საქართველოს ენერგეტიკული ბაზრის რეფორმა - ინტერვიუ „თელმიკოს“ წარმომადგენელთან

გასულ წელს საქართველოში ენერგეტიკული ბაზრის რეფორმა დაიწყო, რის შედეგადაც ელექტროენერგიის განაწილებისა და მიწოდების საქმიანობები გაიმიჯნა. თბილისის მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის მიწოდება 1-ელი ივლისიდან „თელასის“ ნაცვლად „თელმიკოს“ დაეკისრა – ის დღეს 600 ათასზე მეტ მომხმარებელს ემსახურება.

ამ ცვლილებამ მოსახლეობაში დაბნეულობა გამოიწვია და საკითხის ირგვლივ ბევრი კითხვა დააგროვა. მათზე პასუხების გაცემას „თელმიკოს“ ენერგოთრეიდინგის სამსახურის უფროსთან ნიკოლოზ გულიაშვილთან ერთად შევეცდებით.

- რას ნიშნავს ქართული ენერგეტიკული ბაზრის რეფორმა? როდის და რატომ გაიყო ფუნქციები „თელასსა“ და „თელმიკოს“ შორის?

- ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ საქართველომ იკისრა ვალდებულება გამჭვირვალე და კონკურენტული ენერგეტიკული ბაზრის შექმნის შესახებ. რეფორმის მსვლელობისას ბაზრის ევროპული მოდელი უნდა ჩამოყალიბდეს, რაც მიწოდებისა და განაწილების ფუნქციების განცალკევებას გულისხმობს. ადრე ამ ორივე ფუნქციას კომპანია „თელასი“ ასრულებდა, მაგრამ რეფორმის შემდეგ მას გამოეყო მიწოდების ფუნქცია და 2021 წლის 1-ელი ივლისიდან თბილისში მიმწოდებელი კომპანია „თელმიკო“ გახდა.

- როგორია „თელასისა“ და „თელმიკოს“ ფუნქციები?

- ენერგეტიკული ბაზრის რეფორმის შემდეგ „თელასის“ საკუთრებაში დარჩა გადამცემი ხაზები და მრიცხველები და თბილისში ელექტროქსელის მომსახურება და მართვა ისევ მისი ვალდებულებაა. უფრო კონკრეტულად, ის ფლობს აღრიცხვის ხელსაწყოებს (მრიცხველებს), იღებს ჩვენებებს და მათ გადასცემს „თელმიკოს“. რაც შეეხება წყლის მიწოდებისა და დასუფთავების მომსახურებას, მას ისევ სრულად ახორციელებს „თელასი“. შესაბამისად, ის გზავნის ქვითრებს და იღებს გადასახადს.

„თელმიკო“ კი ელექტროენერგიის მიწოდებას უზრუნველყოფს. ეს ნიშნავს, რომ ის საბითუმო ბაზარზე ყიდულობს ელექტროენერგიას, დებს მომხმარებლებთან ხელშეკრულებებს, ტარიფის მიხედვით ადგენს ქვითარს და აწარმოებს ფინანსურ ანგარიშსწორებას. ასევე, „თელმიკოს“ მოვალეობაში შედის კლიენტთა მომსახურებაც.

- რამდენად რთული იყო კომპანიისთვის საქმიანობის დასაწყისი, გარდამავალი ეტაპი? არსებითად, ეს რეფორმა ხომ პირველად ხდებოდა საქართველოში?

- დიახ, ეს პირველი მსგავსი რეფორმაა საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში. ჩვენ პირველებმა გავიარეთ ეს გზა, რომელიც სულაც არ ყოფილა მარტივი. თავიდან, ძირითადად, პროგრამულ უზრუნველყოფასთან დაკავშირებული ტექნიკური სახის პრობლემები წარმოიქმნა. სამწუხაროდ, ყველაფერმა იდეალურად ვერ იმუშავა, რის გამოც კიდევ ერთხელ ვიხდით ბოდიშს. ამას კოვიდ-19-ც დაემატა. მაგალითად, როდესაც ჩვენი ქოლ-ცენტრი ისედაც გადატვირთული იყო ოპერატორებში ვირუსის აფეთქება მოხდა – ისინი ერთმანეთის მიყოლებით ხდებოდნენ ავად და, შესაბამისად, ვერ ახერხებდნენ მუშაობას. ეს ნეგატიურად აისახა ქოლ-ცენტრზე, ჩვენთან დაკავშირება ძალიან გართულდა, რამაც მომხმარებლის უკმაყოფილება გამოიწვია.

თუმცა, მთავარია, რომ ჩვენ ყველაფრის გამოსწორება შევძელით. დღეისათვის „თელმიკოს“ ქოლ-ცენტრი უახლესი მოწყობილობითა და პროგრამული უზრუნველყოფითაა აღჭურვილი და გამართულად მუშაობს. ზარის მოლოდინის დრო არ აღემატება 60 წამს, რაც თანამედროვე ქოლ-ცენტრის სტანდარტში ჯდება.

- რა გაუგებრობები წარმოქმნა ბაზრის რეფორმამ მომხმარებლებში და როგორ ცდილობს კომპანია მათ აღმოფხვრას?

- ყველაზე რთული მომხმარებლებისთვის მომხდარ ცვლილებებში გარკვევა და ახალ პირობებთან მიჩვევა იყო. დღეს კიდევ არსებობს რამდენიმე შეკითხვა, რომლებსაც ისინი ყველაზე ხშირად გვისვამენ. მოდით, გავარჩიოთ თითოეული მათგანი:

- რატომ მოდის ორი ქვითარი, ნუთუ თვეში ორჯერ უნდა გადავიხადო ელექტროენერგიის საფასური?

ხშირად მომხმარებლები არ აქცევენ ყურადღებას, რომ წყლისა და დასუფთავების ქვითარი „თელასისგან“ მისდით, ხოლო ელექტროენერგიის – „თელმიკოსგან“. უმეტესად, სწორედ ეს ხდება პრეტენზიების მიზეზი.

მეორე ხშირად დასმული შეკითხვაა:

გაიზარდა თუ არა ტარიფი „თელმიკოს“ გამოჩენის შემდეგ ან იგეგმება თუ არა მისი გაზრდა?

პირველ რიგში, უნდა ითქვას, რომ „თელმიკო“ ელექტროენერგიის ტარიფს არ ადგენს და ამის უფლება მხოლოდ სემეკ-ს აქვს. მარეგულირებელმა კომისიამ არაერთხელ გაუსვა ხაზი, რომ ტარიფი „თელასისა“ და „თელმიკოს გაყოფის მომენტიდან არ შეცვლილა და არც უახლოეს პერიოდშია მისი გაზრდა დაგეგმილი.

- დიახ, მაგრამ პრეტენზიები ზედმეტი საფასურის დარიცხვის შესახებ დღესაც ჟღერდება? რა შეგიძლიათ გვითხრათ ამასთან დაკავშირებით?

- აქ საჭიროა მკაფიოდ განვაცალკეოთ ორი ცნება და ორი პროცესი. როგორც უკვე აღვნიშნე, მრიცხველიდან ჩვენებებს აგროვებს „თელასი“ და გადასცემს მათ „თელმიკოს“. თანხა ქვითარში ამ ჩვენებების საფუძველზეა მითითებული. თუკი, მომხმარებელი ამ დარიცხვას არ ეთანხმება, მას შემდეგნაირად შეუძლია მოიქცეს:

1. თვითონ შეამოწმოს საკუთარი მრიცხველი და შეადაროს ქვითარში მითითებული კილოვატები მრიცხველზე არსებულ კილოვატებს. თუკი აღმოაჩენს, რომ მრიცხველის ციფრები ქვითარში მითითებულ კილოვატებზე ნაკლებია, ნიშნავს, რომ ის არასწორადაა აღებული. ამ შემთხვევაში უნდა გადაუღოთ სურათი მრიცხველის ჩვენებას, დარეკოთ ჩვენს ქოლ-ცენტრში და დატოვოთ შეტყობინება. მრიცხველის ფოტო და აბონენტის ნომერი კი ელექტრონულ ფოსტაზე info@telmico.ge-ზე ან ჩვენს პირად ფეისბუქგვერდზე უნდა გამოგვიგზავნოთ.

2. თუკი, მომხმარებელმა არ იცის, სად არის მისი მრიცხველი განთავსებული, არსებობს მეორე გზაც. მან უბრალოდ უნდა დარეკოს ქოლ-ცენტრში და ითხოვოს შემოწმება.

ჩვენ კანონით ვართ ვალდებული, რომ მიმართვები „თელასს“ გადავცეთ, ის კი ვალდებულია 10 დღის განმავლობაში კიდევ ერთხელ შეამოწმოს მრიცხველი. თუკი ჩვენება მართლაც არასწორად იყო აღებული, თანხა აუცილებლად დაკორექტირდება.

- რა გეგმები აქვს „თელმიკოს“ მომსახურების გასაუმჯობესებლად?

- წლის ბოლომდე თბილისის სხვადასხვა უბანში კლიენტთა მომსახურების რამდენიმე ცენტრის გახსნას ვგეგმავთ. ასევე, აქტიურად ვავითარებთ დისტანციურ მომსახურებას და მალე შევძლებთ შევთავაზოთ აბონენტებს თანამედროვე, ტექნოლოგიური პირადი კაბინეტი და მობილური აპლიკაცია.

ჩვენ ვვითარდებით, როგორც მომსახურების მაღალი სტანდარტის მქონე ტექნოლოგიური თანამედროვე კომპანია, რომელიც თავის მომხმარებელს მუდმივად სთავაზობს სიახლეებს, ნერგავს ახალ მომსახურებას და პროდუქტებს.

ხათუნა ბურკაძე - კრემლის აგრესიული პოლიტიკის ფონზე აუცილებელია აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის განახლება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.12.2021
პაატა დავითაია - საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესები ემთხვევა - ბარიერის დაწევა აუცილებელია ქართული დემოკრატიის განვითარებისთვის
Colliers MMS გაფართოებული საინვესტიციო პორტფელი და ახალი შეთავაზება სამშენებლო სექტორს
სამშენებლო კომპანია „მეგა ჰოლდინგი“ მეგა საახალწლო აქციას აანონსებს: ყველა ბინა საჩუქრით
შეიძინე ბინა წინასწარი შენატანის გარეშე - შეთავაზება „ტერასა გლდანი გრინ თაუერისგან“