გრიგოლ გეგელია - ხანგოშვილის საქმეზე საგარეო სამინისტროს სრული დუმილი ალბათ, საუკეთესო დასტურია იმ სამარცხვინო, კაპიტულანტური პოლიტიკისა, რასაც ხელისუფლების საგარეო კურსი განასახიერებს

ხანგოშვილის საქმეზე საგარეო სამინისტროს სრული დუმილი, ალბათ, საუკეთესო დასტურია იმ სამარცხვინო, კაპიტულანტური პოლიტიკისა, რასაც ამ ხელისუფლების საგარეო კურსი განასახიერებს, - ამის შესახებ “ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გრიგოლ გეგელიამ განაცხადა.

გეგელიას თქმით, ეს არის დღევანდელი ხელისუფლების ნამდვილი, სამარცხვინო სახე.

„2019 წელს ბერლინში საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში დამნაშავედ გერმანულმა სასამართლომ საბოლოოდ ცნო ვადიმ კრასიკოვი, რომელიც სასამართლოს თქმით, რუსეთის ოფიციალური უწყებების დავალებას ასრულებდა.

ხანგოშვილი, რომელიც რუსმა ქილერმა გამოასალმა სიცოცხლეს, იბრძოდა რუსეთის იმპერიალისტური პოლიტიკის წინააღმდეგ ჩეჩნეთის მეორე ომში და როგორც ცნობილია, ასევე აქტიურად იყო ჩართული სხვადასხვა ანტი-ტერორისულ ძალისხმევაში.

ამის მიუხედავად, საგარეო საქმეთა სამინისტროს დღემდე კრინტიც არ დაუძრავს რუსი აგენტის მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობის საქმეზე. სამინისტრო, რომელიც იმავე 2019 წელს საგანგებო განცხადებით გამოეხმაურა ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას მიმართვას პუტინისადმი, მას პროვოკაცია უწოდა და საერთაშორისო თანამეგობრობას მისი "შეფასებისკენ" მოუწოდა, ორ წელზე მეტია პირში წყალს იგუბებს, როდესაც მართლაც დასაცავია ეროვნული ღირსება, საქართველოს მოქალაქის ინტერესები და საგარეო ინტერესები. აი, ეს არის ამ ხელისუფლების ნამდვილი, სამარცხვინო სახე.

ხანგოშვილის საქმეზე საგარეო სამინისტროს სრული დუმილი, ალბათ, საუკეთესო დასტურია იმ სამარცხვინო, კაპიტულანტური პოლიტიკისა, რასაც ამ ხელისუფლების საგარეო კურსი განასახიერებს.

კრემლის მიერ ბერლინის პარკში დღისით-მზისით განხორციელებულმა ტერაქტმა რუსულ-დასავლურ ურთიერთობებში ახალი ბზარი შექმნა და დასავლურ პოლიტიკურ ელიტაში ბევრი აალაპარაკა რუსეთის ოპერატიული აგენტების საქმიანობის მიმართ მკაცრი რეაგირების ჩვენების აუცილებლობაზე.

დღეს ახლა უკვე სასამართლოს მიერ გამოტანილი ვერდიქტი ქმნის ახალ რეალობას ოლაფ შოლცის ფედერალური მთავრობისათვის, რომელიც გასულ კვირაში მოვიდა ხელისუფლებაში, თუმცა უკვე დააფიქსირა სრულიად მყარი პოზიცია რუსეთის იმპერიული პოლიტიკის წინააღმდეგ. ბუნებრივია, სასამართლოს ვერდიქტი ახალი მთავრობისთვის დამატებითი წნეხის წყარო გახდება, რომ შოლცის მთავრობამ მოსკოვის წინააღმდეგ კიდევ უფრო მტკიცე პოზიციები დაიკავოს.

მაგრამ, სად არის ამ დროს საქართველოს სახელმწიფო? სად არის და რას აკეთებს საგარეო საქმეთა სამინისტრო, გარდა დამოუკიდებელი მედიის შეფასებებისა რუსეთის საამებლად? ვინ ლობირებს ამ ხელისუფლების პირობებში საქართველოს სუვერენულ საგარეო ნებას?“, - აცხადებს გრიგოლ გეგელია.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო