ქართული პრესის მიმოხილვა 10.12.2021

"ხელისუფლება თუ "ნაციონალებს“ შეურიგდება, ამით მხოლოდ მათ გააძლიერებს და მხარდამჭერებს გაანაწყენებს"

"სააკაშვილი ტაქტიკას ცვლის და მძიმე ავადმყოფად უნდა თავი წარმოაჩინოს, რათა სტრასბურგში მოგების შანსი ჰქონდეს“ - ზაალ ანჯაფარიძე

***

"ხელისუფლება თუ "ნაციონალებს“ შეურიგდება, ამით მხოლოდ მათ გააძლიერებს და მხარდამჭერებს გაანაწყენებს"

"დიდი გადატვირთვა“ - სააკაშვილი კვლავ ეროვნულ შერიგებაზე საუბრობს და ამტკიცებს, რომ ბიძინა ივანიშვილი ახლა კატასტორფულ სიტუაციაშია და მას სხვა გამოსავალი არა აქვს. ხელისუფლებაში კი ამბობენ, რომ სააკაშვილი, პირველ რიგში, ქართველ ხალხს უნდა შერიგდეს და ის დანაშაული მოინანიოს, რომელიც პრეზიდენტობის დროს ჩაიდინა. პოლიტიკური მიმომხილველი ვახტანგ ძაბირაძე კი ფიქრობს, რომ სააკაშვილის ჩამოსვლა თავიდან გახდა ფაქტორი, თუმცა დღეს ეს ფაქტორიც აღარ მუშაობს”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, ხელისუფლება თუ "ნაციონალებს“ შეურიგდება, ამით მხოლოდ მათ გააძლიერებს და მხარდამჭერებს გაანაწყენებს

"ექსპრეზიდენტი კი ციხის საკნად ქცეული პალატიდან ისევ დიდ გადატვირთვასა და საყოველთაო ამნისტიაზე საუბრობს. "ივანიშვილი ახლა არის კატასტროფულ სიტუაციაში - ყველაზე მაღალი ფასების ზრდა საქართველოს ისტორიაში, ყველაზე მაღალი საბანკო კრედიტების გასტუმრების განაკვეთები, ყველაზე ინტენსიური გადინება სამუშაო ძალის, პრაქტიკულად წაგებული ბოლო სამი არჩევნები - ე.ი. სრული დელეგიტიმიზაცია. მინიმუმამდე შემცირებული მხარდამჭერთა ბაზარი და როგორც არასდროს ერთიანი ოპოზიცია. ასევე, რაც უმნიშვნელოვანესია - რეჟიმის ყველაზე დიდი საერთაშორისო იზოლაცია და უფრო მძაფრი კრიტიკა, ვიდრე ნებისმიერ პერიოდში, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ. რას შვრება ივანიშვილი? - აძლიერებს დამსჯელ რაზმებს, ახალისებს კრიმინალს და ცდილობს პატარ-პატარა თემების შემოგდებით, ორი მთავარი თემისგან ყურადღების გადატანას: რიგგარეშე არჩევნებისგან და ჩემი გათავისუფლებისგან. იგივე რიგგარეშე არჩევნების თემაზე დაბნეულობის შემოსატანად შემოაგდო 2%-იანი ბარიერის თემა და ჩემ შემთხვევაში - საავადმყოფოში გადაყვანის. ასევე, იქირავა "ექსპერტები“, რომელთა მთავარი თემაა, რომ თურმე სააკაშვილის თემა ხელს უშლის ოპოზიციის ძირითად პროგრამას”, - აღნიშნავს გამოცემა.

"ახლა მისი მთავარი მოკავშირეა საახალწლო გოჭი და საცივი და ხალხის ამ თემებზე გადართვა. ამ ყველაფრით მას სურს ტემპერატურის დაგდება, ფრუსტრაციისა და პასიურობის დანერგვა. ამის პარალელურად, ემზადება გვარამიას, ხაზარაძის დასაჭერად და მედიის დასახურად. რით უნდა ვუპასუხოთ ჩვენ? - პირველ რიგში, არ უნდა წამოვეგოთ მთავარი მიმართულებიდან გადაყვანას. მეორე, აუცილებლად უნდა ავუხსნათ ხალხს, რაზე ვთანხმდებით. ჩემი აზრით, ეს არის დეცენტრალიზაცია, ე.ი. ნამდვილი ადგილობრივი თვითმმართველობის შემოტანა და მეორე მხრივ, თავისუფლება - არჩევანის, სასამართლოს, პროკურატურის, მედიისა და თავისუფლება ძალადობისგან. ჩვენ გვჭირდება მუდმივი წინააღმდეგობის კერები ადგილებზე, მაგრამ ყოველთვის კონკრეტულ თემებთან ერთად, ორი ძირითადი მიზნის გათვალისწინებით - არჩევნები და პოლიტიკური დევნის შეწყვეტა. ვემზადებით ძალიან დიდი აქციისთვის დეკემბერში, იმისათვის, რომ ხალხმა შვებით ამოისუნთქოს. საქართველოს სჭირდება ფართო შეთანხმება და დიდი გადატვირთვა. ძალა ერთობაშია!“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. "უტიფრობაა, როცა ადამიანს, რომელიც ნულოვან ტოლერანტობაზე საუბრობდა, თავად არ უნდა, რომ პასუხი აგოს საკუთარ დანაშაულზე, აცხადებს ამის პასუხად საპარლამენტო უმრავლესობის წევრი შალვა პაპუაშვილი. მისი თქმით, სააკაშვილი ეძებს გზებს იმისთვის, რომ პასუხისმგებლობა აიცილოს. "ჩვენ ვხედავთ ადამიანს, რომელსაც არ უნდა პასუხი აგოს საკუთარი ქმედებებისთვის და ყველანაირ გზას ეძებს, რომ პასუხისმგებლობისგან თავი დაიძვრინოს. ეს ადასტურებს ორ რამეს - ეს არის ადამიანის პოლიტიკური და სამართლებრივი უმწიფრობის მაგალითი, როცა ადამიანს აქვს მზაობა რომ ჩაიდინოს დანაშაული, მაგრამ არ უნდა ამაზე პასუხი აგოს და მეორე - ეს არის უტიფრობა, როცა ადამიანი, რომელიც ნულოვან ტოლერანტობაზე საუბრობდა და ნულოვანი ტოლერანტობა როგორც სისხლის სამართლის პოლიტიკა მასთან არის ამ ქვეყანაში იდენტიფიცირებული, თავად არ უნდა, რომ პასუხი აგოს საკუთარ დანაშაულზე, რომელიც დადასტურებულია სამი ინსტანციის სასამართლოთი და ასევე სტრასბურგის გადაწყვეტილებითაც”, - განაცხადა პაპუაშვილმა”, - განაგრძობს გამოცემა.

"არავის სჯერა მისგან ნათქვამი შერიგების - როგორ ფიქრობთ, მიხეილ სააკაშვილი რასაც ამბობს დღეს, ხვალ რომ მოვიდეს ხელისუფლებაში, სამაგიეროს არ გადაუხდის იმ ხალხს, ვინც ციხეში ჩასვა?! - თქვა "მოქალაქეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან იოსელიანი. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილმა და "ნაციონალურმა მოძრაობამ“ საზოგადოება უნდა დააჯერონ, რომ პარტია რევანშისთვის არ მოდის. "შერიგებას რაღაც ფორმით სამართლიანობის აღდგენაც სჭირდება და ეს სამართლიანობის აღდგენა პირველ რიგში გულისხმობს პასუხისგებას ადამიანების - ვიღაცას მორალურის, ვიღაცას სამართლებრივის, ვიღაცას საზოგადოებრივის - როდესაც გამოდიხარ და ამაზე გულწრფელად საუბრობ და ხალხი ხვდება, რომ შენ ეს გაწუხებს, შენს მიერ დაშვებული შეცდომები გაწუხებს. დღეს ამას ჩვენ ვერ ვხედავთ და უფრო მეტსაც გეტყვით, მიხეილ სააკაშვილის განცხადებები და მისი პარტიის გზავნილები ამის შემდეგ აბსოლუტურად ურთიერთსაწინააღმდეგოა, ანუ ესენი თანხვედრაში არ მოდის. ის ამბობს - "დიდი ეროვნული შერიგება“ და "ნაცმოძრაობაში“ - ვის უნდა შევრიგდეთ, ეგენი ვინ არიან და ჩვენ ვართ ვინცა ვართო. სააკაშვილი ჩემთვის არ არის პოლიტიკური პატიმარი, ის სასჯელს იხდის ჩადენილი დანაშაულებების გამო. მთავარია ადამიანმა აღიაროს თავისი დანაშაული, თუ შეცდომა და ამის შემდეგ შეიძლება ვისაუბროთ შერიგებაზე, რაღაც ტიპის ურთიერთობების დათმობაზე. არავის სჯერა მისგან ნათქვამი შერიგების - თქვენ როგორ ფიქრობთ მიხეილ სააკაშვილი რასაც ამბობს დღეს, ხვალ რომ მოვიდეს ხელისუფლებაში, სამაგიეროს არ გადაუხდის იმ ხალხს, ვინც ის ციხეში ჩასვა?! ამის არ გვჯერა და ეს უნდა დააჯეროს მან ადამიანებს“, - განაცხადა იოსელიანმა”, - დასძენს გამოცემა.

"ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე კი "რეზონანსთან“ აცხადებს, რომ როდესაც ხელისუფლება მთლიანად პოლიტიკურ პროცესს აკონტროლებს, საეჭვოა, რომ ასეთ გარიგებაზე წავიდეს. მიაჩნია, რომ ოპოზიცია ახლა ჩიხში მოექცა, ხედავს, რომ ნორმალური, მომგებიანი სვლა არ აქვს, ამიტომაც გარკვეულ გზებს ეძებს, რათა ამ ჩიხიდან გამოვიდეს. "ოცნება“ უარეს დღეშიც ყოფილა და ასეთი მკვეთრი ნაბიჯები არ გადაუდგამს. მსგავსი იდეები ამ 30 წლის განმავლობაში 30-ჯერ მაინც იყო სხვადასხვა რაკურსით, ჯერ კიდევ "ეროვნული მოძრაობის“ შიგნით არსებული დაპირისპირების მოგვარების მიზნით. ოპოზიციის იდეა გასაგებია, რადგანაც ის, სამწუხაროდ, ჩიხში მოექცა. ხედავს, რომ ნორმალური, მომგებიანი სვლა არ აქვს. მოსახლეობა ოპოზიციას აღარ ეენდობა. ეს ყველაფერი კი ხელისუფლების წისქვილზე წყალს ასხამს. ახლა რატომ უნდა მიიღოს ეს იდია ხელისუფლებამ, როცა ოპოზიციას ქუჩაში ვერც ხალხი გამოჰყავს და ათასი პრობლემა აქვთ? სააკაშვილის ჩამოსვლა თავიდან გახდა ფაქტორი, თუმცა დღეს ეს ფაქტორიც აღარ მუშაობს. ოპოზიცია ამ ვითარებიდან გამოსავალს ეძებს და ხელისუფლებას შერიგებას სთავაზობს. თუ რეალურად შევხედავთ, ელექტორატში დაპირისპირება არ არის. ადრე უფრო მძარი დაპირისპირება იყო საზოგადოებაში - დღეს ეს არ არის. დაპირისპირებაა პოლიტიკურ ელიტებს შორის და ბრძოლა მიდის ძალაუფლების შენარჩუნებასა და მოპოვებაზე. ამ ბრძოლაში კი როგორი საინტერესოც არ უნდა იყოს, მოსახლეობა აღარ ერევა“, - ამბობს ძაბირაძე. მისივე თქმით, დღეს პოლიტიკურ პროცესს ხელისუფლება წარმართავს, ამიტომაც თუ ის ამ შეთავაზებაზე წავა და "ნაციონალურ მოძრაობას“ არ გააძლიერებს. რაც შეეხება ზოგიერთი ოპოზიციონერის შეხედულებას, რომ ფართომასშტაბიანი ამნისტია "ოცნებისთვის“ მომგებიანია, როდესაც ისინი ხელისუფლებაში აღარ იქნებიან, ძაბირაძის თქმით, ოპოზიციის ეს ნაწილი აბსურდულ, ლოგიკასთან დაშორებულ რაღაცებზე საუბრობს”, - წერს სტატიის ავტორი.

"სააკაშვილი ტაქტიკას ცვლის და მძიმე ავადმყოფად უნდა თავი წარმოაჩინოს, რათა სტრასბურგში მოგების შანსი ჰქონდეს“ - ზაალ ანჯაფარიძე

"მიხეილ სააკაშვილმა ბოლო დროს ტაქტიკა შეცვალა და ახლა იმ ხაზს ავითარებს, რომ თითქოს ძალიან ცუდადაა, უნდა, რომ წამების მსხვერპლად წარმოჩინდეს და მერე იქნებ ამით სტრასბურგის სასამართლოში მათთვის სასარგებლო დასკვნის მიღება მიაღწიოს - აცხადებს "რეზონანსთან" ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე საუბრისას”, - წერს გაზეთი "რეზონანი“ სტატიში სათაურით, "სააკაშვილი ტაქტიკას ცვლის და მძიმე ავადმყოფად უნდა თავი წარმოაჩინოს, რათა სტრასბურგში მოგების შანსი ჰქონდეს“ - ზაალ ანჯაფარიძე

"მისი თქმით, სწორედ ეს არის იმის მიზეზი, რომ ხუთშაბათის სხდომას სააკაშვილი არ ესწრება. მეორე მიზეზად კი იმ გარემოებას მიიჩნევს, რომ ამ სხდომაზე დასწრება პირველ რიგში წამგებიანი ექსპრეზიდენტისთვისვე იყო, რადგან საზღვრის უკანონო კვეთა ყველანაირი მონაცემებითაა დადასტურებული, თანაც არა მხოლოდ საქართველოსი, არამედ უკრაინის. "სააკაშვილს და მის ადვოკატებს თავის სამართლებელი არა მგონია ბევრი რამე ჰქონდეთ. გარდა ამისა, ვფიქრობ, რომ სააკაშვილის საჯარო გამოსვლებზე ის და მისი მხარდამჭერები დიდ იმედებს აგებდნენ, რამაც უფრო ბუმერანგის ეფექტი გამოიღო. მას შემდეგ, რაც პირველ ორ გამოსვლაში ფიასკო განიცადა, ახლა, როგორც ჩანს, გადაწყვიტეს, რომ ტაქტიკა შეცვალონ. "ეს საქმე სააკაშვილისთვის მომგებიანი არაა, ის ვერ შეძლებს თავი იმართლოს, რომ საზღვრის გადმოკვეთა სხვას გადააბრალოს. მეორეც, თუ დააკვირდებით, ის ხაზი, რასაც ბოლო დღეებში მისი ექიმები ავითარებენ, რომ სააკაშვილი, რომელიც ცოტა ხნის წინ შესანიშნავად იყო, უცებ ორ დღეში ძალიან ცუდად ხდება, მისი მდგომარეობა უარესდება, უნდათ, რომ ის წამების მსხვერპლად წარმოაჩინონ და ეს ხაზი გაატარონ, რომ მერე იქნებ ამით სტრასბურგის სასამართლოს მათთვის სასარგებლო დასკვნის მიღებას მიაღწიონ. ესეც შეიძლება იყოს მიზეზი, რომ ის სასამართლოს არ ესწრება," - განაცხადა მან”, - აღნიშნავს გამოცემა.

"ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ენმ-მ ოთხშაბათს ათონელის რეზიდენციასთან აქცია გამართა. მათ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეხვედრისთვის ვადა 3 საათამდე მისცეს, თუმცა პრეზიდენტი მათ არ შეხვდა და ამავე დროს საგანგებო განცხადება გაავრცელა, სადაც პრაქტიკულად განაცხადა, რომ ქვეყანას სააკაშვილის პატიმრობაზე გაცილებით სერიოზული პრობლემები და გამოწვევები აქვს. ანჯაფარიძე აღნიშნავს, რომ ეს ზურაბიშვილის მხრიდან ოპოზიციისთვის და მთლიანად პოლიტიკური კლასისთვის გამიზნული სიგნალი იყო. "მომიტინგეები რომ პრეზიდენტს ულტიმატუმს უყენებენ და ვადას აძლევენ, ურთიერთობის ეს მანერა "ნაციონალური მოძრაობისთვისაა" დამახასიათებელი. ჯერ ერთი შეურაცხმყოფელია, რომ პრეზიდენტს ვიღაცამ ვადები დაუთქვას და ულტიმატუმები წაუყენოს, ეს არასერიოზული, არაკონსტრუქციული და არათანამედროვე საქციელია. "თითქმის დარწმუნებული ვიყავი, რომ პრეზიდენტი არ შეხვდებოდა, გამომდინარე იქიდან თუ აქციაზე ვინ იდგა, მაინცდამაინც მრავალრიცხოვანი და შთამბეჭდავი არ იყო, მეორეც ის, რომ პრეზიდენტმა ამ საკითხზე თავისი პოზიცია ორჯერ მკაფიოდ დააფიქსირა. რა უნდა მოხდეს ისეთი, რომ მან საკუთარი რეპუტაცია, ავტორიტრეტი, ყველაფერი სასწორზე დადოს და გადაწყვეტილება უცბად შეცვალოს?!“, "სააკაშვილის ირგვლივ არაფერი ისეთი არ ხდება, რომ პრეზიდენტმა მისი გადაწყვეტილება შეცვალოს. ის, რომ პრეზიდენტრი თავის განცხადებაში სხვა საკითხებს შეეხო, ესეც ოპოზიციისთვის და მთლიანად პოლიტიკური კლასისთვის გამიზნული სიგნალი იყო, რომ დღეს ქვეყანაში სხვა საკითხები უფროა პრიორიტეტული, ვიდრე ოპოზიცია ამბობს და უფრო პრიორიტეტულ თემებზე გადაერთვნენ, ვიდრე ერთმანეთზე კინკლაობაა," - განაცხადა ანჯაფარიძემ”, - წერს სტატიის ავტორი.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს