ამირან გამყრელიძე - წინასწარი ცნობით, "ომიკრონი" უფრო სწრაფად ვრცელდება და რეინფიცირების მეტი რისკი არსებობს - უნდა გავაძლიეროთ მონიტორინგი ქვეყანაში სხვადასხვა შტამის ცირკულაციაზე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, წინასწარი მონაცემებით, კორონავირუსის ახალ შტამ „ომიკრონს“ ძალიან სწრაფი და მრავლობითი მუტაცია ახასიათებს.

როგორც მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, მას ისეთივე სიმპტომები ახასიათებს, როგორც სხვა შტამებს და პირველადი ინფორმაციით, „ომიკრონი“ მძიმედ არ მიმდინარეობს.

„საქმე გვაქვს სხვა შტამთან, რომელიც განსხვავდება, მას ძალიან სწრაფი და მრავლობითი მუტაცია ახასიათებს. ჯერჯერობით წინასწარი ცნობა არის ის, რომ უფრო სწრაფად ვრცელდება და რეინფიცირების მეტი რისკი არსებობს. ის უფრო აგრესიულია თუ არა „დელტას“ შტამთან შედარებით, უფრო მეტად იწვევს თუ არა ჰოსპიტალიზაციას და სიკვდილიანობას, ეს ჯერ ცნობილი არ არის. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ განაცხადა, რომ ამ საკითხზე რამდენიმე კვირის დაკვირვებაა საჭირო. ამიტომ, საჭიროა სიფრთხილე და ღონისძიებების დაცვა“,-განაცხადა გამყრელიძემ.

მისი განმარტებით, გუშინ საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, 8 ქვეყნის მოქალაქეებისთვის საქართველოს საზღვრის კვეთაზე, გარკვეული რეგულაციები ამოქმედდა, ერთ-ერთი პროფილაქტიკური ღონისძიება იქნება.

„კვლევები მიმდინარეობს იმის თაობაზე, რომ ვაქცინები, რომელიც დღეს ადმინისტრირდება, რამდენად დაფარავს ამ შტამს. ჯერ დამატებითი, უფრო მკაცრი ზომები მიიღეს იმ ქვეყნებმა, რომელთაც პირდაპირი კავშირი აქვთ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკასთან და აფრიკის იმ 8 ქვეყანასთან, რომელიც ჩამოთვლილია. ჩვენც დავაკვირდებით. ლუგარის ლაბორატორიაში სპეციალური პროტოკოლი მუშავდება საეჭვო შემთხვევების იდენტიფიცირებისა და მათი შემდგომი სექვენირების თაობაზე. რაც მთავარია, უნდა გავაძლიეროთ მონიტორინგი ქვეყანაში სხვადასხვა შტამის ცირკულაციაზე. შესაბამისი დავალებები ჩვენს ლაბორატორიას მიცემული აქვს. ზომების გამკაცრების თაობაზე პირველი ნაბიჯი გახლავთ ის გადაწყვეტილება, რაც გუშინ საკოორდინაციო საბჭომ მიიღო“,-აღნიშნა გამყრელიძემ.

ცნობისთვის, კორონავირუსის ახალი შტამის გავრცელებასთან დაკავშირებით, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 8 ქვეყნის მოქალაქეებისთვის საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით, რეგულაციები წესდება. ნებისმიერი პირი, მოქალაქეობის მიუხედავად, რომელსაც ბოლო 14 დღის განმავლობაში, აქვს შემდეგ ქვეყნებში მოგზაურობის ისტორია, საქართველოში შემოსვლისას ექვემდებარება 14-დღიან იზოლაციას/კარანტინს საკარანტინე სივრცეში.

აღნიშნული ქვეყნებია: სამხრეთ აფრიკა, ბოცვანა, ზიმბაბვე, ნამიბია, ლესოტო, ესვატინი (სვაზილენდი), მოზამბიკი, მალავი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა