ბათუმის საკრებულოს პირველ სხდომაზე ხმაური იყო

ბათუმის საკრებულოს პირველ სხდომაზე ხმაური იყო

ბათუმის მეხუთე მოწვევის საკრებულოს სხდომა ხმაურით წარიმართა. ოპოზიციონერმა დეპუტატებმა საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს სიტყვით გამოსვლის უფლებას სთხოვდნენ, თუმცა მათ განცხადების გაკეთების საშუალება არ მიეცათ.

სიტყვა ასევე ითხოვა გარდაცვლილი დეპუტატის, ნუგზარ ფუტკარაძის დამ, ახალი მოწვევის დეპუტატმა ნაზი ფუტკარაძემ, მან მისი ძმის გარდაცვალების საქმის გამოძიება მოითხოვა და აღნიშნა, რომ ნუგზარ ფუტკარაძეზე განხორციელდა შანტაჟი და ზეწოლა.

საბოლოოდ საკრებულოს ოპოზიციონერმა წევრებმა სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვეს.

„ბათუმის საკრებულოს სხდომა დავტოვეთ პროტესტის ნიშნად. ის არ გამოხატავს ხალხის ნებას. ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, შანტაჟისა და მოსყიდვის გზით საკრებულოში გადაიბირეს პირი, ასევე, ზეწოლისა და შანტაჟის შედეგად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგა. ჩვენ დღევანდელ სხდომაზე იმიტომ მოვედით, რომ წინა მოწვევის საკრებულოს უარი ვუთხრათ”, - განაცხადეს ოპოზიციონერმა დეპუტატებმა.

ცნობისთვის, ბათუმის საკრებულოში უმრავლესობის წევრებმა განაცხადეს, რომ ნუგზარ ფუტკარაძესთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს და გასცემს კითხვებზე პასუხს.