პაატა დავითაია - სანამ ჩვენ პოლიტიკურ დაპირისპირებაში ვართ, კრემლი ამზადებს პირს, რომელიც აფხაზეთის ანექსიას გააფორმებს

პარტია „ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარე პაატა დავითაია თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ განვითარებული მოვლენების და აფხაზეთში მიმდინარე პროცესების შესახებ საუბრობს.

- როგორ შეაფასებთ იმ პროცესებს, რაც განვითარდა თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ?

-მოვლენების ის განვითარება, რაც ხდება თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, მოსალოდნელიც იყო, რადგან ეს პროცესი გარკვეული ძალების მიერ შეიძლება ითქვას, რომ წინასწარ ანონსირდებოდა. განცხადებები კეთდებოდა მთავარი ოპოზიციური ძალის „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ. გასაკვირია ის მოლოდინი, რაც არსებობდა მათი მხრიდან თვითმმართველობის არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით. 2018 წელს საპრეზიდენტო არჩევნების დროს, როდესაც არსებობდა დიდი ოპოზიციური გაერთიანება პირველ ტურში აღებული ხმების რაოდენობა 600 000 იყო, მეორე ტურში გაერთიანებულმა ოპოზიციამ კიდევ უფრო მეტი - 800 000 ხმა მიიღო. ყველა შემდეგ მომდევნო არჩევნებში „ნაციონალურმა მოძრაობამ“ , როდესაც არჩევნებზე მარტო გამოვიდა, 600 000 - ზე ნაკლები ხმა აიღო, შესაბამისად, მათ კარგად იცოდნენ, როგორი იყო რეალობა. სამწუხაროა, რომ გარკვეული პოლიტიკური ძალების და ტელევიზიების მეშვეობით შექმნილი იყო ფუჭი მოლოდინი, დღეს ამ ფუჭი მოლოდინის „მსხვერპლია“, როგორც პოლიტიკური სპექტრი, ასევე საზოგადოების ნაწილიც. ამ არჩევნების შედეგებით ცხადი გახდა, რომ ამომრჩეველს კარგავს არა მარტო მთავარი ოპოზიციური ძალა, არამედ მმართველი პარტიაც. თვითმმართველობის არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო თითქმის იმდენი ხმა, რამდენი ხმაც მივიღეთ გაერთიანებულმა ოპოზიციამ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში. ეს ცხადყოფს, რომ საზოგადოების დაკვეთა არის გაერთიანება და კოალიციური მმართველობა, ოღონდ რეალური კოალიცია და არა ფიქტიური. 2018 წელს, როდესაც გრიგოლ ვაშაძე იყო გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატი, მოსახლეობა მიხვდა, რომ ოპოზიციის გაერთიანება იყო რეალური და ის შედეგი დადგა, რაც დადგა. მაშინ ტემპერატურის აწევაში გადამწყვეტი როლი შეასრულა ზაზა ოქუაშვილმა, როდესაც მოხდა „ომეგას“ თემის წამოწევა, რაც იყო გადამწყვეტი ფაქტორი ოპოზიციის გაერთიანებაში. ერთიანობის და კოალიციური მიდგომის დაკვეთა არსებობს დღესაც. მე სულ ვამბობდი, რომ თუ ხელისუფლების პირისპირ არ იქნებოდა დიდი პოლიტიკური გაერთიანება, გამარჯვება შეუძლებელი იყო და ასეც მოხდა. მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლამ და მასთან დაკავშირებულმა პროცესებმა გაამწვავა მოვლენები, თორემ ჩვენ მივიღეთ რეალობა, როცა მთავარ ოპოზიციურ ძალას სურს 100% - ით „წაიღოს“ ყველაფერი, იგივე მიზანი აქვს „ქართულ ოცნებას“, რომელსაც ასევე 100 %-ით სურს ძალაუფლების შენარჩუნება. პოლიტიკური ველი აღმოჩნდა სრულად პოლარიზებული, ასეთ პოლარიზებაში კი ყოველთვის იგებს „ქართული ოცნება“ , რაზეც ვაფრთხილებდი პოლიტიკურ სპექტრს. სამწუხაროდ, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ვერ მოახერხა არჩევნებამდე რეალური დიდი გაერთიანების შექმნა, რაც იყო შეცდომა და რამაც მოიტანა ის შედეგი, რაც მოიტანა, თუმცა ჩვენ მაქსიმალურად ყველაფერი გავაკეთეთ, რომ ხელი არ შეგვეშალა ოპოზიციის ამ მიდგომისთვის. ძალიან რთულია ამომრჩეველს აუხსნა სამ ბიულეტენში შემოხაზოს სასურველი კანდიდატები, შემდეგ სხვადასხვა საკითხებზე საუბრები და ერთმანეთზე გადაბრალება უკვე ტექნიკური დეტალებია და დიდ სურათს არ ცვლის.

საზოგადოებაში არ არის რევოლუციური განწყობა, რაც ჩანს კიდეც საპროტესტო აქციებში. ასეთ პირობებში ძალიან ძნელია ყოველდღე აქციების ჩატარება. რევოლუციური გზა არავისთვის არ არის მისაღები. ჩემთვის ეს საკითხი პრინციპული საკითხია. მოვლენების რევოლუციურ განვითარებას მხარს არ ვუჭერდი არასდროს, არც მაშინ, როდესაც მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ვშიმშილობდი. თუ ჩვენ სახელმწიფოს ინტერესების გათვალისწინებით ვმოქმედებთ და გვიყვარს ჩვენი ქვეყანა, ხელისუფლების შეცვლა უნდა მოხდეს არა რევოლუციის, არამედ არჩევნების გზით. საქართველოში მოხდა ხელისუფლების ცვლილება 2012 წელს არჩევნებით, იგივე გზა უნდა გავიაროთ ახლაც. პოლიტიკური პარტიებისთვის უმჯობესია მოხდეს კონსოლიდაცია, გარკვეული საკითხების შეჯერება და ერთიანობა, იმიტომ რომ დღეს მოსახლეობის დაკვეთაა კოალიციური მმართველობა, ოღონდ არა ფიქტიური კოალიცია, არამედ რეალური კოალიციური მმართველობა. 2012 წელს კოალიციის შექმნა მოახერხა „ქართულმა ოცნებამ“ და შეცვალა კიდეც ხელისუფლება, ახლაც გამარჯვებული იქნება ის ძალა, რომელიც მოახერხებს კოალიციური მმართველობის შექმნას. თუ ამას გააკეთებს „ნაციონალური მოძრობა“ და დაარწმუნებს საზოგადოებას, რომ რეალურად მზადაა ამისთვის, ის აუცილებლად გაიმარჯვებს საპარლამენტო არჩევნებში, თუ ამას გააკეთებს „ქართული ოცნება,“ გამარჯვებული ის იქნება. ამ მიდგომის გარეშე პოლარიზებულ გარემოში გამარჯვებული ყოველთვის გამოვა „ქართული ოცნება.“

დღეს ხელისუფლება გათამამებულია და ჯიუტობს ბევრ საკითხზე იმიტომ, რომ ის ვერ ხედავს რეალურ კრიზისს, როდესაც ქუჩაში ბევრი ხალხია. ჩვენ ვცხოვრობთ სატელევიზიო კრიზისში, რასაც ქმნის ზოგიერთი ტელევიზია და რისი „მძევლებიც“ რიგი პოლიტიკოსებიც კი არიან. ერთ-ერთმა პოლიტიკურმა ძალამ მოაწყო პერფორმანსი და შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მიიყვანა მლოცველი თუ მჩხიბავი, სამწუხაროდ, ეს თემა მოხვდა სატელევიზიო გადაცემებში, რაც ჩემი აზრით ძალიან არასერიოზულია. ეს აზიანებს ქვეყნის იმიჯს. ჩვენთან ხან მედიის წამყვანი გვევლინება პოლიტიკოსის როლში, ხან - სასულიერო პირი, რაც მიუღებელია და ჩვენს დაბალ პოლიტიკურ კულტურასა და სტანდარტზე მეტყველებს, ამით სარგებლობს ხელისუფლება. მათ აწყობთ ასეთი მიდგომები, რადგან ამ დროს თავად გამოდიან გამარჯვებულები.

- რამდენიმე განცხადების გარდა, საერთაშორისო პარტნიორები თითქოს აღარ გამოხატავენ ღიად დიდ ინტერესს საქართველოში მიმდინარე პროცესების მიმართ. რატომ შეიცვალა დამოკიდებულება ჩვენს ქვეყანასთან დაკავშირებით და რატომ აღარ ვართ აქტიურად პოლიტიკური პარტნიორების თვალთახედვის არეალში?

- ამ თემასთან დაკავშირებით ჩვენ დაახლოებით უკვე იმ სიტუაციაში ვართ და ისეთ დონეზე ვმსჯელობთ, როგორც „მე, ბებია, ილიკო და ილარიონის“ პერსონაჟი კითხულობს, ამერიკამ რა თქვაო?! უცხოელი პარტნიორები აკეთებენ განცხადებებს, როდესაც ადამიანის უფლებების დარღვევებია სახეზე, მაგრამ სხვა დანარჩენზე მათი რეაქციები უკვე აღარ ჩანს. როგორც ევროპის საბჭოს წარმომადგენელს, ძალიან ბევრ არჩევნებზე მომიწია დასწრება და კარგად ვიცი, როგორი დამოკიდებულება აქვთ ევროპელებს. 2011 წელს, ე.წ. „არაბული რევოლუციის“ შემდეგ მე, როგორც ევროპის საბჭოს დელეგაციის წარმომადგენელი, ვესწრებოდი არჩევნებს ტუნისში, როდესაც ქალებს პირველად მიეცათ არჩევნებში მონაწილეობის და ხმის მიცემის უფლება. ევროპის საბჭოს დელეგაციის ხელმძღვანელის მოადგილე ვიყავი. მე რომ იქ საარჩევნო პროცესში ის მენახა, რაც ჩვენთან ხდება, ან რომელიმე სამინისტროსთან მჩხიბავი და მლოცველი დამენახა, როგორი წარმოდგენა მექნებოდა იმ ქვეყანაზე, რა შეფასებას მივცემდი იქ მიმდინარე პროცესს?! არც კი გავიხედავდი იქით. დაახლოებით, ალბათ, უკვე ასე არიან ამერიკაშიც და ევროპაშიც, როდესაც ხედავენ რა ხდება ქართულ პოლიტიკაში, რა ინტერესი უნდა ჰქონდეთ, რა განცხადება უნდა გააკეთონ? როცა ჯერ ამბობ, ვინც შევა პარლამენტში არის პუფიო და მერე შედიხარ იმავე პარლამენტში, როცა ამბობ დღეს გრანდიოზული მიტინგია, არ დავიშლებით გამარჯვებამდეო და იცი, რომ ამ იდეას არ აქვს მხარდაჭერა, აუცილებლად მოგიწევს მიტინგის დაშლა და მერე მიდიხარ სხვა რაღაცაზე, როცა განცხადებები და ქმედებები ერთმანეთისგან აცდენილია, უკვე არასერიოზულად გამოვიყურებით საერთაშორისო თანამეგობრობის თვალში. ასეთ დროს გამარჯვებული, რა თქმა უნდა, რჩება ხელისუფლება. ჩვენთან სამწუხაროდ, არ იზრდება პოლიტიკური კლასი. ჩვენი პოლიტიკური სტანდარტი დაეცა მჩხიბავის და მკითხავის, უღირსი ურთიერთბრალდებების და ფეისბუქ პოსტების დონეზე, რაც უცხოელებისთვის სერიოზული და საინტერესო არ არის.

- რამდენად საფრთხის შემცველია ქვეყანაში არსებული ვითარება რეგიონში მიმდინარე პროცესების ფონზე, როდესაც რუსეთი ახალ-ახალ კონფლიქტებს აღვივებს ჩვენს სამეზობლოში.

-როდესაც ქვეყანაში ასეთი დაპირისპირება, უკაცრავად და სრული ბარდაგია, ჩვენი მეზობელი - ოკუპანტი ქვეყანა, იქცევა როგორც ტრადიციულად სჩვევია. ჩვენ ვკარგავთ დროს, ის იგებს დროს და ეძებს ხელსაყრელ მომენტს, იმოქმედოს ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ. ორი დღის წინ მოხდა ინალ არძინბას დანიშვნა აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრად. ინალ არძინბა არის ახალგაზრდა კაცი, სურკოვის თანაშემწე, რომელსაც უკვე წლებია „ზრდიან“ რუსები. ის მუშაობდა ყირიმის ანექსიაზე. ამის შემდეგ რუსებმა მისთვის შექმნეს პარტია აფხაზეთში, მაგრამ როდესაც მიხვდნენ, რომ მისი პარტიული კარიერისთვის დიდი დრო დასჭირდებოდათ, პირდაპირ დანიშნეს საგარეო საქმეთა მინისტრად. რა არის ამ დანიშვნის მიზანი? რუსებს ცხინვალის რეგიონისგან განსხვავებით, აფხაზეთში აქვთ პრობლემა აფხაზეთის მიერთებასთან დაკავშირებით, მათ არ აქვთ ამ საკითხში მოსახლეობის მხარდაჭერა, შესაბამისად, სჭირდებათ აფხაზეთში მმართველი პოლიტიკური კლანი, რომელიც უზრუნველყოფს აფხაზეთის ანექსიას და მიერთებას რუსეთის ფედერაციისთვის. ანილ არძინბა არის პიროვნება, რომელიც პირადად უზრუნველყოფს ამ ამოცანის შესრულებას იმ სახელმწიფო მოხელეებთან ერთად, რომელთა მომზადებაც მოხდა რუსეთის ფედერაციაში.

კრემლმა დაახლოებით 50-მდე ახალგაზრდა წაიყვანა რუსეთში, მათ მიიღეს განათლება, დაიცვეს ხარისხები, მუშაობენ სახელმწიფო უწყებებში, სამინისტოროებში, მერიებში, რუსეთის დუმაში. მათგან რუსები ზრდიან სახელმწიფო მოხელეებს, რომლებიც გაატარებენ მათ ინტერესებს აფხაზეთში. ამაზე დიდი ხანია ვსაუბრობ. ინალ არძინბა არის პირველი ამ ადამიანთა შორის, რომელიც მოახდენს რუსეთის ფედერაციის შორს მიმავალი გეგმების შესრულებას. სწორედ ახლა ხდება პოლიტიკური კლასის მომზადება. ეს ხალხი იმუშავებს ადგილობრივ მოსახლეობასთან, მათ დაარწმუნებს, რომ აუცილებელია მიერთება რუსეთის ფედერაციასთან. რეალურად ინალ არძინბას დანიშვნა არის ამ გეგმის პირველი ნაბიჯი, გეგმის, რომელიც კრემლის გათვლით 2- 3 წელიწადში უნდა დასრულდეს. სანამ ჩვენ აქ პოლიტიკურ დაპირისპირებაში ვართ, ამით სარგებლობს ოკუპანტი. ჩვენ დღეს უნდა ვაკეთებდეთ ხმამაღალ განცხადებებს, რომ ხდება ჩვენი ტერიტორიების ანექსია, მაგრამ ეს არავის აინტერესებს, რაც ჩვენი ქვეყნის დიდი პრობლემაა. ჩვენ არ ვართ კარგ მდგომარეობაში იმ პროცესების გამო, რაც ხდება ჩვენს სამეზობლოში, უკრაინაში, აზერბაიჯანსა და სომხეთში. აზერბაიჯან-სომხეთს შორის არსებული კონფლიქტი, რომელიც გუშინ კიდევ განახლდა, ჩვენც პირდაპირ გვეხება და ჩვენთვისაც დიდი პრობლემაა, მაგრამ ეს თემა ქართულ მედიას არც კი გაუშუქებია. ჩვენთან სხვა თემებია პრიორიტეტული, რაც აზიანებს სახელმწიფოს და მხოლოდ ჩვენს მტერს აძლევს ხელს, განახორციელოს თავისი მზაკვრული იმპერიული გეგმები.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს