ნიკოლოზ ვაშაკიძე - დასავლეთის ქვეყნებს და დემოკრატიულ ინსტიტუტებს ადამიანის უფლებების უხეშად დამრღვევი რეჟიმის პარტნიორებად თავის წარმოჩენა გაუჭირდებათ

პარტია „ევროპელი დემოკრატების“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე ნიკოლოზ ვაშაკიძე მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განვითარებული პროცესების და საერთაშორისო გამოხმაურებების შესახებ საუბრობს.

- ხელისუფლების მიერ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით გადადგმულ ნაბიჯებს მწვავე შეფასებები მოჰყვა საერთაშორისო პარტნიორების და გავლენიანი უფლებადამცველი ორგანიზაციების მხრიდან. აქამდე დასავლეთი მიხეილ სააკაშვილის პატიმრობაზე ფორმალური განცხადებებით შემოიფარგლებოდა, რა შეიცვალა და რას ნიშნავს საერთაშორისო ინსტიტუტების ასეთი მწვავე შეფასებები?

- საერთაშორისო რეაგირება მიხეილ სააკაშვილის გარშემო მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით აქამდე შედარებით მსუბუქი და ნეიტრალური იყო. როგორც ჩანს, "ოცნებაში" ჩათვალეს, რომ როგორც იტყვიან, ყველაფერი „მოსულა“ და მოახდინეს მესამე პრეზიდენტის გლდანის ციხის საავადმყოფოში მოტყუებით გადაყვანა და გადადგეს მასთან დაკავშირებული აღმაშფოთებელი ნაბიჯები. ეტყობა, ამ გადაწყვეტილების მიმღებთ ბუნდოვანი წარმოდგენა აქვთ თუ რა წარმოადგენს დასავლეთში და საერთაშორისო ინსტიტუტებში ე.წ. "წითელ ხაზებს". ვფიქრობ, ის ტრაგიკომედია, რომელიც შემდგომ გათამაშდა უკვე ე.წ. სასამართლო პროცესზე, საზღვარგარეთიდან რეაგირებას კიდევ უფრო გააძლიერებს და გაამწვავებს. ჩვენს პარტნიორებში ძლიერდება აზრი, რომ საქართველოში არსებული სახელისუფლებო გუნდი დემოკრატიულ მოდერნიზაციას არ ექვემდებარება. "ქართულ ოცნებას" არ ესმის, რომ დასავლეთის ქვეყნებს და დემოკრატიულ ინსტიტუტებს ადამიანის უფლებების უხეშად დამრღვევი რეჟიმის პარტნიორებად თავის წარმოჩენა ძალიან გაუჭირდებათ.

- მიხეილ სააკაშვილის ყოფნა ციხეში და მასთან დაკავშირებული საკითხები არის თუ არა პრობლემა საქართველოს და უკრაინის დიპლომატიურ ურთიერთობაში, რისი შეცვლა შეუძლიათ ამ სიტუაციაში ჩვენს პარტნიორებს და როგორ გამოიყურება ქართული დემოკრატია საერთაშორისო პარტნიორების თვალში?

- რაც შეეხება უკრაინას, მას ჯერჯერობით კორექტული, მაგრამ შედარებით თავშეკავებული პოზიცია უჭირავს. მიუხედავად იმისა, რომ მიხეილ სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა, მათ კარგად ესმით, რომ ის საქართველოს მესამე პრეზიდენტი, საქართველოში გავლენიანი და მსხვილი პოლიტიკური ფიგურაა. თუმცა, რაც უფრო მეტად გაღრმავდება მისი უფლებების დარღვევა, ისინიც თავის პოზიციას უფრო გაამწვავებენ. ქართული დემოკრატიის იმიჯი საერთაშორისო პარტნიორების თვალში უაღრესად შელახულია. ერთადერთი, რაზეც ის დგას, არის საქართველოს გეოპოლიტიკური მნიშვნელობა, განსაკუთრებით, შავი ზღვის უსაფრთხოების პროცესში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების კონტექსტში. მიუხედავად ამისა, უნდა ვიცოდეთ, რომ ეს რესურსიც ამოწურვადია. აშშ და ევროკავშირი არ არიან არც ჩინეთი და არც რუსეთი, რომ ნებისმიერ რეჟიმთან შეძლონ უპრობლემოდ პარტნიორობა და მეგობრობა.

- რადგან დიპლომატიური ურთიერთობების მნიშვნელობაზე ვსაუბრობთ გვერდს ვერ ავუვლით გელა ჩარკვიანის გარდაცვალებას, რომელიც გარდა დიპლომატიურ საქმიანობაში გატარებული ხანგრძლივი პერიოდისა, დიდი მასშტაბის მოღვაწე იყო. ასეთი ადამიანების ფუნქცია და საჭიროება ქართული სახელმწიფოსთვის დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

- ძალიან დასანანია, რომ ბატონ გელაზე წარსულ დროში გვიწევს საუბარი. ბედნიერი ვარ, რომ მრავალი წლის მანძილზე ამ შესანიშნავ ადამიანთან მრავალმხრივი ურთიერთობა მაკავშირებდა სამსახურეობრივ თუ ყოფით დონეზე. იმ ურთულეს ვითარებაში, რომელშიც საქართველომ განვლო ბოლო რამდენიმე ათწლეული, უამრავმა ადამიანმა ძალიან ცუდი მხარით წარმოაჩინა საკუთარი თავი, ამ დროს გელა ჩარკვიანი თავისი არსებობითა და საქმიანობით გვიჩვენებდა ყველას, თუ როგორი შეიძლება იყოს მაღალი სტანდარტის ქართველი ადამიანი. მიუხედავად იმისა, რომ მას ყოველთვის მკაფიო მოქალაქეობრივი პოზიცია ჰქონდა, რომელიც ყველასთვის მისაღები ვერ იქნებოდა, თავისი ღრმა ინტელექტით და განუმეორებელი შარმით ის ახერხებდა, რომ ყველასათვის პატივსაცემი და საყვარელი ადამიანი ყოფილიყო. გეთანხმებით, ასეთი ადამიანები განსაკუთრებით საჭირონი არიან ქვეყნისათვის ახლა, ამ რთულ ვითარებაში. სამწუხაროდ, მან დაგვტოვა, მაგრამ თავისი წასვლით კიდევ ერთხელ გვაგრძნობინა ყველას, რომ აუცილებელია ვახერხებდეთ რაღაც - რაღაცეებზე მაღლა დადგომას ჭეშმარტიტი ღირებულებებისთვის.

- იმის მიუხედავად, ოფიციალური მოსკოვი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილი მისთვის საინტერესო არ არის, რუსული მედია აქტიურად განიხილავს ამბებს საქართველოდან. რადიკალურად განსხვავებულია რუსეთის საინფორმაციო კონტექსტები, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული მოვლენების შეფასება და მოლოდინი, რომ საქართველოში სიტუაცია კიდევ უფრო დაიძაბოს.

- რუსულმა მასმედიამ წარმოუდგენელი დეგრადაცია განიცადა, განსაკუთრებით ბოლო წლებში. ცხადია, ის ობიექტურობით და კეთილგანწყობით არასდროს გამოირჩეოდა, მაგრამ გარკვეულ დონეს, პროპაგანდაშიც კი ინარჩუნებდა. ის, რაც დღეს რუსეთის ხელისუფლების მიერ კონტროლირებად (და ასეთია მათი აბსოლუტური უმრავლესობა) საშუალებებში ხდება, გარე მაყურებლისთვის, რომელიც არა უწყვეტად, არამედ პერიოდულად ადევნებს მათ თვალყურს, ზოგჯერ დაუჯერებელიც არის. პროპაგანდა იმდენად უხეში და მდარე გახდა, რომ მას ხშირად სერიოზულადაც ვერ განიხილავ. ცხადია, რამდენიც არ უნდა ილაპარაკონ საპირისპირო, საქართველოსა და სააკაშვილის მიმართ თავის ინტერესს ისინი ვერ მალავენ. სააკაშვილის მიმართ მათი სიძულვილი განპირობებულია იმით, რომ ეს პოლიტიკური ფიგურა მათთვის საქართველოს დამოუკიდებელ პოლიტიკურ ნებას განასახიერებს.

- ხელისუფლების მიერ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით გადადგმული ნაბიჯები კიდევ უფრო ამწვავებს პოლიტიკურ სიტუაციას, რაც შეიქმნა არჩევნების შემდეგ. როგორია მოვლენების განვითარების შესაძლო სცენარი და რა რესურსი არსებობს ამ კრიზისული მდგომარეობის განსამუხტად?

- ხელისუფლებამ სააკაშვილთან მიმართებაში თავიდანვე დაუშვა დიდი შეცდომა, როცა პრაქტიკულად აუკრძალა მას პოლიტიკური მოღვაწეობა საქართველოში და ხელოვნური, "შეკერილი", ყალბი საქმეებით დაუსწრებლად მიუსაჯა მას პატიმრობა. ამის შემდეგ ის თვითონ იქცა ამ პირველი შეცდომის მძევლად და ყოველი შემდგომი მცდარი ნაბიჯი მისი გაგრძელება და შედეგია. როგორც სჩანს, "ოცნებას" ვერ წარმოედგინა, რომ მესამე პრეზიდენტი გაბედავდა საქართველოში ჩამოსვლას. მან კი ეს გააკეთა და ჩვეულ სტილში აურია გეგმები თავის მოწინააღმდეგეებს. დღეს ყველანი იმის მოწმეები ვართ, რომ სააკაშვილის უსამართლო შევიწოვებით, რომელიც თანდათან სულ უფრო უხეშ ხასიათს იძენს, ხელისუფლება, ნებსით თუ უნებლიედ, თავად ზრდის სააკაშვილის მიმართ ხალხის ემპათიას და აძლიერებს მას პოლიტიკურად. უამრავი მისი ოპონენტი დღეს მის მხარდამჭერად აქციეს. რომ შევადაროთ საქართველოს მოსახლეობაში სააკაშვილის პოპულარობა მისი საქართველოში ჩამოსვლამდე და დღეს, ის სერიოზულად გაზრდილია და ეს მნიშვნელოვანწილად მის მიმართ წარმოებული დევნის შედეგია. მოვლენების განვითარების პროგნოზირება, ბოლო მოვლენებიდან გამომდინარე, გართულდა. ძირითადად იკვეთება ორი გზა - ან ხელისუფლების მიერ რეჟიმის გამკაცრება, ან ფართო ოპოზიციასთან დიალოგზე წამოსვლა და ხელისუფლების გადანაწილება. ვადამდელი არჩევნების ჩატარება - არჩატარების საკითხიც ამ კონტექსტშია. ერთი რამ შემიძლია ვთქვა - რეჟიმის გამკაცრება უმძიმეს ზიანს მიაყენებს ჩვენს ქვეყანას. ის ვერ მოიტანს შიდა სტაბილურობას, საერთაშორისო არენაზე კი საერთოდ დაგვინგრევს ისედაც შერყეულ პოზიციებს. კონსტრუქციული გზის თვალსაზრისით ჩვენ სამწუხაროდ დავკარგეთ უნიკალური შანსი შარლ მიშელის დოკუმენტის სახით და ეს პროცესში ჩართული მთავარი ძალების გაუმართლებელი მაქსიმალიზმისა და პოლიტიკური უკულტურობის შედეგად მოხდა. ვფიქრობ, ხელისუფლებაც და ოპოზიციაც ვალდებულები არიან გამოიჩინონ პოლიტიკური სიბრძნე, კომპრომისის უნარი და, რაც არ უნდა ძნელი იყოს, განაახლონ შეთანხმების პროცესი და შეძლონ ქვეყნის ნორმალური გზით წაყვანა.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს