შეკვეთილში, დენდროლოგიურ პარკთან „ნაცმოძრაობის“ გურიის ორგანიზაციის წევრები მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით შეიკრიბნენ

შეკვეთილში, დენდროლოგიურ პარკთან „ნაციონალური მოძრაობის“ გურიის ორგანიზაციის წევრები საქართველოს მესამე პრეზიდეტის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით შეიკრიბნენ. მათი განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი უკანონო პატიმარია. მათივე თქმით, ბიძინა ივანიშვილი შეკვეთილში დიდ დროს ატარებს და შესაძლოა, ასე მიაწვდინონ ხმა. შეკრებილებმა ასფალტზე საპროტესტო წარწერების დატოვება სცადეს, თუმცა სამართალდამცავებმა მათ ამის უფლება არ მისცეს, რასაც ხმაური მოჰყვა.
„იმისთვის, რომ გავაპროტესტოთ საქართველოს მესამე პრეზიდენტის უკანონო პატიმრობა, მოვითხოვოთ მისი სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა და ამისთვის ჩვენ ვგეგმავთ მოვაწყოთ ძალიან მშვიდობიანი აქცია-პერფორმანსი და ვხედავთ, რომ ჩვენზე მეტი პოლიციელი მოვიდა. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ქვეყანაში არის ტოტალური მოსმენა და არაფერი არ შეცვლილა. რამდენიმე ადამიანი მოვედით აქ, ინფორმაცია არ გავრცელებულა, მე ამ დილით ზარი განვახორციელე ღია ხაზზე ესეც შეგნებულად და პოლიციელები გამოიქცნენ და ჩამოგვასწრეს. ახლა გვეუბნებიან, ოღონდ ბიძინა ივანიშვილს ნუ შეაწუხებთო და წადითო სხვაგან“, - განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა დავით მჟავანაძემ.

























