თორნიკე რიჟვაძე EBRD-ის კავკასიის რეგიონულ დირექტორს შეხვდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე EBRD-ის კავკასიის რეგიონულ დირექტორს კატარინა ბიორლინ ჰანსენს შეხვდა. შეხვედრაზე ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პროექტების მიმდინარეობა, სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.

ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, EBRD-თან ერთად ბათუმში იგეგმება ისეთი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება როგორიცაა სატრანსპორტო პოლიტიკის გაძლიერება, ეკოლოგიური პროექტების სრულყოფა, მუნიციპალური სერვისების გაუმჯობესება.

„2018 წელს ბათუმი შეუერთდა EBRD-ს მწვანე ქალაქების პროგრამას, რომელიც ქალაქებს მათი მდგრადი განვითარების ხედვისა და სტრატეგიული მიზნების შემუშავებაში ეხმარება. აჭარაში ამ ეტაპზე მიმდინარეობს მყარი ნარჩენების პროექტი, რომელიც ხელს შეუწყობს ნარჩენების მართვის თანამედროვე სისტემის შექმნას ევროკავშირის გარემოსდაცვითი სტანდარტების შესაბამისად. EBRD-ს ხელშეწყობით განხორციელდა ასევე ბათუმის ახალი ავტობუსების პროექტი და ქობულეთის წყლის პროექტი.

შეხვედრას ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი და აჭარის მთავრობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) წამყვანი ინსტიტუციური ინვესტორია საქართველოში. 1992 წელს ქვეყანაში ოპერირების დაწყებიდან ბანკმა 4,2 მილიარდ ევროზე მეტი ინვესტიცია 266 პროექტში ფინანსურ, კორპორატიულ, ინფრასტრუქტურულ და ენერგეტიკულ სექტორებში განახორციელა, ამ ინვესტიციების 87% კი - კერძო სექტორში“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს