ქართული პრესის მიმოხილვა 06.12.2021

ვახტანგ ძაბირაძე - “რა შეცვლის ქვეყანაში რადიკალურად ვითარებას?!”

სავალდებულო გახდება თუ არა “მწვანე პასპორტების” წარდგენა საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც

რამაზ საყვარელიძე - “არ არის გამორიცხული, რომ სააკაშვილს ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს, ოღონდ არც იმას გამოვრიცხავ, რომ ფსიქიკური აშლილობის სიმულაცია ხდებოდეს”

როდის დააბრუნებენ სააკაშვილს უკან ციხეში და მოყვება თუ არა ამას აქციები

გია ხუხაშვილი - “რიგგარეშე არჩევნებზე ლაპარაკი უკვე გვიანია”

* * *

ვახტანგ ძაბირაძე - “რა შეცვლის ქვეყანაში რადიკალურად ვითარებას?!”

“დავიწყოთ იმით, რომ ამ ორი გამოსვლისას მიხეილ სააკაშვილმა სიტყვის თითქმის 50% ერთსა და იმავეზე ილაპარაკა, ანუ გამუდმებით იმეორებდა, რომ მისი პრეზიდენტობისას სახელმწიფო აშენდა, რომ სიბნელიდან სინათლეში გაგვიყვანა და ა.შ. სხვა მხრივ, სცადა შეეფასებინა დღევანდელი ვითარება და დაერწმუნებინა საზოგადოება კიდევ ერთხელ, რომ საქართველოს მართავს პუტინი, მისი მოადგილე თუ მეფისნაცვალი კი ივანიშვილია... პირველი საქმის განხილვისას ვნახეთ, რომ 2007 წლის 7 ნოემბრის ამბები ლამის მთლიანად აჰკიდა ვანო მერაბიშვილს. მეორე სასამართლო სხდომაზე თითქოს საპროგრამო სიტყვის მსგავსიც წარმოთქვა, ანუ რა უნდა გაკეთდეს, ამაზე ჰქონდა აქცენტები: რომ სუს-ი უნდა გაუქმდეს, ტურიზმის მასშტაბი და ხარისხი გაიზარდოს, ქვეყანა სინგაპურად იქცეს და ა.შ. მისი სიტყვით გამოსვლების მცირე ნაწილი იყო თავის მართლებისა და მობოდიშების ცდა...”, - აცხადებს ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “რა შეცვლის ქვეყანაში რადიკალურად ვითარებას?!” / “სააკაშვილმა ბოდიში მოიხადა მხოლოდ იმიტომ, რომ მომავალი პოლიტიკური მიზნებისთვის სჭირდება”.

“მნიშვნელოვანია რას ლაპარაკობს ადამიანი, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია, ამას როგორ იღებს მსმენელი. თუ მის მობოდიშებას დანარჩენ მის ტექსტთან მიმართებაში განვიხილავთ, უფრო ვალის მოხდას ჰგავდა მისი ბოდიში, ძალიან აკლდა გულწრფელობა. შეგვიძლია სხვაგვარადაც ვთქვათ, სააკაშვილმა ბოდიში მოიხადა მხოლოდ იმიტომ, რომ მომავალი პოლიტიკური მიზნებისთვის სჭირდება, გულის სიღრმეში კი სულაც არ მიიჩნევს, რომ რამე დააშავა. სინანულიც დიდად ვერ შევამჩნიე... ერთ რამეს მინდა მივაქციო თქვენი ყურადღება, რაც, ჩემი აზრით, ნამდვილად საოცარი განცხადებაა. სააკაშვილმა თქვა, რომ სასამართლოს რეფორმა არ და ვერ შეძლო და რომ ეს მიაჩნია თავისი პრეზიდენტობის ყველაზე სუსტ წერტილად. თუ ამ განცხადებას დავუპირისპირებთ სააკაშვილისა და მისი მხარდამჭერების განცხადებებს, რომ ის არის “ახალი ქართული სახელმწიფოს ფუძემდებელი”, უეცრად აღმოვჩნდებით რეალობაში, რომ სააკაშვილმა და დანარჩენებმა ააშენეს სახელმწიფო, სადაც სამართალი არ არის. ნამდვილად ასეა და ასეთ სახელმწიფოში კარგა ხანია ვცხოვრობთ, ოღონდ რა არის საამაყო უსამართლო სახელმწიფოს შექმნაში, არ ვიცი...” - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.

“სახელმწიფო იძულების ინსტრუმენტია, ერთადერთი, რაც მის ძალას ზღუდავს და აკონტროლებს, არის სამართალი. თუ სამართალი არ არის ქვეყანაში, მაშინ სახელმწიფო იქცევა აგრესიული ავტორიტარიზმის წყაროდ. ერთი რამეც აუცილებლად უნდა ვთქვა - სასამართლო რომ არ ვარგოდა და ქვეყანას სამართალი სჭირდებოდა, სააკაშვილმა ამაზე ლაპარაკი დაიწყო ხელისუფლებაში მოსვლამდე, ჯერ კიდევ შევარდნაძის მმართველობისას. ბევრს ახსოვს, ალბათ, მათი პერფორმანსები, უზენაესი სასამართლოს შენობასთან მიტანილი კუბოები და ა.შ. ანუ სააკაშვილმა ეს პრობლემა მშვენივრად იცოდა, მაგრამ როდესაც ხელისუფლებში მოვიდა, გადაწყვიტა, რომ თავისუფალი სასამართლო არ სჭირდებოდა. სააკაშვილი დღეს უამრავ პრეტენზიას უყენებს ამ ხელისუფლებას: უსამართლობას, კორუფციის ზრდას და ა.შ., მაგრამ უნდა იცოდეს, რომ იმ სახელმწიფოში, რომლის შექმნასაც იბრალებს, ბევრი არაფერი შეცვლილა”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“ისევე როგორც მისი მმართველობისას, დღესაც უსამართლო სახელმწიფო გვაქვს. უბრალოდ, ეს ხელისუფლება წინამორბედისგან განსხვავებით ნაკლებად აგრესიული, უფრო პასიური ავტორიტარია. ისმის კითხვა: დღევანდელი ხელისუფლება რომ არ ვარგა, ეს ამართლებს წინა ხელისუფლებას? - რა თქმა უნდა, არა, მაგრამ, სამწუხაროდ, ამის საპირისპირო, ყოვლად არასწორი ლოგიკა მარტო პოლიტიკოსებში კი არა, საზოგადოების დიდ ნაწილშიც გვხვდება. ის, რომ დღევანდელი ხელისუფლება არ ვარგა, მის წინამორბედს არ ათავისუფლებს ცოდვებისგან. ზოგიერთი იქამდეც მივიდა, რომ დღევანდელ ხელისუფლებას აშინებს, თუ სააკაშვილს გაასამართლებთ, თქვენც იგივე მოგიწევთო”, - ამბობს ექსპერტი.

“მოდი, განვიხილოთ ერთი ეპიზოდი, შვილის დაფინანსების შესახებ მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ მისი პრეზიდენტობისას ბევრი სტუდენტი დააფინანსეს და მისი შვილიც მათ შორის იყო. არ ვდავობ, მართლაც იღებდნენ ახალგაზრდები დაფინანსებას, დარწმუნებული ვარ, მისი ვაჟიც იმსახურებდა, რადგან ამბობენ, რომ ძალიან ნიჭიერი ბიჭია, მაგრამ მაგ საქმეში ერთი ძალიან საჩოთირო შეკითხვა არსებობს - იმ ხალხზე დახარჯულ თანხებსაც, რომელთა სწავლაც ბიუჯეტიდან დაფინანსდა, გრიფი “საიდუმლო” დაადეს? ვიმეორებ, ვისი შვილიც უნდა იყოს, ნიჭიერი ახალგაზრდა, ვინც აკმაყოფილებს დაფინანსებისთვის საჭირო კრიტერიუმებს, უნდა დაფინანსდეს, მაგრამ რატომ საიდუმლოდ?! ეს აჩენს საფუძვლიან ეჭვებს... იგივე ითქმის ამ საქმის სხვა ეპიზოდებზეც. თუ ყველაფერი რიგზე იყო, რა საჭირო იყო ამ ხარჯების გასაიდუმლოება?! თუმცა მე რასაც ვამბობ, კერძო, საქმეში ჩაუხედავი ადამიანის შეფასებებია, პროკურატურას კი აქვს ვალდებულება, რომ ყველა ამ ეპიზოდზე ილაპარაკოს ფაქტებით და თუ დანაშაული მართლაც ჩადენილია, ზედმიწევნით დაასაბუთოს”, - თვლის ვახტანგ ძაბირაძე.

“საქმე ის არის, რომ ოპოზიციაში არის ორი მხარე: ერთია “ნაციონალური მოძრაობა” და მეორე - დანარჩენი ოპოზიცია ჯამურად. ამ ჯამურ ოპოზიციას დაბალი ბარიერი ხელს აძლევს, მაგრამ ასე სულაც არ ფიქრობდა და დარწმუნებული ვარ, ახლაც ასეა, `ნაციონალური მოძრაობა". ის საკუთარი ინტერესიდან გამომდინარე მიიჩნევს, რომ მაღალი ბარიერის შემთხვევაში ოპოზიციური ამომრჩევლის დიდი ნაწილი მას მისცემს ხმას და არა პატარა პარტიებს, რომელთაც ამ მაღალი ბარიერის გადალახვის შანსი არ ექნებათ. გახსოვთ, ალბათ, დიდი ჩხუბის, კამათისა და უცხოელი პარტნიორების ჩარევის შემდეგ შარშანდელი არჩევნები ჩატარდა დაბალი ბარიერით. ოპოზიციამ საკმაოდ დიდი მხარდაჭერაც მიიღო, მაგრამ, სამწუხაროდ, იმის ნაცვლად, ეს გამოეყენებინათ, ერთიანი ძალით მალევე შეეტიათ ხელისუფლებისთვის და ეცადათ საპარლამენტო უმრავლესობისთვის პრობლემის შექმნა, ისევ ქუჩაში გაიქცნენ და საბოლოოდ დაიკარგა ძალიან მნიშვნელოვანი დრო”, - განმარტავს რესპონდენტი.

“სამწუხაროდ, ოპოზიცია ბოლო დროს ვერ ხედავს პრიორიტეტებს და მისთვის მნიშვნელოვან ტაქტიკურ სვლებს. მას სურს ძალაუფლების ხელში ჩაგდება, რაც დასაძრახი სულაც არ არის, მაგრამ იქამდე მისასვლელად აქვს მხოლოდ ერთი გზა - ქუჩაში პროტესტი, არადა, ამით არაფერი გამოდის. “ქართულმა ოცნებამ” ეს მშვენივრად იცის. ამიტომაც, თუ შარშანდელი საპროტესტო აქციებიდან დღემდე გადავავლებთ თვალს პოლიტიკურ პროცესებს, შეიძლება ითქვას, რომ ყველა ამგვარი დაპირისპირება მოიგო სახელისუფლებო პარტიამ, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ჩათვლით. ოპოზიცია ისევ არაფერს ცვლის - როგორც საპარლამენტო არჩევნების შემდეგ იქცეოდა, ახლაც, უკვე ადგილობრივი საკრებულოების დონეზე, ისევე იქცევა. სადაც კვორუმის შეკრებას და თავმჯდომარის არჩევას ოპოზიციური ხმები სჭირდებოდა, ყველგან ჩაიშალა სხდომები”, - დაასკვნის ექსპერტი.

“არ არის ჩვენს საზოგადოებაში ისეთი საპროტესტო განწყობა, რომ ხალხი ქუჩაში მასობრივად გამოვიდეს. ხანდახან მიკვირს, რატომ ვერ ხედავენ ამას. 2 სასამართლო სხდომა ჰქონდა სააკაშვილს. პირველზე ხალხს მოუწოდა, მოდით სასამართლოს შენობასთანო. მერე რა მოხდა, მივიდა აურაცხელი ხალხი? არ არის ეს საპროტესტო მუხტი. თუ “ნაციონალური მოძრაობა” ასე გააგრძელებს,”ქართული ოცნება” კვლავაც შეეცდება გამოიყენოს ეს არეულ-დარეულობა და სულაც არ მიიღოს დაბალი საარჩევნო ბარიერი, რაც სახელმწიფოსთვისაა აუცილებელი. ქვეყანას სჭირდება, რომ ამ პატარა პარტიებმა მოახერხონ ქვეყნის მართვაში მონაწილეობა... კობახიძემ თქვა, ორიოდე ქვეყანა თუ მოიძებნება ევროპაში, სადაც 5%-ზე დაბალია ბარიერიო, და ამას მოაყოლა, დაბალი ბარიერით შეიძლება არასტაბილური გარემო მივიღოთ, ჭრელი იქნება პარლამენტი და გადაწყვეტილებების მიღებას ვერ შევძლებთო... რაც ახლა ზოგიერთი ქალაქის თუ მუნიციპალიტეტის საკრებულოში ხდება, განა ოპოზიცია მის ამ ნათქვამს არ ამყარებს?! ამიტომაც არ გამოვრიცხავ, რომ `ქართულმა ოცნებამ~ მართლაც დატოვოს 5%-იანი ბარიერი”, - მიიჩნევს ძაბირაძე.

“ოპოზიციამ უნდა გაიგოს, რომ ლიდერს რეალობა ქმნის და ეს არ ხდება პირიქით. სააკაშვილმა რამდენიც უნდა მოუწოდოს ხალხს, საკარმიდამო ნაკვეთებში შექმენით წინააღმდეგობის კომიტეტებიო, მერე რა იქნება, შექმნიან და სახლში დასხდებიან?! დღეს არ არის საზოგადოება მასობრივი პროტესტისთვის მზად. ხვალ შეიძლება იყოს, მაგრამ პოლიტიკა დღევანდელობის რეალიზაციაა და არა ხვალინდელი დღის. რატომ ვერ ახერხებს ოპოზიცია ოპოზიციური ელექტორატის გაერთიანებას, ამაზე ფიქრობენ, განიხილავენ, აანალიზებენ?” - დასძენს რესპონდენტი და შეკითხვაზე - “ოცნების” მტკიცებით, 2024 წელს ქვეყანა ევროკავშირში გაწევრებაზე გააკეთებს განაცხადს...” - პასუხობს:

“თუ არ დავიწყებთ მნიშვნელოვანი ცვლილებების გატარებას, ევროკავშირში გაწევრების განაცხადი განაცხადად დარჩება, ისევე როგორც ნატოსთან ურთიერთობა. `ქართული ოცნება~ გვიმტკიცებს, მიუხედავად დასავლეთიდან კრიტიკისა, ჩვენ გველაპარაკებიან და დიდი პერსპექტივებიც გვაქვსო, მაგრამ ეს უფრო მათ პიარად განიხილება, ვიდრე რეალურ სურვილად, რომ გავხდეთ ევროკავშირის წევრი... ჩვენ ამიერკავკასიაში უდიდესი როლის თამაში შეგვიძლია, თუ მართლაც გავატარებთ იმ რეფორმებს, რომელთაც დასავლეთი მოითხოვს და რაც ქართული სახელმწიფოსთვის აუცილებელია. ეს ქვეყანაში კარდინალურად შეცვლის ვითარებას. ჩვენთან ამ რეფორმებს განიხილავენ როგორც ევროკავშირში შესვლის პირობას. არადა, მას სხვაგვარად უნდა შევხედოთ - ამით ჩვენი სახელმწიფო წავა წინ, მისი როლი გაიზრდება რეგიონში. განცხადებები კი არ არის საჭირო იმაზე, რომ ჩვენი კურსი დასავლურია, საქმე გვჭირდება”.

სავალდებულო გახდება თუ არა “მწვანე პასპორტების” წარდგენა საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც

“ხუთი დღეა, რაც საქართველოში “მწვანე პასპორტების” მექანიზმი მოქმედებს და საზოგადოების ნაწილში ამასთან დაკავშირებით საპროტესტო განწყობა ძლიერდება. უკმაყოფილოა ბიზნესის ნაწილი, რომელთაც მომხმარებელთა რაოდენობა და შესაბამისად, შემოსავალიც შეუმცირდათ. ხელისუფლება კი “მწვანე პასპორტების” მოქმედების არეალის გაფართოებაზე საუბრობს და ამ საბუთის გარეშე საქალაქო ტრანსპორტით მგზავრობაზე შეზღუდვის დაწესებასაც განიხილავს. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, სხვისი “მწვანე პასპორტით” სარგებლობა ამა თუ იმ დაწესებულების სტუმრობისას დაუშვებელია და ამას სახელმწიფო მკაცრად გააკონტროლებს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით იზრდება თუ არა პროტესტი “მწვანე პასპორტების” მიმართ და სავალდებულო გახდება თუ არა მათი წარდგენა საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც.

“ყოველთვის კეთილსინდისიერები უნდა ვიყოთ. გარკვეული ხვრელი ყველა რეგულაციაში არსებობს. არ უნდა გავაკეთოთ ეს. “მწვანე პასპორტში” მითითებულია პირადი ნომერი, ასევე სურათიც, “ქიუ-არ” კოდის სკანირების დროს გამოჩნდება მოქალაქის პირადი ნომერი და ფოტოც. დაწესებულებები მოახდენენ პირის იდენტიფიცირებას. შესაძლოა, პირს მოთხოვონ პირადობის მოწმობა და შემდეგ შეადარონ. დაწესებულებებმა უნდა გააკონტროლონ “მწვანე პასპორტი”. შრომის ინსპექცია კი დაწესებულებებს შერჩევითად გააკონტროლებს”, - თქვა გამყრელიძემ. ექიმი ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა “რეზონანსთან” საუბარში აღნიშნავს, რომ როცა არჩევანი ადამიანის სიცოცხლესა და დისკომფორტს შორისაა, აქცენტი ადამიანის სიცოცხლეზე უნდა გაკეთდეს”, - აღნიშნავს გამოცემა.

“მსგავს ირეგულაციები ძალიან ბევრ ქვეყანაშია ამოქმედებული, რაც ეპიდსიტუაციის სტაბილიზაციისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მესმის, რომ ამ ყველაფერს გარკვეული შეზღუდვები ახლავს და ვიღაც ფიქრობს, რომ მათი უფლებები ირღვევა. მაგრამ ამის საპირწონედ გეტყვით, რომ დღის განმავლობაში 60-დან 80 ადამიანამდე იღუპება, საქართველოსნაირ ქვეყანას კი ეპიდსიტუაციის სტაბილიზაცია სჭირდება, რადგან სხვანაირად ამ სიკვდილიანობის შემცირებას ვერანაირად ვერ მოვახერხებთ. ამიტომაც, თუ არჩევანს ვაკეთებთ ადამიანებისთვის დისკომფორტის შექმასა და სიცოცხლის გადარჩენას შორის, მე არჩევანს სიცოცხლის გადარჩენაზე გავაკეთებდი. ვთვლი, რომ ამ ყველაფერს რაღაცნაირად უნდა შევეგუოთ, ვაქცინაცია ჩავიტაროთ და ამით ეპიდსიტუახციის სტაბილიზაციას ხელი შევუწყოთ, რომ მალე აღარც “მწვანე პასპორტი” დაგვჭირდეს და ჩვეულ ცხოვრების წესს დავუბრუნდეთ”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ალექსანდრე გოგინავა.

“ამიტომაც ადამიანებმა, ვინც ამას აპროტესტებენ, ჩემი აზრით პირიქით, “მწვანე პასპორტები” კი არ უნდა გააპროტესტონ, პირიქით, ვაქცინაცია უნდა ჩაიტარონ და ამით შეუწყონ ხელი, რომ ჩვეულ ცხოვრებას დავუბრუნდეთ და მსგავსი რეგულაციები აღარ დაგვჭირდეს”, - დასძენს გოგინავა. პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის პირველი მოადგილე ლადო კახაძე კი “რეზონანსთან” “მწვანე პასპორტის” მოწინააღმდეგეთა აქციებზე საუბრობს. “ასეთი აქციებით ვერავის გავაკვირვებთ. იტალიაში ამაზე დიდი აქცია იყო, ასევე იყო ბელგიაში, საფრანგეთში... ჰოლანდიელებს აქციის დაშლისთვის ცხენოსანი პოლიცია დასჭირდათ. ეს მიმდინარეობა არის და ამას ვერ ავკრძალავთ. კაცია და გუნება, ზოგი გემორჩილება, ზოგი - არა. ჩემი აზრით “მწვანე პასპორტის” ინსტიტუცია ურთიერთპატივისცემის გამომხატველი უნდა იყოს”, - ამბობს კახაძე, რომლის აზრით, “ჩვენ თუ ერთმანეთს არ გავუფრთხილდებით ვირუსი გაიმარჯვებს”, - განაგრძობს გამოცემა.

“პირბადის მტარებლობა 22%-ზე ჩამოვიდა, დაავადების კუთხით საშინელ ციფრებზე გავდივართ, ამ პატარა ქვეყანაში ამდენი დაავადებული გვყავს და ამ კუთხით მოწინავეთა რიგში დავდექით. სიკვდილიანობა კი დაავადებაზეა მიბმული. ერთმანეთს რატომ ვწირავთ? ეს ხომ ბიზნესთანაც შეთანხმებული ვარიანტი იყო, საკოორდინაციო საბჭო მათთანაც მუშაობდა და ბიზნეს ინტერესი ჰქონდა, რომ სუფთა გარემო დაეხვედრებინა და სუფთა სტუმარი მიეღო. ჯერ სულ ხუთი დღეა გასული. უნდა დავაკვირდეთ, ჯერ მითითებები და რეკომენდაციებია და მერე უკვე ჯიუტად არშესრულების პირობებში რასაკვირველია, რომ სანქციებიც ამოქმედდება. საქმე აქამდე არ უნდა მივიყვანოთ, ხომ შეიძლება რომ ვითანამშრომლოთ”, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ლადო კახაძე.

“ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე არ გამორიცხავს, რომ “მწვანე პასპორტის” წარდგენა საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც სავალდებულო გახდეს, რასაც ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე და სპეციალისტების ნაწილი არ ემხრობა. “ძნელია ტრანსპორტში ყველგან წარადგინო “მწვანე პასპორტი”, მოხდეს კონტროლი. ტრანსპორტი ხშირად გადატვირთულია, რიგები დგას და ტრანსპორტში არშეშვება “მწვანე პასპორტის” არმქონე ადამიანების, გაცილებით უფრო მტკივნეული იქნება მათთვის, ვიდრე რესტორანში ან საკონცერტო დარბაზში არშეშვება... ამიტომ ჯერჯერობით, ტრანსპორტში ამის შემოღებას არ ვემხრობი”, - განაცხადა ცერცვაძემ. ექიმი ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავას ინფორმაციით ამ საკითხზე მუშაობა მიდის, თუმცა, მისი აზრით, საქართველოს პირობებში ამის აღსრულება რთული იქნება”, - დასძენს გამოცემა.

“მე როგორც ვიცი, ამ საკითხზე მუშაობა მიმდინარეობს. ბევრ ქვეყანაში მსგავსი ტიპის რეგულაციები ტრანსპორტშიც გამოიყენება, მაგრამ საქართველოში ამ ყველაფრის აღსრულება ცოტა რთული იქნება, რამდენად ხარისხიანად გაკეთდება, ამას ცოტა სკეპტიკურად ვუყურებ. ჩემი აზრია, რომ ჯერჯერობით იქ სადაც ეს მექანიზმი ამოქმედდა უნდა იმუშაოს. რაც შეეხება ტრანსპორტის საკითხს, ეს კიდევ ერთხელ კარგად უნდა იქნას განხილული და შეფასებული, უფრო მეტ სარგებელს მოგვიტანს, თუ რისკს”, - თვლის გოგინავა. ლადო კახაძე კი აცხადებს, რომ გამოსავალი თვითრეგულაციაა, რადგან ქვეყანას ფიზიკურად არ ჰყავს იმდენი პოლიციელი, რომ ყველაფერი გააკონტროლოს”, - წერს სტატიის ავტორი.

“სიტყვას “სავალდებულო” როგორც ინდივიდი ასე აღვიქვამ, რომ რეგულაციები ზედმიწევნით უნდა დავიცვა. ავტობუსში, სადაც მომიწია მგზავრობა, იქ რეგულაციები დაცული უნდა იყო, ასევე მეტროშიც. ჩვენ რომ თამბაქოს კანონი შემოვიღეთ, მაშინ ძნელად აღსაქმელი გვეგონა და დღეს კი, რომ გაიხედავ, ადამიანი არც თავის თავს და არც სხვას არ აკადრებს, რომ დახურულ სივრცეში მოწიოს. თვითრეგულაცია სჯობს, ვიდრე ვინმე თავზე მათრახით დაგადგეს. ამდენი პოლიციელი არაა, რომ ყველას სათითაოდ სდიოს. ერთი წელი ხდება, რაც დედამიწაზე აცრები დაიწყო. არის ქვეყნები, რომლებიც ამას შესანიშნავად გაუძღვნენ, ზოგიერთმა 95%-ზეც კი აიყვანა. ჩვენნაირი ტიპის ქვეყნაში, სამწუხაროდ, მიუღებლობაა, იძახიან - “ვაქცინა კლავსო” და ვაქცინირებულის გარდაცვალების ერთი გაურკვეველი შემთხვევა გვქონდა და აუცრელი შემთხვევები კი 11 ათასია, სადაა ლოგიკა?” - დაასკვნის კახაძე.

რამაზ საყვარელიძე - “არ არის გამორიცხული, რომ სააკაშვილს ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს, ოღონდ არც იმას გამოვრიცხავ, რომ ფსიქიკური აშლილობის სიმულაცია ხდებოდეს”

“სააკაშვილის სიტყვა ორივე პროცესზე პოლიტიკური თვალსაზრისით იყო მნიშვნელოვანი და მისი აქცენტებიც პოლიტიკური. თუმცა სიახლით არ გამოირჩეოდა, დაწყებული 7 ნოემბრის აქციის დარბევით და დამთავრებული რუსეთთან ურთიერთობის ნიუანსებით, ყველაფერი იგივე თქვა, რასაც ადრე ამბობდა. იყო სიახლეებიც, სხდომაზე, ფაქტობრივად, თქვა, ფული ჩემმა მეუღლემ გაფლანგაო. იშვიათად, რომ ქმარმა ცოლს დაადოს ხელი და თავად აიცილოს ბრალი. კიდევ ერთმა პასაჟმა ძალიან მძიმე შთაბეჭდილება დატოვა - პატიმარმა თქვა, მე მაღალი თანამდებობის პირი ვარ და დრო არა მაქვსო. საზოგადოებისთვის ეს მძიმე მოსასმენი იყო”, - აცხადებს ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “არ არის გამორიცხული, რომ სააკაშვილს ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს, ოღონდ არც იმას გამოვრიცხავ, რომ ფსიქიკური აშლილობის სიმულაცია ხდებოდეს”.

“მისი განცხადებების ახსნა მიჭირს იმ ფრაგმენტის გამო, სადაც მან უდროობა მოიმიზეზა, რაც მისი მდგომარეობის ადამიანისთვის არაადეკვატურია. საზოგადოებაშიც გაჩნდა განცდა მისი არაადეკვატურობის შესახებ და ეს კარგად ჩანდა სოცქსელებში. არ არის გამორიცხული, რეალური იყოს მისი ექიმების ვერსია, რომ მას ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს, ოღონდ არც იმას გამოვრიცხავ, რომ ფსიქიკური აშლილობის სიმულაცია ხდებოდეს. მე არ მიყვარს პოლიტიკოსების ფსიქიკაზე საუბარი, მით უმეტეს, რომ სააკაშვილს დიდი ხანია ვიცნობ. ვიცნობ როგორც ძალიან ნიჭიერ და გონიერ ადამიანს და არ მჯერა, რომ ახლა განსაკუთრებული ფსიქიკური მდგომარეობა აქვს. ამიტომ უფრო იმ ვერსიას ვემხრობი, რომ არაადეკვატურობა შეიძლება სიმულაცია იყოს, რათა გამართლდეს ექიმების, ადვოკატებისა და მომხრეების ნათქვამი, რომ სააკაშვილზე ხელისუფლება სხვადასხვა მანქანით ახდენს ზემოქმედებას. შესაძლოა ამ მიმართულებითაც აქვთ დაგეგმილი რაღაც”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.

“არა მგონია მისი უკრაინაში გადაყვანის ვერსია რეალური იყოს. კითხვა რომ ისმება ამაზე, გასაგებია, რადგან ის უკრაინის მოქალაქეა, თუმცა ვერსია რეალური არა მგონია იმიტომ, რომ არც სააკაშვილი ითხოვს და არც უკრაინისგან ისმის, გადმოგვეცითო. რომც გადასცენ, ხომ ისევ ციხეში უნდა გადავიდეს და, ალბათ, თვითონაც გრძნობს, რომ ქართულ ციხესა და უკრაინულ ციხეში მისადმი დამოკიდებულება სხვადასხვანაირი იქნება. უკრაინისთვის ის რიგითი პატიმარი იქნება, საქართველოსთვის კი განსაკუთრებულია. ამიტომ ვფიქრობ, უკრაინაში გადაყვანის თემა არ არის აქტუალური”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“რაც შეეხება ფსიქოლოგიურ მდგომარეობას, ეს თქვეს ექიმებმა და ადვოკატმა, თუმცა იქვე მოაყოლეს, ეს ხელისუფლების ქმედების შედეგიაო. გაგახსენებთ მანქანით დასხივების თემას და ა.შ. თუმცა ეს დამაჯერებელი არ არის, რადგან დასხივება ყველასთვის სახიფათო უნდა ყოფილიყო. მიუხედავად ამისა, რადგან გაჩნდა ეს თემა, შეიძლება სახელმწიფო ბრალდების წინააღმდეგ ესეც გათამაშდეს. მით უმეტეს, რომ ფსიქოლოგიური აშლილობის სიმულაცია პრობლემას არ წარმოადგენს. შეიძლება სიმულირებული იყოს ის არაადეკვატური გამოთქმები, რომლებიც მისი მეორე გამოსვლისას მოვისმინეთ”, - მიიჩნევს ანალიტიკოსი და შეკითხვაზე - “ფსიქოლოგიური პრობლემები მის გეგმებში ჯდება? ვგულისხმობ გრძელვადიან გეგმას­ და პოლიტიკაში აქტიურ მონაწილეობას” - პასუხობს:

“მის გეგმაზე მსჯელობა ძნელია, რადგან ლოგიკურად თუ მივუდგებით, მაშინ არ უნდა ჩამოსულიყო, ამასთან, ჩამოვიდა ისე, რომ ორი საზღვარი დაარღვია. საქართველო კიდევ გასაგებია, რადგან აქ დაჭერა ემუქრებოდა, მაგრამ უკრაინიდან რატომ წამოვიდა ამ გზით? მოტაცების ვარიანტმაც გაიჟღერა, რომელიც დღეს აღარავის ახსოვს, მაგრამ “მოტაცებაში” ლოგიკა ძნელი საპოვნელია. ერთადერთი, რაც ლოგიკურად მეჩვენება ის არის, რომ უკრაინიდან სირთულეებს გამოექცა. მას უთანხმოება ჰქონდა უკრაინის ბევრ ისეთ პირთან, რომლებიც, არ არის გამორიცხული, ემუქრებოდნენ. გაიხსენეთ, ბაჩო ახალაიას ჩეჩნები რომ დაემუქრნენ, თბილისში ჩამოვიდა და ციხეში თავად ჩაჯდა, რადგან თურქეთში ყოფნა მისთვის სახიფათო იყო, ხოლო ციხეში ვეღარ მისწვდებოდნენ. იგივე მიზეზები ხომ არ ჰქონდა სააკაშვილს? სავარაუდოდ, უკრაინაში რაღაც მიზეზი იყო, რასაც გამოექცა...”

“სააკაშვილი ერთ-ერთი რიგითი მმართველი იყო, რომელსაც კარგიც ჰქონდა და ცუდიც, მაგრამ რომ იჩემებს სახელმწიფოს დამფუძნებლობას და თავს დამნაშავედ არაფერში გრძნობს, სულ ის რომ უნდა იყოს ამაღლებული და თაყვანს სცემდნენ, ძალიან დაშორებულია მონანიების განზრახვასთან. რაღაცის აშენება, მიღწევა, ყველაფერი მისი დამსახურებაა და მის ტექსტში “მე” მოდის წინა პლანზე, შეცდომასა და დანაშაულზე კი პასუხისმგებლობას სხვას აკისრებს. ამიტომ ფუჭია მოლოდინი, რომ ასეთი ტიპის ადამიანი თავს დამნაშავედ ჩათვლის და ბოდიშს მოიხდის. მე ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა ან სხვას აბრალებს, ან უარს ამბობს დანაშაულის დანახვაზე. ამბობს, - რა, პრეზიდენტს არა აქვს უფლება, რომ შვილს ასწავლოსო, და არ ამბობს, რომ ბრალდება ამაზე კი არაა, იმაზეა, რომ განათლების მიცემის საფასური ბიუჯეტიდან გადაიხადა. ასეა ყველა საკითხზე. მან კარგად იცის, ასეთ რაღაცებში ფულის ბიუჯეტიდან გადახდა არ შეიძლება. ამაზე ისიც მიუთითებს, რომ თავის დროზე ეს ხარჯი დაცვის სამსახურზე გადაიტანა, რათა შემდეგ გრიფი “საიდუმლო” დასდებოდა”, - ამბობს რამაზ საყვარელიძე.

“სააკაშვილის მიზანი რომ იყოს აღიარება და მონანიება, პირველი თვითონ დაიყრიდა თავზე ნაცარს, მოიხდიდა ბოდიშს, მერე ბოდიშს მოახდევინებდა გარშემო ყველას და “ნაცმოძრაობას” მოსთხოვდა მაქსიმალურად მშვიდობიან და კეთილ მოქმედებას, რადგან სიკეთე ძლიერი იარაღია. თუკი საზოგადოება “ნაცმოძრაობისგან” სიკეთეს დაინახავდა, წინა წლების ცოდვებს შეუმსუბუქებდა და არ იქნებოდა ასეთი აგრესია. შემცირდებოდა ასევე აგრესია მისადმი, მაგრამ ამას არ აკეთებს... ის უფრო განწყობებით მოქმედი პოლიტიკოსია და ამ განწყობების პარალელურად უჩნდება კონკრეტული მოქმედების სურვილი... ჩვენ კი ვთვლით ხოლმე, რომ სააკაშვილს რაღაც სცენარი აქვს მომზადებული, მაგრამ სცენარის დაწერის მსურველს ეს სქემა 2013 წელს უკვე ექნებოდა გაწერილი, ანუ დიდი ხნის უარყოფილი ექნებოდა 7 ნოემბრის ამბები და შემზადებული ექნებოდა არგუმენტები საიმისოდ, რომ 7 ნოემბრის ბრალდება არ მიჰკარებოდა. მეტიც, სტრატეგიულად მოაზროვნე პოლიტიკოსი არც გადადგამდა იმ ნაბიჯს, რასაც 7 ნოემბერი მოჰყვა”, - დასძენს საყვარელიძე.

როდის დააბრუნებენ სააკაშვილს უკან ციხეში და მოყვება თუ არა ამას აქციები

“ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრთა და მხარდაჭერთა ინფორმაციით, ახლო მომავალში დაგეგმილია გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან მისი უკან ციხეში გადაყვანა, რაც დაუშვებლად მიაჩნიათ. მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ ამ საკითხზე გადაწყვეტილებას პენიტენციური სამსახური მიიღებს ექიმების დასკვნის საფუძველზე. ანალიტიკოსი ვახტან ძაბირაძე კი მიიჩნევს, რომ სააკაშილის ციხეში გადაყვანას შესაძლოა ენმ-ის საპროტესტო აქციები მოყვეს, ოღონდ არც ისე მძლავრი. ექსპრეზიდენტის მეუღლე ლიზა იასკო აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილს აქვს დაღლილობისგან გამოწვეული მხედველობისა და სმენის პრობლემები. ასევე განუვითარდა ინსომნია, მას ყურადღების გაფანტვა და მეხსიერების გაუარესება აწუხებს. ლიზა იასკო აცხადებს, რომ მისი ინფორმაციით მიხეილ სააკაშვილის საპატიმრო კამერაში გადაყვანა სურთ, რისი დაშვებაც არცერთ შემთხვევაში არ არის მიზანშეწონილი”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით როდის დააბრუნებენ სააკაშვილს უკან ციხეში და მოყვება თუ არა ამას აქციები.

“როდესაც ადამიანი 50 დღე შიმშილობს, მას 50+50 დღე სჭირდება რეაბილიტაციისთვის, ანუ 100 დღე. ცხადია, ექიმები თვალყურს ადევნებენ, მაგრამ მნიშვნელოვანი პროგრესი არ არის. იმედი მაქვს, იქნება წინსვლა როგორც პოლიტიკურად, ისე ჯანმრთელობის მხრივ. მილიონობით უკრაინელი ყოველდღიურად ადევნებს თვალს მის ამბებს და ელოდებიან სააკაშვილს უკრაინაში. ამიტომ, ყოველთვის ვამბობ, რომ თუ ქართველებს მიხეილ სააკაშვილი არ სჭირდებათ, დააბრუნეთ ის უკრაინაში, - განაცხადა ლიზა იასკომ. ცენტრ “ემპათიას” ხელმძღვანელ მარიამ ჯიშკარიანი განცხადებით კი, მიხეილ სააკაშვილს ფსიქოტროპული პრეპარატების საკმაოდ მაღალი დოზები დაუნიშნეს, რისი საჭიროებაც არ იყო. მისივე თქმით, ეს შეიძლება შეფასდეს, როგორც “ფარმაკოლოგიური წამების სახე და არასათანადო მოპყრობა”. ექსპრეზიდენტის დღევანდელი მდგომარეობიდან გამომდინარე კი, მას 2-3-თვიანი მკურნალობის კურსის გავლა ესაჭიროება”, - - აღნიშნავს გამოცემა.

“იკვეთება არაშესაბამისი მკურნალობის გარემოება, როგორც მინიმუმ რუსთავის მე-12 დაწესებულებიდან დაწყებული, რომელიც ეხება ფსიქოტროპული პრეპარატების არასწორ გამოყენებას, რაც საერთაშორისო სტანდარტებით განიხილება, როგორც ფარმაკოლოგიური წამების სახე და არასათანადო მოპყრობა. საქართველოს მთავრობას, იუსტიციის სამინისტროს, მოუწევს სტრასბურგში გასცეს პასუხი თუ რატომ იყო დანიშნული ფსიქოტროპული პრეპარატები საკმაოდ მაღალი დოზებით, მაშინ, როდესაც საერთაშორისო გაიდლაინებით არ საჭიროებდა ამ პრეპარატების დანიშვნას, რამაც გამოიწვია ე.წ. ნეიროლეფსიური სინდრომი. ამის მომსწრე და მნახველები გავხდით გორის ჰოსპიტალში პირველი ვიზიტისას. მიხეილ სააკაშვილს აღენიშნება წამებასთან და არაადამიანურ მოპყრობასთან დაკავშირებული აშლილობა - პოსტტრავმული, სტრესული აშლილობა, ასევე ნევროლოგიურად არის ე.წ. ვერნიკეს სინდრომისთვის დამახასიათებელი მოვლენები”, - განმარტავს პრესასთან საუბრისას მარიამ ჯიშკარიანი.

“ყველანაირი გაიდლაინის მიხედვით, აღნიშნული დიაგნოზები საჭიროებს მინიმუმ 4-8 კვირიან მკურნალობას. გაიდლაინის და პროტოკოლის მიხედვით პოსტტრავმულ სტრესულ აშლილობას ესაჭიროება 3-თვიანი მკურნალობის პერიოდი, ე.წ. ვერნიკეს სინდრომს სჭირდება 2-3 თვე. არასათანადო მოპყრობისა და წამების სხვადასხვა ფაქტს ადგილი ჰქონდა, როგორც რუსთავის მე-12 დაწესებულებაში, ასევე მე-18 დაწესებულებაში. ყველანარი საერთშორისო სტანდარტით, იმ მტრულ და სტრესულ გარემოში, სადაც ადამიანს ასეთი თავგადასავალი გადახდა, წარმოუდგენელია ადამიანის კვლავ დაბრუნება”, - მიიჩნევს მარიამ ჯიშკარიანი. საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ “ქართულ ოცნებაში” პატიმარ სააკაშვილზე მსჯელობა საერთოდ არ არის, ხოლო საავადმყოფოდან საპატიმროში მისი დაბრუნების ვადეს პენიტენციური სამსახური განსაზღვრავს”, - განაგრძობს გამოცემა.

“ქართულ ოცნებაში" მინდა, გითხრათ, რომ მსჯელობა საერთოდ არ არის პატიმარ სააკაშვილზე. მსჯელობა შეიძლება იყოს პენიტნციურ სამსახურში და ჯანდაცვის სისტემაში, რომლებიც არიან ვალდებული, რომ იზრუნონ პატიმრის ჯანმრთელობაზე, მის უსაფრთხოებაზე და სწორედ ამ კროტერიუმებიდან გამომდინარე, მიიღებენ გადაწყვეტილებას, როდის გადაიყვანონ რუსთავის ციხეში”, - განაცხადა მაჭარაშვილმა. ვერაფერს საგანგაშოსა და ახალს ვერ ხედავს ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე იმ საკითხში, რომ სააკაშვილის მკურნალობის დასრულების შემდეგ მისი კვლავ ციხეში გადაყვანა მოხდება. როგორც ის “რეზონანსთან” საუბრისას აცხადებს, გადაყვანის შემთხვევაში აქციები მოსალოდნელია, მაგრამ არა პერმანენტული სახით, რადგან ენმ-ს ამის რესურსი აღარ აქვს”, - დასძენს გამოცემა.

“როგორც კი სამედიცინო პერსონალი საჭიროდ ჩათვლის, რა თქმა უნდა, სააკაშვილის ციხეში გადაყვანა მოხდება. სხვაგან სად გაუშვებენ? უბრალოდ არ მესმის, ეს სიახლეს რატომ წარმოადგენს, ან ვისთვის შეიძლება წარმოადგენდეს. რაც შეეხება მის მიერ შიმშილობის განახლებას, ეს რთული სათქმელია, მაგრამ აქციები შესაძძლოა კვლავ გაგრძელდეს. მაგრამ ბოლო დროს ჩატარებული აქციების სიმძლავრიდან გამომდინარე გამოჩნდა, რომ პერმანენტული აქციების რესურსი ოპოზიციას არ გააჩნია. არ მგონია საკაშვილის გადაყვანამ ან შიმშილობის დაწყებამ მძლავრი საპროტესტო მუხტი წარმოქმნას”, - თვლის ძაბირაძე.

გია ხუხაშვილი - “რიგგარეშე არჩევნებზე ლაპარაკი უკვე გვიანია”

“სწორედ სააკაშვილის დღის წესრიგმა დააპაუზა ქვეყნის პოლიტიკური დღის წესრიგი. გაყალბებულმა არჩევნებმა, ტოტალურმა მოსმენებმა, სახელმწიფოებრივმა პრობლემებმა აქტუალურობა დაკარგა, რამაც ოპოზიცია მნიშვნელოვნად დააზარალა. აბსოლუტურად გაუგებარი პროცესები მიდის საკრებულოებში. იმ რეგიონებში, სადაც მყარი უმრავლესობა არ ჰყავდა, ხელისუფლებამ ახალი საკრებულოების მუშაობას ყოვლად წარმოუდგენელი ქმედება ჩაუფინა - უკვე საკრებულოს ყავლგასულ შემადგენლობას მიაღებინა ბიუჯეტი...” - აცხადებს ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით „რიგგარეშე არჩევნებზე ლაპარაკი უკვე გვიანია“ / “კობახიძე ცდილობს მცირე პარტიებს ევაჭროს და განხეთქილება ჩამოაგდოს პარტიებს შორის”.

“როგორც სხვა ყველაფერი, ესეც “კეთილი” ზრახვებით ახსნეს და თქვეს, რომ პროცესი პოლიტიკური რისკებისგან დააზღვიეს. სინამდვილეში ეს ანტიდემოკრატიული და არაცივილიზებული ქმედებაა. “ოცნების” ლიდერები ამბობენ, რომ ვადაგასულ საკრებულოებს ბიუჯეტის დამტკიცება კანონით არ ეკრძალებათ, მაგრამ ეს ხომ ანტიკონსტიტუციური ქმედებაა. საკრებულოს ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია ბიუჯეტის მიღებაზე პასუხისმგებლობის აღება და კონტროლია. გამოდის, ხელისუფლებამ ლეგიტიმაციის მატარებელ პირებს ფუნქცია ხელიდან გამოჰგლიჯა და ყავლგასულ საკრებულოს გადასცა”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია ხუხაშვილი.

“რიგგარეშე არჩევნებზე ლაპარაკი უკვე გვიანია. როდესაც ეს თემა აქტუალური იყო, მაშინ ვერ მიიყვანეს ბოლომდე და ახლა რისი იმედი აქვთ?! დღეს ამის საფუძველი აღარ არსებობს იმიტომ, რომ არჩევნების გაყალბება ვერ დაასაბუთეს... არც მე მომწონს 2%-იანი ბარიერი. გასაგებია, რომ ჩვენ გვჭირდება მულტიპარტიულ სისტემაზე გადასვლა, რათა ძალაუფლების უზურპაციისგან დავაზღვიოთ ქვეყანა, მაგრამ არც ის გვინდა, რომ 20 პარტია გვყავდეს პარლამენტში. თუ პარტია 3%-ს ვერ აგროვებს, არა მგონია, სახელმწიფოს მართვაში სერიოზული როლი ითამაშოს. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ეს ერთპროცენტიანი პარტიები ვაჭრობას იწყებენ, ერთში ათს ითხოვენ, რაც მერე ათას გაუგებრობას იწვევს. ნამდვილად არ მომწონს 2%-იანი ბარიერის იდეა, მაგრამ შეთანხმებას შესრულება სჭირდება”, - განაგრძობს რესპონდენტი და შეკითხვაზე - “შეთანხმება მმართველი გუნდის ანულირებულია, თუმცა საბაბად გამოიყენეს “ნაცმოძრაობის” უარი, ხელი მოეწერათ შეთანხმებაზე”, - პასუხობს:

“შეთანხმებიდან გასვლა ასე მარტივად არ ხდება, ამისთვის პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევთ. ვფიქრობ, ამაზე კობახიძის საუბარი პოლიტიკური თამაშია. მსხვილ პარტიებს სულ არ აინტერესებთ, ბარიერი 2%-იანი იქნება თუ 3%-იანი. “ნაცმოძრაობას” აწყობს კიდეც მაღალი ბარიერი - წინასაარჩევნოდ შეისრუტავს პატარა პარტიებს და თავისი დომინაციით წაიყვანს საარჩევნო პროცესს. კობახიძე ცდილობს მცირე პარტიებს ევაჭროს და განხეთქილება ჩამოაგდოს პარტიებს შორის. “ოცნება” კი გადაიხდის ზუსტად იმ ფასს, რასაც შეძლებენ და გადაახდევინებენ ხალხი და ოპოზიცია. თუ პოლიტიკური ოპოზიცია ფხას ვერ გამოიჩენს, “ოცნება” არაფერსაც არ გადაიხდის...”

ავთანდილ წულაძე - მაკრონის, შოლცისა და ტუსკის შეხვედრის შემდეგ ცხადი გახდა, რომ უკრაინის იარაღის გარეშე დატოვების გეგმა ჩავარდა, ევროპისა და უკრაინა-რუსეთს შორის სამხედრო დაპირისპირება გაგრძელდება  და გაღრმავდება
„საქართველო მეცნიერების ქვეყანაა“ - აკადემიკოსი როინ მეტრეველი
ქართული პრესის მიმოხილვა 18.03.2024
კავკასიის ავტომარკეტი - ავტომობილის ყიდვის ახლებური გამოცდილება
ქართული ღვინის წარმატება იაპონიაში - TSV Estate Winery-მ განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა
ახალი „ბაკურიანი“ ხილის გემოთი - ნატურალური მინერალური წყალი, ბაკურიანის მთებიდან, ნაკლები შაქრით