ანდრო გოცირიძე - კრემლს ჯერ არ გადაუწყვეტია, რა ტიპის გაგრძელებას აირჩევს უკრაინაში - სრულმასშტაბიან ომს, შეზღუდულ კონფლიქტს თუ ისევ ჰიბრიდულ ომს, მაგრამ, როგორც ჩანს, რაც ახლა ხდება უკრაინის ირგვლივ, რუსული ბლეფი არაა

დასავლეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობების გაუარესების ფონზე უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფართომასშტაბიანი ომისთვის მზადებასა და დიდი ომის ალბათობაზე, ასევე იმაზე, ასეთ რთულ ვითარებაში, სავარაუდოდ, როგორ მოიქცევა დასავლეთი და რა ზომები უნდა მიიღოს საქართველომ, რომ ქვეყნის უსაფრთხოებას იქნას უზრუნველყოფილი, „ინტერპრესნიუსი“ უსაფრთხოების სისტემების სპეციალისტს, წიგნების „კიბერთავდაცვა“ და „ჰიბრიდული ომების ანატომია“-ს თანაავტორს, ანდრო გოცირიძეს ესაუბრა.

- ბატონო ანდრო, დასავლეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობების გაუარესების ფონზე რაც ახლა უკრაინისა და რუსეთის საზღვარზე ხდება, სხვა არაფერია თუ არა რუსეთის მზადება უკრაინასთან ფართომასშტაბიანი ომისათვის.

რუსეთში კრემლთან დაახლოებული წრეები ღიად საუბრობენ იმაზე, რომ პუტინის მიზანი კიევზე კონტროლის დამყარებაა. საუბარია იმ ქალაქზე, რომლიდანაც იწყება „დიდი რუსეთის“ ისტორია და რომელიც დღეს დამოუკიდებელი უკრაინის დედაქალაქია.

მეტიც, რუსული ღია წყაროები ღიად და რაც მეტი დრო გადის, მით უფრო ხმამაღლა, საუბრობენ იმაზეც, რომ კრემლი სულაც არ აპირებს უკრაინის მთელ ტერიტორიაზე კონტროლის აღდგენას. პირველ ეტაპზე რუსეთის სამიზნეა კიევი, უკრაინის ჩრდილოეთ და სამხრეთ რეგიონები, ასევე უკრაინის შავი ზღვის აკვატორიის გაკონტროლება და ოდესის დაკავება.

სულ ცოტა ხნის წინ პრეზიდენტმა პუტინმა ქვეყნის ფედერაციის საბჭოს თხოვნით მიმართა კრემლს მიეცეს უკრაინის დონბასში ძალის გამოყენების უფლება. და ეს მაშინ, როცა დონბასის 1/3 ისედაც ოკუპირებული აქვთ რუსეთის სამხედრო ქვედანაყოფებს. ასე იყო და არის მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვი ამას არ აღიარებს. არადა, არავის ეპარება ეჭვი, რომ დონბასისა და ლუგანსკის „რესპუბლიკები“ რუსული სამხედრო დაზვერვის „შემოქმედებაა“.

ფაქტია, რომ რუსეთი ცდილობს უკრაინის ირგვლივ შექმნას სივრცე, რომლისგანაც უკრაინას საფრთხე ნებისმიერ დროს შეიძლება შეექმნას. როგორ შეაფასებდით სამხედრო თვალსაზრისით იმ ნაბიჯებს, რომელსაც რუსეთი უკრაინის საზღვრის გასწვრივ ხმელეთზე და ზღვაზე დგამს?

- ამჟამად, სხვადასხვა მონაცემებით, უკრაინის საზღვართან ასი ათასამდე რუსი სამხედროა მობილიზებული. საზღვრისპირა რაიონებში შეინიშნება რუსეთის სამხედრო ტექნიკის, ტანკების, არტილერიისა და „ისკანდერის“ ტიპის რაკეტების გადაადგილება.

უკრაინის სამხედრო დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით, იზრდება რუსეთის შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის დონე დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე და მიმდებარე რეგიონებში.

22 ნოემბერს დაიწყო ფართომასშტაბიანი სამეთაურო-საშტაბო წვრთნები სამობილიზაციო რეზერვის, ძალოვანი სტრუქტურების ქვედანაყოფებისა და საოკუპაციო ადმინისტრაციების მონაწილეობით დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების ტერიტორიაზე.

წვრთნას თან ახლავს საინფორმაციო კომპონენტი - შეინიშნება რუსული პროპაგანდისტული მედიის საქმიანობის გააქტიურება უკრაინის შეიარაღებული ძალების დისკრედიტაციის მიზნით. უკრაინული დაზვერვა ვარაუდობს, რომ მომავალი წლის თებერვალში რუსეთი შეტევას ოდესასა და მარიუპოლზე მიიტანს, ასევე, გააქტიურდება გარკვეული დაჯგუფება ბელარუსის მხრიდან.

სავარაუდოდ, კრემლს ჯერ არ გადაუწყვეტია რა ტიპის გაგრძელებას აირჩევს - სრულმასშტაბიან ომს, შეზღუდული ინტენსივობის კონფლიქტს თუ ისევ ჰიბრიდული ომის ტაქტიკას მიმართავს, თუმცა საზღვართან მობილიზებული დანაყოფების ქმედება სამხედრო სპეციალისტებს აფიქრებინებს, რომ ეს არ არის რუსეთის ბლეფი.

სავარაუდოდ, კრემლს ჯერ არ გადაუწყვეტია რა ტიპის გაგრძელებას აირჩევს - სრულმასშტაბიან ომს, შეზღუდული ინტენსივობის კონფლიქტს თუ ისევ ჰიბრიდული ომის ტაქტიკას მიმართავს, თუმცა საზღვართან მობილიზებული დანაყოფების ქმედება სამხედრო სპეციალისტებს აფიქრებინებს, რომ ეს არ არის რუსეთის ბლეფი

მოქმედებების მიზანი უკრაინის უფრო დიდ ტერიტორიაზე კონტროლის მოპოვება ან დესტაბილიზაციის ფონზე ხელისუფლებაში პრორუსული მთავრობის მოსვლაა. თავად უკრაინის სპეცსამსახურებში გავრცელებულია მოსაზრება, რომ შეტევის ძირითადი ფაზა იანვარ-თებერვლის თვეში განხორციელდება. როგორც არ უნდა განვითარდეს მოვლენები, სახეზეა ჰიბრიდული ომის კარგად აპრობირებული ტაქტიკა.

კრემლი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გაფართოებას საფრთხედ აღიქვამს და ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ წინ აღუდგეს ამ პროცესს. ასევე, მისი რეჟიმისთვის ეგზისტენციალური პრობლემაა პოსტსაბჭოთა სივრცეში შემდგარი დემოკრატიის არსებობა, რაც ასპირანტ ქვეყნებს ალიანსთან აახლოებს, თავად რუსეთის მოსახლეობისთვის კი სახიფათო პრეცედენტს და ორიენტირს ქმნის.

ამ რეალობიდან გამომდინარე, ოცდამეერთე საუკუნის ათიანი წლებიდან რუსეთმა სისტემური სახე მისცა მის მიერ მანამდეც არაერთხელ წარმოებულ, თუნდაც აფხაზეთში, სადაც რუსეთმა ჰიბრიდული ომის ყველა კომპონენტი გამოიყენა საინფორმაციო ოპერაციების, „მწვანე კაცუნების“, რეგულარული დანაყოფების, ავიადარტყმების, ეკონომიკური ბერკეტების და შანტაჟს ჩათვლით, ჰიბრიდულ ომს.

ჰიბრიდული ომი გულისხმობს ძალისა და გავლენის მრავალფეროვანი, ძირითადად არასამხედრო ინსტრუმენტების გამოყენებას. მოსკოვი ამ ტაქტიკას განსხვავებული მიზნებისათვის იყენებს, როგორიცაა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის დასუსტება, პროდასავლური მთავრობების შეცვლა, შეიარაღებული კონფლიქტის გამოწვევა, ტერიტორიების ანექსია და სხვა.

იმის გამო, რომ რუსეთი ვერ გაუწევს წინააღმდეგობას ალიანსს ტრადიციულ შეიარაღებულ კონფლიქტში, კრემლი ცდილობს ძალების ეკონომიით, სამხედრო ძალის ღია გამოყენების გარეშე მიაღწიოს მიზანს კიბეროპერაციების, ეკონომიკური ბერკეტების, დიპლომატიური ზემოქმედების და სხვა არატრადიციული მეთოდების გამოყენებით. ჰიბრიდული ომი შლის ომსა და მშვიდობას შორის მკვეთრ ზღვარს.

იმის გამო, რომ რუსეთი ვერ გაუწევს წინააღმდეგობას ალიანსს ტრადიციულ შეიარაღებულ კონფლიქტში, კრემლი ცდილობს ძალების ეკონომიით, სამხედრო ძალის ღია გამოყენების გარეშე მიაღწიოს მიზანს კიბეროპერაციების, ეკონომიკური ბერკეტების, დიპლომატიური ზემოქმედების და სხვა არატრადიციული მეთოდების გამოყენებით. ჰიბრიდული ომი შლის ომსა და მშვიდობას შორის მკვეთრ ზღვარს

კონფლიქტის ინტენსივობის ცვალებადობა მისი ერთ ერთი მახასიათებელია და ზოგიერთ შემთხვევაში, ის შესაძლებელია ჩვეულებრივ საბრძოლო მოქმედებებშიც კი გადაიზარდოს.

საერთო ჯამში, რუსეთი ჰიბრიდული ომის ტაქტიკას დასავლეთის წინააღმდეგ იყენებს იმგვარად, რომ აშკარად არ გადალახოს საერთაშორისო სამართლის არსებული ნორმები. ფართოდ გამოყენებული ასიმეტრიული მეთოდები მას ნატოს წევრი ქვეყნების წინააღმდეგ დაუსჯელი მოქმედების საშუალებას აძლევს.

გენერალი გერასიმოვი, რომლის სახელსაც უკავშირდება ჰიბრიდული ომის ტაქტიკის დამკვიდრება, თავის სტატიაში აღნიშნავდა, რომ თანამედროვე კონფლიქტში არასამხედრო საშუალებების გამოყენება რამდენჯერმე აღემატება ჩვეულებრივ საბრძოლო მოქმედებების წილს.

ჰიბრიდული ომის მიზანი მხოლოდ ტერიტორიების საბრძოლო მოქმედებების გარეშე მიტაცება არ არის და იგი, ზოგჯერ, შესაძლოა სწორედ კონვენციური საბრძოლო მოქმედებებისათვის წინაპირობების შექმნას ემსახურებოდეს. სახელმწიფოს ტერიტორიაზე მიმდინარე ღია კონფლიქტი და საბრძოლო მოქმედებები ჩრდილოატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე ჯერჯერობით გადაუჭრელ დილემად რჩება. მსგავსი ტაქტიკა რუსეთს არაერთხელ გამოუყენებია საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ.

ჰიბრიდული ომის მიზანი მხოლოდ ტერიტორიების საბრძოლო მოქმედებების გარეშე მიტაცება არ არის და იგი, ზოგჯერ, შესაძლოა სწორედ კონვენციური საბრძოლო მოქმედებებისათვის წინაპირობების შექმნას ემსახურებოდეს. სახელმწიფოს ტერიტორიაზე მიმდინარე ღია კონფლიქტი და საბრძოლო მოქმედებები ჩრდილოატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე ჯერჯერობით გადაუჭრელ დილემად რჩება. მსგავსი ტაქტიკა რუსეთს არაერთხელ გამოუყენებია საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ

უკრაინასთან მიმართებაში რუსეთის ჰიბრიდული აქტივობები, რომელიც დასაბამს 2014 წლიდან იღებს, ითვლება ინფორმაციული ოპერაციების, პროვოკაციების, ეკონომიკური ბერკეტების, კიბერთავდასხმების სამხედრო ოპერაციებთან სტრატეგიული ინტეგრაციის წარმატებულ მაგალითად.

აღნიშნულმა ქმედებებმა თავის დროზე სეროზული დარტყმა მიაყენა უკრაინის მთავრობის მიერ საკუთარი საინფორმაციო სივრცის და კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვის შესაძლებლობას.

- მოსკოვი ღიად და დაუფარავად დიდი ხანია ცდილობს უკრაინის საშინაო საქმეებში ჩარევას, ახალისებს უკრაინის პოლიტიკურ ველზე არსებული პრორუსული განწყობების პოლიტიკურ ჯგუფებს.

მას შემდეგ რაც 2014 წელს რუსეთმა მოახდინა ყირიმის ანექსია, ამის პარალელურად სამხედრო დანაყოფები შეიყვანა დონბასში, უკრაინის საზოგადოებაში ანტირუსული განწყობები გაძლიერდა და შესაბამისად გაიზარდა მათი რიცხვი, ვინც უკრაინის ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანებას უჭერს მხარს.

მიუხედავად ამისა, უკრაინის რადაში საქმიანობას აგრძელებს ღიად პრორუსული მიმართულების პარტია, რომელსაც პუტინთან დაახლოებული მედვედჩუკი ხელმძღვანელობს. უკრაინის ხელისუფლებას ქვეყნის ინტერესების ღალატის შემცველი ქმედებების გამო მედვედჩუკის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აქვს აღძრული და იგი ახლა შინაპატიმრობაშია.

პუტინს არა ერთხელ განუცხადებია, რომ უკრაინელი ერი არ არსებობს, უკრაინელები რუსები არიან. მიუხედავად იმისა, რომ უკრაინაში პრორუსული განწყობები არსებობს, სულ ცოტა მოსახლეობის 3/4 არ თვლის რომ რუსია, ოდნავ ნაკლებს მკაფიოდ გამოკვეთილი პროდასავლური განწყობები აქვს.

რადგან ქვეყანა პრაქტიკულად რუსეთთან დიდი დაპირისპირების ზღვარზეა, როგორ შეაფასებდით უკრაინის შიდა პოლიტიკაში არსებულ ვითარებას? თქვენი დაკვირვებით რამდენად მზადაა ქვეყანა წინააღმდეგობა გაუწიოს „ერთმორწმუნე“ და „მეგობრულ“ რუსეთს, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ დიდი ხანია ჰიბრიდულ ომს აწარმოებს?

- სამხედრო თუ პოლიტიკური თვალსაზრისით მრავალმილიონიანი ევროპული ქვეყანა რუსეთისათვის ადვილი ლუკმა სულაც არ გახლავთ. სწორედ ამიტომ, კრემლი მაქსიმალურად ცდილობს ჰიბრიდული ომის არაკონვენციური ფაზების გამოყენებას და კონფლიქტის საინფორმაციო სივრცეში გადატანას.

ყირიმის ანექსიამ გვაჩვენა, რომ რუსული ჰიბრიდული ომის საწყისი ფაზა არაკონვენციური მოქმედებებია, რომელიც „საინფორმაციო კონფრონტაციას“ გულისხმობს. ეს ფაზა მიზნად ისახავს სახელმწიფოს მიმართ ნიჰილიზმის დანერგვას, უსაფრთხოების სისტემებისადმი რწმენის მოშლას, პოლარიზაციის გაღრმავებას, მოსახლეობის ფართო მასების გათიშვას და სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობების ძირგამომთხრელ საქმიანობას, რაც აგრესიის შემთხვევაში გაართულებს სამხედრო, პოლიტიკური თუ ჰუმანიტარული დახმარების მიღებას.

პრინციპში, „საინფორმაციო კონფრონტაცია“, დასავლური საზოგადოების წინააღმდეგ ფსიქოლოგიური ომის საბჭოთა პერიოდის ტაქტიკას ემყარება და რუსეთის სტრატეგიის ერთ-ერთი ძირითად ასპექტია. იგი მოიცავს კომპლექსურ დესტრუქციულ ზემოქმედებას მოწინააღმდეგე მხარის ინფორმაციაზე, საინფორმაციო სისტემებსა და ინფრასტრუქტურაზე.

პრინციპში, „საინფორმაციო კონფრონტაცია“, დასავლური საზოგადოების წინააღმდეგ ფსიქოლოგიური ომის საბჭოთა პერიოდის ტაქტიკას ემყარება და რუსეთის სტრატეგიის ერთ-ერთი ძირითად ასპექტია. იგი მოიცავს კომპლექსურ დესტრუქციულ ზემოქმედებას მოწინააღმდეგე მხარის ინფორმაციაზე, საინფორმაციო სისტემებსა და ინფრასტრუქტურაზე

„საინფორმაციო უპირატესობა“, რაც „საინფორმაციო კონფრონტაციის“ საბოლოო მიზანს წარმოადგენს, გულისხმობს ინფორმაციის მიღების, დამუშავებისა და გავრცელების შესაძლებლობას, რომელიც ხელს უშლის მოწინააღმდეგეს იმავე ფუნქციის განხორციელებაში.

თუკი პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსეთის მონაწილეობით მიმდინარე კონფლიქტებს გავაანალიზებთ, ცხადი ხდება, რომ რუსეთი კონფლიქტურ ტერიტორიებს შეიარაღების როგორც კინეტიკური საშუალებების, ასევე ასიმეტრიული შესაძლებლობების ერთგვარ პოლიგონად იყენებს.

გავიხსენოთ, როგორ სცადა რუსეთმა ჯერ კიდევ 2008 წელს, საქართველოსთან ომის პერიოდში კიბერშეტევებით ქართული და ნეიტრალური საინფორმაციო არხების ჩახშობა და საკუთარი არხებით „მძინარე ცხინვალის დაბომბვისა“ და „ორიათასი მოკლული ოსი მოქალაქის“ შესახებ საკუთარი ნარატივის გავრცელება, რათა გაემართლებინა „მშვიდობისაკენ იძულების“ ლეგენდით განხორციელებული დამოუკიდებელი სახელმწიფოს ანექსია და ოკუპაცია.

ახლაც, რუსეთი უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს საქართველოს 2008 წლამდე მდგომარეობას ადარებს და საგარეო დაზვერვის სამსახურის განცხადებით ეხმიანება, რომლის მიხედვითაც "განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს აშშ-ის და ევროკავშირის პროვოკაციული პოლიტიკა, რომელიც კიევს უმყარებს ყველაფრის უფლების ქონის და დაუსჯელობის განცდას. მსგავსი სიტუაცია ვიხილეთ საქართველოში, 2008 წლის მოვლენების წინ. მაშინ მ. სააკაშვილმა "ჯაჭვიდან აიწყვიტა" და შეეცადა რუსეთის მშვიდობის დამცველების და სამხრეთ ოსეთის სამოქალაქო მოსახლეობის განადგურებას. მას ეს ძვირად დაუჯდა"

როგორც წესი, ამგვარი საინფორმაციო „არტმომზადების“ შემდეგ, ინტენსიური აქტიური ღონისძიებების ფონზე რუსული საბრძოლო დანაყოფები იწყებენ სამიზნე ტერიტორიაზე შეღწევას ადგილობრივი შეიარაღებული ფორმირებების საფარქვეშ. თუ არაკონვენციური ფაზა წარმატებული აღმოჩნდა, „საინფორმაციო უპირატესობა“ საშუალებას აძლევს რუსეთს წარმართოს ინტერვენციის ლეგიტიმაციისაკენ მიმართული ღონისძიებები უმცირესობის ან საკუთარი მოქალაქეების უფლებათა დაცვის ლეგენდით.

შემდგომი ფაზა უკვე კონვენციურ ქმედებებს გულისხმობს, თუმცა, მაგალითად, იმავე ყირიმის ანექსიის პირველი, არაკონვენციური ფაზის წარმატებამ ძალზე გაუმარტივა რუსეთს კონფლიქტის კონვენციური ეტაპი.

ამრიგად, უკრაინისთვის, გარდა სამხედრო მზადყოფნისა, მეტად მნიშვნელოვანი იქნება თუ რა ნაბიჯები გადაიდგმება სპეცსამსახურის, სამხედრო თუ პოლიტიკური ხელმძღვანელობის მხრიდან რუსული „საინფორმაციო კონფრონტაციის“ შედეგების გასანეიტრალებლად.

უკრაინისთვის, გარდა სამხედრო მზადყოფნისა, მეტად მნიშვნელოვანი იქნება თუ რა ნაბიჯები გადაიდგმება სპეცსამსახურის, სამხედრო თუ პოლიტიკური ხელმძღვანელობის მხრიდან რუსული „საინფორმაციო კონფრონტაციის“ შედეგების გასანეიტრალებლად

რამდენად მდგრადი აღმოჩნდება უსაფრთხოების სისტემა ჰიბრიდული საფრთხეების მიმართ, რამდენად მოხერხდება პირდაპირი ინტერვენციის პრევენცია ან საჭიროების შემთხვევაში, საერთაშორისო პოლიტიკური, სამხედრო დახმარების მობილიზება.

აღნიშნული ღონისძიებათა წარმატება პირდაპირპროპორციულად აისახება საბრძოლო მოქმედებების ალბათობასა თუ მათ შესაძლო შედეგებზე.

- ცალკე საუბრის თემაა როგორაა მზად უკრაინის სამხედრო ძალები რუსეთთან საბრძოლველად.

უკრაინელი პოლიტიკოსებისა და სამხედრო ექსპერტების შეფასებით 2014 წელთან შედარებით უკრაინის შეიარაღებული ძალები ბევრად მომზადებული და აღჭურვილი არიან. მათ გაძლიერებაში განსაკუთრებული როლი აქვს შეტანილი ნატო-ს, აშშ-სა და დიდ ბრიტანეთს.

მათივე მტკიცებით, ამ საქმეში ასევე თავისი წვლილი აქვს შეტანილი თურქეთს, რომელმაც კიევს თურქული უპილოტო თვითმფრინავები მისცა. თქვენი შეფასებით საჭიროების შემთხვევაში რამდენად მზადაა უკრაინული შეიარაღებული ძალები რუსეთთან ომისათვის?

- უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთთან წლების განმავლობაში მიმდინარე კონფრონტაციისას მართლაც მნიშვნელოვანი ცოდნა და გამოცდილება დააგროვეს. ამას გარდა, უკრაინელი სამხედროები აქტიურად მონაწილეობენ ნატოს წევრ და პარტნიორ ქვეყნებთან ერთად გამართულ წვრთნებშიც, რომლის ერთ-ერთ მაგალითსაც საქართველოში უკვე მეათედ განხორციელებული მრავალეროვანი სწავლება Agile Spirit 2021 წარმოადგენს.

ამას ემატება ის მნიშვნელოვანი სამხედრო დახმარება, რომელსაც ეს ქვეყანა დასავლეთიდან იღებს. სულ ახლახან გაჟღერებული ინფორმაციით, აშშ უკრაინისათვის „ჯაველინებისა“ და ნაღმმტყორცნების ახალი პარტიის გაგზავნას აპირებს. საუბარია, ასევე ,„სტინგერების“ და ავღანეთის არმიისათვის ადრე ნაყიდი რუსული მი-17 ტიპის ვერტმფრენების გადაცემაზე. გაჟღერდა, რომ დიდი ბრიტანეთი კიევს სამხედრო ფლოტის გაძლიერებაში დახმარებას გაუწევს.

მნიშვნელოვანია, რომ უკრაინამ საკმაოდ განავითარა არაკონვენციური ბრძოლის შესაძლებლობები, როგორცაა მაგალითად, კიბერპოტენციალი, თურქული წარმოების დრონებმა კი ბევრი პრობლემა შეუქმნეს რუსულ რეგულარულ დანაყოფებს თუ მათ მიერ კონტროლირებად ფორმირებებს. რამდენიმე მნიშვნელოვანი წარმატებული ოპერაცია განხორციელდა უკრაინული სამხედრო დაზვერვის მიერ.

ცხადია, ეს რეალობა უკრაინის შეიარაღებულ ძალებს რუსეთისთვის ერთობ არაკომფორტულ მოწინააღმდეგედ აქცევს, რაც იწვევს კიდევაც კრემლის გაღიზიანებას.

ცხადია, ეს რეალობა უკრაინის შეიარაღებულ ძალებს რუსეთისთვის ერთობ არაკომფორტულ მოწინააღმდეგედ აქცევს, რაც იწვევს კიდევაც კრემლის გაღიზიანებას

დიმიტრი პესკოვის განცხადებით, ამერიკელი ინსტრუქტორები უკვე იმყოფებიან უკრაინაში, ხოლო იარაღს ეს ქვეყანა არა მხოლოს შეერთებული შტატებისაგან, არამედ ნატოს წევრი სხვა სახელმწიფოებიდანაც იღებს, რაც, კრემლის პოზიციით, სიტუაციის გამწვავებას განაპირობებს.

რუსული საგარეო დაზვერვის ზემოხსენებული განცხადებაც კრემლის გაღიზიანების ერთ ერთ გამოვლინებად უნდა განვიხილოთ, სადაც შესაბამისი ფარული აქცენტები უკრაინის საშინაო პოლიტიკაში ჩარევაზეა დასმული პროდასავლური ორიენტაციის გამო დასჯილი საქართველოს მაგალითზე.

- ცხადია, როგორი მომზადებული არ უნდა იყოს უკრაინული ძალები, ან რა ტექნიკა არ უნდა ჰქონდეთ მათ, მარტო უკრაინას რუსეთთან გამკლავება გაუჭირდება.

ვითარებაში, როცა კრემლი ცდილობს დასავლეთთან მიაღწიოს „იალტა-2“-ის მსგავს შეთანხმებას, ცდილობს დაითანხმოს დასავლეთი გავლენის ზონებზე, უპირველესად კი იმაზე, რომ სსრკ-ს პოსტსაბჭოთა სივრცე რუსული გავლენის ზონაა, ახლა ალბათ ყველაზე აქტუალური თემაა იმ შემთხვევაში თუ კრემლი უკრაინასთან ფართომასშტაბიან ომს დაიწყებს, ამ პროცესში რა როლი ექნება დასავლეთს, ნატო-ს, ევროკავშირს, აშშ-სა და ბრიტანეთს.

„ცივი ომის“ დასრულების შემდეგ ნატომ პირველად განაცხადა, რომ დაიცავს ბალტიის და შავი ზღვის რეგიონებს, რომ რუსეთი მისი მოწინააღმდეგეა.

წამყვანმა ქვეყნებმა ღიად განაცხადეს რომ მზად არიან იბრძოლონ რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის დასაცავად და აფრთხილებენ მოსკოვს რომ აგრესია ძვირი დაუჯდება. მეტიც, „ცივი ომის“ შემდეგ პირველად ჩამოყალიბდა მოცემულობა, როცა დასავლეთმა პირველად თქვა, რომ მოსკოვის აგრესიის წინააღმდეგ დასავლეთის ქვეყნები მზად არიან გამოიყენონ ბირთვული იარაღი.

აშკარად მძიმე სურათია. თუმცა, ბევრი თვლის, რომ პუტინს კი უნდა ისტორიაში შევიდეს როგორც „რუსული მიწების შემგროვებელი,“ მაგრამ ომს იმის გამო არ დაიწყებს, რომ არაა დარწმუნებული რომ დასავლეთი 2008 წლის აგვისტოს მსგავსად არ ჩაერევა.

თქვენი დაკვირვებით რამდენად დიდია უკრაინასა და რუსეთს შორის დიდი ომის ალბათობა და მასში დასავლეთის მონაწილეობა?

- დღეს არსებული ინფორმაციით ეს მოქმედებები უფრო ჰგავს ძალის დემონსტრირებას თავად უკრაინაში დეზინტეგრაციული პროცესების წახალისებისა და დესტაბილიზაციის ფონზე პრორუსული ხელისუფლებისათვის გზის გასაკვალად.

საქმე ის გახლავთ, რომ რუსული ოფიციალური არხები ზუსტად იმეორებენ წლების მანძილზე რუსული პროპაგანდის მიერ დამკვიდრებულ პოსტულატებს, რომ დასავლეთი უხეშად ერევა ქვეყნების ცხოვრებაში, რამაც, მაგალითად, პატრუშევის აზრით „უკრაინაში თავისი პროტექტორატი დაამყარა“ და „საზოგადოება უკანონობამდე მიიყვანა, მოსახლეობის ცალკეული ფენები კი სიღატაკემდე.“

კრემლი წლებია ნერგავს მოსაზრებას, რომ დასავლეთი რუსეთის დემონიზებას ეწევა, ეს უკანასკნელი კი, მხოლოდ საკუთარი ინტერესების და ტრადიციული ღირებულებების დაცვას ცდილობს, რის გამოც, იგივე პატრუშევის აზრით, „უკრაინას ნებისმიერ მომენტში შეიძლება მოედოს ალი ისე, რომ მილიონობით უკრაინელი სხვა ქვეყნებს მიაშურებს თავშესაფრისთვის“ .

ბუნებრივია, ასეთი განცხადებები ახალისებს პრორუსულ ელიტებს, თითქოსდა დასავლეთის არასწორი პოლიტიკის გამო მოსალოდნელი არეულობების კამუფლაჟით გაააქტიურონ საკუთარი მოქმედებები და სცადონ ცენტრალურ ან რეგიონალურ ხელისუფლებაში მოსვლა, რაც უკრაინისთვის ან კურსის ცვლილებას და დესტაბილიზაციას გამოიწვევს ან გააღრმავებს რეგიონებში დეზინტეგრაციულ პროცესებს.

რუსული შეიარაღებული ძალების ამგვარი კონცენტრაცია უკრაინის საზღვართან გასულ წელსაც მიმდინარეობდა და იგი რეალური კონფრონტაციის გარეშე დასრულდა, თუმცა, დღეს უკრაინული და დასავლეთის სადაზვერვო თანამეგობრობა არცთუ უსაფუძვლოდ მიიჩნევს ვარაუდს შესაძლო ინტერვენციის შესახებ.

უკანასკნელ დღეებში გავრცელებული ცნობებით, ამერიკის დაზვერვას სავარაუდოდ მიაჩნია უკრაინაში რუსეთის ჯარების შეჭრა. მართლაც, არ არის გამორიცხული კრემლმა რუბიკონი გადალახოს და იერიში დაიწყოს ანექსირებული ყირიმიდან (მზარდი დაძაბულობის ფონზე რუსეთმა აქ სადესანტო დანაყოფის განთავსება დააანონსა) ან ბელარუსის ტერიტორიიდან, თუკი დასავლეთისგან უკრაინის ნატოში სწრაფი ინტეგრირების ან ნატოს თავდაცვითი საშუალებების უკრაინის ტერიტორიაზე განთავსების საფრთხეს დაინახავს.

კრემლისათვის უკრაინის და საქართველოს ნატოში შესვლა ან ამ ქვეყნების ტერიტორიაზე ნატოს სამხედრო ყოფნის გაძლიერება წითელი ხაზია.

ამდენად, არ არის გამორიცხული, დასავლეთის მხრიდან უკრაინის ნატოში სწრაფი გაწევრებისკენ გადადგმული ნაბიჯის შემთხვევაში რუსეთმა მართლაც სცადოს უკრაინის ინტერვენცია, ოღონდ, არა სრული კონტროლის მოპოვების მიზნით, რისთვისაც მას ძალა არ ეყოფა, არამედ გაწევრების შეფერხების, დესტაბილიზაციის ფონზე პროდასავლური მთავრობის პრორუსულით ჩანაცვლების ან უკიდურეს შემთხვევაში, ნატოს მიღმა ამ სახელმწიფოთა ტერიტორიის რაც შეიძლება დიდი ნაწილის დატოვების მიზნით.

არ არის გამორიცხული, დასავლეთის მხრიდან უკრაინის ნატოში სწრაფი გაწევრებისკენ გადადგმული ნაბიჯის შემთხვევაში რუსეთმა მართლაც სცადოს უკრაინის ინტერვენცია, ოღონდ, არა სრული კონტროლის მოპოვების მიზნით, რისთვისაც მას ძალა არ ეყოფა, არამედ გაწევრების შეფერხების, დესტაბილიზაციის ფონზე პროდასავლური მთავრობის პრორუსულით ჩანაცვლების ან უკიდურეს შემთხვევაში, ნატოს მიღმა ამ სახელმწიფოთა ტერიტორიის რაც შეიძლება დიდი ნაწილის დატოვების მიზნით

ბუნებრივია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ალიანსმა ინტეგრაციის პროცესი უნდა შეაფერხოს და დაჰყვეს რუსულ პროვოკაციას. პირიქით, ეს მდგომარეობა გადამჭრელი ნაბიჯების გადადგმას მოითხოვს - ნებისმიერი ყოყმანი და დათმობა რუსული პოლიტიკის მხრიდან სისუსტედ აღიქმება, აქედან გამომდინარე შედეგებით, ხოლო რუსეთის რთული ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, ჯერ არ ყოფილა შემთხვევა კრემლი ბოლომდე გაჰყოლოდა დასავლეთთან კონფრონტაციის ხაზს.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ უკრაინის მოვლენები კონტექსტიდან ამოგლეჯილი აქტივობები არ არის - ამჟამინდელი კრიზისი ნატო-რუსეთის თითქმის მთელ ევროპულ საზღვარზე ვრცელდება. არანაკლებ რთული ვითარებაა ბელარუსის ტერიტორიაზეც, სადაც მიგრანტების კრიზისში კრემლი ასევე დასავლეთს ადანაშაულებს.

ამ მიმართულებაზე რუსული „საინფორმაციო კონფრონტაციის“ მიზანია მოსაზრების დამკვიდრება, რომ დასავლეთი, არ გამოუვიდა რა ლუკაშენკოს რეჟიმის საპროტესტო აქციებით ჩამოშორება, მიგრანტების მოზღვავებით ცდილობს ქვეყნის ქაოსში ჩაძირვას.

იგივე პატრუშევის განცხადებით, მიგრანტები ახლა ბელარუსში მიემგზავრებიან და იქიდან ევროკავშირის ქვეყნებში მოხვედრას ცდილობენ, რაშიც დასავლეთია დამნაშავე რადგან მან „ქაოსი და ნგრევა დათესა ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში“.

ამ მიმართულებით, სხვათა შორის, იმედისმომცემია მოკავშირეთა კოორდინირებული და მტკიცე მოქმედებები, როდესაც საზღვრის დაცვის საკითხებში ესტონელი, პოლონელი, ლიეტუველი და ბრიტანელი სამხედროები ერთობლივად ერთვებიან. გავრცელდა ინფორმაცია რეგიონში ამერიკული სამხედროების გადასროლის შესახებაც.

- როგორადაც არ უნდა განვითარდეს პროცესები უკრაინასა და რუსეთს შორის, დასავლეთსა და რუსეთს შორის, საქართველო მზად უნდა იყოს გაუმკლავდეს გარე საფრთხეებს.

მნიშვნელობა არ აქვს საიდან იქნება ეს საფრთხეები. აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ვითარება პერმანენტულად იძაბება და კაცმა არ იცის სამხრეთ კავკასიაში რა სცენარის გათამაშებას დააპირებს რუსეთი. რა სცენარითაც არ უნდა იმოქმედოს მან მისი სამიზნე საქართველო რომ იქნება, ფაქტია.

ასევე ფაქტია, რომ საქართველოს საფრთხეებზე ორიენტირებული უსაფრთხოების სისტემა, სამსახურები და პარტნიორების მხარდაჭერა სჭირდება.

თქვენზე რომ იყოს დამოკიდებული, რა კორექტივებს შეიტანდით ჩვენს უსაფრთხოების სისტემაში, სამსახურებში? რა ნაბიჯებია გადასადგმელი იმისათვის, რომ უსაფრთხოების საკითხებში ქვეყანას დასავლელი პარტნიორების მეტი მხარდაჭერა ჰქონდეს?

- კრემლი საქართველოს მისი გავლენის სფეროდ მოიაზრებს, რის გამოც ჩვენი ქვეყანა რუსეთის ჰიბრიდული ომის სამიზნეა, ამ ომის არეალი კი, როგორც უკვე აღინიშნა, დიპლომატიურ, ეკონომიკურ, სამხედრო, პოლიტიკურ, კულტურულ, სოციალურ, რელიგიურ, კიბერ- თუ საინფორმაციო აქტივობებს აერთიანებს.

ბუნებრივია, ამგვარი ფართო სპექტრის საფრთხეები სამიზნე ქვეყნისაგან მაღალ მდგრადობას მოითხოვს. უსაფრთხოებას 21-ე საუკუნეში არათუ ერთი სპეციალიზებული უწყება ვერ უზრუნველყოფს, არამედ მხოლოდ სახელმწიფოს პოზიციებიდანაც კი შეუძლებელი ხდება მდგრადობის სათანადო დონის მიღწევა.

სისტემა აუცილებელ დემოკრატიზაციას და რეფორმას საჭიროებს. როგორც განვლილმა პროცესებმა აჩვენა, უკანასკნელი რამდენიმე წელია, საქართველო პერმანენტული კრიზისების მწკრივშია ჩაძირული, რომელთა არასწორი მართვა და ზოგჯერ, სამწუხაროდ, ინიციირებაც კი, არათანამედროვე უსაფრთხოების სისტემის ბრალია.

სისტემა აუცილებელ დემოკრატიზაციას და რეფორმას საჭიროებს. როგორც განვლილმა პროცესებმა აჩვენა, უკანასკნელი რამდენიმე წელია, საქართველო პერმანენტული კრიზისების მწკრივშია ჩაძირული, რომელთა არასწორი მართვა და ზოგჯერ, სამწუხაროდ, ინიციირებაც კი, არათანამედროვე უსაფრთხოების სისტემის პასუხისმგებლობაა

მეორე მხრივ, თანამედროვე ჰიბრიდული საფრთხეებისაგან თავდაცვა მხოლოდ კოლექტიური უსაფრთხოების ქოლგის ქვეშ არის შესაძლებელი, ამისათვის კი სტრატეგიულ პარტნიორებთან თავსებადობის მაღალი დონის მიღწევაა საჭირო, რისი აუცილებელი წინაპირობაც ასევე მოქნილი და დემოკრატიულ საწყისებზე მორგებული უსაფრთხოების სექტორია.

სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია როგორც ბიზნესის, კერძო სექტორის, ასევე მოსახლეობის ფართო ფენების ჩართვა უსაფრთხოებისა და თავდაცვის ღონისძიებებში.

თანამედროვე ჰიბრიდული საფრთხეებისაგან თავდაცვა მხოლოდ კოლექტიური უსაფრთხოების ქოლგის ქვეშ არის შესაძლებელი, ამისათვის კი სტრატეგიულ პარტნიორებთან თავსებადობის მაღალი დონის მიღწევაა საჭირო, რისი აუცილებელი წინაპირობაც ასევე მოქნილი და დემოკრატიულ საწყისებზე მორგებული უსაფრთხოების სექტორია

გარდა ტრადიციული კონვენციური მოქმედებებისათვის საჭირო საშუალებების განვითარებისა, ამ მხრივ მეტად მნიშვნელოვანია, ერთის მხრივ საჯარო-კერძო თანამშრომლობის პლატფორმების ჩამოყალიბება, მეორე მხრივ კი მოხალისეობრივი კომპონენტის შექმნა-წახალისება.

ორივე ეს კომპონენტი სახელმწიფო სტრუქტურებისადმი მაღალ ნდობას საჭიროებს, ამგვარ ნდობას კი მხოლოდ პოლიტიკური გავლენებისგან თავისუფალი, პარტიისაგან გამიჯნული უსაფრთხოების სისტემა იწვევს.

თანამედროვე რეალობაში, ახალი ასიმეტრიული საფრთხეების მომძლავრებისას, საქართველოსთვის, როგორც მცირე რესურსის მქონე ქვეყნისათვის მეტად მნიშვნელოვანია ძლიერ მოწინააღმდეგესთან კონფლიქტისას მოწინააღმდეგის გამოფიტვისკენ მიმართული ასიმეტრიული პასუხების გამოყენება. ერთ-ერთ ასეთ პასუხად კიბერშესაძლებლობების განვითარება გვევლინება.

მიუხედავად იმისა, რომ სამხედრო პოტენციალის თვალსაზრისით განსხვავება ჩვენსა და მოწინააღმდეგეს შორის კოლოსალურია, კიბერსივრცე ის არეალია, სადაც პატარა ქვეყანას რეალურად შეუძლია წინააღმდეგობა გაუწიოს აგრესორს და იგი შესაძლოა გახდეს მის ქმედებებზე ასიმეტრიული პასუხის ერთ ერთი წარმატებული ელემენტი ან წინააღმდეგობის მოქმედი ფრონტი.

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს