საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება ქალთა მიმართ ძალადობის 16- დღიან კამპანიაში ერთვება

საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება ქალთა მიმართ ძალადობის 16- დღიან კამპანიაში არაერთი აქტივობით ერთვება. მომზადდა კვლევები და შესაბამისი რეკომენდაციები, რომელიც განსაკუთრებულ აქცენტებს არაფორმალურ სექტორში და ზრუნვის ეკონომიკაში დასაქმებული ქალების გამოწვევებზე აკეთებს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება ავრცელებს.

მათივე ცნობით, დღეს პროფკავშირები მთავრობის მეთაურსა და ჯანდაცვის მინისტრს სპეციალური განცხადებით მიმართავენ და შრომით სფეროში ძალადობისა და შევიწროების აღმოფხვრისთვის კონკრეტული ნაბიჯების გადადგმისკენ და შსო-ს 190-ე კონვენციის რატიფიცირებისკენ მოუწოდებენ.

ამასთან, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება აქტიურად იყო ჩართული შსო-ს 190-ე კონვენციის და მისი თანმხლების #206 რეკომენდაციის „ძალადობისა და შევიწროების აღმოფხვრის შესახებ“ შემუშავებისა და მიღების პროცესში. პროფკავშირების ინიციატივის აღნიშნული კონვენციის რატიფიცირების საკითხი საქართველოს სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის სამოქმედო გეგმაში აისახა.

საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების ინფორმაციითვე, 2019 წლის ივნისში შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (შსო) მიერ მიღებული 190–ე კონვენცია და მისი თანმხლები #206 რეკომენდაცია ,,ძალადობის და შევიწროების შესახებ“ უმნიშვნელოვანესი საეტაპო ინსტრუმენტია. ეს არის პირველი საერთაშორისო აქტი, რომელიც ეხება ძალადობასა და შევიწროებას შრომის სამყაროში. იგი წარმოადგენს მოქმედების საერთო ჩარჩოს და უნიკალური შესაძლებლობას, რათა შრომის მომავალი სწორედ დასაქმებულის ღირსებასა და პატივისცემას დაეფუძნოს.

კონვენცია ხაზგასმით აცხადებს, რომ ყველას აქვს უფლება იმუშაოს ძალადობისა და შევიწროებისგან თავისუფალ გარემოში და განსაკუთრებულ აქცენტებს აკეთებს გენდერული ნიშნით ძალადობასა და შევიწროებაზე. კონვენცია მოიცავს ყველა დასაქმებულს, მათ შორის არაფორმალურ ეკონომიკაში მომუშავეებს და იცავს მათ ნებისმიერ ადგილას და სიტუაციაში, რომელიც უკავშირდება შრომით ურთიერთობებს და ის ამ მხრივაც უნიკალური ინსტრუმენტია.

25 ნოემბერს ქალთა მიმართ ძალადობის საერთაშორისო დღეს, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება, კიდევ ერთხელ ამახვილებს ყურადღებას იმ ფაქტზე, რომ ძალადობისა და შევიწროების რისკი მნიშვნელოვნად იზრდება კრიზისულ პერიოდში, განსაკუთრებით კი ახლა, პანდემიის ფონზე.

მათივე ცნობით, Covid-19–ის პირობებში ქალთა მიმართ ძალადობამ და შევიწროებამ გადაინაცვლა ასევე ონლაინ სივრცეში. ამასთან, სახლში დარჩენა არ არის უსაფრთხო იმ მშრომელებისთვის, ვინც ოჯახური ძალადობის პირისპირაა.

"თქვენთვის კარგად არის ცნობილი, რომ პანდემიამ უფრო თვალსაჩინო გახადა და ზედაპირზე ამოიტანა სამუშაო ადგილებზე არსებული გენდერული უთანასწორობა, რაზეც საქსტატის ოფიციალური მონაცემებიც მეტყველებს. კრიზისის შედეგად ყველაზე მეტად დაზარალდა სწორედ ის სექტორები, სადაც დასაქმებული არიან ქალები. ასეთია მაგალითად: მომსახურების (სასტუმროები, რესტორნები და ა.შ.) და ვაჭრობის სექტორები. უმუშევრად დარჩნენ ასევე საოჯახო მეურნეობებში, ზრუნვის სამუშაოებში დასაქმებული ქალები – დამლაგებლები, ძიძები, მომვლელები, მზარეულები და ა.შ. აღსანიშნავია, რომ დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა 2021 წლის მე-2 კვარტალში, 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით შემცირდა 101 ათასით. მათგან უმეტესობა 75,5ათასი (74,7%) ქალია.

ბოლო 2 წლის განმავლობაში 422 ათასიდან 633 ათასამდე გაიზარდა საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა. სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფ პირთა უმეტესობა კი (54,7%) ასევე ქალები არიან. ქვეყანაში არსებული რეალურ სურათი ამ მონაცემებზე გაცილებით მძიმეა, განსაკუთრებით კი არაფორმალურ სექტორში დასაქმებული ქალების, რომლებიც ბაზისური შრომითი გარანტიებითაც კი ვერ სარგებლობენ. მნიშვნელოვანია შსო-ს 190-ე კონვენციის დათქმა იმის თაობაზე, რომ ძალადობა და შევიწროება საფრთხეს უქმნის თანაბარ შესაძლებლობებს და მიუღებელი და შეუთავსებელია ღირსეულ შრომასთან. კონვენცია ”ძალადობას და შევიწროებას” განმარტავს, როგორც- „ქცევას და პრაქტიკებს, რომელიც მიზნად ისახავს ფიზიკური, ფსიქოლოგიური, სექსუალური ან ეკონომიკური ზიანის მიყენებას.

კორონავირუსის გავრცელებასთან ბრძოლის მიზნით მიღებულმა ზომებმა პირდაპირ გავლენა მოახდინა ფინანსებზე და ქალები ეკონომიკური ჩაგვრის გამო კიდევ უფრო მოწყვლად ჯგუფად იქცნენ. ფინანსებზე გავლენა, ხშირად განპირობებულია იმით, რომ მცირეწლოვანი ბავშვების დედებს ხშირად უწევთ სამსახურზე უარის თქმა საგანმანათლებლო დაწესებულებების ფუნქციონირების შეჩერების ან დისტანციურ რეჟიმზე გადასვლის გამო, რამდენადაც ვერ ახერხებენ ოჯახური ვალდებულებების და სამსახურის შეთავსებას, რასაც ემატება ბავშვების განათლების მიღების პროცესში მშობლის ჩართულობის საჭიროება.

სწორედ 25 ნოემბერს – ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს, მოგმართავთ თხოვნით, მხარი დაუჭიროთ შსო-ს 190-ე კონვენცის რატიფიცირების პროცესს. ვთვლით, რომ ეს იქნება ერთ-ერთი ეფექტური ინსტრუმენტი იმისთვის, რომ პანდემიის მძვინვარების პროცესში დასაქმებული ქალები დაცულნი იქნენ ძალადობისა და შევიწროვებისაგან სამუშაო ადგილებზე და ხელი შეეწყოს მათ ეკონომიკურ აქტიურობას და საზოგადოებრივ ცხოვრებაში სრულყოფილად ჩართულობას", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა