ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს 114-ე სესია, რომელიც საქართველოში მიმდინარეობდა, დასრულდა

ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს 114-ე სესია, რომელიც საქართველოში მიმდინარეობდა, დასრულდა. საბჭოს სხდომაზე, საქართველომ მსოფლიოს ზეთისხილის საერთაშორისო დღე მიულოცა.

სესიაზე მხარეებმა აღნიშნეს, რომ საქართველოს ზეთისხილის წარმოებისა და შემდგომი ექსპორტის კუთხით დიდი პოტენციალი აქვს. განიხილეს ფინანსური, ეკონომიკური, ტექნოლოგიური და გარემო-პირობებთან დაკავშირებული საკითხებიც. ამასთან, იმსჯელეს იმ საკითხებზე, რაც ხელს შეუწყობს ზეთისხილის პოპულარიზაციას და კომერციულ საქმიანობას. განსახილველ საკითხებს შორის ასევე იყო ზეთისხილის ბიზნესის გამოწვევები და შესაძლებლობები.

როგორც ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს პრეზიდენტი, იმავდროულად საქართველოში ზეთისხილის ასოციაციის დამფუძნებელი, პრეზიდენტი და ქვეყანაში ამ დარგის შემომტანი გიორგი სვანიძე აღნიშნავს, საქართველო დაფიქსირდა, როგორც ზეთისხილის საუკეთესო ხარისხის მწარმოებელი ქვეყანა. ამასთან, სესიის ფარგლებში, რამდენიმე ქვეყნის ინვესტორმა მზაობა გამოთქვა, რომ საქართველოში განახორციელონ ინვესტიციები. ამასთან, სვანიძის თქმით, საქართველო მზად არის ზეთისხილის ზეთის წარმოება კიდევ უფრო განავითაროს.

„საქართველოში ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს 114-ე სესია ჩატარდა. შეხვედრას 48 ქვეყანა ესწრებოდა, ამასთან, მონაწილეობდა უმაღლესი რანგის ევროკომისარი, იუნესკოს თავმჯდომარე. მოხარული ვარ, რომ საქართველოში ეს ასამბლეა წარმატებით დასრულდა. გუშინ, 5 წუთის განმავლობაში 48 ქვეყნის წარმომადგენელი ფეხზე მდგომი უკრავდა ტაშს. აღნიშნავდნენ, რომ ასე კარგად ღონისძიება არცერთ ქვეყანაში არ ჩატარებულა. 48 ქვეყანამ გაიცნო საქართველო. საქართველო დაფიქსირდა, როგორც ზეთისხილის საუკეთესო ხარისხის მწარმოებელი ქვეყანა. ინვესტორები ძალიან დაინტერესდნენ საქართველოთი. რამდენიმე ქვეყანამ სურვილი გამოხატა, რომ ინვესტიციები განახორციელონ“,- აღნიშნავს სვანიძე.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, ზეთისხილი არის კულტურა, რომელსაც საქართველოში ძალიან დიდი პოტენციალი გააჩნია. ზეთისხილის საერთაშორისო საბჭო კი ექსპერტული ორგანიზაციაა, რომელსაც შეუძლია საქართველოს ტექნიკური დახმარება აღმოუჩინოს. როგორც მინისტრმა განმარტა, საქართველოში ზეთისხილის სანერგე დაარსდება, იმისთვის რომ ზეთისხილის პლანტაციების გაშენება დაჩქარდეს.

„ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველო გაერთიანდა ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოში და ზეთისხილის მწარმოებელი ქვეყნების ოჯახში შევიდა. ზეთისხილი არის კულტურა, რომელსაც საქართველოში ძალიან დიდი პოტენციალი გააჩნია. ჩვენ გვინდა ამ კულტურის განვითარება. საქართველოს დღეისთვის 1000 ჰექტარი ზეთისხილის პლანტაცია აქვს, ძირითადად მშრალ ადგილებში.

