მიხეილ ჩხენკელი - ჩვენი გუნდის უმთავრესი ამოცანაა უმაღლესი განათლების ხარისხის ევროპულ სტანდარტებთან ჰარმონიზაცია

ჩვენი გუნდის უმთავრესი ამოცანაა უმაღლესი განათლების ხარისხის ევროპულ სტანდარტებთან ჰარმონიზაცია - ამის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელა პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას აღნიშნა.

მინისტრის თქმით, ეროვნული გამოცდების რეფორმებისთვის აქტიურად იმუშავა სპეციალურად შექმნილმა ჯგუფმა, რომელიც სამინისტროსა და დარგობრივი, მათ შორის, სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლებით დაკომპლექტდა.

„ცვლილებების შედეგად, 2022 წლიდან აბიტურიენტებს საშუალება ექნებათ, სასურველ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის გასაგრძელებლად აირჩიონ კონკრეტული პროგრამისთვის განსაზღვრული რელევანტური საგანი. მაგალითად, მესამე სავალდებულო-არჩევით საგანს, მათემატიკას ან/და ისტორიას, დაემატება საგნები: ლიტერატურა, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, გეოგრაფია, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება, სამოქალაქო განათლება.

აღნიშნული ცვლილება, ერთი მხრივ, საგანმანათლებლო პროგრამების არჩევისას აბიტურიენტებს გაუზრდის მათთვის სასურველი ჩასაბარებელი საგნების არჩევანის შესაძლებლობას და დაეხმარება უნივერსიტეტში სწავლის პროცესში საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული მასალის უკეთ ათვისებაში, ხოლო, მეორე მხრივ, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის მოსწავლეებში გაზრდის ინტერესს ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული ყველა საგნის მიმართ“, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

მინისტრის თქმით, სამინისტრო აგრძელებს უნივერსიტეტების მხარდაჭერას აკადემიური პროგრამების საერთაშორისო აკრედიტაციის მიღების კუთხით. შედეგად, მიმდინარე წელს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებმა 5 წლის ვადით ხარისხის უზრუნველყოფის საერთაშორისო სააგენტოს (FIBAA) ოფიციალური აკრედიტაცია მიიღო.

„ჩვენი გუნდის უმთავრესი ამოცანაა უმაღლესი განათლების ხარისხის ევროპულ სტანდარტებთან ჰარმონიზაცია. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2022 წლიდან შეიცვლება უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის მოქმედი სისტემა. კერძოდ, დაინერგება სამინისტროს ინიციატივით შემუშავებული კლასტერული აკრედიტაცია, რომელიც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საგანმანათლებლო პროგრამებზე განათლების ხარისხის განვითარებასა და საერთაშორისო დონეზე საქართველოში გაცემული კვალიფიკაციების აღიარებას. ამასთან, ახალი სისტემით შესაძლებელი გახდება, რომ სახელმწიფომ, განათლების სფეროს ადგილობრივმა და საერთაშორისო ექსპერტებმა გააანალიზონ, თუ როგორ ვითარდება უმაღლესი განათლების კონკრეტული დარგი ან სფერო როგორც ერთი უნივერსიტეტის ფარგლებში, ასევე მთლიანად ქვეყანაში. კლასტერული აკრედიტაციის ამოქმედებით, უნივერსიტეტებს მიეცემათ შესაძლებლობა, მოახდინონ საკუთარი ფინანსური და ადამიანური რესურსების კონსოლიდაცია კონკრეტული დარგის პროგრამებზე, რადგან ყოველ წელს მათ აკრედიტაციის პროცესის გავლა მოუწევთ არა ყველა დარგის, არამედ მხოლოდ წინასწარ განსაზღვრული დარგის საგანმანათლებლო პროგრამებზე. კლასტერული აკრედიტაციის დროს უნივერსიტეტის ფარგლებში ერთი კონკრეტული სფეროს სხვადასხვა საფეხურის პროგრამები შეფასდება ერთიანად, ერთი ექსპერტთა ჯგუფის მიერ, რაც ხელს შეუწყობს ბაკალავრიატსა და მაგისტრატურას შორის კავშირისა და განსხვავებების უკეთ დანახვასა და შეფასებას.

ევროკავშირის დაფინანსებული TWINNING-ის პროექტის მხარდაჭერით, ესტონეთის უმაღლესი და პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოსა (EKKA) და გერმანიის უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოს (AQAS) თანამშრომლობით, კლასტერული აკრედიტაციის პილოტირება სამ უნივერსიტეტში უკვე განხორციელდა: ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში. პილოტირებაში ჩართული იყვნენ როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ექსპერტები გერმანიიდან, ესტონეთიდან და დიდი ბრიტანეთიდან“, – განაცხადა მინისტრმა.

მსოფლიო ბანკთან ერთად უმაღლესი განათლების დაფინანსების ახალ მოდელზე საუბრისას მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა, რომ სამუშაო პროცესი აქტიურად გრძელდება. მისივე თქმით, ახალი მოდელის დანერგვის შედეგად უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები შეძლებენ, დაგეგმონ სტრატეგიული განვითარების მიმართულებები, განახორციელონ საგანმანათლებლო პროგრამებისა და სასწავლო ლაბორატორიების მოდერნიზაცია, დააფინანსონ სამეცნიერო კვლევები და დახვეწონ პროფესორთა ანაზღაურების სისტემა. ახალ მოდელში გათვალისწინებული იქნება რეგიონული უნივერსიტეტების საჭიროებები.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო