ დრომდე არ ჰქონია და ეს ოპოზიციის საერთო "მესიჯბოქსია”.
„დღეს პრინციპული და მნიშვნელოვანი დღე გახლავთ, ჩვენმა საზოგადოებამ კიდევ ერთხელ უნდა გააკეთოს ზნეობრივი არჩევანი. მინდა მოვუწოდო ყველას, რომ აუცილებლად მოვიდნენ არჩევნებზე და ხმა მისცენ. რაც შეეხება ჩემს არჩევანს, მე გავაკეთე არჩევანი ჩვენი ქალაქის უკეთესი ხვალინდელი დღისთვის, თანაბარი განვითარებისათვის, დაწყებული საქმეების გაგრძელებისთვის და მზად ვარ უკვე ხვალიდან გამარჯვებული ვემსახურო ჩემს მშობლიურ ქალაქს და თანაქალაქელებს.
ეს არის საერთო "მესიჯბოქსი" ჩვენი ოპონენტების მთელი ქვეყნის მასშტაბით, ქუთაისში არანაირ დარღვევას ადგილი არ ჰქონია, ეს არის ცრუ ინფორმაცია ამომრჩევლის შეცდომაში შეყვანის და კომისიის წევრების სტრესში ყოფნის მიზნით. მეორე ტური ჩაივლის უფრო უკეთ ვიდრე ეს მოხდა პირველ ტურში და იქნება დიდი რაოდენობა ჩვენი ამომრჩევლების”, - აღნიშნა იოსებ ხახალეიშვილმა.