ზეთისხილის საერთაშორისო საბჭო ექსპერტული ორგანიზაციაა, რომელსაც შეუძლია საქართველოს ტექნიკური დახმარება აღმოუჩინოს. უკვე შევთანხმდით, რომ საქართველოში ზეთისხილის სანერგე დაარსდება, იმისთვის რომ ზეთისხილის პლანტაციების გაშენება დავაჩქაროთ. მეორე მხრივ, ადგილობრივად წარმოებული ზეთისხილის ნერგები გამოვიყენოთ, მნიშვნელოვანია შევამციროთ იმპორტი. ჩვენ ასევე შევქმნით ზეთისხილის საცდელ მეურნეობას, იმისთვის, რომ დავაკვირდეთ სხვადასხვა ჯიშს, როგორ მოქმედებს ამა თუ იმ კლიმატში. ასევე, მნიშვნელოვანია საქართველოს სხვადასხვა ტერიტორია ავითვისოთ. ეს არ იყოს მხოლოდ ერთი მუნიციპალიტეტი ან ორი რაიონი“,- აღნიშნავს დავითაშვილი.

ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს 114-ე სესიის დასრულებისას საქართველოში ზეთისხილის კულტურის პოტენციალზე ისაუბრა სირინა მემუმ, რომელიც კომპანია „სიტადელ აგრუს“ წარმოადგენს. როგორც მან აღნიშნა, საქართველოში ზეთისხილის კულტურის მოსაყვანად ძალიან კარგი კლიმატია, ამასთან დაინტერესებულია საქართველოსთან პარტნიორობით.

„რაც შეეხება პარტნიორობას, დაინტერესებულები ვართ საქართველოსთან პარტნიორობით. რაც შეეხება ინვესტიციებს, გვსურს საქართველოში ინვესტიციების განხორციელება. ვიცით, რომ ძალიან კარგი საინვესტიციო გარემო არის. ამ ეტაპზე ეს გარემო უნდა შევისწავლოთ“,- აღნიშნავს სირინა მემუ.

ცნობისთვის, საქართველო ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს 2019 წლიდან შეუერთდა, ხოლო 2020 წლიდან წლის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანაც გახდა. როგორც შეხვედრის მონაწილეები აღნიშნავენ, სწორი მუშაობისა და მენეჯმენტის გათვალისწინებით, გიორგი სვანიძე უკვე მეორედ იქნა არჩეული ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს პრეზიდენტად, რაც მათივე თქმით, უპრეცედენტო შემთხვევაა.

ამასთან აღნიშნავენ, რომ ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს მიზანია, წვლილი შეიტანოს ზეთისხილის ზრდა-განვითარებაში, მათი ორგანიზებით იმართება ფორუმები საერთაშორისო დისკუსიისთვის, რათა გადაიჭრას ნებისმიერი საკითხი, რომელიც ზეთისხილის სექტორს უკავშირდება. ორგანიზაცია იმართება წევრების საბჭოსა და კომიტეტების მიერ (სულ 4 კომიტეტი, რომლებსაც წევრები წარმოადგენენ : ეკონომიკური საბჭო, ტექნოლოგიის და გარემოს კომიტეტი, ქიმიისა და სტანდარტიზაციის კომიტეტი და ადმინისტრაციული და ფინანსური კომიტეტი).

(R)

ავთანდილ წულაძე - მაკრონის, შოლცისა და ტუსკის შეხვედრის შემდეგ ცხადი გახდა, რომ უკრაინის იარაღის გარეშე დატოვების გეგმა ჩავარდა, ევროპისა და უკრაინა-რუსეთს შორის სამხედრო დაპირისპირება გაგრძელდება  და გაღრმავდება
„საქართველო მეცნიერების ქვეყანაა“ - აკადემიკოსი როინ მეტრეველი
ქართული პრესის მიმოხილვა 18.03.2024
კავკასიის ავტომარკეტი - ავტომობილის ყიდვის ახლებური გამოცდილება
ქართული ღვინის წარმატება იაპონიაში - TSV Estate Winery-მ განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა
ახალი „ბაკურიანი“ ხილის გემოთი - ნატურალური მინერალური წყალი, ბაკურიანის მთებიდან, ნაკლები შაქრით