დავით ზალკალიანი - ხმა მივეცი ქვეყნის შემდგომ აღმშენებლობას და ჩვენი ქალაქის განვითარებას

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში საკუთარი არჩევანი დააფიქსირა. მისი განმარტებით, მან მხარი ქვეყნისა და ქალაქის შემდგომ აღმშენებლობას და განვითარებას დაუჭირა.

„მოგეხსენებათ, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ძალიან სერიოზული, მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდა. ეს ყველაფერი არის ხელშესახები და ჩვენი თანამოქალაქეები ამას ძალიან კარგად ამჩნევენ. აუცილებელია, რომ ეს პროცესი გაგრძელდეს მშვიდობიან, სტაბილურ გარემოში. სწორედ ამ პროექტების განგრძობითობას და თბილისის ჭეშმარიტ ევროპულ ქალაქად გარდაქმნას მივეცი ხმა. დარწმუნებული ვარ, ჩვენი მოქალაქეები ღირსეულ არჩევანს გააკეთებენ სწორედ ამ სტაბილური განვითარებისთვის“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

ქვეყნის ვიცე-პრემიერმა ასევე ისაუბრა საარჩევნო პერიოდში განვითარებულ მოვლენებზე და განაცხადა, რომ საზოგადოებამ იცის თუ ვინ უწყობდა ხელს გარემოს პოლარიზებას და ვინ ძაბავდა ხელოვნურად პროცესს, რაც შეუთავსებელია ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებასთან. დავით ზალკალიანმა ასევე ხაზი გაუსვა მისი უწყების, საგარეო საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ როლსა და პასუხისმგებლობას ქვეყნის მიზნების შესრულებაში, კერძოდ მთავრობის მიერ 2024 წელს ევროკავშირის წევრობის არჩევანის გაკეთებასთან დაკავშირებით.

„ბოლო ერთი წლის განმავლობაში, შარშანდელი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, უპასუხისმგებლო ოპოზიციის გამო შევედით ხელოვნურ კრიზისში, რაც იმ სერიოზული გამოწვევების ფონზე, რომლის წინაშეც იდგა და დგას ქვეყანა, იყო დაუშვებელი მისი განვითარებისთვის. მაშინ, როდესაც ჩვენ გვაქვს უსაფრთხოების გამოწვევები ოკუპირებული ტერიტორიების, პანდემიისა და ეკონომიკის მიმართებით, არსებული სიტუაცია მოითხოვს არა მხოლოდ ხელისუფლების, ასევე ჩვენი ოპონენტების ჩართულობას, რადგან ეს არის საერთო გამოწვევა ქვეყნისთვის. ჩვენ ვხედავდით აბსოლუტურად საწინააღმდეგოს და საპირისპიროს, როდესაც უპასუხისმგებლო ადამიანებმა ქვეყანა შეიყვანეს ხელოვნურ კრიზისში.

დარწმუნებული ვარ, ამ არჩევნების შემდეგ საბოლოოდ წერტილი დაესმება ამ ყველაფერს და უახლოესი სამი წლის განმავლობაში, როდესაც ჩვენ არჩევნები არ გვექნება, ქვეყანას მიეცემა შესაძლებლობა იყოს ფოკუსირებული უშუალოდ გასაკეთებელ საქმეზე - ქალაქის განვითარებაზე, თბილისის აღორძინებაზე, იმ პროექტების განხორციელებაზე, რომელიც წამოწყებულია და ჩვენ მიერ წარდგენილი ათწლიანი გეგმის შესრულებაზე. ყველაფერ ამას სჭირდება სტაბილური, მშვიდობიანი განვითარება და დარწმუნებული ვარ, ეს ასეც იქნება“, - აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა