ლაგოდეხის მუზეუმის დირექტორის ინფორმაციით, სოფელ აფენში სავარაუდოდ, საქარავნე ხიდი აღმოაჩინეს, რომელიც XV-XVI თარიღდება

ლაგოდეხის მუზეუმის დირექტორის ინფორმაციით, სოფელ აფენში სავარაუდოდ, საქარავნე ხიდი აღმოაჩინეს, რომელიც XV-XVI თარიღდება

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, სოფელ აფენში, ადგილობრივმა ბარდებით დაფარული საქარავნე ხიდი აღმოაჩინა, რომელიც ძველი ქართული აგურით არის აშენებული და სავარაუდოდ, XV -XVI საუკუნით თარიღდება.

როგორც ლაგოდეხის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის დირექტორი, დავით ყვავაძე აცხადებს, თაღოვანი ხიდის სიგრძე შვიდი მეტრია, ხოლო სიგანე ორი.

მისივე თქმით,დეტალების დასადგენად და დამატებითი კვლევებისთვის საჭიროა აღმოჩენა სპეციალისტებმა შეისწავლონ.

“ამ აღმოჩენის შესახებ უკვე ვაცნობეთ ძეგლთა დაცვის სამსახურს და მუნიციპალიტეტის მერიას. პირველ რიგში საჭიროა სრულად გაიწმინდოს ეკალ-ბარდისგან.

ვიცით, რომ აქ იყო საქარავნე გზა, რომელიც ირანიდან მოდიოდა და სრულდებოდა გრემში. გზა უწინდელი ჰერეთის, ახლანდელი ლაგოდეხის ტერიტორიაზე გადიოდა. აღსანიშნავია, რომ ლაგოდეხში ორ ადგილზე შემორჩენილია ქარვასლა თავისი კოშკურებით, სადაც ქარავანი ჩერდებოდა და იქ მყოფები ისვენებდნენ”, - განაცხადა დავით ყვავაძემ.

როდის ჩავა ტერიტორიაზე სპეციალისტთა ჯგუფი შესასწავლად, ჯერ უცნობია.