რუსთავის 74-ე საარჩევნო უბანთან, სადაც ხმაური და დაპირისპირება იყო, „ნაცმოძრაობის“ წევრი გიორგი კაპანაძე დააკავეს

რუსთავის 74-ე საარჩევნო უბანთან, სადაც ცოტა ხნის წინ ხმაური და დაპირისპირება იყო, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გიორგი კაპანაძე დააკავეს.
არსებული ინფორმაციით, აღნიშნულ საარჩევნო უბანზე დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ოპოზიციის დამკვირვებელმა უბანზე მის მიერ დაფიქსირებულ დარღვევასთან დაკავშირებით საჩივარი დაწერა და მასთან მხარდასაჭერად გიორგი კაპანაძე მივიდა. კაპანაძე ტერიტორიიდან სწორედ ამის შემდეგ, სამართალდამცველებმა გაიყვანეს.
დამკვირვებლის შორენა გადარფხაძის განცხადებით, გიორგი კაპანაძე უკანონოდ დააკავეს.
„ოთხი რეგისტრატორი იწერდა ამომრჩევლის რეგისტრაციის ნომრებს, რაც კანონდარღვევაა. მოვუწოდე ჯერ სიტყვიერად კომისიის თავმჯდომარეს, რომ რეგისტრატორებს ეს შეეწყვიტათ. შემდეგ დავწერე საჩივარი, რადგან ამით ამომრჩევლის ფარულობა ირღვეოდა. საჩივრის დაწერის შემდეგად არ შეწყვიტეს რეგისტრატორებმა ეს ქმედება და გამომაძევეს. გამოიძახეს პოლიცია. მე დავრეკე დასახმარებლად“,- განაცხადა შორენა გარდაფხაძემ „ტვ პირველთან“ საუბრისას.
























