სოფელ ზეღდულეთში დაპირისპირება მოხდა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეღდულეთში, სადაც ადგილობრივი მოსახლეობის ერთი ნაწილი წლების წინ გასხვისებული საძოვარი ფართობების დამუშავების უფლებას მის ამჟამინდელ მფლობელს დილიდან არ აძლევს, დაპირისპირება მოხდა.

სოფლის მოსახლეობამ იმ სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შეჩერება სცადა, რომლითაც მიწის მოხვნა მიმდინარეობდა.

ადგილზე მობილიზებულმა სამართალდამცავებმა მოსახლეობა შეაჩერეს, რაც დაპირისპირების მიზეზი გახდა.

ამ დროისთვის ვითარება განმუხტულია, მიღებული გადაწყვეტილებით, სადაო მიწის ფართობებზე ხვნის პროცესი 5 დღის განმავლობაში შეჩერდება. ამ პერიოდში სოფლის მოსახლეობა ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად მიიღებს გადაწყვეტილებას დავის სამართლებრივ ფორმატში დაწყებასთან დაკავშირებით.

„შევხვდი მიწის ნაკვეთის ამჟამინდელ მფლობელებს და შევთანხმდით, რომ 5 დღის განმავლობაში აღარ განხორციელდება ამ ტერიტორიაზე სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები. მოსახლეობის მთავრი მოთხოვნა დღეს სწორედ ეს იყო. შესაბამისად, ვითარება გარკვეულწილად განიმუხტება და მივიღებთ შემდგომ გადაწყვეტილებას“,- განაცხადა შავშვების​ა და ზეღდულეთის ტერიტორიული ერთეულის მაჟორიტარმა დებუტატმა კობა ბერიანიძემ.

რამდენიმე წუთის წინ სოფლის მოსახლეობის შესახვედრად გორის მუნიციპალიტეტის მერი მივიდა. ვლადიმერ ხინჩეგაშვილის განცხადებით, აღნიშნული საკითხის მოსაგვარებლად ერთადერთი მართებული გზა სამართლებრივი დავაა.

„აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ინფორმაციას დეტალურად ვფლობ, სოფელ ზეღდულეთის მოსახლეობას ამ საკითხზე სასაუბროდ რამდენიმე დღის წინაც შევხვდი და შეხვედრა გვქონდა დღეს დილითაც. ვფიქრობ, ერთადერთი მართებული გადაწყვეტილება არის სამართლებრივი ფორმატით დავა. უახლოეს დღეებში მოსახლეობა მიმართავს განცხადებით სასამართლოს და დარწმუნებული ვარ, მათი ინტერესები მაქსიმალურად ობიექტურად იქნება დაცული. ეს საკითხი უნდა მოგვარდეს მშვიდობიანად“,- განაცხადა გორის მუნიციპალიტეტის მერმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა