უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს მიმართავს, ისარგებლონ ვაქცინაციის წამახალისებელი ღონისძიებებით და აქტიურად ჩაერთონ აცრის პროცესში

ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა და ვაქცინაციის წამახალისებელი ღონისძიებების შედეგად აცრების პროცესის ინტენსიფიკაცია განიხილეს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

როგორც ცნობილია, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 200-ლარიან ერთჯერად დანამატს მიიღებს 60 და მეტი ასაკის საქართველოს თითოეული მოქალაქე, რომელიც 2021 წლის 8 ნოემბრიდან 2021 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, ახალი კორონავირუსული დაავადების − COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრება. დანამატი გაიცემა პირველი აცრის გაკეთების შემდეგ.

ამასთან, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე პოზიტიურად შეფასდა ევროკომისიის გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, საქართველო ევროკავშირის ციფრული კოვიდ-სერტიფიკატის სისტემას უერთდება. შესაბამისად, საქართველოს მიერ გაცემული კოვიდ-სერტიფიკატი ვაქცინაციის, ტესტებისა და კოვიდისგან გამოჯანმრთელების შესახებ აღიარებულია ევროკავშირის მიერ და გათანაბრებულია ევროკავშირის შესაბამისი რეგულაციით გაცემულ სერტიფიკატებთან, რომლის მიზანიცაა ადამიანთა თავისუფალი გადაადგილების ხელშეწყობა ევროკავშირის ტერიტორიაზე.

გარდა ამისა, როგორც ცნობილია, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 1-ლი დეკემბრიდან ამოქმედდება ე.წ „მწვანე პასპორტის“ კონცეფცია, რაც ნიშნავს იმას, რომ 1-ლი დეკემბრიდან მოქალაქეები მხოლოდ და მხოლოდ „მწვანე პასპორტის“ პრინციპით შეძლებენ შესვლას:

კვების ობიექტების, რესტორნების, კაფეების და ბარების ღია და დახურულ სივრცეებში, კინოთეატრებში, თეატრებში, ოპერაში, მუზეუმებში, საკონცერტო დარბაზებში, გასართობ ცენტრებში, სამორინეებსა და სათამაშო ბიზნესის ობიექტებზე, სპა-ცენტრებში, ფიტნეს-დარბაზებში, სასტუმროებში და ასევე სამთო კურორტების - საბაგირო გზებზე; აღნიშნული მოთხოვნა გავრცელდება ჩამოთვლილი ობიექტების სტუმრებზე.

რაც შეეხება საბავშვო-გასართობ ცენტრებს, „მწვანე პასპორტის“ მოთხოვნა იმოქმედებს მხოლოდ 18 წლის ასაკს ზემოთ მოქალაქეებისთვის. პირს მწვანე სტატუსი აქვს, თუ იგი ვაქცინირებულია სრულად, ჩატარებული აქვს 72-საათიანი ვალიდურობის PCR-ტესტი ან 24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენ-ტესტი, ან გადატანილი აქვს კორონავირუსი.

პრემიერ-მინისტრის დავალების შესაბამისად, აქტიურად გაგრძელდება იმუნიზაციის კამპანია და ვაქცინაციის სააგიტაციო ღონისძიებები ყველა მუნიციპალიტეტში. უწყებათაშორისი სააკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს მოუწოდებს, აქტიურად ჩაერთონ ვაქცინაციის პროცესში, ატარონ პირბადე და დაიცვან სოციალური დისტანცია.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენიდან დღემდე, ვირუსით ინფიცირების 791 115 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 727 184 პირი გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილია 11 140 ადამიანი.ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 70 ადამიანი, კლინიკურ სასტუმროებში - 1 156 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 6 718 პირი.

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში აქტიურად მონაწილეობს საქართველოს პარლამენტი და პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო