ემილ ავდალიანი -  არ ვთვლი, რომ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ მხოლოდ ნატოს გაფართოების შიშით მოქმედებს, კიევმა უარი რომც თქვას ალიანსში გაწევრიანებაზე, მოსკოვის ინტერესი უკრაინისა და საქართველოს მიმართ არ შემცირდება

საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ აღმოსავლეთმცოდნეობის მიმართულების ხელმძღვანელს და ევროპის უნივერსიტეტის პროფესორს, ემილ ავდალიანს ესაუბრა.

- ბატონო ემილ, ვინც საერთაშორისო ასპარეზზე მიმდინარე პროცესებს ადევნებს თვალს, ერთი მხრივ აშშ-რუსეთის, მეორე მხრივ ევროპა-რუსეთის ურთიერთობებს, სულ უფრო ნათელი და ცხადია, რომ უკრაინა საფრთხეშია.

პუტინი დასავლეთს აშანტაჟებს უკრაინაში ომის დაწყებით და დასავლეთისაგან მოითხოვს უკრაინაზე, ან უკრაინის ნაწილზე მაინც კონტროლის მიღებას. მეტიც, ვხედავთ, რომ ახლა რუსეთი ვაშინგტონსა და ევროპას ულტიმატუმის ენით ესაუბრება.

დაძაბულობის მიზეზი გასაგებია. იმასაც ვხედავთ, რომ კოლექტიური დასავლეთი რუსეთს ღიად ეუბნება რომ თუ იგი უკრაინაზე იერიშს მიიტანს, მის მიმართ ეკონომიკური სანქციები გამკაცრდება, მაგრამ ვხედავთ, რომ ეს კრემლს არ აშინებს და პუტინის შეჩერებას დასავლეთი ვერ ახერხებს.

სავარაუდოდ, რაა მიზეზი იმისა, რომ დასავლეთი ვერ ახერხებს პუტინის შეჩერებას და ახლა კრემლი მთელ დასავლურ სამყაროს ულტიმატუმის ენის ესაუბრება?

- უკრაინა ისევ რუსეთის საგარეო პოლიტიკის დღის წესრიგშია. ბოლო თვეების განმავლობაში მოსკოვიდან უჩვეულოდ კოორდინირებული დიპლომატიური და სამხედრო ქმედებები ვიხილეთ, რომელიც მიზნად ისახავს გამოცადოს როგორც უკრაინის თავდაცვისუნარიანობა, ასევე კოლექტიური დასავლეთის მზადყოფნა მხარი დაუჭიროს უკრაინის სუვერენიტეტს.

ანალიტიკოსებს შორის იზრდება რწმენა, რომ რუსეთი სერიოზულად განიხილავს უკრაინაში თავისი სამხედრო ყოფნის გაზრდას. ამ მხრივ ათიათასობით რუსი ჯარისკაცი, რომელიც უკრაინის საზღვრის გასწვრივ არის თავმოყრილი, უაღრესად შემაშფოთებელი გზავნილია.

ანალიტიკოსებს შორის იზრდება რწმენა, რომ რუსეთი სერიოზულად განიხილავს უკრაინაში თავისი სამხედრო ყოფნის გაზრდას. ამ მხრივ ათიათასობით რუსი ჯარისკაცი, რომელიც უკრაინის საზღვრის გასწვრივ არის თავმოყრილი, უაღრესად შემაშფოთებელი გზავნილია

ბევრი მიზეზი შეიძლება მოიძებნოს რუსეთის ასეთი ქმედებების უკან. მოსკოვში უკრაინა სულ უფრო მეტად განიხილება, როგორც „მოუგვარებელი საქმე“, როგორც ყველაზე მტკივნეული წერტილი რუსეთის სწრაფვაში მსოფლიო მოთამაშის სტატუსის დაბრუნების საქმეში.

მიუხედავად იმისა, რომ წინა წლების განმავლობაში რუს ანალიტიკოსებს შორის იყო გარკვეული მცდელობები, შეემცირებინათ უკრაინის მნიშვნელობა რუსეთის გეოპოლიტიკურ ხედვაში, დღეს ნათელია, რომ მოსკოვისთვის უკრაინა ისევ ცენტრალურ საკითხს წარმოადგენს.

მსოფლიოში დიდი ძალების პაექრობის ეპოქაში და მრავალპოლუსიან სამყაროში ღირსეული ადგილის დამკვიდრებისთვის, რუსეთისთვის მნიშვნელოვანია არა მისი წარმატებული სამხედრო კამპანია სირიაში, ან სამშვიდობოების შეყვანა მთიან ყარაბაღში. პირიქით, რუსული გეოპოლიტიკური აზროვნებისთვის უკრაინა, თავისი ტერიტორიული ზომით, მოსახლეობით, ეკონომიკური პოტენციალით და გეოგრაფიული პოზიციით, ყველაზე მნიშვნელოვან ჯილდოს წარმოადგენს.

ამრიგად, როგორც ვხედავთ უკრაინის საზღვრებთან რუსეთის მიერ ჯარების შეკრების მიზეზები ღრმად გეოპოლიტიკურია. თუმცა პუტინისთვის უკრაინა ასევე პირად მტკივნეულ საკითხს წარმოადგენს. მან 2000-იანი წლების დასაწყისიდან მოყოლებული უკრაინაში მრავალი მარცხი იწვნია, როდესაც კიევში პროდასავლურმა პოლიტიკოსებმა მოსკოვის გავლენა რამდენჯერმე მნიშვნელოვნად შეარყიეს. ამასთან ერთად, პუტინი უკრაინას სლავური სივრცის განუყოფელ ნაწილად განიხილავს, რაც მის ქმედებებს ერთგვარ ისტორიულ-კულტურულ ელფერს აძლევს.

მათ, ვისაც სჯეროდა, რომ რუსეთმა მიიღო ყველაფერი ის, რაც სურდა 2014 წელს ყირიმის ანექსიით და დონბასში სეპარატიზმის წაქეზებით, დღეს ხედავენ, რომ მოსკოვის გეგმები უფრო მასშტაბურია. აქ საქმე გვაქვს რუსეთის მცდელობებთან უკრაინა სრულად ნეიტრალური გახადოს, დაშალოს, ან ისევ თავისი გავლენის ქვეშ დაიბრუნოს.

მათ, ვისაც სჯეროდა, რომ რუსეთმა მიიღო ყველაფერი ის, რაც სურდა 2014 წელს ყირიმის ანექსიით და დონბასში სეპარატიზმის წაქეზებით, დღეს ხედავენ, რომ მოსკოვის გეგმები უფრო მასშტაბურია. აქ საქმე გვაქვს რუსეთის მცდელობებთან უკრაინა სრულად ნეიტრალური გახადოს, დაშალოს, ან ისევ თავისი გავლენის ქვეშ დაიბრუნოს

ამ მიზნებიდან რამდენიმე რთული ან სრულიად შეუძლებელია განსახორციელებლად. მაგრამ ჩვენ ეს კონტექსტი აუცილებლად უნდა გვახსოვდეს, როდესაც რუსეთის პოლიტიკური კლასის ინტერესებზე ვსაუბრობთ.

მოსკოვის იმასაც ხედავს, რომ უკრაინა არ არის საქართველო ან მოლდოვა. ამ ორ პატარა ქვეყანას არ შეუძლია რუსეთთან ეკონომიკურ და სამხედრო საკითხებში კონკურენციის გამართვა. მაგრამ უკრაინა რადიკალურად განსხვავებული პოტენციალის მქონეა. პირველ რიგში, მოსკოვს ეშინია, რომ უკრაინა ნელი ტემპებით სტაბილურ და ორგანიზებულ სახელმწიფოდ ყალიბდება, საკმაოდ ძლიერი მოქმედი ჯარით და მოქნილი ეკონომიკით.

ეს მტკიცდება იმით, რომ რუსეთის ქმედებებს ყირიმსა და დონბასში არ შეუშლია უკრაინის პროდასავლურ მისწრაფებებისთვის. ამას ემატება უკრაინის ჯარის ნატოს წევრ ქვეყნებთან მზარდი სამხედრო თანამშრომლობა.

ის რომ უკრაინა ღრმად პირად საკითხს წარმოადგენს რუსეთის პოლიტიკური ელიტისთვის ეს ნათლად არის ნაჩვენები პუტინის და რუსეთის ყოფილი პრეზიდენტის, დიმიტრი მედვედევის მიერ მცდარი ისტორიული ფაქტებითა და აგრესიული ნარატივებით სავსე დაწერილ სტატიებში.

გზავნილი იყო მოკლე და ცხადი: უკრაინას არსებობა მხოლოდ რუსეთთან შეუძლია. სტატიებმა ისიც აჩვენა, რომ რუსეთმა დაკარგა ინტერესი მოლაპარაკებებისადმი და რომ ის, სავარაუდოდ, ხისტ ნაბიჯებს მიმართავდა, რასაც ვხედავთ კიდევაც.

ამრიგად, მე არ ვთვლი, რომ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ მხოლოდ ნატოს გაფართოების შიშით მოქმედებს. მიზეზები უფრო ღრმაა და თუნდაც კიევმა უარი თქვას ალიანსში გაწევრიანებაზე, მოსკოვის ინტერესი უკრაინისა და საქართველოს მიმართ არ შემცირდება. მსგავსი მიზეზები იყო 2008 წელს საქართველოსთან მიმართებაშიც

არ ვთვლი, რომ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ მხოლოდ ნატოს გაფართოების შიშით მოქმედებს. მიზეზები უფრო ღრმაა და თუნდაც კიევმა უარი თქვას ალიანსში გაწევრიანებაზე, მოსკოვის ინტერესი უკრაინისა და საქართველოს მიმართ არ შემცირდება. მსგავსი მიზეზები იყო 2008 წელს საქართველოსთან მიმართებაშიც

ნატოს გაფართოების საფრთხე ხშირად რუსეთის აგრესიული ქმედებების მიზეზად იყო აღქმული, მაგრამ რეალობა შეიძლება ბევრად ნიუანსური იყოს. რუსეთს არამარტო ნატოს, არამედ ევროკავშირის გაფართოების და, ზოგადად, უკრაინასა და საქართველოში ლიბერალური დემოკრატიის დამკვიდრების წინააღმდეგია.

- თუ პუტინმა უკრაინაზე კონტროლის უფლება ვერ მიიღო, იგი ამზადებს თანამებრძოლებს უკრაინაში ომის დაწყებისათვის. მაგრამ იგი დარწმუნებულია, რომ დასავლეთი უკრაინას დათმობს. პუტინს უნდა უკრაინაზე კონტროლი ომის გარეშე მიიღოს.

კრემლთან დაახლოებულ რუს ექსპერტთა ნაწილი თვლის, რომ პუტინი ჩქარობს და უნდა უკრაინის საკითხი თუ სრულად არა, ნაწილობრივ მაინც 6 თვეში, მაქსიმუმ ერთ წელიწადში, ანუ 2022 წლის განმავლობაში დასრულდეს და მან რუსეთს ისტორიის სახელმძღვანელოებში საკუთარი ადგილი დაიმკვიდროს.

გასაგებია, რომ როცა ისეთ არაპროგნოზირებად პოლიტიკოსთან როგორც პუტინია ვსაუბრობთ, რაიმე პროგნოზის გაკეთება ჭირს, მაგრამ იმ პროცესების გათვალისწინებით, რაც ახლა ვითარდება მსოფლიოს ქვეყნებსა და მათ დედაქალაქებში, სავარაუდოდ როგორ შეიძლება განვითარდეს პროცესები უკრაინასთან დაკავშირებით?

- მოსკოვში სჯერათ, რომ დღეს ინიციატივა რუსეთის მხარესაა. პუტინმა მეტ-ნაკლებად მოაგვარა ბელორუსის პრობლემა, ყოველ შემთხვევაში, ამ დროისთვის, რადგან მინსკი სულ უფრო მეტად გახდა დამოკიდებული მოსკოვზე იქნება ეს სამხედრო, თუ ეკონომიკურ საკითხებში.

მეტიც, ასევე მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ უფრო ფართო გეოპოლიტიკური სურათი, რათა დავინახოთ რეალური მოტივაცია უკრაინის გარშემო რუსეთის ნაბიჯების უკან. ჩინეთ-აშშ-ის დაპირისპირება და ამის შედეგად ვაშინგტონის საგარეო პოლიტიკური ყურადღების გადატანა დასავლეთ ევრაზიის ნაწილებიდან ინდოეთ-წყნარი ოკეანის რეგიონისკენ მოსკოვში ქმნის მოლოდინს, რომ მსგავსი რამ მოხდება შავი ზღვის აუზშიც.

ამგვარად, რეგიონულმა და გლობალურმა გეოპოლიტიკურმა გარემოებებმა, წარსულის წარუმატებლობებმა და რუსეთის მმართველი პოლიტიკური ელიტის ამბიციებმა შექმნა ის პირობები, რისი გამოყენებაც დღეს პუტინს სურს. ეს ყველაფერი კი აჩენს კითხვას, თუ რა პრაქტიკული ნაბიჯი შეიძლება გადადგას მოსკოვმა?

რეგიონულმა და გლობალურმა გეოპოლიტიკურმა გარემოებებმა, წარსულის წარუმატებლობებმა და რუსეთის მმართველი პოლიტიკური ელიტის ამბიციებმა შექმნა ის პირობები, რისი გამოყენებაც დღეს პუტინს სურს. ეს ყველაფერი კი აჩენს კითხვას, თუ რა პრაქტიკული ნაბიჯი შეიძლება გადადგას მოსკოვმა?

რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრა უკრაინაში მარცხის ტოლფასი იქნება. მართალია, უკრაინის გეოგრაფია ხელს უწყობს რუსული ჯარების მარტივად გადაადგილებას, მაგრამ ქვეყნის ტერიტორია იმდენად ფართოა, რომ ახალი ტერიტორიების დაპყრობის შემთხვევაში რუსეთს მათი შენარჩუნება და კონტროლი გაუჭირდება. ეს პრაქტიკულად შეუძლებელი იქნება.

მეორე არგუმენტი, რომელიც სრულმასშტაბიან სამხედრო კამპანიის იდეას ეჭვის ქვეშ აყენებს არის ის, რომ 2000-იანი წლებიდან მოყოლებული ყველა სამხედრო კამპანიის დროს რუსეთი ღრმა პრაგმატიზმს ავლენდა. საქართველოში შეჭრამ მოიტანა აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ოკუპირება მანდ სამხედრო ბაზების შექმნის იდეით. კონტროლი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზე საქართველოს ხელს უშლის ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების საქმეში.

2014 წელს რუსეთი შეიჭრა უკრაინაში, პირველ რიგში, ყირიმში თავისი სამხედრო ობიექტებზე კონტროლის პოტენციური დაკარგვის თავიდან ასაცილებლად. 2015 წელს სირიაში სამხედრო წამოწყება რუსული სამხედრო ბაზის პოტენციური დაკარგვის შიშით იყო მოტივირებული. არც ერთი ეს სამხედრო კამპანია არ მოიცავდა სრულმასშტაბიან შეჭრას და მიმართული იყო კონკრეტული გეოპოლიტიკური მიზნის მისაღწევად.

ამიტომაც, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის მიერ უკრაინის ახალი ტერიტორიების პოტენციური დაპყრობა არ შეიძლება მთლიანად უარყოფილი იყოს, მეტად სავარაუდოა, რომ საქმე გვქონდეს ლიმიტირებულ შეჭრასთან კონკრეტული პოლიტიკური შედეგის მისაღწევად. ეს, სავარაუდოდ, უკრაინის დეცენტრალიზაციის საკითხია ან კიევის მიერ ოფიციალურად ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებაზე უარის თქმა.

კიდევ ერთი საკითხი, რომელიც აფერხებს რუსეთს არის დასავლეთის შესაძლო სამხედრო დახმარება უკრაინისთვის და ის მძიმე ეკონომიკური სანქციები, რომელიც, დიდი ალბათობით, მოსკოვს დაუწესდება.

რისი გაკეთება შეუძლია დასავლეთს რუსეთის შესაკავებლად? პირველ რიგში საჭიროა მტკიცე დიპლომატიური და ეკონომიკური ნაბიჯების გადადგმა უკრაინის სახელმწიფოებრიობის მხარდასაჭერად. რიტორიკას ყოველთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ასეთ კრიტიკულ ვითარებაში. გრძელვადიან პერსპექტივაში კი ასევე შესაძლებელია და, ალბათ, საჭიროცაა კიევთან სამხედრო თანამშრომლობის გაფართოება.

რისი გაკეთება შეუძლია დასავლეთს რუსეთის შესაკავებლად? პირველ რიგში საჭიროა მტკიცე დიპლომატიური და ეკონომიკური ნაბიჯების გადადგმა უკრაინის სახელმწიფოებრიობის მხარდასაჭერად. რიტორიკას ყოველთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ასეთ კრიტიკულ ვითარებაში. გრძელვადიან პერსპექტივაში კი ასევე შესაძლებელია და, ალბათ, საჭიროცაა კიევთან სამხედრო თანამშრომლობის გაფართოება

უფრო კონკრეტულად შეიძლება იმაზეც ფიქრი, რომ აშშ-ის მეთაურობით შავი ზღვის რეგიონში თურქეთის და უკრაინის დაახლოება მოხდეს. ამ ორ ქვეყანას უკვე საკაოდ მნიშვნელოვანი თანამშრომლობა გააჩნიათ, მაგალითად, სამხედრო დრონების საერთო წარმოების საქმეში.

მსგავსი პროგრესი უკრაინის საზღვაო ფლოტის განვითარების საქმეშიც მეტად წაადგებოდა კიევს. ეს თანამშრომლობა ანკარასაც აწყობს, თუმცა თურქეთი ცდილობს მეტი სიფრთხილე გამოიჩინოს და ნელი ნაბიჯებით წაწიოს თავისი კომერციული თუ სამხედრო ინტერესები უკრაინაში, რათა ამან მოსკოვთან ურთიერთობების მკვეთრი დაძაბულობა არ გამოიწვიოს.

- ვითარებაში, როცა ვაშინგტონი და ბრიუსელი ვერ ახერხებენ მოსკოვის შეჩერებას, გახშირდა აშშ-სა და ჩინეთის პრეზიდენტების კონტაქტები. დამკვირვებელთა ნაწილი ვარაუდობს, რომ მოსკოვის შეჩერება შესაძლოა თავის თავზე ჩინეთმა ივალდებულოს იმის სანაცვლოდ, თუ აშშ უარს იტყვის ტაივანის დახმარებაზე და აშშ-ჩინეთის ეკონომიკურ ურთიერთობებში იმაზე მეტ პრეფერენციებს მიიღებს, ვიდრე აშშ-ში ბაიდენის გაპრეზიდენტების შემდეგ მიიღო.

როგორც ჩანს, პეკინის ამ პოლიტიკის ნაწილია ისიც, რომ ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა რუსეთის პრეზიდენტს ორ ქვეყანას შორის ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის გაფართოება შესთავაზა. სხვათა შორის, ამას მოსკოვი პეკინისგან კარგა ხანია ითხოვდა, მხოლოდ თავისი რესურსებით ააშენა გაზსადენი „ციმბირის ძალა“, მაგრამ ამაოდ.

რა კორექტივები შეიძლება შეიტანოს უკრაინის ირგვლივ განვითარებულ პროცესებში ჩინეთის ჩარევამ და ეს რა საფრთხეების შემცველია ერთი მხრივ აშშ-სთვის, ხოლო მეორე მხრივ ატლანტიკური ალიანსისთვის, რომლისგანაც კრემლი მოითხოვს უკრაინისა და საქართველოს ნატოში არმიღებაზე გარანტიები წერილობით მიიღოს?

- უკრაინა ყოველთვის იდგა აშშ-ის, ევროკავშირის და რუსეთის საგარეო პოლიტიკის ყურადღების ცენტრში, მაგრამ ამ ბოლო დროს განვითარებულმა პროცესებმა ცხადყო, რომ აღნიშნული გეოპოლიტიკური საკითხი უკვე გლობალურ მასშტაბებს მიაღწია.

კერძოდ, რუსეთის ზეწოლა უკრაინაზე სულ უფრო მეტად განიხილება რუსეთ-ჩინეთის და აშშ-ჩინეთის ურთიერთობების კონტექსტში. სულ უფრო მეტად დგას საფრთხე იმისა, რომ რუსეთი გამოიყენებს ამერიკის საგარეო პოლიტიკურ ფიქსაციას ჩინეთზე და უკრაინაზე ზეწოლას გაზრდის.

ამავდროულად, არის საფრთხე იმისა, რომ მსგავსი ლოგიკა შეიძლება ამოძრავებდეს პეკინსაც. კერძოდ, სი ძინპინი, რომლის საგარეო პოლიტიკურ მიზანს, „სარტყელი და გზის ინიციატივის“ წარმატებულ განხორციელებასთან ერთად, ტაივანზე პირდაპირი პოლიტიკური კონტროლის დამყარება წარმოადგენს, შეიძლება უკრაინასა და რუსეთს შორის არსებულ დაძაბულობას განიხილავდეს როგორც გეოპოლიტიკურ შესაძლებლობას.

აშშ მეტად დაკავებული იქნება უკრაინაში რუსეთის შეკავებით და ამით ვაშინგტონს ნაკლები ინტერესები და ძალა ექნება პეკინს დაუპირისპირდეს, თუ ეს უკანასკნელი გადაწყვეტს ტაივანის გარშემო დაძაბულობის მომატებას.

ეს ერთგვარი ორფრონტიანი დაძაბულობის საფრთხე დიდი თავის ტკივილი იქნება ამერიკისთვის და რისკი, რომ ასეთი ტიპის საფრთხე რეალიზდეს საკმაოდ მაღალია. მეტიც, ისტორიული პარალელების გავლებაც კი შეიძლება. მაგალითად, როდესაც „ცივი ომის“ დროს ხედავდა რა დაძაბულობას დასავლეთსა და სსრკ-ს შორის ბერლინის გარშემო და კარიბის ზღვაში, მაო ძედუნი ხელოვნურად დაძაბულობას ქმნიდა ტაივანის სრუტეში.

ამასთან ერთად, რუსეთის და ჩინეთის პოტენციურად სინქრონულ ქმედებებზე ისიც შეიძლება მეტყველებდეს, რომ ორივე ძალა განსხვავებული მსოფლიო წესრიგის აგებისკენ მიისწრაფვის. მართალია მათი ხედვები განსხვავდება ერთმანეთისგან, მაგრამ ორივეს სურს მსოფლიო დამყარებული ე. წ. „ვესტფალიურ პრინციპებზე“. რაღაც მხრივ ეს უფრო აგნოსტიკურ წესრიგს წააგავს, რაც პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის ლიბერალურ სისტემასთან.

რუსეთის და ჩინეთის პოტენციურად სინქრონულ ქმედებებზე ისიც შეიძლება მეტყველებდეს, რომ ორივე ძალა განსხვავებული მსოფლიო წესრიგის აგებისკენ მიისწრაფვის. მართალია მათი ხედვები განსხვავდება ერთმანეთისგან, მაგრამ ორივეს სურს მსოფლიო დამყარებული ე. წ. „ვესტფალიურ პრინციპებზე“. რაღაც მხრივ ეს უფრო აგნოსტიკურ წესრიგს წააგავს, რაც პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის ლიბერალურ სისტემასთან

ამრიგად, დღეს, უკრაინის საკითხი უფრო მეტად გლობალურია, ვიდრე ეს აქამდე იყო. ჩვენ გვესაჭიროება ჩინეთის საგარეო პოლიტიკური მიმართულების შესწავლაც, როდესაც გვსურს რაიმე სახის სამომავლო განვითარების სცენარი დავდოთ შავი ზღვის რეგიონში.

- სომხეთმა და თურქეთმა ურთიერთობების დალაგებისკენ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგეს სპეციალური წარმომადგენლების დანიშვნით. ამ პროცესში თავისი წვლილის შეტანა ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა მიშელმაც სცადა, როცა მოლაპარაკებები გამართა აზერბაიჯანისა და სომხეთის პრეზიდენტებთან.

რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ აზერბაიჯან-სომხეთის ურთიერთობები გამოსწორდება და გაიხსნება თურქეთ-სომხეთის საზღვარი რაც ხელს შეუწყობს ახალი სატრანსპორტო დერეფნების განვითარებას?

- სამხრეთ კავკასიაში ბოლო ოცდაათი წლის განმავლობაში ასეთი შესაძლებლობები და შანსები რეგიონული თანამშრომლობისთვის ჯერ არ არსებობდა. მართალია ბევრი რამ ჯერ კიდევ მხოლოდ ზეპირი დაპირებების დონეზეა, მაგრამ მზაობა ბაქოში და ერევანში სარკინიგზო მიმოსვლის გახსნისა საკმაოდ დიდია. ეს შესაძლებელი გახდა მეორე მთიანი ყარაბაღის ომის შედეგებიდან გამომდინარე, როდესაც აზერბაიჯანმა მოახერხა თავისი ტერიტორიების დაბრუნება.

სომხეთშიც დაიწყო ქვეყნის გეოპოლიტიკური მდგომარეობის მკვეთრი გადაფასება, რაც კარგად აისახება თურქეთთან დადებითი რიტორიკის ჩამოყალიბებაში. მეტიც, კონკრეტული ნაბიჯებიც გადაიდგა. ასე, ანკარამ და ერევანმა გადაწყვიტეს სპეციალური წარმომადგენლები დაენიშნათ ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზაციისთვის. ეს უნდა განიხილებოდეს აზერბაიჯან-სომხეთს შორის მიმდინარე პოზიტიური მოლაპარაკებების ჭრილში.

მარტივად რომ ვთქვათ, ერთი მეორის გარეშე არ გამოვა. მშვიდობა რეგიონში მოითხოვს სომხეთის ურთიერთობების დალაგებას როგორც თურქეთთან, ასევე აზერბაიჯანთან.

ამდენად, შესაძლებელია რეგიონში დადებითი სურათის დანახვა. ყველა მოთამაშეს ესმის, რომ საჭიროა რეგიონის გახსნა და აქ მნიშვნელოვან როლს თურქეთი ასრულებს. ბევრი საუბარია იმაზე თუ კონკრეტულად რა როლი შეასრულა თურქეთმა სამხრეთ კავკასიაში მეორე მთიანი ყარაბაღის ომის დროს და რა გავლენა აქვს ანკარას დღეს.

რომ არა თურქეთის ფაქტორი აზერბაიჯანი იძულებული იქნებოდა მეტად დამოკიდებული ყოფილიყო მოსკოვზე, რაც მის შანსებს ეფექტიანი საგარეო პოლიტიკა გაეტარებინა მკვეთრად შეამცირებდა. რომ არა თურქეთის ფაქტორი, დიდი ალბათობით, ვერ მოხდებოდა სამხრეთ კავკასიის „გახსნა“. ინფრასტრუქტურული პროექტები ძირითადად რუსეთის გეოპოლიტიკურ ინტერესებზე იქნებოდა მორგებული. თურქეთი ერთგვარ რუსეთის მაბალანსებელ ძალად გამოდის.

ევროკავშირის არსებობა რეგიონში ბაქოსა და ერევნის ინტერესებშიც შედის, რადგან ორივე დედაქალაქში უკმაყოფილება და უნდობლობა მოსკოვის ქმედებების მიმართ საკმაოდ მაღალია. ორივეს სჯერა იმის, რომ მოსკოვი უფრო თავისი გეოპოლიტიკური ინტერესების გატარებით არის დაკავებული, ვიდრე რეგიონში რეალური მშვიდობის დამყარებით

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ თურქეთი ერთადერთი ნატოს წევრი ქვეყანაა, რომელიც პირდაპირ საომარ მოქმედებებში იყო რუსეთთან, იქნება ეს ჩრდილოეთ სირიაში, ლიბიაში, თუ ირიბად მთიან-ყარაბაღში. თურქებმა უკეთ იციან ვიდრე რომელიმე სხვამ, როგორ უნდა აწარმოონ საომარი მოქმედებები რუსეთის წინააღმდეგ და, ზოგადად, როგორ მუშაობს რუსეთის სამხედრო მანქანა.

- გასაგებია, რომ ბრიუსელი სამხრეთ კავკასიაში დაბრუნებას ცდილობს. მაგრამ, მას შემდეგ, რაც ყარაბაღის ომის დროს და ამ ომის შემდეგ წარმოქმნილ ახალ რეალობაში ბრიუსელს არანაირი როლი არ შეუსრულებია, პრაქტიკულად ყველაფერი მოსკოვისა და ბაქოს, ასევე მოსკოვისა და ანკარის შეთანხმებული მოქმედების შედეგად დასრულდა, რამდენად რეალისტურად გამოიყურება ბრიუსელის მცდელობა „დაბრუნდეს“ აზერბაიჯან-სომხეთის ურთიერთობებში და სამხრეთ კავკასიაში გაიმყაროს პოზიციები?

- ბოლო შეხვედრა, რომელიც ბრიუსელში ალიევსა და ფაშინიანს შორის გაიმართა ნათელი მაგალითი იყო იმისა, რომ ევროკავშირს არ სურს რეგიონის „დატოვება“ და, რომ ის გააგრძელებს ბრძოლას ეკონომიკური თუ დიპლომატიური ნაბიჯებით დაძაბულობის განმუხტვისთვის.

აღსანიშნავია, რომ ალიევი-ფაშინიანის ეს შეხვედრა პუტინთან შეხვედრის შემდეგ გაიმართა, რაც გარკვეულწილად იმის მანიშნებელი იყო, რომ დასავლეთი არსად წასულა რეგიონიდან. რასაკვირველია, რუსეთს გააჩნია უფრო მტკიცე (სამხედრო) ბერკეტები რეგიონში გავლენის მოსახდენად და დასავლეთში ეს კარგად იციან.

ამიტომაც, ოფიციალური ბრიუსელის პოზიცია არ არის კონფრონტაციული, არამედ დამყარებულია რეგიონში ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებაზე. რაც უფრო მეტად გახსნილი იქნება რეგიონი, მით მეტია შესაძლებლობა ბალანსირებისთვის და დასავლეთისთვის რეგიონში შეღწევისთვის.

ევროკავშირის არსებობა რეგიონში ასევე ბაქოსა და ერევნის ინტერესებშიც შედის, რადგან ორივე დედაქალაქში უკმაყოფილება და უნდობლობა მოსკოვის ქმედებების მიმართ საკმაოდ მაღალია. ორივეს სჯერა იმის, რომ მოსკოვი უფრო თავისი გეოპოლიტიკური ინტერესების გატარებით არის დაკავებული, ვიდრე რეგიონში რეალური მშვიდობის დამყარებით.

თეირანისთვის მნიშვნელოვანია წარმოჩენა იმისა, რომ ქვეყანას დასავლეთთან რთული ურთიერთობების ფონზე შეუძლია ლავირება და ალტერნატიული ეკონომიკური და პოლიტიკური მხარდაჭერის მოპოვება

- ირანის ახალი ხელისუფლება საინტერესო საგარეო პოლიტიკას ატარებს. ის ცდილობს ირანის საგარეო ურთიერთობების მრავალვექტორული კონცეფცია ჩამოაყალიბოს, სადაც რუსეთი და ჩინეთი ცენტრალურ ადგილს დაიკავებენ.

მიუხედავად იმისა, რომ ირანის მიმართულებით პეკინი კარგა ხანია აქტიურობს, რა ძირითადი მიმართულებების გამოყოფა შეიძლება ისლამური რესპუბლიკის საგარეო პოლიტიკაში, რომელიც ჩვენ აუცილებელია ვიცოდეთ?

- დღეს, ირანის ახალი ხელისუფლების მთავარი საზრუნავი არის ქვეყნის მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გამოსწორება. ეს შესაძლებელი იქნება მხოლოდ ამერიკის მიერ დაწესებული სანქციების მოხსნით, რის მისაღწევადაც ვენაში აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

ისლამური რესპუბლიკის მეორე მნიშვნელოვანი მიმართულება არის მრავალპოლუსიან მსოფლიოში მრავალვექტორული საგარეო პოლიტიკის გატარება. ეს ნიშნავს ჩინეთის აღზევების ფაქტორის გამოყენება, მისით ბალანსირება დასავლეთის წინააღმდეგ.

ზუსტად ამითაა განპირობებული თეირანის მიერ შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციაში მუდმივი წევრობის სტატუსის მიღება. ასევე, ირანულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ თეირანი ამჟამად მოსკოვთან აქტიურ მოლაპარაკებებს მართავს ყოვლისმომცველი ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულების მომზადების თაობაზე.

მოსკოვი შეეცდება თბილისი აიძულოს ისეთ პროექტებში მიიღოს მონაწილეობა, რაც საქართელოსთვის შეიძლება მკვეთრად წამგებიანი იყოს. მარტივად რომ ვთქვათ, რუსეთთან ერთი-ერთზე დარჩენა არასდროს იყო საქართველოსთვის მომგებიანი

რა თქმა უნდა, მოლოდინი იმისა, რომ ჩინეთი და რუსეთი ირანში დიდ ფულს ჩადებენ არც საკუთრივ თეირანში აქვთ. მართლაც, ირანსა და ჩინეთს შორის დადებული 25-წლიანი ეკონომიკური თანამშრომლობის შეთანხმება არ არის ისეთი მნიშვნელოვანი შედეგების მომტანი, როგორც ეს საკუთრივ ხელშეკრულებაშია აღწერილი.

მაგრამ, თეირანისთვის მნიშვნელოვანია წარმოჩენა იმისა, რომ ქვეყანას დასავლეთთან რთული ურთიერთობების ფონზე შეუძლია ლავირება და ალტერნატიული ეკონომიკური და პოლიტიკური მხარდაჭერის მოპოვება.

- წინა კითხვაზე ყურადღება იმის გამო გავამახვილე, რომ ირანი თურქეთის პრეზიდენტის ერდოღანის მიერ ინიციირებული 3+3 ფორმატის მონაწილეა. სამხრეთ კავკასიაში თურქეთის მსგავსად, მართალია იმ მოცულობით არა, როგორც თურქეთი, მაგრამ ირანიც ცდილობს დაბრუნებას.

სამხრეთ კავკასიაში ანკარას, მოსკოვსა და ირანს განსხვავებული მიზნები აქვთ, მაგრამ ფაქტია, ერთმანეთთან კარგად თანამშრომლობენ იმისათვის, რომ სამხრეთ კავკასიაში ვაშინგტონი და ბრიუსელის პოზიციები არ გაძლიერდეს.

3+3 ფორმატის ინიციატორად ერდოღანი სახელდება, მაგრამ, ისეთი პირი უჩანს, არც ანკარის, არც მოსკოვისა და არც თეირანის ინტერესებში არა სამხრეთ კავკასიაში დასავლეთის გაძლიერება.

მოსკოვში 3+3(2) ფორმატის პირველი შეხვედრა გაიმართა. რა შედეგებით დასრულდა ის და რისი მოლოდინი უნდა ჰქონდეს რეგიონს? რა პოზიციას უნდა იკავებდეს საქართველო?

- საქართველოსთვის 3+3 პლატფორმა არ არის მომგებიანი ერთი მარტივი მიზეზის გამო - მას რეგიონში მოკავშირე არ ჰყავს და, რადგან ჩვენი ქვეყანა პატარა და მცირე ეკონომიკური პოტენციალის მატარებელია, ნაკლებად სავარაუდოა მან სარგებელი ნახოს იქ, სადაც სამხედრო ძალა თამაშის წარმმართველი ელემენტია.

სომხეთს რუსეთი ჰყავს, აზერბაიჯანს თურქეთი. მართალია რეგიონში ირანს მოკავშირე არ ჰყავს, მაგრამ ისლამურ რესპუბლიკას შეუძლია თავისი ინტერესების დაცვა. საქართველო კი, მორღვეული პოლიტიკური კლასით, დაბალი სამხედრო თუ ეკონომიკური შესაძლებლობებით, 3+3 პლატფორმიდან სარგებელს ვერ მიიღებს.

მეტიც, მოსალოდნელია საფრთხეების მომატებაც და აქ მე რუსეთს ვგულისხმობ, რომელიც ამ ინიციატივას გამოიყენებს საქართველოსთან მიმართებაში თავისი ინტერესების გატარებისთვის. მოსკოვი შეეცდება თბილისი აიძულოს ისეთ პროექტებში მიიღოს მონაწილეობა, რაც საქართველოსთვის შეიძლება მკვეთრად წამგებიანი იყოს. მარტივად რომ ვთქვათ, რუსეთთან ერთი-ერთზე დარჩენა არასდროს იყო საქართველოსთვის მომგებიანი.

სამწუხაროდ, საქართველოს პოლიტიკური კლასი უფრო ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესებისკენ არის ორიენტირებული. რეალური დისკუსია იმის შესახებ თუ როგორ უნდა ესადაგებოდეს საქართველოს საგარეო პოლიტიკა რეგიონში მიმდინარე მოვლენებს, სამწუხაროდ, არ მიმდინარეობს

3+3 პლატფორმა მცდელობაა „რეგიონალიზმის“ იდეის დამკვიდრებისა. ეს კონცეფცია გულისხმობს სამხრეთ კავკასიიდან არარეგიონალური ძალების თანმიმდევრული გამოთიშვისა. მსგავსი პროცესი მიმდინარეობს ცენტრალურ აზიაში და კასპიის აუზში. რეგიონის დიდი სახელმწიფოები ასე ებრძვიან მათთვის არასასურველ აქტორებს. ეს საკმაოდ ფართო საკითხია, რომელიც მე ჩემს ახალ წიგნში მიმოვიხილავ და, ვფიქრობ, ეს ცვლილებები, რომელიც სამხრეთ კავკასიაში მიმდინარეობს კარგად ასახავს მსოფლიოში მიმდინარე ცვლილებებს, სადაც ევრაზიული ძალები წინააღმდეგობას უწევენ კოლექტიურ დასავლეთს, ქმნიან ახალ წესრიგს სადაც მათი პოზიციები მეტად გამყარებული იქნება.

- ჩვენი საუბრიდანაც ჩანს, რომ „ცივი ომის“ შემდეგ ისეთი გაურკვეველი ვითარება ჯერ არ ყოფილა, როგორიც ახლაა. ამ მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური მნიშვნელობისა და პროცესების ფონზე რა მოლოდინი შეიძლება ჰქონდეს საქართველოს და როგორი საგარეო პოლიტიკური კურსის გატარება ესაჭიროება ქვეყანას?

- სამწუხაროდ, საქართველოს პოლიტიკური კლასი უფრო ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესებისკენ არის ორიენტირებული. რეალური დისკუსია იმის შესახებ თუ როგორ უნდა ესადაგებოდეს საქართველოს საგარეო პოლიტიკა რეგიონში მიმდინარე მოვლენებს, სამწუხაროდ, არ მიმდინარეობს.

არანაკლებ მნიშვნელოვანი უნდა იყოს ევროკავშირთან მჭიდრო კონტაქტები. მკაფიოდ საჭიროა იმის გააზრება, რომ ბრიუსელთან და ვაშინგტონთან ურთიერთობების გაფუჭება ქვეყნისთვის დამაზიანებელი იქნება საკმაოდ ბევრი მიმართულებით

საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებულ საკითხებში განსხვავებული მოსაზრების გამოთქმა კი ხშირად მიუღებელია. არადა, ზუსტად განსხვავებული მოსაზრება აძლიერებს დისკუსიას და მოკამათე მხარეებს საშუალებას აძლევს თავისი არგუმენტაცია გააძლიერონ.

პირველი და ყველაზე მთავარი ისაა, რომ საქართველო არ უნდა ამყარებდეს არარეალურ იმედებს. ეს ბადებს ფრუსტრაციას, მცდარ მოლოდინებს. ქვეყნის პოლიტიკური კლასი საგარეო პოლიტიკაში პრაგმატული უნდა იყოს. ურთიერთობა აშშ-სთან ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ქვაკუთხედი უნდა იყოს.

არანაკლებ მნიშვნელოვანი უნდა იყოს ევროკავშირთან მჭიდრო კონტაქტები. მკაფიოდ საჭიროა იმის გააზრება, რომ ბრიუსელთან და ვაშინგტონთან ურთიერთობების გაფუჭება ქვეყნისთვის დამაზიანებელი იქნება საკმაოდ ბევრი მიმართულებით.

საქართველო უნდა ცდილობდეს არ ჩამორჩეს იმ პროცესებს, რომელიც რეგიონში ვითარდება. ახალი სარკინიგზო მიმართულებები და გზები, ხელახლა გახსნილი საზღვრები და ა. შ. ყველაფერი ეს ცვლის დინამიკას საქართველოს გარშემო. არ შეიძლება იმის იმედით ვიყოთ, რომ საქართველო მუდამ ტრანზიტული ჰაბი იქნება

ამავდროულად, ჩვენ არ უნდა მოველოდოთ მოკავშირეებისგან/პარტნიორებისგან იმას, რისი გაკეთებაც მათ ჩვენთვის არ შეუძლიათ. ეს მხოლოდ გაუგებრობას და დაძაბულობას იწვევს ურთიერთობებში.

ამასთანავე, საქართველო აქტიურად უნდა ცდილობდეს ხარისხობრივად უფრო მაღალი ურთიერთობების აგებას სამეზობლოში. ეს ყველა მეზობელთან არის შესაძლებელი რუსეთის გამოკლებით.

რუსეთთან ურთიერთობები სტაგნაციური ხასიათის დარჩება, რადგან მოსკოვი ნაკლებად სავარაუდოა, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების თვითნებურად დაბრუნებას დათანხმდეს.

საქართველო უნდა ცდილობდეს არ ჩამორჩეს იმ პროცესებს, რომელიც რეგიონში ვითარდება. ახალი სარკინიგზო მიმართულებები და გზები, ხელახლა გახსნილი საზღვრები და ა. შ. ყველაფერი ეს ცვლის დინამიკას საქართველოს გარშემო. არ შეიძლება იმის იმედით ვიყოთ, რომ საქართველო მუდამ ტრანზიტული ჰაბი იქნება.

ამ სტატუსის შესანარჩუნებლად საჭიროა კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა, რაც, პირველ რიგში, უნდა აისახოს ახალი გზების, პორტების და სარკინიგზო მიმართულებების აგებაში. პროაქტიული საგარეო პოლიტიკა ყოველთვის უფრო ბევრად მომგებიანია.

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს