მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმი - იქნებ გავათავისუფლოთ ეს ადამიანი, იმკურნალოს ნორმალურად

მკურნალობის პროცესი კარგად მიმდინარეობს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ რეფიდინგის პრობლემას თუ მოვუარეთ, მიშა სააკაშვილი ჯანმრთელი იქნება. ამის გარანტიას მე გაძლევთ, რომ არ იქნება ჯანმრთელი. მას სჭირდება ხანგრძლივი რეაბილიტაცია სხვადასხვა ორგანოების, თავის ტვინის, ღვიძლის და ა.შ. ამიტომ მე შემომაქვს ასეთი კითხვა - იქნებ გავათავისუფლოთ ეს ადამიანი, იმკურნალოს ნორმალურად,- ამის შესახებ მესამე პრეზიდენტის პირადმა ექიმმა ნიკოლოზ ყიფშიძემ ჟურნალისტებს გორის ჰოსპიტალში სააკაშვილის მონახულების შემდეგ განუცხადა.

მისი თქმით, ის კონსილიუმის დასკვნას იზიარებს.

„კონსილიუმის წევრები გამოვიდნენ და უკვე გითხრეს მისი მდგომარეობის შესახებ. ვეთანხმები მათ დასკვნებს. რასაკვირველია, თვითონ პრეზიდენტი სუსტად არის, მთელი დღის განმავლობაში ჰქონდა წნევის პრობლემები. ასევე, გარკვეული პრობლემები მოხდა დილას ბადრაგთან დაკავშირებით. არ მისცეს ფანჯრის გახსნის უფლება და აშ. ეს მოგვარდა, მაგრამ მაინც, რაღაც ეს სიტუაცია გრძელდება. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ დღეს მის ნევროლოგიურ მდგომარეობას. ამის შესახებ ექიმმა სანდრო ცისკარიძემ უკვე მოგახსენათ და ალბათ, შემდეგ დღეებში შევხედავთ როგორ იქნება საქმე. რაც შეეხება კვებას, უკვე დაიწყო კვება, ეს პროცესი ნორმალურად წავიდა, მაგრამ კიდევ ერთხელ გეტყვით, არავინ იცის რა მოხდება, როგორ გაგრძელდება ეს ყველაფერი. განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ უნდა იყოს ჩვენი პრეზიდენტი“.- აცხადებს ყიფშიძე,

მისი თქმით, პრეზიდენტი დიდ მადლობას უხდის საავადმყოფოს და ძალიან მოეწონა მისი სტაფი.

„კომფორტულად გრძნობს თავს, მაგრამ მე მინდა აგიხსნათ ორი სიტყვით, მე რას ვფიქრობ. ჩემი აზრით, მკურნალობა ასეთ პირობებში, ეს იქნება გორის საავადმყოფო, ციხის საავადმყოფო და ა.შ. შეუძლებელია ასეთი ავადმყოფისთვის. მისი რეაბილიტაცია საკმაოდ ხანგრძლივი უნდა იყოს. მე ვერ გეტყვით, რამდენი ხანი იქნება ეს - ერთი თვე, ორი თვე, სამი, თვე ოთხი თვე - მის რეაბილიტაცია უნდა გაგრძელდეს საკმაო ხანი. ამიტომ, ჩემი გულწრფელი აზრია, როგორც ექიმის, შეიძლება კოლეგები არ დამეთანხმონ, შეიძლება საქართველოს მოსახლეობა არ დამეთანხმოს, მაგრამ მე რომ შემეძლოს გადაწყვეტილების მიღება ასეთ ადამიანს მკურნალობის უფლებას მივცემდი ამ ციხეების გარეთ“, - განაცხადა ნიკოლოზ ყიფშიძემ და აღნიშნა, რომ საზღვარგარეთ მკურნალობაზე არ საუბრობს.

მისი თქმით, გულისხმობს თავისუფლად მკურნალობის შესაძლებლობას.

„თავისუფლად მკურნალობის შესაძლებლობა ნიშნავს მკურნალობას არა ციხეებში, არა ბადრაგის თანხლებით, დასწრებით და ა.შ. არის რაღაც გზები, ალბათ იურისტებმა უფრო იციან ამის შესახებ. მე არ ვარ იურისტი და არც პოლიტიკურად ანგაჟირებული ადამიანი არ ვარ. არასდროს ვყოფილვარ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი. ეს ჩემი გულწრფელი აზრია. შეიძლება ეს ვინმეს მოეწონოს ან არ მოეწონოს. ეს განცხადება, რასაც მე ვაკეთებ პრეზიდენტთან არ შემითანხმებია, შეიძლება გამიბრაზდეს კიდეც, მაგრამ გეტყვით, რომ შეუძლებელია ასე გაგრძელება, რამდენი ხანი უნდა ვიტრიალოთ ერთ წრეზე. უნდა მისცე ადამიანს საშუალება თვითონ გადაწყვიტოს სად იმკურნალოს, ვისთან იმკურნალოს, როგორ იმკურნალოს და თავისუფლად იმკურნალოს. ხომ შეიძლება ეს გადავადდეს, არ ვიცი იურიდიული საკითხები“, - განაცხადა ყიფშიძემ.

კითხვაზე, ითხოვს თუ არა მის რეაბილიტაციამდე პატიმრობის გადავადებას, ექიმი ასე პასუხობს- „კი, ბატონო“.

„იმიტომ, რომ დამიჯერეთ, ეს არ დამთავრდება არავითარ შემთხვევაში. თუ გინდა ჩამოვიყვანოთ ექიმები საზღვარგარეთიდან, კიდევ ათი კონსილიუმი დავნიშნოთ, დამიჯერეთ ასე იქნება“, - განაცხადა ნიკოლოზ ყიფშიძემ.

მისი თქმით, მკურნალობის პროცესი კარგად მიმდინარეობს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ რეფიდინგის პრობლემას თუ მოვუარეთ, სააკაშვილი ჯანმრთელი იქნება. "ამის გარანტიას მე გაძლევთ, რომ არ იქნება ჯანმრთელი. მას სჭირდება ხანგრძლივი რეაბილიტაცია სხვადასხვა ორგანოების - თავის ტვინის, ღვიძლის და ა.შ. ამიტომ, მე შემომაქვს ასეთი კითხვა - იქნებ გავათავისუფლოთ ეს ადამიანი, იმკურნალოს ნორმალურად“, - განაცხადა ნიკოლოზ ყიფშიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა