ჭყონდიდის ეპარქიაში დაპირისპირებაში მონაწილე პირები, გამოკითხვის მიზნით, პოლიციის განყოფილებაში იმყოფებიან

ჭყონდიდის ეპარქიაში მიმდინარე დაპირისპირებაში მონაწილე ორივე მხარის წარმომადგენლები და ინციდენტში მონაწილე პირები, ამ დროისთვის გამოკითხვის მიზნით პოლიციის განყოფილებაში არიან გადაყვანილი. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში აცნობეს.
მათივე ცნობით, სამართალდამცველების მიერ ინციდენტში მონაწილე პირების გამოკითხვა მიმდინარეობს.
როგორც უწყებაში აცხადებენ, ინციდენტის დროს დაზიანდა საპატრიარქოს კუთვნილი ტექნიკა - კერძოდ ვიდეოკამერა, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს.
ცნობისათვის, ჭყონდიდის ეპარქიიდან განკვეთილ სასულიერო პირებს მონასტერში ყოფნის ვადა გუშინ ამოეწურათ.
განკვეთილი სასულიერო პირები ეპარქიის ტერიტორიიდან დღეს პოლიციის ძალის გამოყენებით გაიყვანეს.
ჭყონდიდის მიტროპოლიტმა მეუფე სტეფანემ 15-მდე სასულიერო პირს მღვდელმსახურება რამდენიმე თვის წინ აუკრძალა და მონასტრიდან განკვეთა.

























