კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს მოუსმინეს

ევროპასთან ინტეგრაციის და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს, ელჩ მარეკ შჩიგელს მოუსმინეს.

სხდომის დასაწყისში ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილი ელჩს მიესალმა და სადამკვირვებლო მისიის როლზე ისაუბრა.

„მისიის მთავარი ამოცანა გახლავთ საომარი მოქმედებების განახლების თავიდან აცილების უზრუნველყოფა; საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხო და ნორმალური საცხოვრებელი პირობების აღდგენის ხელშეწყობა და მხარეებს შორის ნდობის აღდგენა.

სამწუხაროდ, მისიის მანდატის სრულყოფილად განხორციელებას ხელს უშლის ის გარემოება, რომ დღემდე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია მოკლებულია აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში შესვლის და მონიტორინგის შესაძლებლობას.

მანდატის განხორციელებაში ხელის შეშლის პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთს, როგორც ეფექტური კონტროლის განმახორციელებელს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია დღეს არის ერთადერთი საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმი, რომლის როლიც არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნის სტაბილურობისთვის, რუსეთიდან მომდინარე მუდმივი პროვოკაციების, ქვეყნის წინაშე მდგარი უსაფრთხოების გამოწვევების და საოკუპაციო რეჟიმების მხრიდან ადამიანის უფლებების რეგულარული დარღვევის პირობებში.

მინდა მადლობა გადავუხადო ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მისიის მხარდაჭერისთვის, მისიის თითოეულ თანამშრომელს და მის ხელმძღვანელს, მარეკ შჩიგელს ფასდაუდებელი ძალისხმევისთვის", - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ბერაიას შეფასებით, სადამკვირვებლო მისია საოკუპაციო ხაზის გასწვრივ და მიმდებარედ უსაფრთხოების და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ ვითარებაზე ადგილიდან აწვდის ინფორმაციას საერთაშორისო პარტნიორებს. მისივე განცხადებით, მნიშვნელოვანია რომ მისიის მანდატი ოკუპირებულ რეგიონებშიც გავრცელდეს, ამისთვის კი აუცილებელია რუსეთის ფედერაციაზე ზეწოლის გაზრდა მოხდეს.

„ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქართველოში იმყოფება იმისთვის, რომ წვლილი შეიტანოს ქვეყნის სტაბილურობაში სამი ძირითადი საშუალებით: ჩვენი პერსონალური დასწრებით გამყოფი ხაზების გასწვრივ, ნდობის შექმნის სამუშაოებით და მიუკერძოებელი ანგარიშგებით", - განაცხადა სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა მარეკ შჩიგელმა.

მისიის ხელმძღვანელმა ოპერაციების და სადამკვირვებლო მისიების საქმიანობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ 2003 წლიდან მსოფლიოს 3 კონტინეტზე ევროკავშირის ეგიდით 36 მისია და ოპერაცია განხორციელდა. მისივე განცხადებით, ამჟამად სხვადასხვა ქვეყანაში, უფრო სტაბილური გარემოს შესაქმნელად, 11 სამოქალაქო და 6 სამხედრო მისია მუშაობს, რისთვისაც 1 მილიარდამდე ევროა გამოყოფილი.

რაც შეეხება საქართველოს მისიას, მარეკ შჩიგელის მოხსენების თანახმად, მისიამ მონიტორინგი 13 წლის წინ დაიწყო და 200 მონიტორი აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ადმინისტრაციულ საზღვართან მუდმივ პატრულირებას ახორციელებს. საქართველოს მისიის მანდატი, ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებით, ყოველ ორ წელიწადში ახლდება, თუმცა მისიის ხელმძღვანელის თქმით, მთავარი ამოცანები და მიზნები უცვლელი რჩება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა