ხათუნა ბურკაძე - კრემლის აგრესიული პოლიტიკის ფონზე აუცილებელია აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის განახლება

უკრაინა-რუსეთის საზღვართან რუსული სამხედრო ძალების კონცენტრაციის ფონზე ალიანსის რიგის მინისტერიალის შედეგებსა და იმაზე, სავარაუდოდ, როგორი და რამდენად ადეკვატურია კრემლის აგრესიულ პოლიტიკაზე დასავლეთის კოლექტიური პასუხი „ინტერპრესნიუსი“ „ჯეოქეისისამერიკისმცოდნეობისა და ევროატლანტიკური მიმართულების დირექტორს, საერთაშორისო სამართლის დოქტორს, პროფესორს, ფლეტჩერის სამართლისა და დიპლომატიის სკოლის კურსდამთავრებულს, ჰარვარდის მოლაპარაკებების პროგრამის მონაწილეს ხათუნა ბურკაძეს ესაუბრა.

- ქალბატონო ხათუნა, 30 ნოემბერს რიგაში ნატო-ს მინისტერიალი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა ალიანსის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთად მონაწილეობა საქართველოსა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, დავით ზალკალიანმა და დიმიტრი კულება მიიღეს.

ფაქტია, რომ რიგის ნატოს მინისტერიალი იმ ფონზე გაიმართა, როცა უკრაინის საზღვარზე რუსეთის აქტიურობის გამო დასავლეთი შეშფოთებულია, რადგან ცხადზე უცხადესია, რომ უკრაინაზე დაანონსებული აგრესიის გამო კრემლი ევროპასა და ამერიკას გამოცდას უწყობს.

ვითარებაში, როცა რუსეთი ზიანს აყენებს არა მხოლოდ ცალკეულ სახელმწიფოებს, არამედ საფრთხეს უქმნის ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურას, რიგაში ჩრდილოატლანტიკურმა საბჭომ ცალსახად თქვა, რომ ალიანსი ბუქარესტის სამიტზე საქართველოსა და უკრაინასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებების ერთგული რჩება.

ნატო-ს რიგის მინისტერიალის შედეგებზე საკმაოდ ბევრი ითქვა, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ვითარება საკმაოდ რთულია, გვინდა მეტი ვიცოდეთ იმაზე, როგორ ეხმარება ალიანსი უკრაინასა და საქართველოს?

- ნატო-ს რიგის მინისტერიალზე საქართველოსა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრების მიწვევა და მათთან ერთად ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომის ფარგლებში უსაფრთხოების მთავარ გამოწვევებზე საუბარი მიანიშნებს, რომ ალიანსისათვის ორივე სახელმწიფო ღირებული პარტნიორია. ჩვენ საერთო საფრთხე გვაერთიანებს და მას რუსეთის ფედერაცია ჰქვია.

ისტორიულადაც ჩრდილოატლანტიკური ალიანსის შექმნა საბჭოთა კავშირიდან მომდინარე საფრთხეების შეკავების აუცილებლობამ განაპირობა. მიუხედავად „ცივი ომის“ დასრულებისა, რუსეთს ომის რიტორიკა არ შეუცვლია და სამწუხაროდ, ეს კონკრეტული აგრესიული მოქმედებების განხორციელებით ვიხილეთ როგორც საქართველოს, ასევე უკრაინის მაგალითზე.

რუსეთს სურს ე.წ. „გავლენის სფეროების“ აღდგენა და გაფართოება. კრემლის აღნიშნული დღის წესრიგი დასავლეთისგან მოითხოვს შესაბამისი ნაბიჯების გადადგმას, მათ შორის საქართველოსა და უკრაინისათვის უსაფრთხოების რეალური გარანტიების მინიჭებას. ეს კი ალიანსში წევრობით მიიღწევა. ამიტომაც ნატო-მ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ის რჩება ერთგული იმ პოლიტიკური დაპირებისა, რომელიც 2008 წელს მოკავშირეებმა ბუქარესტის სამიტის დეკლარაციაში ასახეს და გულისხმობს ალიანსში სრულფასოვან წევრობას.

ნატო-კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ის რჩება ერთგული იმ პოლიტიკური დაპირებისა, რომელიც 2008 წელს მოკავშირეებმა ბუქარესტის სამიტის დეკლარაციაში ასახეს და გულისხმობს ალიანსში სრულფასოვან წევრობას

ასევე, ნიშანდობლივია, რომ მინისტერიალზე საქართველოსა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრების მონაწილეობით შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებაზე იმსჯელეს. ეს გვაძლევს იმის თქმის შესაძლებლობას, რომ ნატო-ს მადრიდის 2022 წლის სამიტზე მიღებულ ალიანსის ახალ სტრატეგიულ კონცეფციაში სათანადოდ უნდა გამოიკვეთოს საქართველოსა და უკრაინის, როგორც შავი ზღვის რეგიონის ქვეყნების როლი.

ნატო-მადრიდის 2022 წლის სამიტზე მიღებულ ალიანსის ახალ სტრატეგიულ კონცეფციაში სათანადოდ უნდა გამოიკვეთოს საქართველოსა და უკრაინის, როგორც შავი ზღვის რეგიონის ქვეყნების როლი

ამ პროცესმა და რეგიონში მიმდინარე ცვლილებებმა უნდა დააჩქარონ ჩვენი ალიანსში წევრობა. მანამდე კი ნატო განაგრძობს საქართველოსა და უკრაინის როგორც პოლიტიკური, ასევე პრაქტიკული თვალსაზრისით დახმარებას.

- აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა - თუ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ საომარ მოქმედებებს დაიწყებს, რუსეთის წინააღმდეგ უმკაცრესი ეკონომიკური სანქციები ამოქმედდება.

ფაქტია, რომ დასავლეთი რუსეთის წინააღმდეგ ძალის დემონსტრირების ნაცვლად მკაცრი ეკონომიკური პოლიტიკის გატარებას ამჯობინებს.

უკრაინისა და საქართველოს მიმართ კრემლის არა მარტო მუქარების, არამედ კონკრეტული აგრესიული მოქმედებებისა და განზრახვების ფონზე რამდენად ადეკვატური და საკმარისია რუსეთის შესაჩერებლად დასავლეთის კოლექტიური პასუხი?

- ამ კონტექსტში აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის განცხადებასთან ერთად საყურადღებოა აშშ-ის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის, არმიის გენერალ მარკ მილის განცხადება იმის თაობაზე, რომ აშშ-ისა და ნატო-ს სხვა წევრი ქვეყნების ეროვნული უსაფრთხოების მნიშვნელოვანი ინტერესები სასწორზე აღმოჩნდება, თუკი რუსები ღია სამხედრო აგრესიულ ქმედებას განახორციელებენ იმ სახელმწიფოს წინააღმდეგ, რომელიც 1991 წლიდან დამოუკიდებელი ქვეყანაა.

დასავლეთი გამოიყენებს ყველა საჭირო ბერკეტს იმისათვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ ღია ფართომასშტაბიანი სამხედრო მოქმედებების განხორციელება.

დასავლეთი გამოიყენებს ყველა საჭირო ბერკეტს იმისათვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ ღია ფართომასშტაბიანი სამხედრო მოქმედებების განხორციელება

დასავლეთი რუსული აგრესიის შესაკავებლად გამოიყენებს როგორც პოლიტიკური ზემოქმედების საშუალებებს, ასევე ეკონომიკურ სანქციებს და ხელს შეუწყობს როგორც უკრაინის, ასევე საქართველოს თავდაცვითი, სამხედრო შესაძლებლობების განვითარებას. სხვაგვარად მოვლენების განვითარება დიდ ზიანს მიაყენებს თანამედროვე უსაფრთხოების სისტემას. შესაბამისად, დასავლეთის ერთობლივი ძალისხმევით უნდა მოხდეს რუსეთიდან მომდინარე საფრთხეების შეკავება.

- ნატო-საქართველოს ურთიერთობების პერსპექტივებზე თქვენ „ინტერპრესნიუსთან“ ბევრჯერ გისაუბრიათ და გითქვამთ, რომ შეცვლილ საერთაშორისო გარემოში საქართველოს ალიანსში წევრობისათვის აუცილებელია ქვეყნის ახალი ფუნქციის გამოკვეთა.

ალიანსის რიგის მინისტერიალთან დაკავშირებულ მასალებში, თუნდაც აბზაცებს შორის ვეცადეთ გვეპოვა ნატო-სთან ურთიერთობებში საქართველოს ახალ ფუნქციასთან დაკავშირებით რამე ხელჩასაჭიდი, მაგრამ, სამწუხაროდ, ღია წყაროებში ამის მსგავსს ვერაფერს წავაწყდით.

გასაგებია, რომ ნატო-საქართველოს, ისევე როგორც ნატო-უკრაინის ურთიერთობები არა მარტო გაგრძელდება, არამედ გაღრმავდება კიდეც, მაგრამ თქვენი აზრით შეცვლილ საერთაშორისო გარემოში ნატო-საქართველოს ურთიერთობებში საქართველომ სავარაუდოდ როგორი ახალი ფუნქცია შეიძლება შეიძინოს?

- ფლეტჩერის სამართლისა და დიპლომატიის სკოლაში საერთაშორისო პოლიტიკის შესწავლის დროს ჩემთვის კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდა, თუ როგორ შეიძლება მცირე სახელმწიფომ დიდ სახელმწიფოებთან ურთიერთობებში მიაღწიოს მისთვის სასურველ შედეგს.

ეს შედეგი მიიღწევა ურთიერთსაჭიროებების სწორად გაანალიზებით. ამისათვის კი აუცილებელია ქვეყანას ჰქონდეს რეალური ფუნქცია. ამ უკანასკნელში ისეთ როლს ვგულისხმობ, რომლითაც დიდი სახელმწიფოსათვის იმდენად მნიშვნელოვანი ხდები, რომ შენს ინტერესს ითვალისწინებს. მეტიც გეძლევა შესაძლებლობა პრაქტიკულად საერთაშორისო პოლიტიკის სრულფასოვანი სუბიექტი გახდა.

საქართველოს სტრატეგიული მდებარეობა ჩვენთვის ორი დატვირთვის მქონეა. მას შესაძლებლობებთან ერთად გამოწვევებიც ახლავს, რადგან ევროპისა და აზიის გასაყარზე არაერთი დიდი სახელმწიფოს ინტერესი იკვეთება.

აუცილებელია, აღნიშნული გეოგრაფიული მოცემულობა მაქსიმალურად შესაძლებლობების შექმნის ქვაკუთხედად ვაქციოთ. მიუხედავად სირთულეებისა, დროა, საკითხებს დიდი სტრატეგიის პრიზმით შევხედოთ. ახალი ფუქნციის შესაძენად აუცილებელია ქვეყნის ინფრასტრუქტურული, სატრანსპორტო, ლოგისტიკური, ენერგეტიკული, საგანმანათლებლო და საფინანსო სისტემების პოტენციალის განსაზღვრა და განვითარება.

მიუხედავად სირთულეებისა, დროა, საკითხებს დიდი სტრატეგიის პრიზმით შევხედოთ. ახალი ფუქნციის შესაძენად აუცილებელია ქვეყნის ინფრასტრუქტურული, სატრანსპორტო, ლოგისტიკური, ენერგეტიკული, საგანმანათლებლო და საფინანსო სისტემების პოტენციალის განსაზღვრა და განვითარება

ამასთანავე, მონაცემების ეპოქაში აუცილებელია მოვიზიდოთ ციფრულ ტექნოლოგიებზე ორიენტირებული ტრანსნაციონალური კომპანიები და შევუქმნათ სათანადო პირობები საქართველოში თავიანთი წარმომადგენლობების გასახსნელად. ეს კი მოგვცემს შესაძლებლობას განვახორციელოთ ფართომასშტაბიანი საკომუნიკაციო პროექტები და რეალურად გავხდეთ რეგიონული ჰაბი.

- რაზეც ახლა გამოთქვით მოსაზრებები, რეალობად რომ იქცეს, ერთი მხრივ რა ნაბიჯები უნდა გადადგას ოფიციალურმა თბილისმა, ხოლო მეორე მხრივ ალიანსმა?

- ჩვენ გვჭირდება მომავალზე ორიენტირებული პოლიტიკა ქვეყნის განვითარების კონკრეტული დღის წესრიგით, რომელშიც აისახება სახელმწიფოს მშენებლობისათვის აუცილებელი ყველა საკვანძო მიმართულება.

ამერიკის შეერთებული შტატები და მთლიანად დასავლეთი კრემლის ე.წ. გავლენის სფეროებთან დაკავშირებულ სურვილებს არ გაითვალისწინებენ. დღევანდელი დასავლეთი წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის დაცვაზეა ორიენტირებული

ასევე, დემოკრატიული რეფორმების განხორციელებით საბოლოოდ უნდა ჩამოვაყალიბოთ სამართლის, კანონის უზენაესობაზე დაფუძნებული პოლიტიკური ინსტიტუტები.

ამასთანავე, ამა თუ იმ სფეროს მიხედვით სტრატეგიის შემუშავების პროცესში შესაბამისი მიდგომებით უნდა ვიხელმძღვანელოთ, რაც გულისხმობს შედეგზე, მათი მიღწევის გზებსა და საშუალებებზე ორიენტირებული კონცეპტუალური დოკუმენტების შემუშავებას და იმ ინსტიტუციური მექანიზმების განვითარებას, რომლებიც უზრუნველყოფენ ამ სტრატეგიული ხედვების პრაქტიკაში დანერგვას.

ბუნებრივია, თითოეულ ამ ეტაპზე გვჭირდება ჩვენი მოკავშირეების, პარტნიორების მხარდაჭერა. ნატო გამოხატავს მზადყოფნას მეტად დაეხმაროს საქართველოს, როგორც ასპირანტ ქვეყანას ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, რათა ალიანსის ყველა წევრი დავარწმუნოთ მომავალში, რომ ქვეყანა ნატო-ში წევრობის სამ მნიშვნელოვან პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სამხედრო კრიტერიუმს აკმაყოფილებს.

- ალიანსის რიგის მინისტერიალისა და უკრაინა-რუსეთის საზღვართან რუსული სამხედრო ძალების კონცენტრაციის ფონზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა - “ისინი, ვინც იმეორებენ ბუქარესტის ნატო-ს სამიტის თეზისებს, ცეცხლს ეთამაშებიან“.

რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა აშშ-სთან და მის მოკავშირეებთან დიალოგი და იმგვარი კონკრეტული შეთანხმების შემუშავება მოითხოვა, რომელიც რუსეთის სიახლოვეს ნატო-ს შემდგომ გაფართოებას გამორიცხავს.

კრემლთან დაახლოებული რუსი ექსპერტები და „მოლაპარაკე თავები“ ღიად საუბრობენ იმაზე, რომ კრემლი დასავლეთისგან „იალტა-2“-ის მსგავს შეთანხმებას, ანუ მსოფლიოს გავლენის სფეროებად დაყოფას ითხოვს. მეტიც, ახლა იმედებს ამყარებენ იმაზე, რომ მალე უნდა შედგეს ბაიდენ-პუტინის ონლაინ შეხვედრა, რომელზეც თითქოს ასეთი საკითხები არა მარტო განიხილება, არამედ გადაწყდება კიდეც.

რამდენად გაქვთ იმის განცდა, რომ კოლექტიური დასავლეთი და უპირველესად აშშ პუტინისა და კრემლის სურვილებს „გაითვალისწინებენ“?

- ამერიკის შეერთებული შტატები და მთლიანად დასავლეთი კრემლის ე.წ. გავლენის სფეროებთან დაკავშირებულ სურვილებს არ გაითვალისწინებენ. დღევანდელი დასავლეთი წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის დაცვაზეა ორიენტირებული.

ფაქტია, სიფხიზლე გვმართებს. კრემლის აგრესიული პოლიტიკის ფონზე აქტიურად უნდა ვიფიქროთ ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის განახლებაზე, რათა მაღალ პოლიტიკურ დონეზე ავსახოთ უსაფრთხოების შესაძლებლობების განვითარების ახალი ინსტრუმენტები

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯოზეფ ბაიდენმა არაერთგზის ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ დაუშვებელია 21-ე საუკუნეში გავლენის სფეროებზე საუბარი. თანამედროვე საერთაშორისო სამართლებრივი სისტემა სუვერენულ სახელმწიფოთა ერთობას გულისხმობს და ერთი სახელმწიფო ვერ გადაწყვეტს მეორე სახელმწიფოს ბედს, ასევე ვერ განუსაზღვრავს საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებს, ვერ უკარნახებს რომელ საერთაშორისო ორგანიზაციაში არ შევიდეს.

ვფიქრობ, ბაიდენ-პუტინის შეხვედრის მიზანია გარკვეულ დონეზე პროგნოზირებადი გახადოს, თუ რა ჩანაფიქრი შეიძლება ჰქონდეს კრემლს და შეაჩეროს მოსკოვის მოსალოდნელი რადიკალური მოქმედებები, აჩვენოს, რომ წითელი ხაზების კვლავ გადაკვეთის შემთხვევაში ეს ნეგატიურად აისახება მის სტრატეგიულ ინტერესზე რამაც, როგორც წესი, მოსკოვი უნდა შეაკავოს.

თუმცა მხედველობიდან არ უნდა გამოგვრჩეს ისიც, რომ მსოფლიო უკვე მეორე წელია პანდემიის, კრიზისის პირობებშია. ისტორიულად გლობალური კრიზისები წარმოადგენდნენ წინაპირობას საერთაშორისო სისტემის მოთამაშეებს შორის დაპირისპირებებისა.

ფაქტია, სიფხიზლე გვმართებს. კრემლის აგრესიული პოლიტიკის ფონზე აქტიურად უნდა ვიფიქროთ ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის განახლებაზე, რათა მაღალ პოლიტიკურ დონეზე ავსახოთ უსაფრთხოების შესაძლებლობების განვითარების ახალი ინსტრუმენტები.

მით უფრო, რომ ამა წლის 10 ნოემბერს, ვაშინგტონში, აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხელი მოაწერეს განახლებულ სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიას, სადაც გამოყოფილია რუსეთიდან მომდინარე აგრესიულ მოქმედებებზე, მათ შორის ჰიბრიდულ გამოწვევებზე რეაგირების საკითხები.

აღნიშნული მაგალითი და მთლიანობაში კონტექსტი ქმნის საქართველოს შემთხვევაშიც მსგავსი ცვლილებების განხორციელების აუცილებლობას. ეს კი ხელს შეუწყობს საფრთხეებთან გამკლავებას.

ინტერპრესნიუსი

კობა ბენდელიანი

ვახუშტი მენაბდე - ჩვენ ახლა ვართ მდგომარეობაში, როცა „ქართული ოცნება“ პროცესებს მართავს არა კანონზე, არამედ ძალაზე დაყრდნობით და ძალის დემონსტრირებით ცდილობს თავისი მმართველობის დაკანონებას
ქართული პრესის მიმოხილვა 02.12.2024
საქართველოს ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლების განცხადება - ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ „ქართული ოცნების” ანტიევროპულ ნაბიჯებს და ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისადმი
„ავერსში“ გრანდიოზული, 60%-იანი ფასდაკლება და ჩეკის განულება იწყება
დაიცავით თქვენი შვილი ზამთრის ინფექციებისგან: ჯანმრთელობის შენარჩუნების საიდუმლო, „ფაგიოს“ დახმარებით