ჩხოროწყუს საკრებულოს სხდომა კვორუმის არარსებობის გამო გადაიდო

ჩხოროწყუს საკრებულოს სხდომა კვორუმის არარსებობის გამო გადაიდო. ამის შესახებ ახლად არჩეული საკრებულოს უხუცესმა წევრმა განაცხდა, რომელიც სხდომებს დროებით უძღვება. მისი თქმით, სხდომა გაურკვეველი ვადით გადაიდო.
„ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" საკმარისი დრო ჰქონდა იმისთვის, რომ სხდომაზე შესულიყო.
"გამოცხადებული იყო შესვენება, შესვენების შემდეგ სხდომის გაგრძელებისთვის საჭირო იყო 14 წევრის ყოფნა სხდომაზე. ამ მოცემულობით კვორუმი ვერ შედგა. 14 წევრი არ მოგროვდა, აქედან გამომდინარე გადაიდო სხდომა გაურკვეველი ვადით", - განაცხადა "ქართული ოცნების" წევრმა ჯანო პერტაიამ.
პარტია "საქართველოსთვის" წევრები სხდომის გადადებას, როგორც მმართველ პარტიას, ასევე "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" აბრალებენ. მათი თქმით, ორივე პარტია უპასუხისმგებლოდ მოიქცა.
"არც ერთი არ შემოსულა სხდომათა დარბაზში. პირველ ჯერზეც თქვენ ნახეთ, რომ დიდი ხანი დასჭირდათ შემოსულიყვნენ დარბაზში, ამის შემდგომ გავიდა 2 საათი, ველოდებით ორივე პარტიას. "ქართული ოცნება" აბსურდულ მიზეზს ამბობს იმისთვის, რომ კვორუმი არ შედგა. რომ შემოსულიყვნენ კვორუმი იქნებოდა. ჩვენ განვაცხადეთ, რომ წარვადგენდით ჩვენს კანდიდატს, რომ დაგვეძლია კრიზისი ჩხოროწყუში", - განაცხადა პარტია "საქართველოსთვის" წევრმა გიგა ფარულავამ.
თავის მხრივ, "ნაციონალურ მოძრაობაში" აცხადებენ, რომ მათ პირველ ეტაპზე არ მიიღეს მონაწილეობა, თუმცა იმ შემთხვევაში თუ სხდომაზე კენჭისყრა ხელახლა გაიმართებოდა, ისინი დაესწრებოდნენ. პარტიის წევრი, რამაზ გულუა ამბობს, რომ შესვენების შემდეგ სხდომის განახლების შესახებ მათ აპარატმა არ აცნობა.
"ჩვენ დავტოვეთ დღეს საკრებულოს სხდომა, ჩატარდა კენჭისყრა, ჩავარდა "ქართული ოცნების" კანდიდატი. მერე რა გამოცხადდა სხდომაზე? - შესვენება, სად იმყოფებოდნენ "ქართული ოცნების" წევრები?- დარბაზს გარეთ, სად ვიყავით ჩვენ? - ეზოში. ველოდებოდით, საკრებულოს აპარატი ვალდებულია, ვინ გაგვაფრთხილა? ვინ დაგვირეკა. საკრებულოს უხუცესი თავმჯდომარე გამოვიდა და ასე უაპელაციოდ გამოაცხადა, რომ სხდომა გადაიდო იმის გამო, რომ კვორუმი არ იყო. ეს არის პროცედურული კანონდარღვევა, რაზეც მოუწევთ ახსნა- განმარტება", - განაცხადა რამაზ გულუამ.

























