კახა გოგოლაშვილი - ოპოზიციისა და დასავლელი პარტნიორების მიმართ ხელისუფლების  მოქმედება აშკარად სარისკო ქცევა და სახიფათო თამაშია

საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე “ინტერპრესნიუსი“ ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორს, რონდელის ცენტრის მკვლევარს, კახა გოგოლაშვილს ესაუბრა.

- ბატონო კახა, დაპირისპირებული მხარეების იურისტები სააკაშვილის სარჩელზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ისე კითხულობენ, როგორც თავად აწყობთ. ამიტომ, იმის გათვალისწინებით, რომ ევროპული სტრუქტურების, მათ შორის ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებების დაცვის სასამართლოს მუშაობას კარგად იცნობთ, გადავწყვიტეთ თქვენ დაგკავშირებოდით.

თქვენ როგორ აღიქვით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელზეც იუსტიციის სამინისტრო ამბობს, რომ სასამართლომ არ დააკმაყოფილა სააკაშვილის საჩივარი კერძო კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებით და მისგან შიმშილობის შეწყვეტა მოითხოვა?

- პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ სტრასბურგის ეს გადაწყვეტილება შუალედური გადაწყვეტილებაა, რომელიც მიღებულია 24 საათის განმავლობაში მას შემდეგ, რაც შევიდა სარჩელი.

ეს თავისთავად გულისხმობს იმას, რომ სტრასბურგის სასამართლო ვერ მოითხოვდა და ვერ განიხილავდა ყველა დოკუმენტს, რომელიც ამ საქმეს უკავშირდება. ამიტომ ვერ მოხდებოდა საქმის დეტალების სრულფასოვანი შესწავლა. სააკაშვილის სარჩელზე სტრასბურგის გადაწყვეტილება არის უფრო ზოგადი და ამიტომაც იძლევა იგი სხვადასხვა ინტერპრეტაციის საშუალებას და ეს მოსალოდნელიც იყო.

ზოგადი გადაწყვეტილება ყოველთვის იძლევა სხვადასხვა და განსხვავებული ინტერპრეტაციის საშუალებას. მაგრამ, ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ამ შემთხვევაში, შუალედურ გადაწყვეტილებაში სტრასბურგის სასამართლო ზოგადი გადაწყვეტილების იქეთ ვერ წავიდოდა.

ზოგადი გადაწყვეტილება ყოველთვის იძლევა სხვადასხვა და განსხვავებული ინტერპრეტაციის საშუალებას. მაგრამ, ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ამ შემთხვევაში, შუალედურ გადაწყვეტილებაში სტრასბურგის სასამართლო ზოგადი გადაწყვეტილების იქეთ ვერ წავიდოდა

მიუხედავად ამისა, ამ გადაწყვეტილებაში ძირითადი არსის დანახვა შესაძლებელია. საქმე ისაა, რომ ვიდრე მათ არ ეცოდინებოდათ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ყველა მონაცემი, სტრასბურგის სასამართლო ვერ მოითხოვდა მოსარჩელე სააკაშვილის ერთი კლინიკიდან მეორე კლინიკაში გადაყვანას.

ასეა იმის გამოც, რომ მათ არც ის ეცოდინებოდათ სააკაშვილს რა სამედიცინო მომსახურება სჭირდება და რომელ კლინიკას რა შესაძლებლობები აქვს. ამას სჭირდება საექსპერტო დასკვნები და არა ერთი დოკუმენტი, რომელთა მიღების შემდეგ, მათ ზუსტად ეცოდინებოდათ თუ რომელი კლინიკაა მისთვის აუცილებელი. მათ ეს მონაცემები რომც ჰქონოდათ, ისინი ამის განხილვას ვერც მოასწრებდნენ.

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების მთავარი არსი არის ის, რომ ისინი მოითხოვენ რომ სააკაშვილის ჯანმრთელობას არ შეექმნას საფრთხე.

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების მთავარი არსი არის ის, რომ ისინი მოითხოვენ რომ სააკაშვილის ჯანმრთელობას არ შეექმნას საფრთხე

- გასაგებია, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში საუბარი არა სააკაშვილის გადაყვანის აუცილებლობაზე, მაგრამ როდესაც ექიმთა საკონსულტაციო ჯგუფი ამბობს, რომ გლდანის ციხის საავადმყოფოში სააკაშვილის ჯანმრთელობის უზრუნველყოფა შეუძლებელია, ეს ალბათ უნდა ყოფილიყო საფუძველი იმისათვის, რომ იუსტიციის სამინისტროს სხვა და კონკრეტული ნაბიჯები გადაედგა...

- აბსოლუტურად გეთანხმებით. ამის იქეთ, ჩემი მსჯელობა შეიძლება ასე წავიყვანო - სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ტოვებს სივრცეს იმისთვის, რომ ადგილზე გადაწყვეტილების მიმღებმა პირებმა უფრო სიღმისეულად განიხილონ სიტუაცია და მიიღონ ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც უკეთ შეესაბამება სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას.

რადგანაც არსებობს ექიმების კონსილიუმის გადაწყვეტილება, არსებობს ციხის საავადმყოფოზე სახალხო დამცველის, იმ ხალხის, ვინც პენიტენციარულ სისტემაში სამედიცინო სფეროში მუშაობდა, ასევე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის შეფასებები, გადაწყვეტილება უნდა ყოფილიყო მიღებული, რადგან პრიორიტეტულად მიჩნეულია სააკაშვილის უსაფრთხოება და მისი ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ზომების მიღება. ეს დასკვნები გულისხმობს იმას, ისინი უნდა ყოფილიყო მხედველობაში მიღებული.

იმის მოლოდინი, რომ სტრასბურგი ხელისუფლებას მიუთითებს თუ რომელ კლინიკაში უნდა იქნას გადაყვანილი სააკაშვილი, არ უნდა გვქონდეს

თუ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გამოსწორდა, ამ საკითხზე სტრასბურგის შემდგომი გადაწყვეტილება ამ თემაზე ყურადღებას არ გაამახვილებს. მათ შორის იმაზეც, რატომ გადაიყვანეთ სხვა დაწესებულებაში სამკურნალოდ, ან რატომ არ გადაიყვანეთ.

თუ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა და ეს საკითხი სტრასბურგში თავიდან იქნა განხილული უფრო დეტალურად, მაშინ რა თქმა უნდა, ისინი სხვა დადგენილებას მიიღებენ. იმის მოლოდინი, რომ სტრასბურგი ხელისუფლებას მიუთითებს თუ რომელ კლინიკაში უნდა იქნას გადაყვანილი სააკაშვილი, არ უნდა გვქონდეს.

- გადაწყვეტილებაში ნათქვამია - მთავრობამ 24 ნოემბრამდე ევროპულ სასამართლოს უნდა მიაწოდოს ინფორმაცია მომჩივნის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე.

24 ნოემბრამდე საკმაოდ დიდი დროა, არადა, როგორც ექიმები ამბობენ, სააკაშვილის მდგომარეობა კრიტიკულია...

- სტრასბურგის სასამართლოს შეუძლია განსაჯოს და მოითხოვოს მისი გადარჩენა. როცა ისინი საუბრობენ 24 ნოემბრამდე მათ ინფორმირებას, ისინი გულისხმობენ, რომ ამ დრომდე იგი არ დაიღუპება.

მიუხედავად ამისა, ისინი იმსჯელებენ იმაზე, ყველა ზომა იქნა თუ არა მიღებული მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოსასწორებლად. თუ აღჩნდება, რომ ქვეყანამ ამისთვის ყველა ზომა არ მიიღო, მაშინ ისინი სავარაუდოდ, უფრო მკაცრ გადაწყვეტილებას მიიღებენ. შესაძლოა, გარკვეული ჯარიმებიც დააწესონ.

- ამ თემაზე „ამნესტი ინტერნეიშენალის“ მიერ გავრცელებულ წერილში ნათქვამია, რომ სააკაშვილის მიმართ ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები სხვა არაფერია, თუ არა პოლიტიკური რევანში.

ყველაფერი ის, რასაც სააკაშვილთან დაკავშირებით ბოლო დღეებში ვადევნებთ თვალს, რამდენად ჰგავს მის მიმართ პოლიტიკურ რევანშს?

- წლების წინ, როდესაც სააკაშვილი მისი პრეზიდენტობის დროს შეცდომებს უშვებდა და მისი ხელისუფლება ადამიანის უფლებებს არღვევდა, „ამნესტი ინტერნეიშენალი“ პრეზიდენტ სააკაშვილის მიმართ საკმაოდ კრიტიკული იყო. არანაირი მიზეზი არ გვაქვს ვამტკიცოთ, რომ მისი შეფასებები ახლა არაობიექტურია, ან მიკერძოებული.

ფაქტია, რომ „ამნესტი ინტერნეიშენალმა“ დაინახა ნიშნები იმისა, რომ სააკაშვილის მიმართ რაც კეთდება, გარკვეული პოლიტიკური რევანშია. ამგვარი შეფასების საშუალებას ამ ორგანიზაციას აძლევს ის განცხადებები, რომლებსაც ხელისუფლების წარმომადგენლები აკეთებენ.

ფაქტია, რომ „ამნესტი ინტერნეიშენალმა“ დაინახა ნიშნები იმისა, რომ სააკაშვილის მიმართ რაც კეთდება, გარკვეული პოლიტიკური რევანშია

ასევე ის ქმედებები, რომელიც უკავშირდებოდა ციხის ექიმებთან სააკაშვილის კონსულტაციების პრივატული კადრების გავრცელებას. ასევე სხვა კადრების გავრცელებას, რომელიც იუსტიციის სამინისტრომ სააკაშვილის გლდანის ციხეში მისი მოთავსების შემდეგ გაავრცელა. ამგვარი რამ ევროპული კონვენციის აშკარა დარღვევაა და კვალიფიცირდება, როგორც ღირსების შემლახველი ქმედება.

ამნესტი ინტერნეიშენალს“ ამ თემაზე ოფიციალური განცხადება არ გაუვრცელებია, მან ამ თემაზე შეფასებები ტვიტერით გაავრცელა, მაგრამ ახლა იმგვარი კულტურაა ჩამოყალიბებული, რომ ტვიტერზე დაწერილი ლამის ოფიციალურ განცხადებად განიხილება.

ამიტომ, ისეთი ავტორიტარული ორგანიზაციის მხრიდან ამგვარი მოსაზრებები გასათვალისწინებელია. ჩვენში დემოკრატიის ხარისხზე მოსაზრებები საერთაშორისო ასპარეზზე სწორედ ასეთი ორგანიზაციების მიერ ყალიბდება. ამგვარი შეფასებები ჩვენ დემოკრატიის რეიტინგებში აშკარად დაგვხევს უკან. ეს თავისთავად აისახება იმ საკითხებზე, როგორიცაა ჩვენი ევროპული და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაცია.

- სააკაშვილთან დაკავშირებული თემების პარალელურად ვხედავთ „ნაცმოძრაობისა“ და სააკაშვილის მხარდამჭერების აქტიურობას რეგიონებში და თბილისში. თბილისში ადმინისტრაციულ შენობებთან აქციები გაიმართა და როგორც ითქვა, კიდევ ბევრჯერ გაიმართება.

როგორ შეაფასებდით არჩევნების მეორე ტურის დასრულების შემდეგ შიდა პოლიტიკაში მიმდინარე პროცესებს?

- პროტესტის უფლება მათ აქვთ, მშვიდობიანი პროტესტია, და რა თქმა უნდა, პროტესტის მიზეზიც აქვთ. მთავრობას შეეძლო ისე ემოქმედა, რომ მათთვის პროტესტის საბაბი არ მიეცა. სააკაშვილი დაკავების უფლება ხელისუფლებას ჰქონდა, თუნდაც, როგორც მინიმუმ იმისთვის, რომ არალეგალურად გადმოკვეთა სახელმწიფო საზღვარი.

მანამდე სასამართლოს სააკაშვილთან დაკავშირებით ორი გადაწყვეტილება ჰქონდა მიღებული და მას მისჯილი ჰქონდა. სხვა საქმეა, როგორმა სასამართლომ მიიღო ეს გადაწყვეტილებები. ამის გასაჩივრება ალბათ შესაძლებელია და ეს თემები იურიდიულ სიბრტყეში უნდა გადავიდეს.

ახლა პროტესტი გამოწვეულია იმით, თუ როგორ იქნა სააკაშვილი გადაყვანილი ერთი ციხიდან მეორეში. იმითაც, რომ სააკაშვილი სასამართლოზეც არ მიიყვანეს. შეეძლოთ მისი ონლაინ ჩართვა, მაგრამ ესეც არ გააკეთეს.

თავისთავად არც სასიამოვნოა და არც კარგი, როცა ქვეყანა პერმანენტულადაა კრიზისში. ამის გამო ქვეყანა ვერ მუშაობს. ამას ემატება კოვიდის გამო არსებული პრობლემები. ქუჩის აქციები კოვიდის გავრცელების ალბათობას ზრდის. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ცუდია, მაგრამ ყველაფერ ამის პრევენცია მთავრობას უნდა მოეხდინა.

მთავრობას, როგორც მინიმუმ საბაბი არ უნდა მიეცა ოპოზიციისთვის სააკაშვილის ციხეში ყოფნის პირობებთან, სასამართლოში მიუსვლელობასთან ან იგივე კადრების გავრცელებასთან დაკავშირებით. ამას ემატება მასზე ცინიკური განცხადებები, ასევე მსჯელობები იმაზე შიმშილობს იგი თუ არა და ასე შემდეგ. ამ ტიპის განცხადებები არ უწყობს ხელს ქვეყანაში სტაბილიზაციას. ჩემი აზრით, ამ თვალსაზრისით ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკური პროცესის აშკარად არასწორ მენეჯმენტთან გვაქვს საქმე.

მთავრობას, როგორც მინიმუმ საბაბი არ უნდა მიეცა ოპოზიციისთვის სააკაშვილის ციხეში ყოფნის პირობებთან, სასამართლოში მიუსვლელობასთან ან იგივე კადრების გავრცელებასთან დაკავშირებით. ამას ემატება მასზე ცინიკური განცხადებები, ასევე მსჯელობები იმაზე, შიმშილობს იგი თუ არა და ასე შემდეგ. ამ ტიპის განცხადებები არ უწყობს ხელს ქვეყანაში სტაბილიზაციას. ამ თვალსაზრისით ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკური პროცესის აშკარად არასწორ მენეჯმენტთან გვაქვს საქმე

ვხედავთ, რომ ბოლო ხანებში მოქალაქეები მაინცადამაინც მოტივირებული არ არიან ქუჩებში გამოვიდნენ და იქ საათობით იდგნენ. ასეთი მოტივაცია ქვეყანაში არ არსებობდა, მაგრამ ხელისუფლების მხრიდან ასეთი სახის ქმედება და შეცდომები ხელს უწყობს პროტესტის გაღვივებასა და გაღრმავებას. რაც საბოლოო ჯამში ძალიან ცუდია, რადგან დესტაბილიზაციის ნიშნებს შეიცავს.

- ფაქტია, რომ შექმნილ ვითარებაში პოლიტიკური პროცესის დეესკალაცია ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია.

„ნაცმოძრაობამ“ 10 ნოემბერს განაცხადა, რომ ისინი მზად არიან ვალდებულება აიღონ იმაზე, რომ იმ შემთხვევაში თუ ხელისუფლება სააკაშვილს მრავალპროფილურ კლინიკაში გადაიყვანენ, ისინი იქ აქციებს არ მოაწყობენ და მის გატაცებაზეც არავინ იფიქრებს.

თქვენი დაკვირვებით, სავარაუდოდ, როგორი იქნება „ნაცმოძრაობის“ განცხადებაზე ხელისუფლების პასუხი?

- როგორც ვხედავ, ხელისუფლება ჯერჯერობით არ აპირებს სააკაშვილის საავადმყოფოში გადაყვანას. შეეცდებიან გლდანის საავადმყოფოში დაამონტაჟონ კომპიუტერული ტომოგრაფია რომ შემდეგ ევროპის საბჭოს სტრასბურგის სასამართლოს აცნობონ, რომ გლდანის საავადმყოფო ყველა საჭირო აპარატურითაა დაკომპლექტებული.

10 ნოემბერს გამართულმა სასამართლო პროცესმა გვაჩვენა, რომ ხელისუფლება არანაირ დათმობაზე წასვლას არ აპირებს. ვერ ვხედავ რომ ხელისუფლება „ნაციონალების“ ინიციატივაზე შემხვედრი ნაბიჯების გადადგმას აპირებს. როგორც მინიმუმ, სასამართლო ისე უნდა ჩაეტარებინათ, რომ სააკაშვილი ონლაინ მაინც ჩაერთოთ.

ვერ ვხედავ რომ ხელისუფლება „ნაციონალების“ ინიციატივაზე შემხვედრი ნაბიჯების გადადგმას აპირებს

ჩემი აზრით, ამ პროცესისადმი ხელისუფლების მხრიდან ამგვარი მიდგომები ცოტა სარისკო მიდგომებია. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება შემხვედრი ნაბიჯების გადადგმას არ აპირებს, მაინც მინდა მქონდეს იმედი, რომ ხელისუფლება გამოიჩენს მეტ წინდახედულობას და შეეცდება პროცესის დეესკალაციას. თუნდაც უარს იტყვის გამაღიზიანებელი, ცინიკური და ოპოზიციის ღირსების შემლახველი განცხადებების გაკეთებაზე. ხელისუფლებას უფრო მეტი მოეთხოვება, ვიდრე ოპოზიციას.

თუ ოპოზიციის მხრიდან არის ღირსების შემლახველი განცხადებები მთავრობის მიმართ, ხელისუფლება უნდა ახსოვდეს, რომ მას თმენის მეტი ვალდებულება აქვს.

- სააკაშვილთან დამოკიდებულებაში ხელისუფლების ქმედებებთან დაკავშირებით საკმაოდ კრიტიკული განცხადებები გააკეთეს ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა, აშშ-ს სახ.დეპარტამენტმა, ევროკავშირისა და აშშ-ს წარმომადგენლებმა საქართველოში, მაგრამ ვხედავთ, რომ ხელისუფლება მათზე პრაქტიკულად არც რეაგირებს.

რას შეიძლება ნიშნავდეს ის, რომ დასავლეთის კრიტიკაზე ხელისუფლება არ რეაგირებს?

- ხელისუფლებას თანდათან ჩამოუყალიბდა თვითდაჯერებულობა და რწმენა იმისა, რომ აშშ და ევროპა საქართველოს მიმართ არ მიიღებენ მკვეთრ გადაწყვეტილებებსა და ზომებს. შესაძლოა ეს იყოს მიზეზი იმისა, რომ ხელისუფლების დამოკიდებულება პარტნიორების მიმართ სულ უფრო მეტად გამომწვევი გახდა.

ხელისუფლებას თანდათან ჩამოუყალიბდა თვითდაჯერებულობა და რწმენა იმისა, რომ აშშ და ევროპა საქართველოს მიმართ არ მიიღებენ მკვეთრ გადაწყვეტილებებსა და ზომებს. შესაძლოა ეს იყოს მიზეზი იმისა, რომ ხელისუფლების დამოკიდებულება პარტნიორების მიმართ სულ უფრო მეტად გამომწვევი გახდა

ჩემი აზრით, ამ თვალსაზრისით პირველი იყო შარლ მიშელის დოკუმენტზე უარის თქმა, შემდეგ უარის თქმა 75 მილიონიან შეღავათიან ევროპულ სესხზე, რომელიც ევროკავშირთან ხელმოწერილი მემორანდუმით იყო გათვალისწინებული. ამას დაემატა სასამართლოებში დანიშვნები, რითაც დასავლეთის აზრის იგნორირება მოხდა. ახლა სააკაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით ბევრ რამეზე მოხდა იგნორირება. როგორც ვხედავ, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებითაც ისე მოიქცევიან, როგორც თავად ჩათვლიან საჭიროდ.

ეს ყველაფერი ალბათ გამომდინარეობს იქიდან, რომ ხელისუფლება ხედავს რომ ევროპა ცდილობს ფრთხილად მოიქცეს აღმოსავლეთის პარტნიორებთან, არ ამწვავებს თავის ურთიერთობებს, რადგან ხედავს, რომ რუსეთი ცდილობს გეოპოლიტიკური ომის მოგებას. მას შემდეგ რაც ევროპელებმა ლუკაშენკოს ქმედებები გააპროტესტეს, ლუკაშენკო და ბელორუსი მთლიანად რუსეთისკენ წავიდა.

ევროკავშირისთვის გეოპოლიტიკა მნიშვნელოვანი გამოწვევაა და მათ არ უნდათ საქართველოს დაკარგვა. როგორც ჩანს, ეს აძლევს მთავრობას გამბედაობას. ხელისუფლებამ იცის, რომ ევროპელები მათ ნებისმიერ შემთხვევაში ხელს არ კრავენ და სანქციებს არ დაუწესებენ რომ საქართველოშიც არ განმეორდეს ბელორუსის სცენარი.

ევროკავშირისთვის გეოპოლიტიკა მნიშვნელოვანი გამოწვევაა და მათ არ უნდათ საქართველოს დაკარგვა. როგორც ჩანს, ეს აძლევს მთავრობას გამბედაობას. ხელისუფლებამ იცის, რომ ევროპელები მათ ნებისმიერ შემთხვევაში ხელს არ კრავენ და სანქციებს არ დაუწესებენ რომ საქართველოშიც არ განმეორდეს ბელორუსის სცენარი

ამ გარემოებას ხელისუფლება ოპოზიციის წინააღმდეგ და დასაკნინებლად იყენებს. ოპოზიციისა და დასავლელი პარტნიორების მიმართ ხელისუფლების მოქმედება აშკარად სარისკო ქცევა და სახიფათო თამაშია. ასეა, რადგან ევროპასა და აშშ-ში ყოველთვის ასე არ იქნება.

კრიზისი გადაივლის, ჩვენს მიმართ პრიორიტეტებს გადახედავენ და პოლიტიკას შეცვლიან. ეს კი ჩვენ შესაძლოა ცუდადაც კი შემოგვიბრუნდეს. 2024 წელს ევროკავშირზე ფიქრი შესაძლოა მხოლოდ მოგონებად დაგვრჩეს. ასეთ საკითხებში სიფრთხილე და წინდახედულობა ხელისუფლებას არ აწყენდა.

ინტერპრესნიუსი

კობა ბენდელიანი

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს