პარლამენტი დაჩქარებული წესით საკანონმდებლო პაკეტს იხილავს, რომელიც აზარტულ თამაშებთან დაკავშირებით კანონმდებლობის გამკაცრებას ითვალისწინებს. განხილვა ოთხი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე მიმდინარეობს.
პროექტი აზარტული და მომგებიან თამაშობებში მონაწილეობისთვის ასაკობრივი ზღვარის გაზრდას - კერძოდ, 25 წლამდე ასაკის პირთა თამაშში მონაწილეობის აკრძალვას, ასევე, დამოკიდებულ პირთა სიისა და აკრძალულ პირთა სიის შექმნას ითვალისწინებს.
დამოკიდებულ პირთა სიასთან დაკავშირებით, პირი საკუთარი განცხადების საფუძველზე დამოკიდებულ პირთა სიაში მისი მონაცემების შეტანას მოითხოვს. ასევე, მისი ოჯახის წევრი უფლებამოსილი ხდება, სასამართლოს წესით პირის მონაცემების რეესტრში შეტანა მოითხოვოს.
ამასთან, განისაზღვრება აკრძალულ პირთა წრე - კერძოდ, საბიუჯეტო ორგანიზაციებში, მარეგულირებელ ორგანოებში, ეროვნულ ბანკში დასაქმებული პირებს და სოციალურად დაუცველ მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის წევრებს აზარტულ და მომგებიან თამაშობებში მონაწილეობის მიღება აეკრძალებათ.
ამავე პროექტით, ქართული საგადახდო ბარათებით უცხოური აზარტული და მომგებიანი თამაშობების მიზნით ონლაინ-გადახდები იკრძალება. პროექტით, ყველა საგადახდო მომსახურების პროვაიდერს, მათ შორის კომერციულ ბანკებსა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს ეკრძალება ურთიერთობა დაამყაროს უცხოური სათამაშო ბიზნესის განმახორციელებელ კომპანიებთან, მათ სასარგებლოდ გადახდების განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით.
აზარტულ და მომგებიან თამაშებთან დაკავშირებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა მკაცრდება - შემოდის ახალი სახის ჯარიმები, კანონით გათვალისწინებული ჯარიმების ოდენობა კი, იზრდება.
ჯამში ცვლილება რვა კანონში შედის. პაკეტი პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის დეპუტატებმა წარადგინეს.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"