პარტია “საქართველოსთვის“ დეპუტატები საპარლამენტო ფრაქციის ან პოლიტიკური ჯგუფის შექმნის შესაძლებლობის მიცემას ითხოვენ, რის უფლებასაც მათ პარლამენტის მოქმედი რეგლამენტი არ აძლევს.
აღნიშნული მოთხოვნა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დეპუტატმა ანა ბუჩუკურმა დააყენა. როგორც ბუჩუკურმა განაცხადა, გაუგებარია, თუკი სხვადასხვა პარტიების წარმომადგენლებს ერთი ფრაქციაში ან პოლიტიკურ ჯგუფში გაერთიანების უფლება აქვთ, იგივე უფლება მათ რატომ არ ეძლევათ.
“გუშინ ცნობილი გახდა, რომ “ნაციონალური მოძრაობის“ წარდგენით არჩეული დეპუტატი ფრაქციიდან გავიდა და ფრაქციას სხვა პარტიასთან ერთად ქმნის. ეს ცალსახად მისასალმებელია. გვაინტერესებს სამართლებრივი საფუძვლები. მოგეხსენებათ ჩვენ 6-კაციანი გუნდი ვართ და პარლამენტში სხვა პარტიის წარდგენით შესული ერთი დეპუტატის შემოერთების შემთხვევაში, ანალოგიური შესაძლებლობა გვექნება თუ არა ჩვენ? ასევე პარლამენტში წარმოდგენილია 2-კაციანი პოლიტიკური ჯგუფები, რომლებიც იგივე პრივილეგიებით სარგებლობენ, რაც ფრაქციებს აქვთ, თუმცა ჩვენ ექვსნი ვართ და გაურკვეველია სამართლებრივი საფუძვლები თუნდაც პოლიტიკური ჯგუფებთან დაკავშირებით. თუკი “ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილ წევრს და “ლელოს“ ფრაქციის შექმნის უფლება აქვს, იგივე პრინციპი ჩვენზეც უნდა გავრცელდეს“, - განაცხადა ანა ბუჩუკურმა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე.
პოლიტიკური ჯგუფის “გირჩის“ წარმომადგენელმა იაგო ხვიჩიამ გიორგი გახარიას გუნდის წევრის მოთხოვნას მხარდაჭერა გამოუცხადა. მან ამ კონტექსტში ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოქმედი პარლამენტი ყველაფერში საგამონაკლისო წესებით ხელმძღვანელობს, პოლიტიკური ჯგუფების შექმნაც მხოლოდ ამ პარლამენტისათვის არის და შვებული და პარტია “საქართველოსთვის“ წევრების მოთხოვნა განსახილველი საკითხია.
თავის მხრივ, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ გურამ მაჭარაშვილმა ბუჩუკურს კონსტიტუციის ჩანაწერზე მიუთითა, რომლის მიხედვით, ერთი პოლიტიკური პარტიის სიით არჩეულ პარლამენტის წევრებს უფლება არა აქვთ ერთზე მეტი ფრაქცია შექმნან.
"ამიტომ “საქართველოსთვის“ წევრების შემთხვევაში ფრაქციის შექმნის შესაძლებლობა არ არსებობს. რაც შეეხება პოლიტიკური ჯგუფის შექმნის საკითხს, აქ საუბარია პარტიებზე, ვისაც პარლამენტში შვიდი წევრი არა ჰყავს და ფრაქციას ვერ ქმნის. კონსტიტუციის ეს ჩანაწერი იმას არ კრძალავს, რომ სხვადასხვა პარტიებმა ფრაქცია შექმნან, მაგრამ თუ პარლამენტში შესულ პარტიას შვიდზე მეტი წევრი ჰყავს და ფრაქციას ქმნის, მისი სიით გასული წევრები სხვა ფრაქციას ვერ შექმნიან“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.