ვლადიმერ ხუნდაძე - საბაჟო კანონმდებლობაში შესული ცვლილებებით გადამხდელებს ტვირთის გაფორმების ახალი დაჩქარებული შესაძლებლობები ეძლევათ

გადასახადის გადამხდელთა ხელშეწყობისთვის, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ, საქონლის გაფორმების ფორმალობების გამარტივების მიზნით, ინიცირებული იქნა ცვლილებები საბაჟო კანონმდებლობაში, რომლის თანახმადაც, გადამხდელებს ტვირთის გაფორმების ახალი დაჩქარებული შესაძლებლობები ეძლევათ. ამ საკითხებზე „ინტერპრესნიუსს" ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე ვლადიმერ ხუნდაძე ესაუბრა.

- 15 დეკემბრიდან, გადასახადის გადამხდელებს საქონლის გაფორმების ახალი დაჩქარებული შესაძლებლობები ეძლევათ. კონკრეტულად რას ითვალისწინებს საბაჟო კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებები?

- კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების თანახმად, საბაჟო ფორმალობების განხორციელებისას, საგრძნობლად შემცირდება საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებისთვის საჭირო დრო.

ამასთან, კომერციულ ბანკებთან გაფორმებული მემორანდუმების საფუძველზე, შემოსავლების სამსახურისთვის ონლაინ რეჟიმში, მყისიერად, ხელმისაწვდომი იქნება ინფორმაცია გადასახადის გადამხდელის მიერ, საბანკო დაწესებულებაში განხორციელებული სახაზინო გადარიცხვები. შესაბამისად, დეკლარანტის მიერ, წარმოსადგენ გადახდის დოკუმენტს ჩაანაცვლებს ბანკის მიერ ელექტრონულად მოწოდებული ინფორმაცია, რომელზე დაყრდნობითაც შესაძლებელი იქნება საქონლის დაუყოვნებლივ გაშვება თავისუფალ მიმოქცევაში, რაც გადამხდელებს უქმნის კომფორტულ გარემოს და კიდევ უფრო ამარტივებს და აჩქარებს საბაჟო ფორმალობებს.

- რა სარგებელს მოუტანს გადამხდელებს აღნიშნული ცვლილებები, რამდენად არის გათვალისწინებული მათი ინტერესები?

- ახალი ცვლილებები მნიშვნელოვნად დააჩქარებს დეკლარირებული საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების ფორმალობებს. კერძოდ: სხვადასხვა ტვირთის საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანისას, საბაჟო დეკლარაციაში მითითებული მონაცემების იმპორტის გადასახდელზე ვალდებულების შესრულების რისკის პროფილთან თანხვედრის შემთხვევაში, საბაჟო გამშვები პუნქტი თავად განახორციელებს საქონლის გაშვებას (ცვლილებამდე, კუთვნილი იმპორტის გადასახდელის სრულად/ნაწილობრივ გადახდა დეკლარაციის დამუშავებიდან 1 საათის განმავლობაში დადასტურდება გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენით ან საბანკო დაწესებულებიდან ელექტრონული ფორმით მიღებული ინფორმაციით).

აქვე გვინდა აღვნიშნოთ, რომ ცვლილებები შესაძლებლობას მისცემს გადამხდელებს განახორციელონ საბაჟო ფორმალობები არასამუშაო დღეებშიც, ოფისიდან გაუსვლელად და დაზოგონ, როგორც დრო, ასევე მნიშვნელოვანი რესურსი.

- თქვენ უკვე გააცანით აღნიშნული ცვლილება კომერციული ბანკებისა და სხვადასხვა ბიზნესასოციაციის წარმომადგენელს. საბანკო სექტორი გაფორმების ნაწილში მნიშვნელოვან დატვირთვას იძენს. როგორ შეხვდნენ აღნიშნულ ინიციატივას და რატომ არის მნიშვნელოვანი ბანკებთან აღნიშნული მიმართულებით გაფორმებული შეთანხმება? რამდენად მარტივად დათანხმდნენ თანამშრომლობას?

- მიუხედავად გლობალური პანდემიით არსებული გამოწვევებისა, როგორც სამართლებრივ, ისე ტექნიკურ ნაწილში, საბანკო დაწესებულებებთან დროის მოკლე მონაკვეთში, საკმაოდ ნაყოფიერი თანამშრომლობა შედგა, რაც აისახა კიდეც მოქმედ კანონმდებლობაში, ხოლო გადასახადის გადამხდელმა მისთვის ცალსახად დადებითი შედეგი მიიღო.

- ამ დროისთვის რამდენ საბანკო დაწესებულებასთან გაფორმდა თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი და მომავალში თუ იგეგმება სიის გაფართოება?

- დღეის მონაცემებით, თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გაფორმებულია შემდეგ საბანკო დაწესებულებებთან: “საქართველოს ბანკი“, “თიბისი ბანკი“, “ლიბერთი ბანკი“, “ქართუ ბანკი“, “ფაშა ბანკი“ და “სილქროუდ ბანკი“. ამასთან, მზადყოფნა გამოთქვა ყველა კომერციულმა ბანკმა და ეს ჩამონათვალი აუცილებლად გაფართოვდება.

- კიდევ რა სიახლე იგეგმება გადასახადის გადამხდელებისთვის?

- ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ელექტრონული სერვისების განვითარების საკმაოდ ფართო სპექტრს მოიცავს. 2022 წლიდან, განხორციელებულ პროექტებს შორის ერთ-ერთი, რაც შეიძლება გამოვყოთ, ეს არის ხელოვნური ინტელექტის დანერგვის გზით, საქართველოდან ექსპორტის ხელშეწყობის მიზნით, წარმოშობის სერტიფიკატის გაცემის პროცედურების გამარტივება. აღნიშნული პროექტი და შესაბამისად, ახალი ელექტრონული პლატფორმა უნიკალური იქნება არა მარტო ჩვენი ქვეყნისთვის არამედ, რეგიონის საბაჟო პრაქტიკისთვისაც.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა