ნინო სანდოძე - მოსამართლეების მიერ გაკეთებულმა განცხადებებმა საზოგადოებას შეუქმნა შთაბეჭდილება, რომ სისტემაში ამბოხია და ეს სასამართლოს ნდობის საკითხს უქმნის საფრთხეს

მოსამართლეების მიერ გაკეთებულმა განცხადებებმა საზოგადოებას შეუქმნა შთაბეჭდილება, რომ ამბოხია სასამართლო სისტემაში და ეს სასამართლოს ნდობის საკითხს უქმნის საფრთხეს, - ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა ნინო სანდოძემ პარლამენტის იურიდიული კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც მასთან გასაუბრების პროცესი მიმდინარეობს. სანდოძემ აღნიშნა, რომ მოსამართლეები თავიანთ პოლიტიკურ შეხედულებებს საჯაროდ არ უნდა აფიქსირებდნენ.

აღნიშნული საკითხით უმრავლესობის დეპუტატი გიორგი ამილახვარი დაინტერესდა.

„როდესაც მოსამართლე ან მოსამართლეები საჯაროდ აფიქსირებენ თავიანთ პოლიტიკურ შეხედულებებს, რომელმაც შესაძლოა, გარკვეული საფრთხე შეუქმნას სასამართლოს იმიჯს, ამ შემთხვევაში აქვს თუ არა ამ მოსამართლეს თამამი განცხადების გაკეთების უფლება, რომელიც სამწუხაროდ, ბოლო ხანებში გვესმის რიგი თქვენი კოლეგების მხრიდან. სხვა დანარჩენ მოსამართლეებს, ვინც შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ამ პოზიციებს აქვს თუ არა და უფლება საჯაროდ დააფიქსიროს თავიანთი პოზიცია ამ კოლეგა მოსამართლეებზე“, - მიმართა გიორგი ამილახვარმა ნინო სანდოძეს.

კითხვაზე ნინო სანდოძემ უპასუხა, რომ „მოსამართლემ შეხედულება საჯაროდ არ უნდა გამოხატოს“.

„ვთვლი, რომ სხვა კოლეგა მოსამართლეებმა კრიტიკის თვალსაზრისით არ უნდა დააფიქსირონ აზრი. მაგრამ გავმიჯნავ იმ საკითხს, რამდენად აქვს მოსამართლეს უფლება გამოხატოს თავისი პოლიტიკური შეხედულება. მივიჩნევ, რომ მოსამართლემ ეს შეხედულება ასე საჯაროდ არ უნდა გამოხატოს - არსებობს მოსამართლეთა თვითმმართველობა, არსებობს იუსტიციის უმაღლესი საბჭო და თუ მოსამართლე მიიჩნევს, რომ [სხვა მოსამართლეების] პოზიცია სცილდება თუნდაც მოსამართლეთა ასოციაციის განცხადებას, ან ადმინისტრაციული კომიტეტის განცხადებას, ჩემი აზრით, მოსამართლემ პირველად ამ უწყებას უნდა მიმართოს და თავისი აზრი მიაწოდოს და არა თავად გამოვიდნენ და განაცხადონ საჯაროდ. შეიძლება ჩემს ზოგ კოლეგას ეს განცხადება არ მოეწონოს. როცა ასეთი განცხადება გაჟღერდა, ჩვენ მივიღეთ საზოგადოებისგან, მედიის წარმომადგენლებისგან მესიჯები - „ამბოხია სასამართლო სისტემაში“, რაც მთლიანობაში სამართალწარმოებას და სასამართლოს იმიჯს საფრთხეს უქმნის. მოსამართლეების მიერ გაკეთებულმა განცხადებებმა საზოგადოებას შეუქმნა შთაბეჭდილება, რომ ამბოხია სასამართლო სისტემაში და ეს სასამართლოს ნდობის საკითხს უქმნის საფრთხეს“, - განაცხადა სანდოძემ.

ამასთან, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ სასამართლოს ინსტიტუციური დამოუკიდებლობა უზრუნველყოფილია, თუმცა, გამოწვევა საზოგადოებაში სასამართლოს ნდობის აღქმის თვალსაზრისით დგას.

„საკანონმდებლო დონეზე როგორც მოსამართლის, ასევე სასამართლოს ინსტიტუციური დამოუკიდებლობა უზრუნველყოფილია. ყველაზე დიდი გამოწვევა ჩემი აზრით, ნდობის აღქმის თვალსაზრისით დგას - რამდენად მაღალია სასამართლოს ნდობა. ცხადია, ნდობა მაღალია, მაგრამ რამდენად მაღალია ამ ნდობის აღქმა საზოგადოებაში?! საკანონმდებლო თვალსაზრისით შესაცვლელს ვერაფერს ვხედავ, ერთადერთი - ვფიქრობ იმას, რომ ამ საკითხში უნდა ჩაებან არასამთავრობო ორგანიზაციები და სხვა პირები, ერთობლივად უნდა ჩატარდეს შეხვედრები, თუნდაც გააქტიურდეს სპიკერი მოსამართლის როლი, წარმოაჩინონ სასამართლოს საქმიანობა და ა.შ.“, - განაცხადა სანდოძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა