გორის საკრებულოს თავმჯდომარედ დავით რაზმაძე აირჩიეს

გორის მუნიციპალიტეტის ახალი მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა გაიმართა. სხდომას გორის მუნიციპალიტეტის მერი, ვლადიმერ ხინჩეგაშვილიც ესწრება.

რეგლამენტის მიხედვით, საკრებულოს პირველ სხდომაზე თავმჯდომარე და მისი მოადგილეები აირჩიეს. დღესვე მოხდება ფრაქციების და კომისიების წევრებისა და ხელმძღვანელების არჩევაც. საკრებულოს წევრებმა თავმჯდომარის პოსტზე დავით რაზმაძის კანდიდატურას დაუჭირეს მხარი. დავით რაზმაძე გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს უკვე მესამედ ხელმძღვანელობს. დღევანდელ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო საკრებულოს ოპოზიციის ნაწილმა.

„გული დამწყდა ოპოზიციის გადაწყვეტილებაზე, რადგანაც პოლიტიკური ხედვის მიუხედავად, ფაქტობრივად, ყველა ჩემი მეგობარია, თუმცა, ეს მათი გადაწყვეტილებაა და ამას პატივს ვცემ. რაც შეეხება ჩემი კანდიდატურის მიმართ ნდობის მესამედ გამოცხადებას, ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვანია, რადგანაც ჩვენი მოსახლეობის გეგმები და მოთხოვნები, რაც არსებობს, იყოს მაქსიმალურად მოგვარებული. მოგეხსენებათ, ჩვენ უკვე ნამუშევარი გვაქვს კონკრეტულ მიმართულებებზე, განსაკუთრებით სამუშაო ადგილების შექმნას უნდა შევუწყოთ ხელი, რათა იყოს რაც შეიძლება მეტი დასაქმებული ადამიანი ჩვენს მუნიციპალიტეტში და რაც შეიძლება ნაკლები სოციალურად დაუცველი მოქალაქე. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის და ჩვენი გუნდის თითოეული წევრისთვის ახალგაზრდობის ადგილზე დამაგრება, ამისთვის საჭიროა შევქმნათ ის პირობები და ის ინფრასტრუქტურა, რომელიც მათ მისცემს შესაძლებლობას, ადგილზე მოახდინონ თავიანთი გეგმების და შესაძლებლობების რეალიზება“, - განაცხადა დავით რაზმაძემ.

ამასთან, გორის მუნიციპალიტეტის მერმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა განაცხადა, რომ დარწმუნებულია საკრებულოსთან მჭიდრო თანამშრომლობა იქნება.

„გორის მუნიციპალიტეტის ახლად არჩეული საკრებულო დღეს შეიკრიბა და ვესწრები პირველ სხდომას. დარწმუნებული ვარ, გვექნება მჭიდრო თანამშრომლობა საკრებულოსთან, ეს თანამშრომლობა უკვე დაწყებულია, ამ ეტაპზე, ვმუშაობთ მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტზე. ჩვენს მიერ წარმოდგენილი სამუშაო ვარიანტი საკრებულომ უკვე განიხილა და შენიშვნებით უკან დაგვიბრუნა. საბოლოო ვარიანტის განხილვა სავარაუდოდ, 25 დეკემბერს გაიმართება. დარწმუნებული ვარ, მუნიციპალიტეტის მერია და საკრებულო მჭიდრო თანამშრომლობით ბევრის გაკეთებას შეძლებს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის საკეთილდღეოდ“, - აღნიშნა გორის მუნიციპალიტეტის მერმა.

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პირველ სხდომაზე, კენჭისყრის შედეგების მიხედვით, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანამდებობაზე კვლავ მარლენ ნადირაძე აირჩიეს. რაც შეეხება კიდევ ორ მოადგილეს, აღნიშნულ პოსტებს ბექა ლობჟანიძე და თამარ მურალოვა დაიკავებენ.

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო 36 წევრისგან დაკომპლექტდა. რაც შეეხება მანდატების გადანაწილებას, ახლადარჩეულ საკრებულოში პროპორციული სიით „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ 13 წევრია; 8 წარმომადგენელი ჰყავს „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, ხოლო პარტია „გახარია საქართველოსთვის“ 3 წევრით არის წარმოდგენილი. რაც შეეხება გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატებს, 12 მაჟორიტარულ ოლქში 11 მანდატი „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წარმომადგენელმა მოიპოვა, 1 ოლქში კი - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა. საბოლოოდ, გორის მუნიციპალიტეტის 36 წევრიან საკრებულოში 24 წევრია „ქართული ოცნებიდან“, 9 - „ენმ“-დან და 3 წევრი პარტიიდან „გახარია - საქართველოსთვის“

ვაჟა ბერიძე - სამოქალაქო დაპირისპირება რეალურია, რაშიც ხელისუფლებაც და ოპოზიციაც თანაბრადაა დამნაშავე
პოლიტიკა ბიზნესის წინააღმდეგ ანუ რა არის მთავარი პრობლემა ქართულ ტელემედიაში?!
ქართული პრესის მიმოხილვა 27.03.2023
კახა ოქრიაშვილი ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაზე - ვეცადე, რბილი ვყოფილიყავი ჩემს შეფასებებში
Jeep-ის და Alfa Romeo-ს ცენტრში განსაკუთრებული აქცია დაიწყო
კრიპტოვალუტის შეძენა უკვე ფეიბოქსებშია შესაძლებელი
NCURA-ს „სამხრეთ კავკასიის და უკრაინის ინიციატივა“ BTU-ში განხორციელდება
ქართული ღვინის ახალი სიტყვა თანამედროვე ორგანულ ბაზარზე
ონკოლოგიური და ძვირადღირებული მედიკამენტების მომსახურება PSP-სთვის მომგებიანი არასდროს ყოფილა