პაატა დავითაია - საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესები ემთხვევა - ბარიერის დაწევა აუცილებელია ქართული დემოკრატიის განვითარებისთვის

პარტია „ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარე პაატა დავითაია საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით სახელისუფლებო გუნდისა და მთავარი ოპოზიციური პარტიის ინტერესების თანხვედრის და ოპოზიციური პარტიების პერსპექტივების შესახებ საუბრობს.

- რა პერსპექტივას ხედავთ, რა ბედი ელის საკონსტიტუციო ცვლილებებს და როგორ შეაფასებთ, სახელისუფლებო პარტიის ლიდერის მიერ ბოლო პერიოდში გაკეთებულ განცხადებებს საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის შეჩერებისა და საარჩევნო ბარიერის შემცირებაზე შესაძლო უარის შესახებ?

- საკონსტიტუციო ცვლილებები და მასთან დაკავშირებული შეთანხმებები ზოგადად უნიკალური პროცესია ჩვენთან. თუ გადავხედავთ ჩვენს უახლოეს წარსულს, ყოველი საპარლამენტო არჩევნების წინ ხდება კონსტიტუციის და საარჩევნო კოდექსის ცვლილება, რაც ძალიან ცუდად აისახება პროცესზე. ბოლო წლებში ამ თემაზე ხშირად მიწევს საუბარი, როგორც უნივერსიტეტში სტუდენტებთან, ასევე საერთაშორისო თუ პოლიტიკურ პარტნიორებთან. ყველა ვთანხმდებით, რომ კონსტიტუციასა და საარჩევნო კოდექსში ცვლილებების ხშირი შეტანა არ არის კარგი. 2017 – 2018 წლიდან, როცა დაიწყო თემების აღრევა, საარჩევნო სისტემაზე შეთანხმება მოხდა მხოლოდ ვენეციის კომისიის და საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით, ასევე ოპოზიური პარტიების გაერთიანებითა და ზეწოლით. ჩვენ გვქონდა ასეთი პრაქტიკა - საარჩევნო თემაზე მიღწეული შეთანხმებების დარღვევა ქართულ პოლიტიკაში არ ხდებოდა, თუმცა სამწუხაროდ, მიღწეული შეთანხმებების დარღვევა უკვე ჩვეულებრივი მოვლენა გახდა.

ბოლო პერიოდში სახელისუფლებო პარტია ხშირად აცხადებს, რომ მათ არავის წინაშე არ აქვთ ვალდებულება, ზოგადად თუ საკითხს ამ კუთხით შევხედავთ, ვალდებულება არც ხელისუფლებას აქვს და არც ოპოზიციას. პოლიტიკურ ძალებს შორის შეთანხმება არის პოლიტიკური პროცესის ნაწილი, პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის საშუალება და არა ვინმეს წინაშე არსებული ვალდებულება. როდესაც დგება შეთანხმება და შემდეგ ამ შეთანხმებას არღვევს პოლიტიკური ძალა, მის მიმართ ნდობა, რასაკვირველია, აღარ არსებობს. როცა პოლიტიკური პროცესის პერიოდში შეთანხმებების შედეგად მიღწეულ პოზიციებს მუდმივად ცვლი იმ კონტექსტიდან გამომდინარე, როგორც გაწყობს იმ მომენტში, ეს წესების დარღევაა.

ახლა ხელისუფლება ფიქრობს, რომ ოპოზიციას სუსტი პოზიციები აქვს, მათი სიტყვებით, ოპოზიცია „განულებულია“ და ცდილობს გამოიყენოს ეს სიტუაცია, გაიძლიეროს პოზიცია და გადავიდა თავდასხმაზე.

- ამ მოცემულობაში რა რესურსი რჩება ხელისუფლებას პოზიციის გაძლიერებისთვის?

- ახლა, როდესაც პოლიტიკური პარტიების ბლოკებად გაერთიანება დაშვებული არაა, ხელისუფლება ფიქრობს, დატოვოს 5 % იანი საარჩევნო ბარიერი იმ პირობებში, როდესაც მისი მთავარი პოლიტიკური მოწინააღმდეგე არის „ნაციონალური მოძრაობა“ ბევრი სხვადასხვა ფაქტორიდან გამომდინარე, რაც პირველ რიგში არის ფინანსური რესურსი, კონტროლი მედია სივრცეზე, კონკრეტული ტელევიზიების ფლობა და ა.შ. პირდაპირ ვთქვათ, „ნაციონალურ მოძრაობას“ არ ჰყოფნის დიდი კოალიციური გაერთიანების შექმნის პოლიტიკური გონიერება, იმიტომ რომ მისი მიზანია 100 % ით აიღოს ყველაფერი, რის გამოც მათ ბევრი პოლიტიკური შეცდომა დაუშვეს. “ქართულ ოცნებას” ეს ესმის, რადგან კარგად იცის, „ნაციონალური მოძრაობის“ ბუნება, რომელიც ცდილობს აიღოს ტოტალური კონტროლი, სრული ძალაუფლება და იყოს ისე, როგორც იყო ხელისუფლებაში ყოფნის დროს. იგივე მცდელობა აქვს ხელისუფლებასაც, რომ 100 % ით შეინარჩუნოს ძალაუფლება და კონტროლი მიმდინარე პროცესზე. 5 % იანი ბარიერის და პოლიტიკური პარტიების დიდი გაერთიანების და კონსოლიდაციის არარსებობის შედეგად მივიღებთ, რომ „ქართული ოცნება“ ყველა შემთხვევაში მოუგებს „ნაციონალურ მოძრაობას“. „ქართულ ოცნებას“ პოლიტიკურად აწყობს „შუას გაკრეფვა“ და პოლიტიკურ ველზე დარჩენა მხოლოდ „ნაციონალურ მოძრაობასთან ერთად“. 5 % იან საარჩევნო ბარიერის შემთხვევაში ბარიერის გადალახვის საშუალება აქვს მხოლოდ 3 ძალას, ასეთია ამ ბარიერის პირობებში არსებული საარჩევნო გამოცდილება. ამ ეტაპზე მესამე პოლიტიკურ ძალად იკვეთება გიორგი გახარიას პარტია, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ გასულ არჩევნებს და პოლარიზაციის ამ პირობებს, რაშიც ვართ, შესაძლოა, გიორგი გახარიას პარტიასაც გაუჭირდეს 5 % იანი ბარიერის გადალახვა და პარლამენტში შესვლა. გამოდის, რომ ეს დღის წესრიგი, 5 % იანი ბარიერი და უბლოკო სისტემა, აწყობს, „ქართულ ოცნებას,“ და სამწუხაროდ, „ნაციონალურ მოძრაობასაც“, რომელსაც პოლიტიკური სიხარბის გამო, არ სურს ძალაუფლების გადანაწილება. მათ უნდათ ხელისუფლების დაბრუნება 100 % ით, რაც აბსოლუტური აბსურდია. „თუ არა ჩვენ, სხვა ვინ?!“ - ეს არის და იქნება „ნაციონალური მოძრაობის“ ტაქტიკა, რაც კარგად ესმის „ქართულ ოცნებას“. არ მინდა შეთქმულების თეორიებში შესვლა, მაგრამ ამ ორი პარტიის ინტერესი იმდენად ემთხვევა ერთმანეთს, ამ საკითხთან დაკავშირებით შესაძლოა გარკვეული თანხმობაც არსებობდეს, „ნაციონალური მოძრაობა”რეალურად არ ლობირებს საარჩევნო ბარიერის დაწევას და ბლოკების თემას.

- თუმცა, "ნაციონალურმა მოძრაობამ პარლამენტის თავმჯდომარეს მისცა ვადა, დააჩქაროს საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება…

- ერთია, რაზე საუბრობს პარტია და მეორე, რა ქმედებებს ახორციელებს ამისთვის. ამას გარდა, ხელისუფლებას არ შეუსრულებია „ნაციონალური მოძრაობის“არც ერთი ულტიმატუმი და არ მგონია, ეს შეასრულოს. მთავარ ოპოზიციურ პარტიას არ ჰყოფნის ის ძალა, რომ „ქართულ ოცნებას“ ულტიმატუმებით ელაპარაკოს. ამ საუბარს შედეგი მაშინ მოაქვს, როდესაც არსებობს ოპოზიციის ერთობა, რისი გამოცდილებაც გვაქვს - ოპოზიციური ერთობის ფორმატმა დადო შედეგი და მიაღწია 120/30 ზე სისტემას, რაც ნამდვილად გაერთიანების დამსახურებაა. ამის გარეშე განცხადებები ულტიმატუმზე, ვადების დათქმა და ა.შ. არის პოლიტიკური უმწიფრობა და საბოლოო ჯამში, ამომრჩევლის მოტყუება. მათ აწყობთ 5 % იანი ბარიერი და უბლოკო სისტემა, ბრძოლის ილუზიის შექმნა და განცხადებები არის მხოლოდ და მხოლოდ ბელეტრისტიკა. ეს ძალიან კარგად იცის „ქართულმა ოცნებამ“ და სწორედ ამას ემსახურება მათი განცხადებებიც.

- თუ არ მოხდა საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება, რა პერსპექტივა გრჩებათ ამ შემთხვევაში პატარა ოპოზიციურ პარტიებს?

- უკვე დაწყებულია კონსულტაციები პოლიტიკურ პარტიებს შორის, რომ საარჩევნო ცვლილებების მიმართ „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ასეთი მიდგომა დასრულდეს. აუცილებელია მოხდეს გარკვეული კონსოლიდაცია სხვა პარტიებს შორის და ვაიძულოთ „ნაციონალური მოძრაობა“ იყოს ერთიანი კონსოლიდაციის ფორმატში. ყველა პარტიამ უნდა გააცნობიეროს, რომ იმ დღის წესრიგში, რასაც გვთავაზობს ეს ორი ძალა, ზარალდება ყველა სხვა პარტია. მე პირადად უკვე დავიწყე კონსულტაციები საერთაშორისო პარტნიორებთან, მექნება საერთაშორისო ვიზიტი ვენეციის კომისიიდან დაწყებული ევროპის საბჭოთი დამთავრებული ყველა იმ ორგანიზაციაში, სადაც ხდება კონსტიტუციური ცვლილებების განხილვა. შევეცდები გამოვიყენო ყველა საერთაშორისო პლატფორმა. ხაზგასმით ვამბობ, საუბარი უნდა მიდიოდეს არა ვიღაცის წინაშე ვალდებულებებზე, არამედ ქართული დემოკრატიის განვითარებაზე, რასაც ამერიკის ელჩის სიტყვებიც ადასტურებს. 2 % იანი ბარიერი აუცილებელია ქვეყნისთვის და არა რომელიმე პარტიისთვის. რა გარანტია აქვს „ქართულ ოცნებას“ , რომ ამ სისტემით არჩევნების ჩატარების შემთხვევაში, „ნაციონალური მოძრაობა“ აღიარებს 2024 წლის არჩევნებს და ისევ პოლიტიკური კრიზისის რეჟიმში არ გაგრძელდება პროცესი?! როგორც ჩანს ასეთი დღის წესრიგი აწყობს „ქართულ ოცნებას“. უკვე რამდენი ხანია, საქართველოში ყველაფერი „ტრიალებს“ ამ ორი პარტიის დაპირისპირების ირგვლივ და ამ პროცესის მიღმა რჩება კატასტროფული ვითარება ეკონომიკაში, პანდემია, ის პროცესები, რაც გვაქვს რეგიონში. ჩვენ ირგვლივ ყოველდღიურად იძაბება სიტუაცია, ჩვენ ვრჩებით უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო პროცესების მიღმა რაც არავის ახსოვს. ხელისუფლება ამ სიტუაციაში თავს ისე გრძნობს, როგორც თევზი წყალში. მოცემულ ვითარებაში, როდესაც დღის წესრიგში მხოლოდ „ნაციონალურ მოძრაობაზე“ საუბარია, მას არ უწევს იმ პრობლემებზე საუბარი, რის წინაშეც ქვეყანა დგას. სამწუხაროდ, ამას პედალირებს „ნაციონალური მოძრაობაც“. ეს არ არის ამ ორი პარტიის პრობლემა, ეს ქვეყნის პრობლემაა. რატომ არიან ამ პროცესით აღშფოთებული ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები? მათ კარგად იციან, რომ ასეთი დღის წესრიგით, 2024 წელსაც იგივე სიტუაცია გვექნება, რაც ქვეყნის ინტერესებში არ შედის.

საკონსტიტუციო ცვლილებებზე პასუხისმგებლობა უნდა აიღოს „ქართულმა ოცნებამ“. სახელისუფლებო მიდგომა უნდა იყოს არა ისეთი, რასაც აცხადებენ მმართველი გუნდის წარმომადგენლები, თუ ჩვენ ჩავთვლით საჭიროდ, დავწევთ ბარიერსო, სახელისუფლებო მიდგომა უნდა ეფუძნებოდეს ქვეყნის ინტერესებს. დღეს ბარიერის დაწევა არის აუცილებელი ქართული დემოკრატიის განვითარებისთვის, თუ ხელისუფლებამ ეს ნაბიჯი არ გადადგა, ის გახდება ამ სიტუაციის „მძევალი“. საბოლოო ჯამში, თუ „ნაციონალურ მოძრაობას“ ეყოფა პოლიტიკური გონიერება, რისი იმედიც ნაკლებად მაქვს გარკვეული ლიდერების გამო და მოხდა პოლიტიკური პარტიების კონსოლიდაცია ერთ პლატფორმაზე, ხელისუფლების ცვლილებასთან დაკავშირებით, მაშინ „ქართულ ოცნებას“ არ დარჩება მოგების შანსი. ახლა მნიშვნელოვანია კონსოლიდაცია, არჩევანი დამოკიდებულია იმ პარტიების პოლიტიკურ ლიდერებზე, ვისაც გარკვეული გადაწყვეტილებების მიღების უნარი გააჩნიათ და არა იმ ლიდერებზე, რომლებიც არიან პოლიტიკური „ხამები“. უნდა შეიქმნას ფორმატი, რომლითაც „ ნაციონალური მოძრაობა“ იძულებული გახდება დაშორდეს „ქართული ოცნების“ „ფორმატს“ 5 % იან ბარიერთან დაკავშირებით. თუ ასე არ მოხდა ამ ორი ძალის ინტერესთა თანხვედრა მართლაც ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს. ყველა პოლიტიკურმა ლიდერმა უნდა გააცნობიეროს, რომ შედეგი დგება მხოლოდ მაშინ, როცა ყველა არის ერთად და „ქართული ოცნება“ - მარტო, წინააღმდეგ შემთხვევაში ამ ქვეყანაში არაფერი შეიცვლება, ასეთი პროცესებით მივალთ 2024 წლამდე და კვლავ დიდხანს მოგვწევს სიარული ერთი და იგივე წრეზე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა