მამუკა გამყრელიძე - ჩვენ მხოლოდ შიდა პოლიტიკური თემებით ვართ დაკავებული და უმნიშვნელოვანესი საგარეო პროცესების მიღმა ვრჩებით.

პარტია „ევროპელი დემოკრატების“ გენერალური მდივანი მამუკა გამყრელიძე რეგიონში განვითარებული მოვლენების და ახალი გეოპოლიტიკური გადანაწილების პროცესში რუსეთის როლის და საფრთხეების შესახებ საუბრობს.

_ როგორ შეფასებთ იმ მოვლენებს, რაც ხდება რეგიონში და ჩვენს სამეზობლოში, სადაც რუსეთის როლი პროცესებს მიღმა მაინც აშკარად ჩანს. გეოპოლიტიკური გადანაწილების ეს ახალი პროცესი შეიძლება განვიხილოთ რუსეთის მხრიდან მოდერნიზებული საბჭოთა იმპერიის შექმნის მცდელობად?

- უკანასკნელ ხანებში ჩვენ ვხედავთ რუსეთის უჩვეულო გააქტიურებას იმ გეოგრაფიულ არეალში, რომელსაც ევროკავშირი “დასავლეთ პარტნიორობის” ქვეყნებად მიიჩნევს, მაგრამ რუსეთისთვის მხოლოდ პოსტსაბჭოთა ქვეყნებად რჩება, რომელზეც მას თავისი გავლენის შენარჩუნება და დასავლეთ სამყაროსთან ბუფერად გამოყენება სურს. გადავხედოთ ფაქტებს. კრიტიკული დაძაბულობა ბელარუს-ევროკავშირის საზღვართან, რომელიც გამოწვეულია აღმოსავლეთისა და აფრიკის ქვეყნებიდან ლტოლვილების დიდი ჯგუფების მცდელობით უკანონოდ შეაღწიონ ევროკავშირში. ეს ჯგუფები ორგანიზებულად მოქმედებენ და აღჭურვილები არიან სპეციალური ინსტრუმენტებით, რათა გადაჭრან მავთულხლართები, რომლებიც პოლონეთის მხარემ აღმართა საზღვარზე. მათ მოქმედებებში უდავოდ იგრძნობა სპეცსამსახურების ხელი. მართალია რუსეთი უარყოფს მის მონაწილეობას, მაგრამ ეს რუსეთისთვის დამახასიათებელია, კატეგორიულად იუაროს ყველაფერი, რაც მისთვის დამაზიანებელია. რუსეთმა შექმნა კრიზისული სიტუაცია მოლდოვას გაზის მომარაგების საკითხში. შეიქმნა მდგომარეობა, როცა მოლდოვა რჩებოდა გაზის გარეშე ზამთრის სეზონში. ახალი ხელშეკრულების დადება მოხერხდა 2006 წლის ხელშეკრულების დამთავრებამდე ორი დღით ადრე და ისიც მხოლოდ მაშინ, როდესაც რუმინეთმა და უკრაინამ დაიწყეს გაზის მიწოდება მოლდოვაში იასი-უნგენის გაზსადენით. უნდა ითქვას, რომ ეს გაზსადენი ჯერ არ მუშაობს სრული დატვირთვით და არც რუმინეთს აქვს შესაძლებლობა სრულად დააკმაყოფილოს მოლდოვას ბაზარი.

რუსეთის მთავარი მიზანი ამ კრიზისში იყო ეიძულებინა მოლდოვა, რომ ამ მოლაპარაკებაში მესამე მხარედ ჩართულიყო ევროკავშირი, რომელთანაც მოლდოვას აქვს DCFTA ხელშეკრულება და ახორციელებს ვაჭრობის 67%-ს. რუსეთს უნდოდა ამ ორმხრივ ხელშეკრულებაზე კონტროლი. საბედნიეროდ, მოლდოვამ მოახერხა ამ ეტაპზე რუსეთის დიქტატის თავიდან აცილება. აქვე უნდა დავამატოთ, რომ რუსეთი მეტწილად აკონტროლებს მოლდოვას გაზსადენ ქსელს და ფლობს კუჩურგანის ელექტროსადგურს, რომელიც მოლდოვას დნესტრის მარჯვენა სანაპიროს ამარაგებს ელექტროენერგიის 70%-ით და ამავე დროს ტერიტორიულად იმყოფება დნესტრისპირეთში, რითიც მოლდოვას ამყოფებს მუდმივი გათიშვის საფრთხის ქვეში. ეს ვითარება რაღაცით ენგურჰესის მდგომარეობას წააგავს.

ყველაზე რთული სიტუაცია უკრაინის საზღვართანა, სადაც რუსეთის ჯარების კონცენტრაციის ზრდა შეინიშნება. ამაზე, ჯერ კიდევ ნოემბრის დასაწყისში ამახვილებდნენ ყურადღებას ისეთი ავტორიტეტული გამოცემები, როგორიცაა - ვაშინგტონ პოსტი, პოლიტიკო და ფორინ პოლისი. შემდეგ უკვე პრეზიდენტმა ზელენსკიმაც აღნიშნა ეს საფრთხის შემცველი ფაქტი თავის გამოსვლაში. აღსანიშნავია, რომ სხვადასხვა მონაცემებით, რუსეთის ჯარების ასეთი კონცენტრაცია უკრაინის საზღვრებთან პირველად ხდება 2014 წლის შემდეგ. მობილიზებულია, როგორც ცოცხალი ძალა, ასევე სამხედრო ტექნიკა, ხოლო შავ ზღვაში განლაგებულ ფლოტში გამოცხადებულია სამხედრო მზადყოფნა. ცხადია, რუსეთი კვლავ ყველაფერს უარყოფს, თუმცა მათი ინტერესი, გააგრძელონ უკრაინის ოკუპაცია-ანექსია უკვე მალოროსიაში, არავისთვის არის საიდუმლო. უნდა ითქვას, რომ დასავლეთი დიდი ყურადღებით აკვირდება რუსეთ-უკრაინის კონფლიქტს და მისი მხარდაჭერა არა მხოლოდ სიტყვებით გამოიხატება. ასე მაგალითად, აშშ-მ და უკრაინამ ხელი მოაწერეს სტრატეგიული პარტნიორობის განახლებულ ქარტიას. ვაშინგტონმა გაზარდა უკრაინის ფინანსური და სამხედრო დახმარება. კიევს ვიზიტით ეწვია აშშ თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი. ასევე სერიოზული მხარდაჭერა გამოთქვა ბრიტანეთის პრემიერმაც, ხოლო ამ დღეებში კიევში ვიზიტით ჩავიდა ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი ბენ უოლესი. მხარდაჭერა გამოთქვა შვედეთმაც და სხვა ევროპულმა სახელმწიფოებმა.

დაძაბულობის კერა გამწვავდა სამხრეთ კავკასიაშიც, სადაც განახლდა ცეცხლი აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის. არის მსხვერპლი. აზერბაიჯანმა დაიკავა სომხეთის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის 44 კვ.კმ და აიყვანა ტყვედ 12 სომეხი ჯარისკაცი.

სომხეთის პრეზიდენტი ფაშინიანი იძულებული გახდა მიემართა დასახმარებლად რუსეთისათვის, რათა მათ სომხეთის სუვერენიტეტი დაეცვათ. ცეცხლის შეჩერება მოხერხდა მხოლოდ რუსეთის თავდაცვის მინისტრის შოიგუს პირადი ჩარევის შემდეგ.

რუსეთის მიზანიც სწორედ ეს არის, რომ ამ, უკვე ფესვებგადგმულ დაპირისპირებაში მომრიგებელი მოსამართლის როლი ითამაშოს და მაქსიმალურად გაზარდოს გავლენა სამხრეთ კავკასიაში, სადაც მის ერთგვარ მეტოქედ თავი დაიმკვიდრა ნატო-ს წევრმა თურქეთმა.

_ ჩვენთვის საფრთხეს წარმოადგენს ფორმატი 3+3, შევძლებთ თავი ავარიდოთ ჩართვას ამ პროექტში, რისი დიდი ინტერესი და მცდელობაც აქვს რუსეთს?

- რუსეთი ძალიან დიდ ყურადღებას იჩენს 3+3 ფორმატის მიმართ, რომლის მიზანი ფორმალურად არის მშვიდობის შენარჩუნება სამხრეთ კავკასიაში, რეალური მიზანი კი სატრანსპორტო კორიდორების გახსნა და კონტროლია. ამ ფორმატში რუსეთს, თურქეთსა და ირანთან ერთად მოისაზრება სამხრეთ კავკასიის სამი სახელმწიფო. აზერბაიჯანის თანხმობა მონაწილეობაზე კარგა ხანია ცნობილია. უკანასკნელი კონფლიქტის დარეგულირების შემდეგ რუსეთი, ალბათ, სომხეთსაც დაითანხმებს. ერთადერთი წინააღმდეგობა საქართველოა და იმედია, დასავლეთის დახმარებით საქართველო შეძლებს ამ ფორმატის თავიდან არიდებას. არც საქართველო დარჩენილა რუსეთის “ყურადღების” გარეშე. ორიოდე დღის წინ აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრად დაინიშნა რუსეთის სახელმწიფო მრჩეველი (ჩინოვნიკის მაღალი რანგი რუსეთში) ინალ არძინბა. იგი ვლადისლავ არძინბას ახლო ნათესავია. ნამუშევარი აქვს, როგორც აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის აპარატში, ასევე რუსეთის სახელმწიფო სტრუქტურებში სადაც ის უკრაინის მიმართულებას კურირებდა. საინტერესოა, რომ არძინბა ასევე მუშაობდა რუსეთის საპატრიარქოს სისტემაში. ინალ არძინბამ 2021 წლის 15 ივნისს დაარსა ე.წ. სოციალური პლატფორმა “აფხაზეთის მომავალი”, რომლის ყრილობაზე სიტყვით გამოვიდა აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია. ყრილობას ესწრებოდნენ რუსეთის ოფიციალური პირებიც.

როგორც ჩანს, რუსეთი ცდილობს აფხაზეთი გადააბაროს მის მიერ სრულად კონტროლირებად პერსონას და პოლიტიკურ პარტიას. გარდა ამისა, აფხაზეთი დაითანხმეს მის ტერიტორიაზე უძრავი ქონების მიყიდვაზე რუსეთის მოქალაქეებისთვის. ყველაფერი ზემოთ თქმული გვაფიქრებინებს, რომ რუსეთი აფხაზეთის ოკუპაციიდან მისი ანექსიის რეჟიმში გადადის.

ზემოთ ჩამოთვლილ ფაქტებს თუ შევაჯამებთ დავინახავთ, რომ დაწყებულია დიდი გეოპოლიტიკური გადანაწილება და რუსეთი სრული ძალით არის ჩაბმული ამ პროცესში. თუ გავიხსენებთ კიდევ რამდენიმე საინტერესო ფაქტს, რომლებიც ძირითადად სადაზვერვო სფეროში ხდება, მაგალითად, სამხრეთ აღმოსავლეთ აზიაში ახალი სადაზვერვო ერთიანობის შექმნა ბრიანეთის და აშშ-ს ლიდერობით, ასევე პუტინ-ბაიდენის ვიზიტის მომზადება არა დიპლომატების, არამედ დაზვერვის შეფების მხრიდან და რაც ყველაზე ნიშანდობლივია, აშშ ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს შეფის ბერნსის მოულოდნელ ვიზიტს მოსკოვში და მის შეხვედრებს დაზვერვის შეფებთან და საუბარს (სავარაუდოდ შეხვედრასაც) პუტინთან) დავინახავთ, რომ აქტიური მოძრაობა ამ ფლანგზე დაწყებულია. სამწუხაროა, რომ საქართველოში ამ პროცესებს მინიმალური ყურადღება ეპყრობა, ჩვენ მხოლოდ შიდა პოლიტიკური თემებით ვართ დაკავებული და უმნიშვნელოვანესი საგარეო პროცესების მიღმა ვრჩებით..

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა