ირაკლი მელაშვილი - ჩვენში რომელიმე ხელისუფლებამ უნდა ისწავლოს რომ თუ ქალაქების მართვაში ოპოზიციონერები იქნებიან, ამით ქვეყანა არ დაიქცევა

საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე “ინტერპრესნიუსი“, პოლიტიკის ანალიტიკოს, ირაკლი მელაშვილს ესაუბრა.

- ბატონო ირაკლი, 30 ოქტომბერს ადგილობრივი არჩევნების მეორე ტური დასრულდა და მისი შედეგებიც უკვე ვიცით.

არჩევნების დასრულებისთანავე ხელისუფლება და ოპოზიციაც ზეიმობდნენ გამარჯვებას. შემდეგ ვნებები ჩაცხრა, მაგრამ ფაქტია, რომ არჩევნების შედეგები საკმაოდ მრავალგანზომილებიანი აღმოჩნდა. დავიწყოთ საუბარი არჩევნების შედეგებზე და იმ განზომილებებზე, რაც არჩევნების შედეგმა მოიტანა...

- ფაქტია, რომ თუ მხოლოდ მერის არჩევნების საბოლოო შედეგებს შევხედავთ, გამოდის რომ ხელისუფლებამ ძალიან დამაჯერებლად გაიმარჯვა. ერთი ოლქის გარდა მან ყველა მუნიციპალიტეტში გაიმარჯვა მერის არჩევებში და მაჟორიტარულ ოლქებში საკმაოდ კარგ შედეგს მიაღწია, მაგრამ სინამდვილეში ვითარება ახლა მნიშვნელოვნად განსხვავებულია.

თუ იმავე შედეგებს გადავხედავთ, ბოლო არჩევნები იყო პირველი არჩევნები, სადაც ხელისუფლებას ძალიან გაუჭირდა გამარჯვების მიღწევა.

ბოლო არჩევნები იყო პირველი არჩევნები, სადაც ხელისუფლებას ძალიან გაუჭირდა გამარჯვების მიღწევა

ზოგიერთ ოლქში აშკარად ჩანს, რომ მთლად სუფთა მეთოდებით არ არის ეს გამარჯვება მიღწეული. ეს განსაკუთრებით ბათუმს ეხება.

- თბილისის გარდა, ასევე საკმაოდ საკამათოდ ჩანს შედეგები ქუთაისში, ზუგდიდში, რუსთავში...

- ბათუმში აშკარად ჩანს, რომ ბათილად ცნობილი ბიულეტენების რაოდენობა საკმაოდ მაღალია და აღემატება იმ სხვაობას, რომელიც არის „ქართულ ოცნების“ კანდიდატსა და ოპოზიციის კანდიდატს შორის. ზუგდიდშიც რამდენადაც ვიცი, მაგრამ ბათილად ცნობილი ბიულეტენების რაოდენობა ცოტა ნაკლებია და კანდიდატებს შორის სხვაობაზე. ქუთაისზე არ მაქვს დაზუსტებული ინფორმაცია.

ფაქტია, გარდა იმისა, რომ არჩევნებზე ადმინისტრაციული რესურსი იქნა გამოყენებული, ხმების დათვლის მომენტში განხორციელდა გარკვეული მანიპულაციები, რამაც შეამცირა ოპოზიციის შანსები გამარჯვებაზე, კერძოდ ბევრი ბიულეტენი, სადაც ოპოზიციური კანდიდატი იყო შემოხაზული, ბათილად ცნეს.

როცა გამარჯვებულსა და დამარცხებულს შორის ძალიან მცირეა სხვაობა, ბუნებრივია, რომ საარჩევნო ადმინისტრაციების ასეთი ქმედება საფუძვლიან ეჭვს ბადებს, რომ ხელისუფლების კანდიდატმა ვერ შეძლო გამარჯვების მოპოვება და მას საარჩევნო კომისია „წაეხმარა“.

რამდენად შეძლებს ოპოზიცია ამის გამოყენებას ცოტა რთული საქმეა. აშკარად გვესმის მოწოდებები პროცესის რადიკალიზაციისკენ. ეს არ არის კარგი გზა. ოპოზიცია სერიოზულად არის დასაფიქრებელი იმაზე, რამ გამოიწვია მისი მარცხი.

რამდენად შეძლებს ოპოზიცია ამის გამოყენებას ცოტა რთული საქმეა. აშკარად გვესმის მოწოდებები პროცესის რადიკალიზაციისკენ. ეს არ არის კარგი გზა. ოპოზიცია სერიოზულად არის დასაფიქრებელი იმაზე, რამ გამოიწვია მისი მარცხი

ფაქტია ის, რომ მიუხედავად სააკაშვილის ჩამოსვლისა, მიუხედავად იმისა, რომ მეორე ტური ფაქტიურად იქცა რეფერენდუმად საკითხზე, სააკაშვილი უნდა გამოვიდეს ციხიდან თუ არა, ოპოზიციამ ვერ შეძლო ხელისუფლების მოწინააღმდეგეების ხმების ბოლომდე მობილიზება. დაახლოებით 200 ათასი ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩევლით ნაკლები მივიდა თვითმმართველობის არჩევნებზე, ვიდრე საპარლამენტო არჩევნებზე.

ფაქტიურად, მეორე ტურშიც მოხდა ელექტორატის ისევ ორად გაყოფა. პოლიტიკურმა პარტიებმა, რომლებსაც პრეტენზია ჰქონდათ მესამე ძალის შექმნაზე, ვერ შეძლეს დამოუკიდებელი პოზიციონირება ამომრჩევლის თვალში. ეს პოლიტიკური პარტიები ამომრჩევლის დიდი ნაწილის თვალში გახდნენ „ნაცმოძრაობის“ სატელიტები.

შესაბამისად, ის ამომრჩეველი, რომელსაც არც „ნაცმოძრაობა“ უნდა და არც „ქართული ოცნება“, ძირითადად სახლში დარჩა. ჩემი აზრით, ამან გამოიწვია ჯამურად ოპოზიციის მარცხი.

ის ამომრჩეველი, რომელსაც არც „ნაცმოძრაობა“ უნდა და არც „ქართული ოცნება“, ძირითადად სახლში დარჩა. ჩემი აზრით, ამან გამოიწვია ჯამურად ოპოზიციის მარცხი

არადა ფაქტია, რომ ამ არჩევნებზე ასეთ ამომრჩევლის, რომელიც დაახლოებით 500 000-ია, პოლიტიკური შეხედულებების შესაფერის პოზიციის მქონე პარტიის არსებობის შემთხვევაში, „ქართულ ოცნებას“ ვერანაირი ადმინისტრაციული რესურსი ვერ უშველიდა.

ქვეყანას ერთი სერიოზული პრობლემა უდგას. ამ არჩევნებში „ოცნებამაც“ და ენმ-მაც ატარეს ძალიან რადიკალური, ერთმანეთის მტრის ხატის შექმნაზე ორიენტირებული კამპანია, ამის ხარჯზე მაქსიმალურად შეძლეს საკუთარი მომხრეების მობილიზება და ვნახულობთ შედეგს.

არსებობს მმართველი პარტია „ქართული ოცნება“, რომელსაც მინიმუმ 55%-60% არა თუ არ უჭერს მხარს, არამედ ვერ იტანს, მეორე გახლავთ პოლიტიკური ძალა „ნაცმოძრაობა“, რომელსაც უნდა ხელისუფლებაში დაბრუნება, მაგრამ მასაც დაახლოებით 70-75% ვერ იტანს და არ აძლევს ხმას.

ეს არის ქვეყნისათვის კატასტროფული ვითარება, რადგან ორივე ძალას, „ქართულ ოცნებასა“ და „ნაცმოძრაობას“ მონოპოლიზებული აქვს პოლიტიკური ველი, მათ მეტ-ნაკლებად აქვთ შესაძლებლობა მოვიდნენ ქვეყნის სათავეში, მაგრამ ორივეს აქვს ძალიან მაღალი ანტირეიტინგი. ეს არ არის ევროპის სიტუაცია, როდესაც მმართველ პარტიას 20-30% შეიძლება ჰქონდეს და კოალიციას ქმნიდეს. იქ არ არის ასეთი პოლარიზაცია.

არსებობს მმართველი პარტია „ქართული ოცნება“, რომელსაც მინიმუმ 55%-60% არა თუ არ უჭერს მხარს, არამედ ვერ იტანს, მეორე გახლავთ პოლიტიკური ძალა „ნაცმოძრაობა“, რომელსაც უნდა ხელისუფლებაში დაბრუნება, მაგრამ მასაც დაახლოებით 70-75% ვერ იტანს და არ აძლევს ხმას... ეს არის ქვეყნისათვის კატასტროფული ვითარება, რადგან ეს არ არის ევროპის სიტუაცია, როდესაც მმართველ პარტიას 20-30% შეიძლება ჰქონდეს და კოალიციას ქმნიდეს. იქ არ არის ასეთი პოლარიზაცია

აქ ან აძლევ „ნაცმოძრაობას“ ხმას, ან ხარ მისი სასტიკი მოწინააღმდეგე. ან ხმას აძლევ „ქართულ ოცნებას“ ან ხარ მისი სასტიკი მოწინააღმდეგე. ანუ მოსახლეობის ძალიან დიდ ნაწილს არ სურს არც ერთი ამ ძალის ხელისუფლებაში ხილვა.

„ოცნების“ მომხრეები შეიძლება არ დაეთანხმონ ამ მოსაზრებას, მაგრამ ამ პარტიისათვის ხმის მიმცემთა მნიშვნელოვანი ნაწილი არიან ადამიანები, რომელთაც შეიძლება მაინცდამაინც გულზე არ ეხატებოდეთ მმართველი პარტია, მაგრამ მას ენმ-ის ხელისუფლებაში მობრუნების შიშით აძლევენ ხმას.

ჩემი აზრით, ამ არჩევნებზე „ნაციონალურ მოძრაობასაც“ ბევრმა, მათდამი კრიტიკულად განწყობილმა ამომრჩეველმა მისცა ხმა, იმიტომ, რომ მათში „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან გაშვების ერთადერთ შანს ხედავენ.

- არჩევნების მეორე ტურის წინ ორივე ძალამ ხელისუფლებამ და ოპოზიციამ მაქსიმალურად აწიეს ტემპერატურა, ხელისუფლებამ მაქსიმალური მობილიზება მოახდინა ადმინისტრაციული რესურსის. ოპოზიციამ თავისი აქტივის. ასეთ ფონზე ჩატარდა მეორე ტური და მივიღეთ ის, რაც მივიღეთ.

იმ 15-20% უპირატესობის ფონზე, რაც ზოგადად ხელისუფლებას ყველა არჩევნებში აქვს, იმ მინიმალური სხვაობებით ხელისუფლების მოგება, რაც დაფიქსირებულია, საკმაოდ არადამაჯერებლად გამოიყურება.

არ ვიცი რას ზეიმობს ხელისუფლება, შესაძლოა ვცდებოდე, მაგრამ თუ არჩევნების შედეგებს კარგად გავაანალიზებთ, ხელისუფლების მდგომარეობა სახარბიელოდ ნამდვილად არ გამოიყურება და მათაც აქვთ ძალიან ბევრი საფიქრალი...

- ხელისუფლებას ძალიან ბევრი საფიქრალი აქვს. ხელისუფლების პოზიცია მეორე ტურის წინ ძალიან ხისტი იყო. პირველი პირების განცხადებები არ შეესაბამებოდა 21-ე საუკუნის ცივილიზებული სახელმწიფოს პოლიტიკურ ლიდერთა განცხადებებს.

ეს ეხებოდა როგორც პატიმარი სააკაშვილის მიმართ, ასევე თვითმმართველობის ორგანოებში ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში ხელისუფლების მუქარის შემცველ განცხადებებს... სხვათა შორის, ეს აღნიშნა კიდეც თავის შეფასებებში ეუთო/ ოდირმა, განსაკუთრებით პრემიერ მინისტრ ღარიბაშვილთან მიმართებში.

მთავარი ის გახლდათ, რომ ორივე მხარე აქცენტს აკეთებს კონფრონტაციაზე და არა ერთმანეთის კონკურენციაზე. სამწუხაროდ, საქართველოში გრძელდება დამკვიდრებული ტრადიცია - არჩევნებში გამარჯვებული ძალას მიაქვს ყველაფერი, ხოლო დამარცხებული არაფერი. ეს არ არის სახელმწიფოს მართვის ევროპული ტრადიცია და გამოცდილება. ეს პრინციპი ქვეყანასაც ვნებს და ხელისუფლებებსაც.

სამწუხაროდ, საქართველოში გრძელდება დამკვიდრებული ტრადიცია - არჩევნებში გამარჯვებული ძალას მიაქვს ყველაფერი, ხოლო დამარცხებული არაფერი. ეს არ არის სახელმწიფოს მართვის ევროპული ტრადიცია და გამოცდილება. ეს პრინციპი ქვეყანასაც ვნებს და ხელისუფლებებსაც

როცა ხელისუფლება სახელმწიფოს მართვის ამ პრინციპს ეყრდნობა, მაშინ იგი ყველა დანარჩენ ძალას აერთიანებს საკუთარი თავის წინააღმდეგ. შედეგად ყალიბდება სიტუაცია, როცა ხელისუფლებას შიდა პოლიტიკაში პარტნიორი არ ჰყავს. ასე იქცეოდა „ნაცმოძრაობა“, იმავეს აგრძელებს „ოცნებაც“ რაც მეტად ისაუბრებს ხელისუფლება, მით მეტად დაიძაბება ვითარება ქვეყანაში. ეს გზა საბოლოო ჯამში ხელისუფლების მარცხით მთავრდება.

- მეორე ტურის წინ მმართველი გუნდის ლიდერებისგან ბევრი განცხადებები მოვისმინეთ იმის თაობაზე, რომ „ქართული ოცნება“ დაასრულებდა „ნაცმოძრაობას“. თუ მეორე ტურის შედეგებს დავუბრუნდებით, ვნახავთ, რომ პირველ ტურში „ნაცმოძრაობას“ 27% ჰქონდა მიღებული, მეორე ტურში კი დაახლოებით 46% აქვს მიღებული იმ ძალებთან ერთად, ვისთანაც ერთად შეძლეს გაერთიანება.

შესაბამისად, ქართულ პოლიტიკურ ველზე ორი ძალაა „ქართული ოცნება“ და ნაცმოძრაობა“. ასეთ ვითარებაში სავარუდოდ როგორ შეიძლება განვითარდეს პროცესი შიდა პოლიტიკაში?

- თუ დღეისთვის არსებული ვითარება შენარჩუნდა პოლიტიკური პროცესი ესკალაციის გზით განვითარდება. შესაძლოა, ამ ესკალაციამ გარეგნულად ჯერ დაიკლოს, შემდეგ მოიმატოს, მაგრამ ჯერჯერობით ვხედავთ, რომ მუდმივი ესკალაციის რეჟიმში გაგრძელდება პროცესი.

ვიმეორებ, ამის მიზეზი გახლავთ ის, რომ გვაქვს სისტემა, როცა არჩევნებში გამარჯვებულ ძალას მიაქვს ყველაფერი. ასეთ პირობებში ხელისუფლებას და ოპოზიციას თანამშრომლობის რესურსი არ აქვთ.

უნდა გადავიდეთ ხელისუფლებასა და ოპოზიციის კონკურენცია - თანამშრომლობის რეჟიმზე. არ შეიძლება ათწლეულების განმავლობაში პოლიტიკური პარტიების ურთიერთობის ერთადერთი ფორმა დაპირისპირება იყოს

ოპოზიციას არანაირი ბერკეტი არ აქვს სახელმწიფოში რაიმეს კონტროლის. მას რჩება ერთადერთი ბერკეტი - გავიდეს ქუჩაში და ის გადის ქუჩაში.

ამას ვუყურებთ 30 წელი. უკონტროლო, სრული ძალაუფლების კონცენტრაცია ხელისუფლების ხელში და მასთან დაპირისპირებული ოპოზიცია, რომელსაც ერთადერთი ასპარეზი რჩება, ქუჩა. შესაბამისად, ქვეყანას მუდმივად ამყოფებს რყევის მდგომარეობაში. ამგვარია ქართული პოლიტიკის რეალობა, რაც უნდა შეიცვალოს.

ამის შეცვლის მარტივი მექანიზმები არსებობს. თუ ხელისუფლებას უნდა ვითარების ნორმალიზებისკენ წაყვანა, მან ეს მექანიზმები უნდა გამოიყენოს.

- იმედია, საკრებულოებში მართალა ასე განვითარდება პროცესები...

თქვენი დაკვირვებით სავარაუდოდ როგორ განვითარდება პროცესები იგივე ბათუმში? თუნდაც წალენჯიხაში, რომლის მერად ოპოზიციის წარმომადგენელი გია ხარჩილავა შეიძლება გახდეს?

ამას იმიტომ გეკითხებით, რომ გვახსოვს პრემიერის განცხადება - თუ რომელიმე მუნიციპალიტეტი ოპოზიციონერ მერს აირჩევდა, ცენტრალური ხელისუფლებას მას საქმის კეთების საშუალებას არ მისცემდა... სხვათა შორის, ხელისუფლებიდან მისთვის არჩევნებში გამარჯვება არავის მიულოცია....

- ხარჩილავას მიულოცა მისმა ვიზავიმ გულორდავამ, რაც ზოგადად სწორი და კარგი საქციელია. მან ხარჩილავას წარმატებები უსურვა.

როგორც ჩანს, ხარჩილავა წალენჯიხაში საკმაოდ პოპულარული პიროვნებაა. მიუხედავად იმისა, რომ იქაც დაძაბული არჩევნები ჩატარდა, მან არჩევნები მოიგო.

ფაქტია, რომ მას თანამშრომლობა მოუწევს ცენტრალურ ხელისუფლებასთან ისევე როგორც ცენტრალურ ხელისუფლებას მასთან. ჩვენ უნდა გადავიდეთ ხელისუფლებასა და ოპოზიციის კონკურენცია - თანამშრომლობის რეჟიმზე. არ შეიძლება ათწლეულების განმავლობაში პოლიტიკური პარტიების ურთიერთობის ერთადერთი ფორმა დაპირისპირება იყოს.

როდესაც კომისიები საკრებულოებში ნაწილდება მიღებული პროცენტების მიხედვით. ეს იწვევს იმას, რომ ყველა პოლიტიკური პარტია, რომელსაც გავლენა აქვს, მას აქვს თავისი სფერო, რომელზეც ისაა პასუხისმგებელი. პოლიტიკური პარტიები ერთმანეთის დედის გინებით კი არ არიან დაკავებული, არამედ პარტიები ერთმანეთს ეჯიბრებიან კონკრეტული საქმეების კეთებაში

ბათუმში, ზუგდიდში და ქუთაისში არის ოპოზიციური საკრებულოები. ამ საკრებულოებში პოლიტიკურ ძალებს თანამშრომლობა მოუწევს. ყველაზე კარგი სათანამშრომლო რესურსი არის ის, რაზეც უკვე მოგახსენეთ და ევროპაში არის აპრობირებული პრაქტიკა.

როდესაც კომისიები საკრებულოებში ნაწილდება მიღებული პროცენტების მიხედვით. ეს იწვევს იმას, რომ ყველა პოლიტიკური პარტია, რომელსაც გავლენა აქვს, მას აქვს თავისი სფერო, რომელზეც ისაა პასუხისმგებელი. პოლიტიკური პარტიები ერთმანეთის დედის გინებით კი არ არიან დაკავებული, არამედ პარტიები ერთმანეთს ეჯიბრებიან კონკრეტული საქმეების კეთებაში.

ჩვენში რომელიმე ხელისუფლებამ უნდა ისწავლოს რომ თუ ქალაქების მართავში ოპოზიცონერები იქნებიან, ამით ქვეყანა არ დაიქცევა

ისინი ცდილობენ დაანახონ მოსახლეობას, რომ, მათი პასუხისმგებლობის ქვეშ არსებული კომისიები უკეთ ართმევს საქმეს თავს და სფერო უკეთ იმართება. მათ რეალური საქმე ექნებათ საკეთებელი და იმაზე ნაკლები დრო დარჩებათ, ქუჩაში როგორ გავარდნენ და მიტინგი როგორ მოაწყონ. ამ შემთხვევაში პოლიტიკოსები ურთიერთდაპირისპირების რეჟიმიდან კონკურენტულ- თანამშრომლობით რეჟიმზე გადავიდოდნენ, რაც პოლიტიკური კლასის გაზრდის ერთერთი ნიშანი იქნებოდა,

შეძლებს თუ არა მმართველი პარტია გადალახოს უკვე ჩამოყალიბებული სტერეოტიპი, რომ მას უნდა ეჭიროს ყველა ბერკეტი ხელში და ოპოზიცია არაფერს არ უნდა გააკარო, სამწუხაროდ, ამას დღეს ვერავენ ვერ გეტყვით.

ეს მმართველი პარტიის გადასაწყვეტია. მაგრამ ამ არჩევნების და მმართველი პარტიის ლიდერების განცხადების ფონზე, ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის ამგვარი შემოტრიალება საკმაოდ პრობლემურად მეჩვენება .

თუ მმართველი პარტია ოპოზიციასთან ისევ დაპირისპირებაზე წავა და ისევ შეინარჩუნებს იმ მიდგომას, რომ მას ქვეყნის შიგნით არანაირი პარტნიორი არ სჭირდება, მხოლოდ სჭირდება ოპონენტი რომელსაც მუდმივად უნდა ექიშპოს და ეომოს, დაჩაგროს, მისგან „ბუა“ გააკეთოს, ეს იქნება მუდმივი დაპირისპირება. ასეთი მიდგომებით ამ ქვეყანაში არაფერი გამოვა. საბოლოდ კი ავნებს თავად მმართელ ძალასაც.

- სავარაუდოდ, როგორ განვითარდება პროცესები ბათუმში?

- ბათუმში საკმაოდ ბევრია გაფუჭებული ბიულეტენები. ფაქტობრივად „ქართულმა ოცნებამ“ 90-იან წლებში ხმების თვლის დროს შევარდნაძის დროინდელი პრაქტიკა გამოიყენა.

მაშინაც და ახლაც აფუჭებდნენ ოპოზიციის სასარგებლოდ შემოხაზულ ბიულეტენებს. თუ ამ ბიულეტენების გადათვლა მოხდება, ეს დაადასტურებს, რომ ბათუმში ოპოზიციამ გაიმარჯვა. მე ხშირად მიწევდა ბათუმში ყოფნა და ვიცი, რომ ეს მოსალოდნელი იყო.

კიდევ საკითხავია ასეთ ვითარებაში როგორ მოიქცევა სასამართლო. ეს კიდევ ცალკე უბედურებაა. თუ ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ ახლა თუნდაც ერთი ქალაქის დათმობა არის სტალინგრადის ბრძოლა, და როგორც ომის დროს იყო ლოზუნგი - ჩვენს უკან მოსკოვია, ასე მიუდგენ საკითხს, ეს ისევ ხელისუფლებას შემოუტრიალდება ბუმერანგივით.

ჩვენში რომელიმე ხელისუფლებამ უნდა ისწავლოს რომ თუ ქალაქების მართვაში ოპოზიცონერები იქნებიან, ამით ქვეყანა არ დაიქცევა.

1%-იანმა ბარიერმა გამოიწვია ისედაც საკმაოდ სუსტი პარტიების კიდევ უფრო ფრაგმენტაცია

- ბევრი გამოთქვამს ვარაუდს, რომ შესაძლოა ისე განვითარდეს პროცესები, რომ „ქართულმა ოცნებამ“ და „ნაცმოძრაობამ“ უარი თქვან საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესის ბოლომდე მიყვანაზე.

კერძოდ 5%-იანი ბარიერის 1%-მდე დაყვანაზე და 2024 წლის არჩევნებზე ერთმანეთის ძირითადი კონკურენტები „ნაცები“ და „ქართული ოცნება“ იქნებიან...

- 1% ბარიერით მე არა ვარ აღფრთოვანებული და სხვათა შორის ოპოზიციამ კარგად უნდა გაანალიზოს თუ რა შედეგი მიიღო აქედან. იმიტომ რომ 1%-იანმა ბარიერმა გამოიწვია ისედაც საკმაოდ სუსტი პარტიების კიდევ უფრო ფრაგმენტაცია. დაიშალა „გირჩი“, სხვა პარტიებიდანაც გავიდნენ, ფაქტობრივად „ევროპული საქართველოც“ მაგ გზაზე წავიდა.

პარტიების გაძლიერება და კონსოლიდირება კი არ მოხდა პლატფორმების გარშემო, არამედ ყველა ლიდერმა ჩათვალა, რომ 1%-იანი ბარიერის პირობებში იოლია ხმების მიღება და რაღა ვინმესთან გაიყოს ეს ხმები, ურჩევნია ცალკე გავიდეს არჩევნებზე და ისე მიიღოს თუნდაც ცოტა ხმა. ასეთი მენტალობა აღმოაჩნდა ჩვენს პოლიტიკურ ლიდერებსა და პოლიტიკურ კლასს.

ჩემი აზრით, ამ მიზეზით ოპოზიციური სპექტრი, კიდევ უფრო ფრაგმენტირებული გახდა და კიდევ უფრო დასუსტდა, განსაკუთრებით ის პარტიები, რომლებიც ე.წ. მესამე ძალის შექმნას ცდლობდნენ. ამ ნაბიჯმა ჩემი აზრით უზრუნველყო ხელისუფლების გამარჯვება, რადგანაც ოპოზიციურ ფლანგზე ვერ მოხდა, „ნაციონალების“ გარდა ძლიერი ოპოზციური პარტიის ფორმირება. ამას კი ამომრჩევლის ნაწილის იმედგაცრუება მოყვა.

სწორედ ამიტომ ძალიან დაბალი ბარიერის მომხრე მე არა ვარ. საერთოდ გადასახედია ჩვენი საარჩევნო სისტემა, რადგან იგი მორგებულია ბელადების და არა მოსახლეობის მოთხოვნილებებზე ორიენტირებული პოლიტიკური ძალის შექმნის ინტერესებს.

ასეთი ხისტი პროპორციული სისტემა, სადაც საარჩევნო პარტიული სიები დგება არა პარტიის წევრების, არამედ 2-3 პარტიული ლიდერის მიერ, პარტიის წევრებს აქცევს თავიანთი ბელადების ხელისშემყურეებად. დეპუტატებიც კი ანგარიშვალდებულად გრძნობენ თავს არა ამომრჩევლის, არამედ იმ პარტიული ბოსის წინაში, რომელმაც ის სიაში ჩასვა ან უნდა ჩასვას.

სააკაშვილთან დაკავშირებით გამოსავალი ყოველთვის შეიძლება მოიძებნოს, თუ მხარეებს აქვთ შეთანხმების მიღწევის სურვილი

ჩვენი პარტიების დიდი უმრავლესობა, არის ავტორიტარულ პრინციპებზე აგებული ორგანიზაცია და ბუნებრივია როგორც უხარისხო მასალისგან ვერ ააშენებ კარგ სახლს, ისე ასეთი ტიპის პარტიების ხელში შეუძლებელია ნორმალური, დემოკრატიიული. გამართული პოლიტიკური სისტემის ჩამოყალიბება.

თუ ჩვენ პროპორციულ სიებზე მივდივართ, აუცილებლად მიმაჩნია, რომ ამ სიებში რიგითობა უნდა განსაზღვროს არა პარტიების ლიდერებმა, არამედ ამ პარტიის ამომრჩეველმა, რომლსაც უნდა მიეცეს შესაძლებლობა, როცა პარტიას მისცემს ხმას, შემოხაზოს ამ პარტიის ის კანდიდატი (ან კანდიდატები) რომელთა ხილვაც მას სურს წარმომადგენლობით ორგანოში.

პარტიულ სიაში კი კანდიდატთა რიგითობა დალაგდეს კანდიდატებისთვის მათი პარტიის ამომრჩევლების მიერ მიღებული ხმების შესაბამისად. რომელი კანდიდატებიც მისი პარტიის ამომრჩევლის მეტ ხმას მიიღებენ, ისინი იქნებიან სიის თავში. ეს გამოიყვანს პარტიის წევრებს თავიანთი ბოსების მორჩილებიდან და ბევრად უფრო დემოკრატიულს და კონკურენტულს გახდის ამ ორგანიზაციებს.

- დამკვირვებელთა ნაწილი მიიჩნევს, რომ არაა გამორიცხული სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გარკვეული პროცესების კატალიზატორი აღმოჩნდეს.

ფაქტია, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ყოველდღე მძიმდება.

ახლა როცა საარჩევნო პროცესი პრაქტიკულად დასრულებულია, სავარაუდოდ როგორ შეიძლება განვითარდეს მესამე პრეზიდენტის ირგვლივ პროცესები?

- ბუნებრივია, რომ მისი მდგომარეობა მძიმე იქნება, რადგან 31 დღეზე მეტია იგი შიმშილობს. არ ვიცი რა ტიპის შიმშილობას ახორციელებს სააკაშვილი, მაგრამ არ მესმის მოშიმშილე ადამიანის მიმართ გაუგებარი ღლიცინი.

ამ ხნის მანძილზე ნებისმიერი ტიპის შიმშილობა ორგანიზმისთვის რომ სერიოზული საფთხეა, ფაქტია. ვფიქრობ, რომ სააკაშვილთან დაკავშირებით ხელისუფლებას და ოპოზიციას შეუძლიათ აირჩიონ შეთანხმების გზა.

- რაზე შეიძლება შეთანხმდენენ სააკაშვილთან დაკავშირებით ხელისუფლება და ოპოზიცია?

- ოპოზიცია ითხოვს სააკაშვილის მიმართ სამართლიანი სასამართლოს. თან ამბობს, რომ სამართლიანი სასამართლო ჩვენს ქვეყანაში არ არსებობს. ყველა ხვდება, რომ ამგვარი სასამართლო ერთ კვირაში ვერ შეიქმნება. შეიძლება იყოს ასეთი გამოსავალი, მოვიქცეთ, როგორც აღმოსავლეთ ევროპის რიგ ქვეყნებში და სხვაგანაც. შიდა კანონმდებლობით, იქმნება ე.წ. „სამართლის დამდგენი“ კომისია, რახან ქვეყანაში არ არსებობს სასამართლო, რომელსაც საყოველთაო ნდობა აქვს, ხდება უცხოელი მოსამართლეების მოწვევა და მათთვის ხდება იმ საქმეების გადაცემა, რომელიც შეისწავლის სააკაშვილის მმართველობის პერიოდში, მათ შორის პრეზიდენტის მხრიდან ,მომხდარ შესაძლო დარღვევებს.

მე ამ აზრის ვიყავი 2012 წელს. ჩვენ სასამართლოს არ ჰქონდა ნდობა არც ქვეყნის შიგნით არც მის გარეთ. არადა წინა ხელისუფლების დარღვევები გამოსაძიებელი იყო, ამიტომ ვთავაზობდი მათ ამ გზას. სამწუხაროდ, მხარდაჭერა არ იყო, არადა ვთვლი, მაშინ რომ ეს გაკეთებულიყო, დღეს ბევრი პრობლემა მოიხსნებოდა.

ჩემი აზრით, სააკაშვილთან დაკავშირებით გამოსავალი ყოველთვის შეიძლება მოიძებნოს, თუ მხარეებს აქვთ შეთანხმების მიღწევის სურვილი.

სააკაშვილთან დაკავშირებით შეთანხმება უნდა მოხდეს მთავარ საკითხზე, სამართლიან სასამართლოს ფორმებზე. თუ ამაზე ვერ დგება შეთანხმება, მაშინ შეთანხმება ვერც დანარჩენ საკითხებზე ვერ შედგება

შესაძლებელია შეთანხმება ამ თემაზე შედგეს. თუკი ხელისუფლება და ოპოზიცია ამას მოინდომებს. ასეთი შეთანხმება კი შეიძლება გახდეს შიმშილობის შეწყვეტის საფუძველი.

- ამგვარი შეთანხმება რომ გაფორმდეს, სამართლიანი სასამართლოს გამართვამდე სავარაუდოდ სად უნდა იყოს მესამე პრეზიდენტი სააკაშვილი?

- ეს თემაც შეთანხმების საგანია. შეიძლება მას აღმკვეთი ღონისძიება შეუცვალონ და საშინაო პატიმრობა მიუსაჯონ. ან საავადმყოფოში გადაიყვანონ. მაგრამ სააკაშვილთან დაკავშირებით შეთანხმება უნდა მოხდეს მთავარ საკითხზე, სამართლიან სასამართლოს ფორმებზე. თუ ამაზე ვერ დგება შეთანხმება, მაშინ შეთანხმება ვერც დანარჩენ საკითხებზე ვერ შედგება.

თუ არავინ არ აპირებს არანაირ შეთანხმებაზე შეთანხმებას, რამდენს გაუძლებს სააკაშვილის ჯანმრთელობა, ეგ მე ნამდვილად არ ვიცი.

ყოფილი პრეზიდენტი რომ ციხეში მოკვდეს, ეს ხელისუფლებისთვის და ქვეყნისთვისაც ძალიან მძიმე დარტყმა იქნება. ასე ვფიქრობ მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილისადმი ჩემი დამოკიდებულება ყოველთვის კრიტიკული იყო.

ინტერპრესნიუსი

კობა ბენდელიანი

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა