კახა წიქარიშვილი მოსამართლეობის კანდიდატს - როცა მიხეილ სააკაშვილი სასჯელაღსრულების დაწესებულებამ პროცესზე არ მიიყვანა, არის თუ არა კანონდარღვევა?

თქვენი აზრით, როცა მიხეილ სააკაშვილი სასჯელაღსრულების დაწესებულებამ მოსამართლის გამოძახების საწინააღმდეგოდ პროცესზე არ მიიყვანა, არის კანონდარღვევა თუ არ არის? - ამ კითხვით „დემოკრატიის ინდექსის“ იურისტმა კახა წიქარიშვილმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს ნინო სანდოძეს მიმართა. აღნიშნულთან დაკავშირებით მოსამართლეობის კანდიდატმა წიქარიშვილს უპასუხა, რომ მსგავსი რამ სხვა საქმეებზეც ხდება.

„მინდა გითხრათ, რომ არაერთ საქმეზე ხდება, როცა მოსამართლე სასართლოზე იწვევს პატიმარს და სასჯელაღსრულების დაწესებულება ბადრაგირებას სასამართლოში არ ახორციელებს. ეს რომ ყოფილიყო ერთ კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით, შესაძლოა, რაღაც კითხვის ნიშნები გაჩენილიყო. თუმცა, ჩემ წარმოებაში არსებულ საქმეებზე ახლა გარკვეულწილად ელექტრონულმა ჩართვამ გვიშველა, თორემ სააპელაციო ინსტანციაში საქმეთა განხილვის გაჭიანურების 90% იმის მიზეზი იყო, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულება სასამართლოს აცნობებს, რომ საკმარისი ადამიანური რესურსის და ტექნიკური პირობების არარსებობის გამო, ვერ ახორციელებს პირის ბადრაგირებას“, - განაცხადა სანდოძემ, რასთან დაკავშირებითაც, მას წიქარიშვილმა უთხრა, რომ კონკრეტული პასუხი გაეცა, არის თუ არა დარღვევა, როცა მოსამართლის გამოძახების მიუხედავად, სასამართლოში პატიმრის ბადრაგირება არ ხდება.

„აქ უნდა გაირკვეს მიზეზი თუ რატომ არ იქნა ბადრაგირება განხორციელებული, თუ შეეხო და არ მიიყვანა, ეს სხვა საკითხია“, - აღნიშნა სანდოძემ, რის შემდეგაც წიქარიშვილი მას კვლავ ჩაეკითხა.

„ორი მიზეზი დასახელდა - ბრალდებულის ჯანმრთელობა და პატიმრის უსაფრთხოება, არის თუ არა ეს საკმარისი მიზეზი და შეესაბამება თუ არა ეს კანონს?“ - იკითხა იურისტმა.

„ვფიქრობ, საკმარისი მიზეზია თუ ჩათვალა, რომ ვერ უზრუნველყოფდა უსაფრთხოებას, ამ საკითხებზე სწორედ პენიტენციური დაწესებულებაა ვალდებული, რომ უზრუნველყოს იქ მყოფ პირთა უსაფრთხოება“, - განმარტა მოსამართლეობის კანდიდატმა.

აღნიშნულის საპასუხოდ კი წიქარიშვილმა იკითხა, არის თუ არა მსგავსი საკითხი სასამართლოს ავტორიტეტის პრობლემა.

„ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი, ისტორიული პროცესია ყოფილი პრეზიდენტის გასამართლების პროცესი. ასეთი გახმაურებული პროცესი ჩვენ პრაქტიკულად არ გვქონია ალბათ, ბოლო 100 წლის განმავლობაში. უნდა გავასამართლოთ ყოფილი პრეზიდენტი, რომელიც არის პატიმარი, სასამართლო ამბობს, მომიყვანეთ პატიმარიო და სასჯელაღსრულებას არ მიყავს, ეს თქვენთვის არის თუ არა, სასამართლოს ავტორიტეტი?“ - იკითხა წიქარიშვილმა, რის საპასუხოდაც მოსამართლეობის კანდიდატმა განაცხადა, რომ „თუ დაუსაბუთებლად არ მიჰყავთ პატიმარი, რა თქმა უნდა, ეს სასამართლოს ავტორიტეტს დაუკავშირდება, თუმცა, ამას სჭირდება დასაბუთება, თუ რა არის მიზეზი, რის გამოც არ ხდება კონკრეტული პატიმრის ბადრაგირება“.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა