აჭარაში 27 ბარმენი ბარისტას მიმართულებით გადამზადდა

აჭარაში 27 ბარმენი ბარისტას მიმართულებით გადამზადდა

აჭარაში ყავისა და ჩაის მომზადების ტექნოლოგიის მიმართულებით ბარმენები გადამზადნენ. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, თეორიულ-პრაქტიკული ტრენინგისას ისინი ყავის მოხალვისა და დაფქვევის ტექნოლოგიას, პროფესიონალური ყავის მანქანებსა და მათ ექსპლუატაციას, ექსპრესოს, კაპუჩინოსა და ლატეს მომზადების საერთაშორისო წესებს გაეცნენ. ამასთან რძის მომზადების ტექნიკას, ალკოჰოლიანი ყავის სახეობასა და მომზადების წესს, ყავის სახეობებსა და ჯიშებს.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით, ტრენინგის დასასრულს მონაწილეებმა თავად მოამზადეს სხვადასხვა სახის ყავა და ლატე არტის (კაპუჩინოს ზედაპირზე ხატვა) ტექნოლოგიას დაეუფლნენ. ტრენინგები, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით, რეგიონში ყავისა და ჩაის მომზადების საერთაშორისო ნორმების, სტანდარტებისა დანერგვის მიზნით ჩატარდა. მას რეგიონში მოქმედი კვებისა და განთავსების ობიექტების 27 ბარმენი ესწრებოდა.

როგორც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თინათინ ზოიძემ აღნიშნა, მათი ტრენინგების მიზანია ადგილობრივ ბარმენებს საშუალება მიეცეს გაიუმჯობესონ ის უნარ-ჩვევები, რაც გემრიელი, მაღალი ხარისხის ყავისა და ჩაის მოსამზადებლადაა საჭირო.

„სატრენინგო პროგრამაში პროფესიონალებია ჩართული, რაც რეგიონში პროფესიონალური ყავისა და ჩაის მომზადების ტექნოლოგიის დანერგვას, ასევე ამ მიმართულებით ხარისხის ამაღლებას შეუწყობს ხელს. ჩვენ მსგავსი ტიპის ტრენინგებს პირველად ვანხორციელებთ, თუმცა უკვე გამოიკვეთა საკითხები, რომლებზეც სამომავლოდაც ვგეგმავთ სატრენინგო პროგრამების შემუშავებას“, - განაცხადა თინათინ ზოიძემ.