იოსებ ხახალეიშვილი - ჩვენი თანამოქალაქეების ჩართულობა ბიუჯეტის ფორმირების პროცესში მნიშვნელოვანია

იოსებ ხახალეიშვილი - ჩვენი თანამოქალაქეების ჩართულობა ბიუჯეტის ფორმირების პროცესში მნიშვნელოვანია

ქუთაისის მერი, იოსებ ხახალეიშვილი „მონაწილეობითი ბიუჯეტირება 2022“-ის გამარჯვებულებს შეხვდა.

ქუთაისის მერიის ცნობით, მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროექტი რამდენიმე წელია წარმატებით ქუთაისის მუნიციპალიტეტში ხორციელდება და ქალაქის ბიუჯეტის ფორმირებაში მოსახლეობის მაქსიმალურ ჩართულობას განაპირობებს.

მათივე ინფორმაციით, მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროექტების კონკურსი 3 ეტაპად მიმდინარეობდა და საბოლოოდ, კენჭისყრის შედეგების მიხედვით, 4 გამარჯვებული იდეა გამოვლინდა: საფეხმავლო და ველო ბილიკები - თამაზ ბაბუნაშვილი; საბავშვო მინი-პარკი - ეკატერინე საკანდელიძე; მულტიფუნქციური სველი წერტილები - თამთა გირგვლიანი; საზაფხულო კინოთეატრი - ლევან ბიბილეიშვილი.

ქუთაისის მერიის ინოფორმაციით, მულტიფუნქციური სველი წერტილების პროექტი უკვე მოწონებული იყო ქალაქის საკრებულოს მიერ და საპილოტე რეგიონების განვითარების პროგრამაშია ჩასმული, რაც იმაზე მიუთითებს, რომ მოქალაქეების და ადგილობრივი თვითმმართველობის ინტერესები თანხვედრაშია და კონკრეტულ დოკუმენტებშია ასახული.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი თანაქალაქელების ჩართულობა ბიუჯეტის ფორმირების პროცესში და ამ კუთხითაა მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროექტი საინტერესო. დღეს შევხვდით კონკურსში „შენი იდეა შენი ქალაქისთვის“ გამარჯვებული 4 იდეის ავტორებს. საინტერესო პროექტებია. მათი განხორციელება 2022 წელს მოხდება და დარწმუნებული ვარ , ოთხივე მათგანი ჩვენი თანაქალაქელების მოწონებას დაიმსახურება“ , - განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

პროექტი „ქუთაისის მონაწილეობითი ბიუჯეტირება“ USAID-ის დემოკრატიული მმართველობის ინიციატივის (GGI ) მხარდაჭერით ხორციელდება.