მარტვილში, სალხინოს მონასტრის მიმდებარედ ხმაური იყო

მარტვილში, სალხინოს მონასტრის მიმდებარედ ხმაური იყო. არსებული ინფორმაციით, ადგილობრივების ნაწილი ტაძრის ეზოში შესვლას ცდილობდა, რისი უფლებაც მათ ადგილზე მობილიზებულმა სამართალდამცავებმა არ მისცეს.
"ახალგაზრდები მოვიდნენ შესვლა უნდოდათ ტაძარში, პოლიციელები გადაუდგნენ გზაზე და არ შეუშვეს ისინი. ამ დროს მოხდა შეხლა-შემოხლა, როგორც დავინახე 7 ახალგაზრდა გაიყვანეს", - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი მარიამ კიკალეიშვილი.
მეორედ ტაძრის მიმდებარედ ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც ადგილზე ჭყონდიდის ეპარქიიდან განკვეთილი სასულიერო პირები გამოჩნდნენ. ისინი დაინტერესდნენ და პოლიციას ჰკითხეს, რატომ არ მისცეს ადგილობრივ ახალგაზრდებს ტაძარში შესვლის უფლება. ურთიერთშელაპარაკებისას ტერიტორიიდან გაიყვანეს განკვეთილი ბერი მარკოზი და კიდევ ერთი ბერი. ისინი სავარაუდოდ მარტვილის პოლიციაში არიან გადაყვანილი.
დღეს მარტვილში, სალხინოს მონასტერში საკვირაო ლოცვა ჭყონდიდის მიტროპოლიტმა მეუფე სტეფანემ აღავლინა. განსხვავებით წინა დღეებისგან, ჭიშკარი მრევლისთვის დილიდან ღია იყო.

























