ქართული პრესის მიმოხილვა 29.11.2021

სანდრო თვალჭრელიძე - “მერაბიშვილს მელია გულზე არ ეხატება და მის საბოლოოდ ჩამოშორებას შეეცდება”

რატომ ალაპარაკდა სააკაშვილის საქმის მოსამართლე მის შეწყალებაზე და შეიცვლის თუ არა აზრს პრეზიდენტი ზურაბიშვილი

მამუკა ხაზარაძე - “რაღა დროს არქივი და კა-გე-ბეა? უზარმაზარი სამსახურებია შექმნილი ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების შესალახავად”

რა ახალი საფრთხე გვემუქრება - კორონავირუსის ახალ შტამ „ომიკრონს“ ებოლას ვირუსს ადარებენ

ვახტანგ ძაბირაძე - “ამ ვითარებაში შეიძლება კითხვაც კი გაჩნდეს, სააკაშვილი იმისთვის ჩამოვიდა, რომ ხელისუფლებას დახმარებოდა?”

* * *

სანდრო თვალჭრელიძე - “მერაბიშვილს მელია გულზე არ ეხატება და მის საბოლოოდ ჩამოშორებას შეეცდება”

“ვადამდელი არჩევნების ჩატარება საჭირო გახდება თუ არა, ეს, პირველ ყოვლისა, მთავრობის გამჭრიახობაზე იქნება დამოკიდებული. თუ არ დაუშვებენ ტრაგიკულ შეცდომებს, რაც, მაგალითად, დაუშვეს მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხეში გადაყვანისა და იქ ყოფნის დროს, ვადამდელი არჩევნები საჭირო არ გახდება. დავუშვათ, ჩატარდა ვადამდელი არჩევნები და ისევ დამარცხდა “ნაციონალური მოძრაობა”, რა თქმა უნდა, არ გაჩერდებიან და ისევ გაყალბებულად გამოაცხადებენ არჩევნებს. ქართველს უჭირს მარცხთან შეგუება და ამის მიზეზებს საკუთარ მოქმედებაში კი არ ეძებს, არამედ _ გარეთ. გაიძახის, გამიყალბეს და ჩამიწყვესო”, - აცხადებს ექსპერტი სანდრო თვალჭრელიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “მერაბიშვილს მელია გულზე არ ეხატება და მის საბოლოოდ ჩამოშორებას შეეცდება” / “გამათავისუფლეთო, რომ გაიძახის სააკაშვილი, თავის თავს დააბრალოს, რა მდგომარეობაშიც არის. არ გამოპარულიყო უკრაინიდან და არ იჯდებოდა ახლა იქ, სადაც ზის”.

“არადა, ერთი შეხედვითაც ჩანს, რომ ბოლო არჩევნები გაცილებით სამართლიანი იყო, ვიდრე “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლება ატარებდა ხოლმე. კრისტალურად უშეცდომოდ და დარღვევების გარეშე არჩევნები დემოკრატიულ ქვეყნებშიც ვერ ტარდება და მით უფრო ვერ ჩატარდება ჩვენნაირ ქვეყანაში. სხვათა შორის, მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლამ ხელი შეუწყო მისი ამომრჩევლის მობილიზაციას და ბევრ მუნიციპალიტეტში აშკარაა, რომ ოპოზიციური ფრთა ძლიერია. რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის მოწოდებებს, მათ შორის მისი გათავისუფლების კომიტეტის შექმნას, არ ვიცი, რა ჰგონია. თეთრ ცხენს მიუყვანენ და გორის ჰოსპიტლიდან ვახტანგ გორგასლის ძეგლივით მასზე ამხედრებულს გამოიყვანენ?! რა თქმა უნდა, ასე არ იქნება. უკვე ვხედავთ, რომ აქციებზე, ძალიან ერთგული მხარდამჭერების გარდა, ძნელად თუ ვინმე მიდის, ხალხის მასობრივი მობილიზაცია ვერ ხერხდება. გავიხსენოთ თუნდაც 23 ნოემბერს მოწყობილი ე.წ. ჯაჭვი - იმდენი ხალხიც კი არ მივიდა, რომ მოძრაობა გადაეკეტათ. ჩემი აზრით, ყველაფერი ასე კინკლაობაში გაგრძელდება და კიდევ სამი წელიწადი, ანუ საპარლამენტო არჩევნებამდე, არ გაჩერდებიან. ესე იგი რა გამოდის? ესენი გაყალბებულად გამოაცხადებენ ნებისმიერ არჩევნებს, მათ შორის - ვადამდელსაც, ანუ ვიდრე თვითონ არ გაიმარჯვებენ, გამუდმებით ეცდებიან არეულობის მოწყობას”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სანდრო თვალჭრელიძე.

“ასე ქვეყანას ანგრევენ. თუ გვინდა წინსვლა, ეკონომიკის განვითარება და ევროკავშირში გაწევრება, სიმშვიდე და სტაბილურობაა საჭირო. ასეთ ექსტრაორდინარულ, ფორსმაჟორულ ვითარებაში ქვეყანა ვერ განვითარდება, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენი პოლიტიკოსები პირველ ადგილზე საკუთარ ინტერესებს აყენებენ და მხოლოდ ამის შემდეგ ფიქრობენ საქვეყნო ინტერესებზე, თუ ფიქრობენ საერთოდ... გამოდის მამუკა ხაზარაძე და ხალხის სახელით ამბობს, ვადამდელი არჩევნები უნდა დაინიშნოსო. გეკითხებით, რამდენპროცენტიანი მხარდაჭერა მიიღო ხაზარაძის პარტიამ? სულ რაღაც 2%-იანი. მაშინ მაინტერესებს, რა უფლებით ლაპარაკობს ქართველი ხალხის სახელით? ილაპარაკოს ამომრჩევლის იმ 2%-ის სახელით, რომელმაც მას ხმა მისცა. ოპოზიციის ლიდერები გამოდიან ახალ-ახალი ინიციატივებით: ვიღაცა წალენჯიხის აყვავებას აპირებს, ვიღაცა ეკონომიკური განვითარების პროექტზე ლაპარაკობს. ამავდროულად, ამბობენ, რომ აქციებია საჭირო. ბოლოს და ბოლოს, გადაწყვიტონ, რა უნდათ, თორემ ასე იმ ამომრჩეველსაც დაკარგავენ, ვინც ჰყავთ”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“ახლა ყველაზე ნორმალურად გამოიყურებიან პარტიები, რომლებიც დამარცხდნენ, მაგრამ ექსტრემისტულ განცხადებებს არ აკეთებენ. თუ ასე გაგრძელდა და მათაც არ დაუშვეს ტრაგიკული შეცდომები, მომავალ არჩევნებზე უკეთეს შედეგს აჩვენებენ. უპირველესად, ვგულისხმობ გიორგი გახარიას პარტიას. ხალხს აღარ შეუძლია ექსტრემისტული განწყობებისა და პროცესის ესკალაციის ატანა, ისედაც წელში გაწყდა. ჩვენი მოსახლეობის უდიდეს ნაწილს არც სააკაშვილი აინტერესებს, არც ივანიშვილი, მათ უნდათ, როგორმე ნორმალურად იცხოვრონ და მუდამ თავის გადარჩენაზე არ სჭირდებოდეთ ფიქრი. გამათავისუფლეთო, რომ გაიძახის სააკაშვილი, თავის თავს დააბრალოს, რა მდგომარეობაშიც არის. არ გამოპარულიყო უკრაინიდან და არ იჯდებოდა ახლა იქ, სადაც ზის. მის გასათავისუფლებლად ფართო საზოგადოება არაფერს მოიმოქმედებს, ისევე, როგორც ამაში არ ჩაერევიან ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები, თუ ისევ “ქართულმა ოცნებამ” არ დაუშვა შეცდომები და არ გაჩნდა ეჭვი, სათანადოდ ექცევიან თუ არა პატიმარ ექსპრეზიდენტს. ფაქტია, რომ სააკაშვილი საქართველოში მუდმივად იქნება არეულობის ფაქტორი, ამიტომაც არის მოლოდინი, რომ ის შეიძლება გაუშვან ქვეყნიდან, თუმცა ძნელად წარმოსადგენია, უკრაინაში გაამგზავრონ, რადგან ამის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს”, - მიიჩნევს ექსპერტი.

“შესაძლოა, უფრო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის საბაბით გაუშვან რომელიმე მესამე ქვეყანაში, ვნახოთ. ჯერჯერობით ხელისუფლების წარმომადგენლებისგან გვესმის განცხადებები, რომ სააკაშვილის სამკურნალოდ საქართველოში ყველა პირობა არსებობს და მისი სადმე წაყვანა საჭირო არ არის. ახლა სააკაშვილი თავის ტკივილია ყველასთვის - “ქართული ოცნებისთვის”, “ნაციონალური მოძრაობისთვის” და საკუთარი თავისთვისაც კი. რატომღაც მას ჰგონია, რომ თვითონ ბელადია და მის კეთილდღეობას ყველამ ყველაფერი უნდა შესწიროს, რაც ასე არ არის. წავიდა სააკაშვილის დრო, ერთსა და იმავე მდინარეში ორჯერ ვერ შედიან. კანონი მოითხოვს, რომ ის იჯდეს ციხეში და არავითარი ინსტრუმენტი მისი იქიდან გამოყვანისა არ არსებობს, თუ არ ჩავთვლით შეწყალებას, რის თაობაზეც პრეზიდენტმა მკაფიოდ განაცხადა, რომ ამას არასდროს გააკეთებს. მიხეილ სააკაშვილი ძალაუფლების დასაბრუნებლად მხოლოდ ერთ ტექნოლოგიას ხედავს - ეს არის რევოლუცია, მაგრამ 2003 წელს მას ქვეყნის გარედან ძალიან ბევრი დამხმარე ჰყავდა, ახლა ასე არ არის, თანაც, როგორც უკვე ვთქვი, ეს უკვე განვლილი ეტაპია”, - დაასკვნის სანდრო თვალჭრელიძე.

“რა ხდება “ნაციონალურ მოძრაობაში”, არ ვიცი, თუმცა ფაქტების გაანალიზება შეიძლება: ვანო მერაბიშვილი იჯდა ციხეში, მოიხადა სასჯელი და გამოვიდა. ეგონა, დახვდებოდნენ როგორც გმირს, მაგრამ სწორედ ნიკა მელიას გამო მას, ფაქტობრივად, ზურგი აქციეს, პარტიაში არანაირი თანამდებობა არ მისცეს და თუ დღემდე გარკვეულ ჯგუფზე გავლენას ახდენს, ეს მისი პირადი დამსახურებაა და არა - შიდა პარტიული იერარქიის. რასაკვირველია, მას ნიკა მელია გულზე არ ეხატება და შეეცდება ჯერ პარტიაზე მისი გავლენის შემცირებას, საბოლოოდ კი - სულ ჩამოშორებას. ამბობენ იმასაც, რომ თავმჯდომარეობიდან მისი გაშვება იგეგმება. ერთი შეხედვით, ეს შეიძლება უპრიანიც იყოს, რადგან მან ყველა არჩევნები წააგო, პარლამენტიდან გამოვიდა და თანაც წინ სასამართლო პროცესი ელის. ახლა ნიკა მელია ნაკლებად ხისტად იქცევა. მან დაინახა, რომ ამგვარი ხისტი მიდგომა არაფრის მომტანია. კი, იყვირებენ ქუჩაში, მაგრამ ამას შედეგი არ მოაქვს. ჩემი აზრით, მელია გაცილებით რეალურად აფასებს პოლიტიკურ პროცესებს. მან უკეთ იცის, როგორია დღევანდელი საზოგადოების განწყობა, ვიდრე მიხეილ სააკაშვილმა, ამიტომაც მისი პოზიცია უფრო რეალისტურია, მაგრამ, სავარაუდოდ, “ნაცმოძრაობის” ე.წ. რეაქციულ ფრთას ამის გაგება და დანახვა არ სურს”, - ამბობს რესპონდენტი.

“ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური ვითარების გაუმჯობესებაზე ზრუნვა მთავრობის მოვალეობაა. სიმართლე გითხრათ, დღემდე ჩვენ, ძირითადად, ლოზუნგები მოვისმინეთ. თავის დროზე გახარიამ მწირი, მაგრამ მაინც ეკონომიკური გეგმა გამოაქვეყნა, ისევე, როგორც ადრე კვირიკაშვილმა. ამათ ჯერ არაფერი გამოუქვეყნებიათ. უბრალოდ, თქვეს, რომ უნდა განავითარონ ეკონომიკა, აქვთ რაღაც პროექტები, მაგრამ რა ინსტრუმენტებით, როგორ აპირებენ ამას ან რომელი დარგების განვითარებას გეგმავენ, უცნობია. ვიდრე პროგრამას არ ვნახავთ, გამიჭირდება რამის თქმა. იმაზე, რაც საჭიროა ეკონომიკური განვითარებისთვის, მაგალითად, საკანონმდებლო ხარვეზების აღმოფხვრაზე, ჯერჯერობით არავის ულაპარაკია. არ ვიცი, არ უნდათ ამის გაკეთება თუ არ ესმით ამის მნიშვნელობა...ჩვენი კანონმდებლობა მანკიერია. გლობალურ სამყაროში ვცხოვრობთ და იმისთვის, რომ თუნდაც ევროპის ნაწილად ვიქცეთ, ჩვენი ეკონომიკური კანონმდებლობა უნდა იყოს სინქრონიზებული. უცხოელ ინვესტორებს ჩვენი კანონმდებლობა ძალიანაც მოსწონთ, რადგან ისინი ფლობენ იმ ინსტრუმენტებს, რომლებიც ქართული კომპანიებისთვის ხელმისაწვდომი არ არის”, - განმარტავს ექსპერტი და შეკითხვაზე - “ირაკლი ღარიბაშვილი გამოვიდა ინიციატივით, ონლაინ-კაზინოები ჯერ შეიზღუდოს, მერე კი საერთოდ აიკრძალოს...” - პასუხობს:

“ ჩემი აზრით, საზოგადოებისთვის ონლაინკაზინოებისგან მიყენებული ზიანი ჰეროინის ზიანის ტოლფასია. განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის არის ეს დიდი ხიფათი. ხელისუფლებას ახლა საზოგადოების გულის მოგება სჭირდება და შეიძლება ის ხალხი, ვისი ინტერესებიც შეილახება, განტევების ვაცად აქციონ. თანაც არ დაგავიწყდეთ, რომ კვირიკაშვილთან შედარებით, ღარიბაშვილი გაცილებით ხისტი პოლიტიკოსია. ჩემი აზრით, ბოლოს და ბოლოს, მიიღებენ ამ შეზღუდვებს, რასაც მეც მხარს ვუჭერ”.

რატომ ალაპარაკდა სააკაშვილის საქმის მოსამართლე მის შეწყალებაზე და შეიცვლის თუ არა აზრს პრეზიდენტი ზურაბიშვილი

“ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სამართლებრივი მდგომარეობა შეიცვალა. ახლა მას აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა აღარ აქვს შეფარდებული და თუ შეიწყალებენ, დაუბრკოლებლად დატოვებს საპატიმროს. ამის შესახებ სააკაშვილის საქმის ერთ-ერთი მოსამართლე აცხადებს. ანალიტიკოსთა უმრავლესობა მოვლენების ასეთ განვითარებას არ ელოდება, რადგანაც პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბოლო თვენახევარში ორჯერ თქვა საჯაროდ უარი სააკაშვილის შეწყალებაზე და ახლა თუ აზრს შეიცლის, ამით საკუთარ ავტორიტეტს სერიოზულად დააზარალებს. თანაც, სააკაშვილის შეწყალების სამართლებრივი ან სხვა სახის ახალი არგუმენტიც არ გამოჩენილა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რატომ ალაპარაკდა სააკაშვილის საქმის მოსამართლე მის შეწყალებაზე და შეიცვლის თუ არა აზრს პრეზიდენტი ზურაბიშვილი.

“პატიმრობა რომ არ გაგვეუქმებინა, მიუხედავად შეწყალებისა, სააკაშვილი საპატიმროში დარჩებოდა. ახლა, თუ სალომე ზურაბიშვილი იმ დასკვნამდე მივა, რომ შეიწყალებს, ჩვენთან პატიმრობა კი არა, არანაირი აღკვეთის ღონისძიება აღარ აქვს და გარეთ იქნება”, - ამის შესახებ 7 ნოემბრის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის საქმის განმხილველი კოლეგიის მოსამართლე ლიანა ორკოდაშვილმა “ტვ პირველთან” განაცხადა. ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძის აზრით, თავად ის ფაქტი, რომ სააკაშვილის საქმის მოსამართლე პრეზიდენტის კომპეტენციაში ერევა და დასაშვებად მიიჩნევს სააკაშვილის შეწყალებას, სერიოზულ კითხვებს აჩენს. ანალიტიკოს რამაზ საყვარელიძის აზრით კი, ექსპრეზიდენტის შეწყალება გამორიცხულია, თუკი ახალი “ძალიან დიდი ფაქტორები” არ გაჩნდა”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ჩემი აზრით, მოსამართლე ორკოდაშვილმა უადგილო განცხადება გააკეთა. ვფიქრობ, რომ ეს იყო როგორც პროფესიული, ისე სამსახურებრივი ეთიკის დარღვევა, მოსამართლის საქმე არაა პრეზიდენტს თუნდაც ირიბად მისცეს მითითებები თუ რა გააკეთოს და რა არა. მოსამართლის საქმე საქმის განხილვაა. პრეზიდენტი რას გაკეთებს - ეს ორკოდაშვილს არ ეხება. ეს მან ერთი შეხედვით თითქოს უბრალოდ სიტყვის მასალად გამოიყენა, მაგრამ ამ წინადადებაში ფაქტიურად საკუთარი სურვილიც ჩააქსოვა. ასე რომ, ამ მოსამართლესთან დაკავშირებით სააკაშვილის საქმეზე საზოგადოებაში უკვე კითხვები გაჩნდა. ვნახოთ, რა მოხდება. სალომე ზურაბიშვილისგან არაოდნინალური ნაბიჯები გამორიცხული არაა, მაგრამ თუ უნდა, რომ საკუთარი რეპუტაცია და ავტორიტეტი საბოლოოდ დამარხოს, მაშინ შეწყალების გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. თუ მას ამის გაკეთება უნდოდა, ორჯერ ჰქონდა ამის საშუალება, ორჯერვე უარი განაცხადა და ახლა რა შეიცვალა? საქმის გარშემო გარემოებები, როგორც ადგილობრივი ისევე საგარეო, არსებითად არ შეცლილა. შესაბამისად, შეწყალების საფუძველი მემგონი არაფერია”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ზაალ ანჯაფარიძე.

“იმდენი თქვა ზურაბიშვილმა “დაუშვებლად მიმაჩნიაო”, რომ ასეთი ნათქვამის უკან დაბრუნება ჩვეულებრივ მოქალაქესაც კი არ შეჰფერის, მით უმეტეს პრეზიდენტს. მის სიტყვას ფასი უნდა ჰქონდეს. სიტყვა თუ შეცვალა, მაშინ მისი სიტყვა წონას დაკარგავს. თუ ძალიან დიდი ფაქტორები გაჩნდა, კიდევ შესაძლოა რაღაც დავუშვათ. დიდ ფაქტორებში ვგულისხმობ იმას, რომ ამ პროტესტების ფონზე ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრებისთვის სახიფათო მოვლენები თუ მოხდა. მაგრამ თუკი უკმაყოფილების ეს ტალღა იმავე ფორმაბში ჩაივლის, რაც აქამდე იყო, მაშინ მეეჭვება, რომ ამ მასშტაბებმა ზურაბიშვილის გადაწყვეტილებაზე გავლენა იქონიოს”, - მიიჩნევს რამაზ საყვარელიძე.

მამუკა ხაზარაძე - “რაღა დროს არქივი და კა-გე-ბეა? უზარმაზარი სამსახურებია შექმნილი ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების შესალახავად”

“საქართველოს ინტერესებისთვის გადაუდებლად მიმაჩნია ეროვნული კონსოლიდაციის, ეროვნული უსაფრთხოებისა და ეკონომიკის მძლავრი პლატფორმის შექმნა”, _ ამბობს “ლელო საქართველოსთვის” ლიდერი მამუკა ხაზარაძე და ასახელებს 3 ინიციატივას, რომელთა ხორცშესასხმელად ყველა დაინტერესებულ მხარეს მრგვალი მაგიდის ფორმატში იწვევს. ის ერთ-ერთ მთავარ საკითხად ლუსტრაციის კანონის მიღებას ასახელებს. უფრო ვრცლად “ლელოს” 3 ინიციატივაზე, ლუსტრაციის კანონსა და მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე მამუკა ხაზარაძე გვესაუბრება”, - წერს გაზეთი “კვირის პალიტრა” სტატიაში, სათაურით მამუკა ხაზარაძე: “რაღა დროს არქივი და კა-გე-ბეა?­ მას შემდეგ უზარმაზარი სამსახურებია შექმნილი ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების შესალახავად”.

“გადაუდებლად მიმაჩნია ეროვნული კონსოლიდაციის, ეროვნული უსაფრთხოებისა და ეკონომიკის მძლავრი პლატფორმის შექმნა, რაც გულისხმობს საქართველოში აშშ-ის სამხედრო ობიექტების განლაგებასა და საამისოდ აქტიურ მუშაობას როგორც საკანონმდებლო, ასევე ეკონომიკური კუთხით; აშშ-სთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების სწრაფად ამოქმედებას, რომელიც საქართველოს ეკონომიკას მისცემს სწრაფი ზრდის საშუალებას და ლუსტრაციის კანონის, ეროვნული კონსოლიდაციისა და სუვერენიტეტის დაცვის აქტის მიღებას მტრული სახელმწიფოების სამსახურში მყოფი საქართველოს მოქალაქეების გამოსავლენად. ამ საკითხებით დაინტერესებულ ყველა მხარეს ვიწვევთ მრგვალი მაგიდის ფორმატში. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია სასამართლო სისტემის რეალური რეფორმირება, თუმცა ეროვნული უსაფრთხოება და ეკონომიკის სწრაფი განვითარება ყველაზე საშური საქმეა, ვინაიდან რეგიონში ძალიან სახიფათო ვითარებაა. ახლა გვჭირდება ეროვნული ძალების კონსოლიდაცია, დასავლელ პარტნიორებსა და მოკავშირეებთან ინტენსიური მუშაობა ამ მიზნების მისაღწევად. საქართველოს აქვს შანსი გახდეს ძლიერ ეროვნულ ფასეულობებზე დაფუძნებული თანამედროვე სახელმწიფო, რომელიც მიმზიდველი იქნება ცივილიზებული სამყაროსთვის როგორც სანდო მოკავშირე და პარტნიორი”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მამუკა ხაზარაძე.

“ეს არის დოქტრინა ქვეყნის კრიზისიდან გამოსაყვანად, ხოლო კრიზისი, რომელიც “ოცნების” გამოა შექმნილი, თავისთავად გულისხმობს, რომ ახალი არჩევნებია საჭირო. “ოცნება” რომ ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება და რუსული ორბიტისკენ მიგვათრევს, უკვე ნათლად ჩანს. ამიტომ ეროვნული ძალების კონსოლიდაცია უნდა დავიწყოთ, იქნება ეს პარტიები თუ ცალკეული ადამიანები, მათ შორის საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, მსახიობები. უკრაინასთან ამერიკამ სამხედრო-ფინანსური მხარდაჭერის ძალიან სერიოზული ხელშეკრულება გააფორმა. ამერიკული არმიის ორიათასკაციანი კონტინგენტის უკრაინაში როტაციაზეც არის უკვე საუბარი. ახლახან სამხედრო კატარღებიც მიაწოდეს. ამიტომაც ვფიქრობ, რომ ქართველი ხალხის სურვილის შემთხვევაში ასეთი რამ ჩვენს ქვეყანაშიც სწრაფად მოხერხდება”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“ოცნების” მმართველობის დროს არც მსგავსი პროექტი განხორციელდება, არც ანაკლია აშენდება და არც სხვა რაიმე ღონისძიება გატარდება, რაც ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის არის მნიშვნელოვანი. რაც შეეხება ვაჭრობის ხელშეკრულების ამოქმედებას, ჩვენ უნდა შევქმნათ საფუძველი, რომ ამერიკულმა დიდმა კორპორაციებმა ინვესტიციები ჩადონ. ამისთვის საჭიროა სწრაფი ეკონომიკური აღმავლობა. თუ ამ ყველაფერს დროულად არ გავაკეთებთ, მხოლოდ ეკონომიკური სიდუხჭირე კი არა, დემოგრაფიული პრობლემებიც გარდაუვალია - წარმოუდგენლად შეუქცევადი სახე მიიღო ახალგაზრდების ქვეყნიდან გადინებამ”, - ამბობს “ლელო საქართველოსთვის” ლიდერი.

“ჰაერივით გვჭირდება ინვესტიციები და ამასთან, გარანტია იმისა, რომ ისინი დაცული იქნება. მხოლოდ ანაკლიის პორტზე ორი ამერიკული უზარმაზარი კომპანია დაობს საარბიტრაჟო სასამართლოში. გაღატაკებული, სახელგატეხილი და პარტნიორების გარეშე დარჩენილი საქართველო მხოლოდ რუსებს და “ოცნებას” აძლევს ხელს. წარმოუდგენელი რამ მოხდა ბათუმსა და ზუგდიდში, ახალი საკრებულოა არჩეული და ბიუჯეტი ძველმა შემადგენლობამ დაამტკიცა - ესე იგი, უმცირესობა მართავს ქვეყანას. “ოცნება” ცდილობს აზრი დაუკარგოს დემოკრატიას და გადასულია ყველა მეთოდით ძალაუფლების შენარჩუნებაზე. დესტაბილიზაციის გამომწვევი ძალა დღეს ქვეყანაში არის არა ოპოზიცია, არამედ თვითონ “ოცნება”, - დაასკვნის მამუკა ხაზარაძე.

“რაც შეეხება ჩვენს ინიციატივას ლუსტრაციის კანონის შესახებ, რაღა დროს არქივი და კა-გე-ბეა? მას შემდეგ უზარმაზარი სამსახურებია შექმნილი რუსეთშიც და სხვა ქვეყნებშიც, რომლებიც ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების შესალახავად მუშაობენ. უამრავი თანამედროვე მექანიზმი არსებობს მოღალატეების გამოსავლენად. არქივი დაიწვა და ლუსტრაციის კანონის ამოქმედებას პერსპექტივა არა აქვსო, ზღაპარია. გეკითხებით, წარმოადგენს თუ არა აგენტურულ ქსელს ბოტების და ტროლების საქმიანობა? ხალხს ტვინს ურევენ, ქართული სახელმწიფოებრიობის საწინააღმდეგო პოსტებს დებენ. რაღა შორს მივდივართ, ტელევიზიის საშუალებით იმაზე საუბარი, რომ თურმე გონიოში რუსული სამხედრო ბაზები უნდა განლაგდეს, არის თუ არა ჩვენი ქვეყნის ინტერესებისთვის საზიანო?! თუნდაც სოცქსელს რომ გადახედოთ, ნახავთ რუსეთის უამრავ აგენტს. ამ საქმეს მუშაობა სჭირდება, საერთაშორისო ექსპერტების დახმარება, ჩვენი კანონმდებლების ჩართულობა. ადამიანებს უნდა ჰქონდეთ განცდა, რომ ქვეყნის ღალატი კანონით ისჯება”, - მიიჩნევს რესპონდენტი.

“ლელო” არ აპირებს სააკაშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებულ საინიციატივო ჯგუფში შესვლას. უკვე მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ ჩვენს გეგმებში საინიციატივო ჯგუფში შესვლა არ არის. ჩვენ გვაქვს ჩვენი დღის წესრიგი და ჯგუფში შესვლაზე უარს ვამბობთ იმ მიზეზით, რომ კანონი ყველასთვის კანონი უნდა იყოს. ხომ გახსოვთ, რომ სააკაშვილის საავადმყოფოში გადაყვანასა და მისი ღირსების დაცვას ვითხოვდით?! ვითხოვდით, რომ მას სასამართლოზე დასწრების საშუალება და საკუთარი არგუმენტების წარდგენის საშუალება მისცემოდა. ასევე ვითხოვთ, რომ სამართლიანმა სასამართლომ უნდა გაასამართლოს. სამწუხაროდ, დღეს სამართლიანი სასამართლო არა გვაქვს, მაგრამ მაინც არ მიგვაჩნია სწორად საინიციატივო ჯგუფის მოთხოვნა. არსებობს ბრალდება და არსებობს სამართალი. გასაგებია, რომ სასამართლო სამართლიანი არ არის, მაგრამ რა ვქნათ, მე და ბადრი ჯაფარიძეც ამავე სასამართლოში დავდივართ. ასეთი საკითხების აქციებით მოგვარების ჩვენ არ გვჯერა”, - დასძენს მამუკა ხაზარაძე.

რა ახალი საფრთხე გვემუქრება - კორონავირუსის ახალ შტამ „ომიკრონს“ ებოლას ვირუსს ადარებენ

“ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ “შემაშფოთებელი” უწოდა კორონავირუსის ახალ ვარიანტ “ომიკრონს”, რომელსაც ახასიათებს მრავალი ახალი მუტაციები და ხელმეორედ დაინფიცირების მომეტებული რისკით ხასიათდება. აღნიშნულზე სამედიცინო ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი, გიორგი ხარებავა “რეზონანსთან” საუბრისას აღნიშნავს, რომ ახალ შტამის პათოგენურობასთან დაკავშირებით ჯერჯერობით მხოლოდ თეორიული ვარაუდები არსებობს, თუმცა, მისი სწრაფი გავრცელების ტემპებიდან გამომდინარე, არ არის გამორიცხული მალე დომინანტ შტამად მოგვევლინოს მთელს მსოფლიოში. მისივე თქმით, ამ დროისთვის გამოიკვეთა ორი ძირითადი მომენტი რომელიც ვირუსის მაღალ საშიშროებაზე მიუთითებს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ახალი შტამი, რომელსაც უკვე ებოლას ვირუსს ადარებენ - რა არის „ომიკრონი“ და რა ახალი საფრთხე გვემუქრება.

“მიუხედავად იმისა რომ, ახალი შტამის შესახებ სრულყოფილი ინფორმაცია ჯერ არ არის, და ჩვენ საქმე გვაქვს მხოლოდ პროგნოზებთან, საყურადღებოა 2 ძირითადი მომენტი. პირველი - ვირუსის ინფიცირების მაღალი უნარი, რაც გამოიხატება სამხრეთ აფრიკაში ინფიცირებულთა კლასტერის უჩვეულოდ სწრაფი ზრდით და მეორე ის არის, რომ ამ შტამს გააჩნია ძალიან დიდი რაოდენობის ახალი მუტაციები. ვირუსში აღნიშნულია 50-ზე მეტი ახალი მუტაცია, აქედან სადღაც ნახევარზე მეტი არის გენომის იმ მნიშვნელოვან ზონაში, რომელიც აკოდირებს სპაიკ პროტეინს. როდესაც მუტაციები ამ ზონაში გვაქვს, ჩვენ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ამ ვირუსის ინფიცირების უნარი მოდიფიკაციას განიცდის. ეს სპაიკ პროტეინი სწორედ ის მექანიზმია, რითიც ვირუსი ორგანიზმში აღწევს. და მისმა მოდიფიცირებამ შესაძლებელია გაზარდოს ვირუსის მიერ ადამიანის უჯრედების ინფიცირების ეფექტურობა”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრიას გიორგი ხარებავა.

“შესაძლოა ახალი შტამი ვაქცინების მიმართ ნაწილობრივ რეზისტენენტული აღმოჩნდეს, რადგანაც არსებული ვაქცინები სწორედ ამ სპაიკ პროტეინის წინააღმდეგ არის მიმართული, ხოლო მუტანტური სპაიკ პროტეინის მქონე ვირუსი შესაძლოა ნაკლებად მგრძნობიარე იყოს ვაქცინის საფუძველზე წარმოქმნილი ანტისხეულების მიმართ. ეს მოსაზრებები ჯერ მხოლოდ თეორიულ დონეზეა, სწორედ ეს იძლევა შეშფოთების საფუძველს. მიმდინარეობს კვლევის პროცესი და იმედია ომიკრონი რეკლასიფიცირდება უფრო დაბალი რანგის კლასიფიკაციაში ჯანდაცვის საერთასორისო ორგანიზაციის მიერ. ამ ეტაპზე რისკები მაღალია და სწორედ ეს იწვევს ყურადღებას. ფაქტია, რომ ვირუსს სწრაფად გავრცელების უნარი აქვს. ეს იქნება მეხუთე შტამი და თუ მან დომინანტური ადგილი დაიკავა, არ არის გამორიცხული გამოიწვიოს კიდევ ერთი დამატებითი პიკი, მაგრამ რამდენად გაზრდის უარყოფით მაჩვენებლებს თუნდაც ლეტალობის მხრივ ჯერ უცნობია”, - დაასკვნის ხარებავა.

“ამასთან, ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი ზაზა წერეთელი ახალი შტამის შესახებ მიმართვას ავრცელებს. “მაშ ასე, ახალი შტამის სახელია “ომიკრონი” და ის შეშფოთების ვარიანტად იქნა დასახელებული... მისი მთავარი პრობლემაა გავრცელების სისწრაფე და მუტაციების დიდი რაოდენობა - 2 ჯერ მეტი, ვიდრე დელტა შტამის პირობებში და 500-ჯერ უფრო ძლიერია, ვიდრე პირველადი უჰანის ვირუსი. ევროკავშირმა დღეს მიიღო გადაწყვეტილება რომ შეწყვიტოს სამხრეთ აფრიკიდან და მისი მეზობელი ქვეყნებიდან მგზავრების მიღება. უკან დაბრუნება შეუძლიათ მარტო ევროკავშირის წევრი ქვეყნის მოქალაქეებს, მაგრამ მიუხედავად თავის ვაქცინაციის სტატუსისა ყველას მოუწევს კარანტინი. ევროკავშირმა ასევე მოუწოდა თავის წევრ ქვეყნებს სასწრაფოდ გაზარდოს დარჩენილი ვაქცინაცის ტემპი და გაამკაცროს წესები, პირბადების ტარებასა და რაც მთავარია სახლიდან მუშაობაზე, მაშინ როცა ამის შესაძლბელობა არის. სხვათაშორის, საქართველომ სრულიად უგულვებელყო ეს მეთოდი, რომელსაც მსოფლიოს ყველა ქვეყანა იყენებს და თითქმის არ გამოუყენებია დისტაციურად მუშაობის მანდატორული მოთხოვნა”, - წერს ზაზა წერეთელი და დასძენს - “ასეთი ამბებია მსოფლიოში... კიდევ კარგი საქართველოს არ ანაღვლებს კოვიდი” - აღნიშნავს გამოცემა.

“ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ საჭირო იქნება რამდენიმე კვირა იმის დასადგენად, თუ როგორია კორონავირუსის ახალი ვარიანტის გავლენა და რამდენად არის ის გადამდები. ჯანმომ “ომიკრონის” შესახებ პირველად სამხრეთ აფრიკიდან 24 ნოემბერს მიიღო ცნობები. კორონავირუსის ეს ვარიანტი ბოტსვანაში, ბელგიაში, ჰონკონგსა და ისრაელშიც აღმოჩნდა. ხუთშაბათს რამდენიმე ქვეყანამ აკრძალა სამხრეთ აფრიკასთან საავიაციო მიმოსვლა. მსოფლიოს ექიმთა ასოციაციის ხელმძღვანელის, ფრანკ ულრიხ მონტგომერის განცხადებით კი, კორონავირუსის “ომიკრონი” შტამი შესაძლოა ისეთივე საშიში იყოს, როგორიც „ებოლას" ვირუსია. ამის შესახებ გერმანული “ბერლინერ ცაიტუნგი” წერს. მონტგომერის თქმით, სპეციალისტებს ჯერ არ აქვთ ზუსტი პასუხი, თუ რამდენად საშიშია “ომიკრონი”, თუმცა ცნობილია, რომ ის საკმაოდ სწრაფად ვრცელდება”, - დასძენს გამოცემა.

ვახტანგ ძაბირაძე - “ამ ვითარებაში შეიძლება კითხვაც კი გაჩნდეს, სააკაშვილი იმისთვის ჩამოვიდა, რომ ხელისუფლებას დახმარებოდა?”

“ეს არის იმ პროცესის ლოგიკური განვითარება, რა პროცესიც ქვეყანაში მიდიოდა. ოპოზიციის პროტესტში ჩნდება ახალი მოთხოვნები, მათ შორის, ვადამდელი არჩევნები. ეს არ არის ახალი მოთხოვნა, შარშანდელიდან მოყოლებული სულ მოითხოვდნენ, ცხადია, შეფერხებებით თუ ტაიმაუტებით. უბრალოდ, ამჯერად სააკაშვილის გათავისუფლება დაემატა და მოთხოვნის ფორმაც რადიკალურია. ამის ფონზე ის, რაც საკრებულოებში ხდება, და ის, რაც ახლახან სააკაშვილმა განაცხადა, ცხადყოფს, რომ პროტესტი გაგრძელდება. რამდენად მასშტაბური და შედეგის მომტანი იქნება, ვფიქრობ, ეს კიდევ სხვა საკითხია. როგორც ჩანს, ამაზე ოპოზიცია ნაკლებად ფიქრობს და უფრო იმაზეა გადართული, პროტესტი რაც შეიძლება რადიკალური და მწვავე იყოს. ჯერჯერობით ამას შედეგი არ მოუტანია და, თუ ხელისუფლება რაიმე მძიმე შეცდომას არ დაუშვებს, არც მგონია, მოიტანოს”, - აცხადებს ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ამ ვითარებაში შეიძლება კითხვაც კი გაჩნდეს, სააკაშვილი იმისთვის ჩამოვიდა, რომ ხელისუფლებას დახმარებოდა?”

“უცნაურია ის, რაც სააკაშვილის თავს ხდება. მას ხომ უნდა სცოდნოდა, რომ დააპატიმრებდნენ, თუ საქართველოში ჩამოვიდოდა. რატომ ჰქონდა იმედი, რომ მისი ჩამოსვლის შემდეგ ვითარება რადიკალურად შეიცვლებოდა და მთელი საქართველო ქუჩაში გამოვიდოდა, არ ვიცი. თუ ვინმემ შეუქმნა ასეთი ილუზია, მას უნდა მოსთხოვოს პასუხი. ხელისუფლებას სხვა არჩევანი არ ჰქონდა, სააკაშვილი ან უნდა დაეპატიმრებინა, ან ძალაუფლება დაეტოვებინა და სად იყო იმის საფუძველი, რომ ხელისუფლება ძალაუფლებას დატოვებდა? ამიტომ გაუგებარია სააკაშვილის მოლოდინი. ლოგიკურად თუ ვიმსჯელებთ, უფრო ჩანს, რომ შეაცდინეს, არასწორი ინფორმაცია მიაწოდეს და ამის საფუძველზე ჩამოვიდა. მას შემდეგ რაც ხდება, ლოგიკური პროცესია, მაგრამ შედეგი რა იქნება, ვერ გეტყვით. ოპოზიცია ითხოვს, რომ სააკაშვილი ან უცხო ქვეყანაში გადაიყვანონ, ან გაათავისუფლონ, რადგან თურმე ციხეში ვერ ძლებს და ა.შ. საეჭვოა ხელისუფლებამ ეს მოთხოვნა დააკმაყოფილოს”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.

“დავუშვათ, სააკაშვილი არასწორად არის გასამართლებული, ამის გვერდით მეორე ფაქტორი ხომ არის, ქვეყანაში არალეგალურად ხომ შემოვიდა და ამას რას უშვრებიან? ოპოზიცია, რომელიც ისედაც არ იყო მთლად ჩამოყალიბებული, რა და როგორ ეკეთებინა, არ იყო იმდენად ძლიერი, რომ ერთი მიმართულებით რაიმე შედეგისთვის მიეღწია იმ ტაქტიკით, რაც აირჩია, ახლა საერთოდ ორად გაიყო. თურმე ნაწილმა უნდა იზრუნოს სააკაშვილის გათავისუფლებაზე და გაერთიანებულმა ოპოზიციამ კი იმაზე, რომ რიგგარეშე არჩევნებს მიაღწიოს. ოპოზიციას ერთიანობაშიც არ ეყო ძალა, რომ რიგგარეშე არჩევნებისთვის მიეღწია, ვერც ძლიერი საპროტესტო ტალღა ააგორა და ახლა სააკაშვილი დაემატა. ორ ფრონტზე უწევს ოპოზიციას, უფრო სწორად, “ნაციონალურ მოძრაობას” და როგორ შეძლებს რაიმე შედეგის მიღწევას, წარმოუდგენელია. ამ ვითარებაში შეიძლება კითხვაც კი გაჩნდეს, სააკაშვილი მართლა იმისთვის ჩამოვიდა, რომ ხელისუფლება შეეცვალა თუ ხელისუფლებას დახმარებოდა?” - განაგრძობს რესპონდენტი.

“გვახსოვს, თაკო ჩარკვიანმა რომ გამოაცხადა სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია, რამდენი კაცი მივიდა. აქ და ახლა რომ დაგეგმავენ რამეს, “ნაციონალები” თუ არ ჩაერთვებიან, ადვილი წარმოსადგენია, რომ იგივე ან უარესი სიტუაცია იქნება. ამიტომ “ნაცმოძრაობას” ორ ფრონტზე ბრძოლა მოუწევს. უნდა ირბინონ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციებზეც, სადაც დანარჩენი ოპოზიციური სპექტრი არ იქნება და ირბინონ ოპოზიციის აქციებზეც, სადაც სხვებიც იქნებიან, მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით, ელექტორალური მხარდაჭერა როგორია. მთელი ტვირთი ორივე აქციაზე “ნაციონალურ მოძრაობაზე” გადავა, მოუწევთ ორივეგან ხალხის შეკრება და აქეთ-იქით სირბილი. ამასთან, იდეოლოგიურად ზარალდება ორივე ნაწილი, რადგან წარმოუდგენელია, რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნის აქციაზე სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნა არ გაჩნდეს და პირიქით. გამოვა, რომ იქნება ორი აქცია ერთი დღის წესრიგით და ერთი პარტიის რესურსით, რაც ორივეს დააზიანებს და ამას ხელისუფლება ძალიან კარგად გამოიყენებს შინ თუ გარეთ. ეს იმდენად მარტივია, წარმოუდგენელია, ამას ვერ ხვდებოდნენ და თუ ხვდებიან და მაინც აკეთებენ, მით უფრო გაუგებარია, რის მიღწევას ცდილობენ”, - მიიჩნევს ექსპერტი.

“ჩვენი პოლიტიკურ-საზოგადოებრივი სპექტრი ლოგიკას აღარ ექვემდებარება. ამიტომ რთულია განსაზღვრა, რა იქნება და როგორ. მით უმეტეს, როგორც გითხარით, გაუგებარია, რას და როგორ აპირებენ. გაუგებარია, როცა ხედავ, ხელისუფლება უფრო მყარად დგას, ვიდრე თუნდაც შარშან იყო და სხვის გამოცდილებას რომ თავი დავანებოთ, საკუთარი გამოცდილება ცხვირწინ გაქვს და მაინც იმავეს აკეთებ, რა ლოგიკაზე შეიძლება იყოს ლაპარაკი? “ნაციონალებთან” მყოფ პარტიებზე რომ ვთქვათ, ყველა ყოფილი “ნაციონალია”, “ლელოს” გარდა. ყოფილი “ნაციონალები” თუ ისევ ამ პარტიას უერთდებიან, მაშინ რა ხეირი?” - ამბობს ვახტანგ ძაბირაძე.

“რაც შეეხება “ლელოს”, სამწუხაროდ, ძალიან ზიგზაგებით მიდის და გაუგებარია მისი ქმედებაც - თუ “ნაციონალებთან” ხარ ალიანსში, მაშინ რატომ არ უნდა იბრძოლო სააკაშვილის დასახსნელად? თუ არა ხარ, მაშინ მათთან ერთად რატომ უნდა მონაწილეობდე პოლიტიკურ პროცესებში... შარშან გაცილებით უკეთესი შედეგი ჰქონდათ და ამას მაინც ვერ აანალიზებენ? ერთადერთი გათვლა, რაც შეიძლება მათ ჰქონდეთ, შესაძლოა ის იყოს, თვლიან, რომ მომავალ არჩევნებზე “ნაციონალებთან” ერთად გასვლით ბარიერის პრობლემა არ შეექმნებათ. მაგრამ ამ შემთხვევაშიც გაუგებარია, სააკაშვილს მხარს რატომ არ უჭერენ. ბლოკში ვინ იქნება “ნაციონალებთან”, ამას საბოლოოდ სააკაშვილი გადაწყვეტს და არა მელია”, - დასძენს ექსპერტი.

რაულ ჩილაჩავა - აშშ რუსეთის პრეტენზიებზე მომავალ კვირაში გასცემს წერილობით პასუხს, ეს უკვე საინტერესოა, დაველოდოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 20.01.2022
გიორგი კანაშვილი - უკვე გაჩნდა დაკვეთა სხვა პოლიტიკური კულტურის მქონე პოლიტიკოსებზე და დროა, პოლიტიკოსებმა ალღო აუღონ ახალ რეალობას
"ავერსსა" და ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი განახლდა
„ლისი დეველოპმენტმა" International Property Awards-ზე უძრავ ქონებაში ორი ხუთვარსკვლავიანი ჯილდო მიიღო
PSP 2021 წლის „ლიდერ“ ბრენდად დასახელდა
მცირე და საშუალო ბიზნესების გაძლიერების პროგრამა BGROW დაიწყო
"სილქფესტი" მომხმარებლებს ორი დღით სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებს შესთავაზებს!